“პრაიდის შესახებ ბევრი მსმენია, ვიცი, როგორ აღნიშნავენ ამ კვირეულს საზღვარგარეთ. ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი და ძალიან მომწონდა.
ზოგადად, პრაიდის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია. ლგბტქ(ი) ადამიანები ძალიან ბევრ დაბრკოლებასთან თანავარსებობთ. მეტ-ნაკლებად პრობლემების “მრავალფეროვნება” ყველას ეხება, მაგრამ, მათ შორის, გარდაუვალი და ერთმნიშვნელოვნად ნაცნობი, უარყოფაა. უარყოფა უცხო და მით უფრო, ახლობელი ადამიანებისგან. წარმოიდგინეთ, შეიძლება საზოგადოებაში მისაღები პერსონა იყო, მეტიც – ძალიან უყვარდე, მაგრამ როგორც კი საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე იწყებ ლაპარაკს, მაშინვე აგრესიის სამიზნე ხდები და ნაგროვები სიყვარული, პატივისცემა, ზრუნვა უკვალოდ ქრება. მერე შენ გიწევს ისაუბრო კონსტიტუციური თანასწორობის შესახებ, მეტიც, თავი იმართლო ამით და როგორმე დაარწმუნო მეორე მხარე საკუთარ მორალურობაში.
ეს ერთია, ამის მიღმა – უამრავი.
ძალიან რთულია შაბლონურად მუდმივად იმის გამეორება, რომ ადამიანებს არ უნდა ყოფდნენ კონკრეტულ ჯგუფებად. ცხადია, ყველა უამრავი ნიშნით ვართ განსხვავებულები, მაგრამ ეს ხელს არ უნდა გვიშლიდეს ადამიანურ კომუნიკაციაში.
წლევანდელ პრაიდს აუცილებლად შევუერთდები.
არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენი პრაიდი იმ ფერადი ზეიმის ანალოგი იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ, ნელ-ნელა გაიაზრებენ, რომ მათ გარდა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლა და რომლებიც ზუსტად ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც თავად, როგორებიც ყველა. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის წინაპირობა.”