”ბოლო დღეების განმავლობაში, არაფერია ჩემთვის იმაზე რთული, ვიდრე აზრებისთვის ფორმის მიცემა. ყველაფერს ერთად ვფიქრობ, ყველაფერს ერთად ვგრძნობ – ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგოსაც. ალბათ კვირები, თვეები და წლები უნდა გავიდეს, რომ უკეთ შევაფასო თუ რა მოვიგეთ, რა დავკარგეთ, სად ვიყავით, სად ვართ და საით მივდივართ. იმედი მაქვს, როცა დრო მოვა, ამას ერთობლივად შევძლებთ ქვიარ თემი – ერთმანეთისთვის გამოცდილებების გაზიარებით და ერთმანეთის გამოცდილებების აღიარებით.
ჯერჯერობით, ქვიარ თემის ყველა მცდელობა, ჩაატაროს საჯარო აქცია, იქნება ეს 17 მაისი თუ მით უმეტეს პრაიდ მარში, ისეთ პროცესებამდე მიდის, რომელთაც ვეღარ ვაკონტროლებთ. მახსოვს, 5 ივლისამდე საკმაოდ მეშინოდა, თუმცა ყველაზე უარეს სცენარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი იმ ორგანიზებულ ტერორს, რაც ხელისუფლებამ და საპატრიარქომ ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენეს. მეგონა, მაქსიმუმ, კვერცხებსა და პომიდორებს გვესროდნენ მასები უშვერი სიტყვების ფონზე. წარმოვიდგენდი, რომ დროშებს გამოგვტაცებდნენ ხელიდან და ამაზე იქნებოდა გაწევა-გამოწევა. რაც რეალურად მოხდა, ბევრად აღემატებოდა ჩემს წარმოდგენილ სცენარს. ალბათ, თქვენსასაც.
ვერშემდგარი, ძალადობრივად ჩაშლილი პრაიდ მარშის ზუსტად ერთი კვირის თავზე, პარლამენტთან მორიგი აქცია იმართება მკვლელი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. შეკრებილი ადამიანები ძირითადად საუბრობენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, განსაკუთრებით კი, ლექსო ლაშქარავაზე – გარდაცვლილ ოპერატორზე, რომელიც ამ პროტესტის სახედ არის ქცეული. ქვიარებს თითქმის არავინ გვახსენებს. ლაპარაკობენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციურ მედიას ომი გამოუცხადა, რომ პუტინისტური დაჯგუფებები პირდაპირ ”ქართული ოცნების” მიერ არიან დაგეშილი, რომ შესაძლოა, მალე ირანში გავიღვიძოთ. მაქსიმუმ, ის თქვან, რომ ბოლო დღეებში გოგო-ბიჭებს ფერადი სამოსის ან განსხვავებული ვარცხნილობის გამო ესხმიან თავს. თუმცა არა! ქვიარებს მაინც არავინ გვახსენებს. თავად ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, რომლებიც წარბშეუხრელად გვაკავშირებენ ნაციონალურ მოძრაობასთან და ამასთანავე აცხადებენ, რომ ისინი უმრავლესობის ინტერესების გამტარი არიან. ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ სანამ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, არც პრაიდი იქნება დაცული და არც არავინ საერთოდ, ვინც რამით მაინც განსხვავდება უმრავლესობისგან. ისე კი, არც უმრავლესობაა რეალურად დაცული იმ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან, ქალაქში რომ ჯერ კიდევ დათარეშობენ.
ჩემი ბევრი არაქვიარი მეგობარიც კი ღიად ლაპარაკობს საქართველოდან წასვლაზე. იმაზეც, რომ ამ ქვეყანაში ვერ წარმოუდგენიათ ბედნიერი, მშვიდი ცხოვრება. ნეტავ ახლა უკეთ ესმით ქვიარების? ჩვენ ხომ ის გვინდოდა, ამ ქვეყანას მივეღეთ თავისი შვილები? ჩვენ ხომ მუდამ მხარს ვუჭერდით ყველა სხვა ჩაგრულს, უსამართლობასთან მებრძოლ ყველა სხვა ჯგუფს თუ ადამიანს? ჩვენ ხომ არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის გვინდოდა უკეთესი მომავალი? ახლა კი რა შეგვრჩა ხელში: უფრო მეტად გაბოროტებული ხელისუფლება, უფრო მკაფიოდ მოძალადე საპატრიარქო, უფრო უკეთ ორგანიზებული ფაშიზმი, მეტი ტრავმა, მეტი სევდა, მეტი ბრაზი და მეტი სასოწარკვეთა.
მსუბუქად რომ ვთქვათ, მძიმე სიტუაციაში ვართ. ვერც იმედისკენ მოგიწოდებთ და ვერც უიმედობისკენ. ისეთი დრო დაგვიდგა, მე თვითონ დღეში რამდენჯერმე შეიძლება შემეცვალოს განწყობა. ისიც არ მინდა, ვინმე ჩემი სევდით უიმედობაში ჩავაგდო. არც ის მინდა, ვინმეს ზედმეტი იმედი მივცე. მაინც ალბათ იმედი თავად უნდა ვიყოთ ერთმანეთისთვის. რაც არ უნდა ბნელი ღამე დაგვიდგეს და რაც არ უნდა ჩამოვიღვენთოთ, მაინც უნდა ვეცადოთ, ჩვენი წილი გავანათოთ. იმედი ხშირად ქმედებაში იბადება.
კარგიც გავიხსენოთ: მე მაგალითად ბედნიერი ვარ, როცა მახსენდება, თუ როგორ ვაფრიალებდით პრაიდის დროშას პარლამენტის წინ 6 ივლისს, მეორე დღეს, სოლიდარობის აქციაზე. ვმღეროდით საქართველოს ჰიმნს და იმ მომენტში გვჯეროდა, რომ ჩვენი ადგილიც მოიძევებოდა ამ მიწაზე. რამდენიმე ათასი ადამიანი იყო გამოსული სოლიდარობისთვის. შესაძლოა, მათი ნაწილი პარლამენტთან იმისთვის მოვიდა, რომ ზოგადად დაეგმო ძალადობა და სინამდვილეში სულაც არ იყო უშუალოდ ქვიარ თემის მხარდამჭერი, თუმცა მაინც იქ მდგომმა საზოგადოებამ გამიჩინა მომავლის რწმენა. პირადად ჩემთვის, მნიშვნელოვანი მომენტი იყო იმიტომაც, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე გავბედავდი ამხელა საჯაროობას.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მქონდა სიამაყის მომენტები. დღეს, მაგალითად, ყველაზე ამაყი ვარ მრევლის წევრი ქალით, რომელმაც მეუფეს სიტყვა შეაწყვეტინა და პასუხი მოსთხოვა საპატრიარქოს მხრიდან ძალადობაზე. ამაყი ვარ ასევე, რომ არსებობს რამდენიმე სასულიერო პირი, რომელიც გმობს ძალადობას და სოლიდარულიც კი არის ჩვენ მიმართ. ამაყი ვარ, რომ ვიცნობ ადამიანებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ვინც ყოველდღიურად მუხლჩაუხრელად შრომობენ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას უკეთესი მომავალი ჰქონდეს.
მაინც, სევდა ისეა ჩემში შემოჭრილი, დროებით ვემშვიდობები სიამაყეს.
მოვა დრო, მივესალმები ისევ.
ერთად მოვიყვანთ.”
თამარ ჯაყელი
ფოტო: ვახო ქარელი