13 საუკეთესო ქვიარ წყვილი დრამატული სერიალებიდან

კარგი სერიალი ეკრანს გვაჯაჭვავს და რთულია სერიიდან სერიამდე, სეზონიდან სეზონამდე განვითარებულ ამბებს თვალი მოსწყვიტო. სერიალის მიმართ სიყვარული კიდევ უფრო მძაფრია, როცა პერსონაჟების გამოცდილებების თანაზიარი ხდები, როცა საკუთარ გამოცდილებასა და სიუჟეტს შორის თანხვედრას პოულობ.

კომედიური სერიალების საუკეთესო წყვილების შესახებ სტატიაში როგორც ვახსენეთ, ქვიარ რეპრეზენტაცია ხშირად მოიკოჭლებს. ასეთივე მდგომარეობაა დრამატული სერიალების შემთხვევაში. თუმცა, მაინც შეიძლება არაერთი პერსონაჟისა და წყვილის გამორჩევა, რომელთა პიროვნული ზრდის თუ ურთიერთობის ამბავი მრავალშრიანი, კარგად დაწერილი და განვითარებულია.

სტატიაში 13 საუკეთესო ქვიარ წყვილს ნახავთ, რომელთა ამბავი დრამატულ სერიალებში სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილია.

დეივიდი და კიტი — Six Feet Under

HBO

Six Feet Under HBO-ს შესანიშნავი ოჯახური ანთოლოგიაა, რომელიც 5 მთავარი პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება. ფიშერების ოჯახის ისტორია მრავალფეროვანი გამოცდილებების ასახვით გამოირჩევა და სიუჟეტურ ხაზში ორგანულად შემოდის, მათ შორის, სექსუალური თვითგამორკვევისა და ქვიარ ურთიერთობების თემა.

სერიალის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი, დეივიდ ფიშერი გეია და ურთიერთობა აქვს კიტ ჩარლზთან, რომელიც პოლიციელია. როგორც დეივიდისა და კიტის ინდივიდუალური განვითარება, ისე მათი ურთიერთობის გზა შესანიშნავად არის დაწერილი და მრავალშრიან გამოცდილებებს სიღრმისეულად ასახავს. დეივიდი და კიტი 5 სეზონის განმავლობაში პერსონალურ ტრავმებს უმკლავდებიან, ხშირად დანგრევის პირას მისულ ურთიერთობას, მათ შორის, პროფესიონალური დახმარების საშუალებით ხელახლა აგებენ და ახერხებენ, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბედნიერად იცხოვრონ. თუმცა, თუ სერიალი არ გინახავთ, Six Feet Under მრავალჯერ გატკენთ გულს და. ბედნიერ მომენტებთან ერთად, არაერთ გულისმომკვლელ დეტალსაც ნახავთ.

კალი და არიზონა — Grey’s Anatomy

ABC

Grey’s Anatomy ყველაზე წარმატებული სამედიცინო დრამაა, რომელშიც ქვიარ რეპრეზენტაციაც ხშირია. სერიალიდან მრავალი პერსონაჟის გამორჩევა შეიძლება, თუმცა ფანებისთვის განსაკუთრებით საყვარელი არიზონასა და კალის წყვილია.

ექიმებს პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში არაერთი მძიმე გამოცდილების გამოვლა მოუწიათ და ურთიერთობის დაწყების შემდეგაც ისეთ სირთულეებს უმკლავდებოდნენ, როგორიც ჰომოფობიურად განწყობილ მშობლებთან დავა, შვილის ყოლასთან დაკავშირებული უთანხმოება, დანაკარგით გამოწვეული ტკივილის გადალახვა, ფიზიკური და მენტალურ ჯანმრთელობის პრობლემებია. არაერთხელ დაშორების შემდეგ, კალი და არიზონა ერთმანეთთან ბრუნდებოდნენ და სერიალში მათ სიუჟეტურ ხაზს მაინც ბედნიერი დასასრული ჰქონდა.

ეინჯელი და პაპი — Pose

FX

Pose ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვიარ სერიალია, რომელიც ტრანსგენდერი მსახიობების და პერსონაჟების რეპრეზენტაციით ყველა სხვა სერიალს აღემატება და 90-იანი წლების ნიუ-იორკის ანდერგრაუნდ სივრცის, უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ქვიარ პერსონაჟების, მათი მეგობრობის, აივ/შიდსის ადრეული წლების გამოწვევების შესახებ ამბავს შესანიშნავად გადმოსცემს.

სერიალში არაერთი გამორჩეული ურთიერთობა ვითარდება, თუმცა მათ შორის ყველაზე ამაღელვებელი და ურყევი ეინჯელისა და პაპის სიყვარულის ისტორიაა. გამოუცდელი წყვილი ერთობლივად ვითარდება და ერთმანეთს მრავალი გამოწვევის გადალახვაში ეხმარება. მათ დაბრკოლებები კიდევ უფრო აახლოებთ. სერიალის დასაწყისიდან ბოლომდე ეინჯელმა და პაპიმ ყველაზე დიდი განვითარების გზა გაიარეს და შემდგარ ინდივიდებად და პარტნიორებად იქცნენ.

კონორი და ოლივერი — How to Get Away with Murder

Pin on HTGAWM
ABC

How to Get Away with Murder ჩამთრევი კრიმინალური დრამა და დეტექტივია, რომელიც არაერთი სახასიათო პერსონაჟით გამოირჩევა. მათ შორის ფანებისთვის განსაკუთრებით საყვარელი კონორი და ოლივერი არიან.

სერიალებსა და ფილმებში აივ-ინფექციაზე საუბრისას ძირითადად 80-იან წლებს, განსაკუთრებით მძიმე მომენტს უბრუნდებიან. აღნიშნულ შოუში კი საკმაოდ კარგად გაიშალა აივ-დადებითის სტატუსით ცხოვრების თემა თანამედროვე სამყაროში.

კონორი და ოლივერი რამდენიმე სეზონის განმავლობაში გულისტკენას, პირადი შიშებითა და დაბნეულობით გამოწვეულ დაბრკოლებებს, არაერთ სასიკვდილო საფრთხეს გადალახავენ და მყარი ურთიერთობის შენარჩუნებას მაინც ახერხებენ.

ლინდსი და მელანი — Queer as Folk

Showtime

იმავე სახელწოდების ბრიტანული შოუს ამერიკული ვერსია, Queer as Folk პირველი 1-საათიანი დრამატული სერიალი იყო, რომელიც სრულად ქვიარ ადამიანების ცხოვრებას ასახავდა. 5 სეზონის განმავლობაში არაერთი დრამატული, ამაღელვებელი თუ კომიკური ისტორია ვიხილეთ, რომელიც გეი და ლესბოსელი სამეგობროს თავს დატრიალდა.

სერიალის ზოგიერთი დეტალი შესაძლოა დღეს მოძველებულად მოგვეჩვენოს, თუმცა უნდა ითქვას, რომ 2000 წელს, როცა სერიალის პირველი სეზონი გამოვიდა, მიმღებლობის, ოჯახის მხრიდან უარყოფის თუ უწყვეტი მხარდაჭერის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, შვილად აყვანის, სამოქალაქო პარტნიორობის და რიგი საკითხების შესახებ მეინსტრიმულ მედიაში საუბარი ცვლილებების მომტანი იყო.

Queer as Folk-ის ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი ლინდსი და მელანი არიან, რომლებსაც ურთიერთობაში არაერთი სირთულის გადალახვა უწევთ, მათ შორის, თანასწორი უფლებების არქონისგან გამოწვეული დაბრკოლებების. მცირე გაურკვევლობების მიუხედავად, ლინდსის და მელანის წყვილი სერიალში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცეა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ლესბოსელი წყვილის რეპრეზენტაციას აკრიტიკებენ, რადგან ლინდსისა და მელანის ხაზში ერთ-ერთი უმთავრესი ბავშვების გაჩენა და აღზრდაა, რასაც ძველმოდურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. თანაც, ლინდსიც და მელანიც შემდგარი, წარმატებული ქალები არიან, თუმცა ეს ნაწილი სათანადოდ არ არის გაშლილი.

ბრაიანი და ჯასტინი — Queer as Folk

Showtime

ბრაიანი და ჯასტინი სერიალის კიდევ ერთი დაუვიწყარი წყვილია, რომლებიც ურთიერთობაში არაერთ სირთულეს გამოცდიან. ახალგაზრდა ჯასტინი ბრაიანთან ერთად გადის ცხოვრებისეულ სირთულეებს, მშობლებისგან უარყოფის გამოცდილებას თუ ჯანმრთელობის პრობლემებს.

სერიალის მსვლელობისას იმასაც მიხვდებით, რომ რიგ შემთხვევებში ჯასტინი და ბრაიანი, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, ერთმანეთზე ტოქსიკურად ზემოქმედებენ, თუმცა ნელ-ნელა უკეთესი ურთიერთობის განვითარებას ახერხებენ. სერიალის დასასრულს კი ერთმანეთის წარმატებისა და პიროვნული განვითარებისთვის მსხვერპლის გასაღებადაც მზად არიან.

ლიტო და ჰერნანდო — Sense8

Netflix

დები ვაჩოვსკების სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალი, Sense8 ამაღელვებელ მომენტებს, სახასიათო პერსონაჟებსა და ინკლუზიურ გამოცდილებებს ნამდვილად არ უჩივის. სერიალში სექსის გრაფიკული სცენები, ექსპერიმენტები, რომანტიკული მომენტები თუ თავბრუდამხვევი საბრძოლო სცენები ენაცვლება ერთმანეთს და მაყურებელი მუდმივად დაძაბულია. თანაც, პერსონაჟები იმდენად გიყვარდება, არ გინდა უეცრად მათ თავს რაიმე ცუდი დატრიალდეს.

სერიალის გამორჩეულად კომიკური, სენსიტიური და ფანების საყვარელი პერსონაჟი ლიტოა — მექსიკელი მსახიობი, რომელიც უეცრად 7 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ პერსონაჟთან მენტალურად ხდება გადაჯაჭვული. ამასთან, ლიტოს სტაბილური ურთიერთობა აქვს ჰერნანდოსთან, რომელიც სერიალის დასაწყისიდან ბოლომდე შეყვარებულის ირგვლივ განვითარებული გიჟური ამბების მომსწრეა და ერთგული მხარდამჭერი. 3 სეზონის განმავლობაში ეს შესანიშნავი წყვილი აუცილებლად შეგაყვარებთ თავს.

ნომი და ამანიტა — Sense8

Netflix

ნომი და ამანიტა სერიალის კიდევ ერთი გამორჩეული წყვილია, რომელთა ურღვევი კავშირი ფიზიკური თუ ემოციური საფრთხის არაერთი მომენტის მიუხედავად ვითარდება და კიდევ უფრო მტკიცდება.

ორი ქალის სიყვარულის ამბავი ურთიერთ რწმენის, ნდობის, საყვარელი ადამიანისთვის მსხვერპლის გაღებისთვის მუდმივი მზაობის დადასტურებაა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

ბილი და ფრენკი — The Last of Us

HBO

The Last of Us HBO-ს ახალი, პოსტ-აპოკალიფსური სერიალია, რომელიც უკანასკნელი გადარჩენილი ადამიანების ისტორიას ჰყვება. როგორია ცხოვრება მას შემდეგ, რაც საყვარელი ადამიანების დიდი ნაწილი დაკარგე და მარტო ხარ დარჩენილი სამყაროში, რომელშიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე სასიკვდილო საფრთხე გელის; როგორ ყალიბდება ახალი ურთიერთობები; როგორ სწავლობ ადამიანების ნდობას ხელახლა; რაზე ხარ წამსვლელი, რომ გადარჩე და გზადაგზა გაცნობილი ახალი ადამიანებიც დაიცვა.

ჯერ სერიალის 5 ეპიზოდი გამოვიდა, თუმცა უკვე არაერთი ამაღელვებელი მომენტი ვიხილეთ. განსაკუთრებით სულისშემძვრელი კი სერიალის მე-3 ეპიზოდი იყო, რომელშიც მარტოხელა გადარჩენილი პერსონაჟი, ბილი გავიცანით — ცივი, საზრიანი, პოსტ-აპოკალიფსურ გაერთიანებებს მიღმა მცხოვრები კაცი, რომელიც არავის ენდობა. ბილის ცხოვრებაში მოხეტიალე გადარჩენილის, ფრენკის გამოჩენა შემთხვევითია და ნელ-ნელა მათი ურთიერთობა ახალ სიღრმეებს აღწევს. პერსონაჟები, რომელთა გზები ალბათ არც გადაიკვეთებოდა, რომ არა უკაცრიელი სამყარო, ერთმანეთს ცვლიან, მარტოობას უმსუბუქებენ, ურთიერთობის მრავალ წელს ერთად გადიან, უყვართ, ჩხუბობენ, მეგობრებს იჩენენ და ერთი სერიის განმავლობაში მარტოხელა გადარჩენილის “ბუნაგი” ნელ-ნელა სახლს ემსგავსება, რომელიც ურთიერთსიყვარულზე დგას. თუ The Last of Us ჯერაც არ გინახავთ, ცრემლის ღვრა გელით, მე-3 ეპიზოდის ყურებისას კი სულისმოთქმა გაგიჭირდებათ.

კლარკი და ლექსა — The 100

Lexa Clarke GIF - Lexa Clarke Commander - Discover & Share GIFs
CW

The 100 პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში გადარჩენისთვის ბრძოლის ამბავს გვიყვება. ამ ბრძოლაში კლარკი და ლექსა დაპირისპირებულ მხარეებზე აღმოჩენილი პერსონაჟები არიან, რომლებიც ერთმანეთს საკუთარი ხალხის დაცვისთვის მიმდინარე მოლაპარაკებისას ხვდებიან. მათი ურთიერთობა ნელ-ნელა ვითარდება და მაყურებელმა ზუსტად იცის, რომ დიდი ალბათობით, წარუმატებლობისთვისაც არის განწირული.

კლარკი და ლექსა ერთმანეთს აძლიერებენ, ერთმანეთს გამძლეობას, ემოციების გამოხატვას ასწავლიან, მუდმივად უწევთ არჩევანის გაკეთება სხვების უსაფრთხოებასა და სიყვარულს შორის, უმკლავდებიან სასტიკ სამყაროში დამალულ სასიკვდილო საფრთხეებს და ამ გზაზე სწავლობენ, რომ ცხოვრება მეტია, ვიდრე გადარჩენისთვის ბრძოლა.

ნიკი და ჩარლი — Heartstopper

Netflix

Heartstopper შესანიშნავი თინეიჯერული დრამაა, რომელიც თვითგამორკვევის პროცესს, მჩაგვრელ გარემოსთან გამკლავების ამბავსა და რომანტიკული ურთიერთობის განვითარების ისტორიას აღწერს.

ორი სკოლის მოსწავლის ახალგაზრდული, თავბრუდამხვევი, რიგ მომენტებში დამაბნეველი და ემოციური ურთიერთობა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე არის აქცენტირებული, როგორიც ქამინგაუთი, სექსუალური ორიენტაციის გაცნობიერებასთან დაკავშირებული შიშები და დაბნეულობა, სიძულვილით მოტივირებული ჩაგვრა, მასკულინობის საზიანო გავლენა, მშობლების მხრიდან მიმღებლობა, სასკოლო სივრცეში არსებული გამოწვევები და სხვა რიგი საკითხებია.

ჯერ სერიალის ერთი სეზონი გამოვიდა, თუმცა საინტერესოა, როგორ განვითარდება ორი ახალგაზრდა ბიჭის ურთიერთობა მომდევნო სეზონში, როცა ახალ სირთულეებთან შეჭიდება მოუწევთ.

სტეფი და ლენა — The Fosters

ABC

ოჯახური დრამის, The Fosters-ის ცენტრალური პერსონაჟები, სტეფი და ლენა სერიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური წყვილია, რომელიც სიუჟეტის დაწყებამდე 10 წლით ადრე შეხვდნენ. სერიალის განვითარებასთან ერთად, წყვილს ოჯახური ცხოვრების არაერთი სირთულის გამოვლა და დანგრევის პირას მისული ურთიერთობის ხელახლა შენება უწევს.

სტეფი და ლენა 5 ბავშვს ზრდიან და სერიალში შვილად აყვანის, უფრო კი ძალადობრივ, არაჯანსაღ გარემოს გამორიდებული ბავშვების გამოცდილებები, ახალი ოჯახის შენების, ნდობის მოპოვების, წარსულის ტრავმებთან გამკლავების თემები იშლება.

ტობიასი და კრისი — Oz

kazeo2se on Tumblr
HBO

Oz-ის სიუჟეტი კაცების ციხეში ვითარდება. 6 სეზონის განმავლობაში ძალაუფლებისთვისა და გადარჩენისთვის მიმდინარე რასობრივ და სოციალურ ბრძოლას ვხედავთ. სერიალი ფოკუსში აქცევს ძალადობრივ მიკროსამყაროს, რომელიც ადამიანისთვის გამანადგურებელი საფრთხის შემცველია.

ამ გარემოში შეუძლებელია ჯანსაღი ურთიერთობა და სერიალის მთავარ პერსონაჟ ტობიასსა და კრისს შორის რომანტიკული მიზიდულობაც არ არის სამაგალითო. მათი ურთიერთმიზიდულობა ძალმომრეობით, ეჭვებით თუ სხვა პატიმრების მხრიდან მომდინარე საფრთხესთან გამკლავების აუცილებლობით არის დაღდასმული. თუმცა ეს ორი პერსონაჟი ყველაზე უიმედო ადგილას ერთმანეთს პოულობს და პატიმრობის დღეები მცირედით მაინც მსუბუქდება. ამიტომ, ეს ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია.

წინა

რაბინის რელიგიური ოჯახიდან ბათუმში ქვიარ ბარის გახსნამდე — შლომოს ამბავი

შემდეგი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,