შესავალი
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრულფასოვან რეალიზაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, სადაც ადამიანებს აქვთ თანაბარი წვდომა თავისუფლებასა და მისი დაცვის ეფექტურ გარანტიებზე.
შეკრების თავისუფლება დემოკრატიული გახსნილობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. შეკრების თავისუფლება, როგორც საკომუნიკაციო უფლება, იცავს დამოუკიდებელი ინდივიდის თავისუფალ განვითარებას საზოგადოებაში.1
საქართველოში, წლების განმავლობაში, სისტემურ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ თემის და აქტივისტების შეკრების უფლების რეალიზაცია პრაქტიკაში, რაც, როგორც საკანონმდებლო ხარვეზებით, ისე სახელმწიფოს არაეფექტიანი, დისკრიმინაციული პოლიტიკით არის გამოწვეული.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში
პლურალიზმი და განსახვავებული აზრების შემწყნარებლობა დემოკრატიული საზოგადოების განმასხვავებელ ძირითად ნიშნებს და მის საყრდენს წარმოადგენს2.
გამოხატვის თავისუფლება ის ფუნდამენტური ფუნქციური ელემენტია, რომელიც საზოგადოების განვითარებას, ხელისუფლების თვითნებობის შეზღუდვას და ადამიანის პიროვნულ განვითარებას განაპირობებს. ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია3.
”თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს.“4 გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ იმ ”ინფორმაციას” ან ”იდეებს”, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ისეთსაც, რომელიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“5.
თითოეული ადამიანი უნიკალურია, ინდივიდუალურია, რაც პროგრესისა და განვითარების შანსს ქმნის. არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას არ აქვს უფლება, უბრძანოს ადამიანებს, განვითარდნენ და გამოხატონ საკუთარი თავი მათი უნარების, შეხედულებებისა და სურვილების საწინააღმდეგოდ6. სახელმწიფომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ უნდა დააფუძნოს ”მორალის” არგუმენტებზე, არამედ პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს გამოხატვის თავისუფლების სრულ რეალიზაციას, ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ გამოხატვის შინაარსი სადავოა და უმრავლესობის მიერ ნეგატიურადაა აღქმული7.
დემოკრატიულ სახელმწიფოში შეუძლებელია იმ მოსაზრებებისა თუ გამონათქვამების შემოფარგვლა ან ამომწურავად იდენტიფიცირება, რომელიც მისაღები იქნება ყველა ადამიანისთვის ან მთლიანად საზოგადოებისთვის. სახელმწიფოს არ გააჩნია უფლებამოსილება, დაყოს აზრები ”მართებულ” თუ ”არამართებულ”, ”სასურველ” თუ ”არასასურველ” კატეგორიებად8.
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთ სპეციალურ ფორმას წარმოადგენს9, რაც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების, მისი თითოეული წევრის ინტერესებისა და მისწრაფებების რეალიზების ხელშემწყობი მექანიზმია. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საკომუნიკაციო უფლებაა, რომელსაც შესაძლოა, როგორც სიმბოლური, ისე ინსტრუმენტული ხასიათი ჰქონდეს. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნას კულტურული განვითარებისა და უმცირესობათა იდენტობების ხილვადობისა და პრეზერვაციის მიზნით.10 შეკრების უფლება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, უმცირესობების ჯგუფების საჭიროებებისა და ინტერესების ადვოკატირების კუთხით11.
საქმეზე – Identoba v. Georgia, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ”პლურალიზმი და დემოკრატია მრავალფეროვნების ჭეშმარიტ აღიარებასა და პატივისცემას ეფუძნება. განსხვავებული იდენტობის პირებისა და ჯგუფების ჰარმონიული ინტერაქცია აუცილებელია საზოგადოებრივი ერთობის მისაღწევად”12.
სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა არ შეიძლება დაყვანილ იქნეს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებაზე – უფლებით სარგებლობის დროს, თავი შეიკავოს უსამართლო ჩარევისგან, სახელმწიფოს ასევე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომელიც მას შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე ადამიანების დაცვის უზრუნველყოფას ავალდებულებს13. სახელმწიფოს ევალება, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება მესამე პირთა მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისგან14.
მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლებით სარგებლობისათვის სათანადო პირობების შექმნა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. მსგავსი მსვლელობის წინააღმდეგ ჩადენილი გადაცდომა კი სწრაფ და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.
საქმეზე – Ärzte Für Das Leben v. Austria, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ”დემონსტრაციის მონაწილეებს უნდა შეეძლოთ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა ისე, რომ არ ჰქონდეთ შიში ოპონენტების მხრიდან გამოვლენილი ფიზიკური ძალადობისადმი დაქვემდებარების. ამგვარი შიში შესაძლოა გამხდარიყო ჯგუფებისა და ასოციაციების მხრიდან თემისათვის განსაკუთრებით კონტრავერსულ საკითხებზე აზრის ღიად გამოხატვის ხელის შემშლელი ფაქტორი”.15
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Alekseyev v. Russia, განმარტა, რომ ”დემონსტრაციისას, ოპოზიციურ ჯგუფებს შორის დაძაბულობისა და სიძულვილის წარმოშობის ყოველი შესაძლებლობა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს რომ წარმოადგენდეს, საზოგადოება მოკლებული იქნებოდა განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობას, რომელიც შესაძლოა, არ იყოს თანხვედრაში უმრავლესობის აზრთან”.16
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Baczkowvski and Others v. Poland, რომელიც ეხებოდა ვარშავის მერის მიერ გეი აღლუმის აკრძალვას, იმ დასაბუთებით, რომ მერი ეწინააღმდეგებოდა ”ჰომოსექსუალური ცხოვრების სტილის” პროპაგანდას, სასამართლომ შეკრების თავისუფლების ნაწილში დარღვევა დაადგინა. სასამართლოს განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ პრაქტიკებს, როდესაც შეკრების თავისუფლება გარკვეული ჯგუფებისთვის დანახულია არა როგორც უფლება, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიზღუდება, არამედ პრივილეგია. ისეთ დროს, როდესაც საზოგადოების დომინანტი ჯგუფები ამას დაუშვებენ17.
საქმეზე – Ärzte Für Das Leben v. Austria, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლება კონტრდემონსტრაციაზე არ უნდა გავრცელდეს დემონსტრაციის უფლებით სარგებლობის შეზღუდვაზე.”18
სახელმწიფოს პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეშლის ფაქტების სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და დასჯა19.
შეკრების უფლება – ლგბტ+ თემის ჩამორთმეული უფლება
საქართველოში შეკრების თავისუფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ პრობლემებს აწყდებიან ლგბტ+ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები. მათ წართმეული აქვთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისშესაძლებლობა. საქართველოში ლგბტ+ ადამიანებისა და აქტივისტებისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პრაქტიკულად, ჩამორთმეულ უფლებას წარმოადგენს. წლებია, ლგბტ+ აქტივისტები უშედეგოდ იბრძვიან უსაფრთხოდ შეკრებისათვის საჯარო სივრცეების მოსაპოვებლად, რაც მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ.
ცალკეულ ჰომოფობიურ და ფაშისტურ ჯგუფებს მისაკუთრებული აქვთ საჯარო სივრცეები და ლგბტ+ თემის წევრთა და აქტივისტთა მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის ნებისმიერი მცდელობა ”გარყვნილების პროპაგანდად” არის აღქმული, რაც სტერეოტიპებითა და ჰომოფობიური განწყობებით გაჯერებულ საზოგადოებაში თემის წევრთა მიმართ ზიზღს და ძალადობას აღვივებს20.
ქალაქის მნიშვნელოვანი საჯარო სივრცეები სრულად ოკუპირებულია ფაშისტური ჯგუფებისა და მათდამი განსაკუთრებული სენტიმენტებით განწყობილი სასულიერო პირების მიერ, სადაც ამ დღისადმი დაპირისპირების პროვოცირების მიზნით, ”ოჯახის სიწმინდის დღეს” აღნიშნავენ21.
წლების განმავლობაში, ლგბტ+ თემის წევრები და აქტივისტები ჰომოფობიური ჯგუფებისგან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი არიან, რაც, ხშირად, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მათი უმოქმედობით არის წახალისებული22.
წლებია, საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, გამიზნულად უშლის ხელს ლგბტ+ ადამიანებს მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობაში. ულტრამემარჯვენე ჯგუფების გამოყენებით, ხელისუფლება ცდილობს, დათესოს შიში და დაგეგმილი შეკრებების მშვიდობიანად ჩატარების პასუხისმგებლობა გადაიტანოს ლგბტქ+ ადამიანებსა და მათი ინტერესების დამცველ აქტივისტებზე.
ხელისუფლება სათანადო სერიოზულობით ვერ აცნობიერებს ჰომოფობიის მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ შედეგებს და მისი აღმოფხვრისთვის ეფექტიან ნაბიჯებს არ დგამს. ფაშისტური და ნეონაცისტური ჯგუფების კონტრდემონსტრაციების პირობებში, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს უმცირესობის თემის მიერ შეკრების თავისუფლებით შეუფერხებლად სარგებლობას და თავისი უმოქმედობით, კარტ ბლანშს უხსნის ქსენოფობიურ ჯგუფებს ძალადობის ჩასადენად.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ აღუსრულებელ საქმეზე – Identoba v. Georgia, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ 2012 წლის 17 მაისს ორგანიზებული მშვიდობიანი მარშის გამართვამდე, ”სექსუალური უმცირესობების მიმართ ქართული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან მათ უნდა სცოდნოდათ მოსალოდნელი დაძაბულობის რისკები, რომელიც დაკავშირებული იყო მომჩივანი ორგანიზაციის ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ გარე მსვლელობასთან. შესაბამისად, მათ ჰქონდათ ვალდებულება, გამოეყენებინათ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოეხდინათ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება, ისევე როგორც, გაეფრთხილებინათ პოტენციური სამართალდამრღვევები შესაძლო სანქციების ხასიათზე.“23
სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკისა და ლგბტ+ თემის უფლებების დაცვის ნების არარსებობის გამო, საქართველოს ხელისუფლების პრაქტიკას წარმოადგენს კონტრდემონსტრაციების გამო, ლგბტ+ თემის მანიფესტაციის ვადაზე ადრე შეწყვეტა24 ან შეკრების გამართვაზე საერთოდ უარის თქმა.25 მაგალითად, საქართველოში 2020 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
ჰომოფობიის წამახალისებელ საკმაოდ საშიშ გზავნილებს შეიცავს პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის 2021 წლის 17 ივნისის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს უარი უნდა ეთქვათ ღირსების მარშის ჩატარებაზე კონტექსტის გათვალისწინებით.26
ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკისა და უმოქმედობის კუთხით, გარკვეული პარალელის გავლება შეიძლება მოლდოვასთან. მაგალითად, 2021 წლის 21 მაისს, კიშინიოვში, მიუხედავად დიდი რაოდენობის კონტინგენტის მობილზებისა, პოლიციამ ვერ უზრუნველყო ლგბტ+ თემის შეკრების თავისუფლების დაცვა და უსაფრთხოების მოტივით, შეკრება ვადაზე ადრე შეწყვიტა27.
წლებია, სახელმწიფო არ ასრულებს თავის პროცესუალურ ვალდებულებას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვან გამოძიებასთან დაკავშირებით. ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა მიმართ სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება ჭიანურდება. ბუნდოვანია შეუწყნარებლობის მოტივით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ გონივრული ვადა გასულია, ბრალდებულად ან დაზარალებულად არავინაა ცნობილი.28
პოლიტიკური ჰომოფობია
სტერეოტიპებითა და ცრურწმენებით გაჯერებულ ქართულ საზოგადოებაში ღმად არის ფესვგადგმული კულტურული და პოლიტიკურად მოტივირებული ჰომოფობიური განწყობები, რაც უმცირესობების თემის მარგინალიზაციასა და სიძულვილში ვლინდება.
პოლიტიკური ჰომოფობია საქართველოში გარდა ჰომოსექსუალური ურთიერთობების მიმართ ზიზღისა, ისეთი პოლიტიკური ფაქტორით არის განპირობებული, როგორიც შეიძლება იყოს პროპაგანდა29. საქართველოში პოლიტიკური ჰომოფობია ანტიდასავლური ძალების მიზანმიმართული სტრატეგიაა, რომელსაც ხელისუფლების მიერ წახალისებული ფაშისტური და ულტრამემარჯვენე ჯგუფები ახორციელებენ. ამ ჯგუფებს საკმაოდ დიდი ძალაუფლება და სახელისუფლებო მხარდაჭერა გააჩნიათ.30
საქართველოში ლგბტქ+ უფლებებისთვის ბრძოლა ქართული ეროვნული ღირებულებების საწინააღმდეგო, დასავლური გარყვნილების ქართველი ხალხისთვის თავსმოხვევის აქტად და ”გეი პროპაგანდად“ აღიქმება. ფაქტობრივად, ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფების ნარატივი მდგომარეობს იმაში, რომ ჰომოსექსუალობა არის ”გეი პროპაგანდის” შედეგი31.
ჰომოფობია ულტრამემარჯვენე ძალების ხელში მნიშვნელოვანი ანტიდასავლური პროპაგანდის იარაღია. ოჯახი და რწმენა ის საკითხებია, რომლითაც ანტიდასავლური პროპაგანდის ავტორები აქტიურად მანიპულირებენ.
საქართველოში გავრცელებული ჰომოფობიური ნარატივის მიხედვით, დასავლეთი ეროვნული იდენტობის, ოჯახის ღირებულებებისა და მართლმადიდებლობის მტერია, ხოლო რუსეთი მისი დამცველი და გარანტორი. ბოლო წლების მანძილზე, ეს მითები მთავარ პროპაგანდისტულ თემად იქცა ნაციონალისტური, პრორუსული და ულტრმართლმადიდებელი ჯგუფებისთვის, როგორიცაა ”ქართული მარში” და მასთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდი – ALT-INFO.32
საქართველოში ”გეი პროპაგანდის“ ოფიციალური აკრძალვის ინიციატივით გამოდიან ულტრამემარჯვენე ფაშისტური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდებენ იმპერატიული ტონით.33 ქსენოფობიურ და პრორუსულ განწყობებს კი ხელოვნურად შექმნილი ”ოჯახის სიწმინდისა” და ”ეროვნული ღირებულებების” დაცვის საფარქვეშ ატარებენ.
პოლიტიკური ჰომოფობიის კუთხით, პარალელების გავლება შეიძლება რუსეთის გამოცდილებასთან, სადაც 2013 წლიდან მოქმედებს ”გეი პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონი, რომელიც უმცირესობებს პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნითა და ”ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის” იყენებს.34
2021 წლის 15 ივნისს, უნგრეთის პარლამენტმაც მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს სკოლებში ისეთი ინფორმაციის განხილვასა და გავრცელებას, რომელიც, ხელისუფლების აზრით, ჰომოსექსუალობას და სქესის შეცვლას უწყობს ხელს. კანონი არეგულირებს ტელეგადაცემებსა და ფილმებში გეი გმირებისა და ლგბტ დროშის ჩვენებასაც კი.35 ასეთ საშიშ პრეცედენტებს ჰომოფობიური კანონების მიღების ”ადვოკატირებისთვის” აქტიურად იყენებენ პრორუსული და ფაშისტური ჯგუფები საქართველოში,36 რაც უმცირესობების დისკრიმინაციისა და დევნის მძლავრი იარაღია.
კონტრშეკრებები და მისი მართვის დისკრიმინაციული პოლიტიკა
საქართველოს კანონი ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”37 არ განმარტავს ერთდროული შეკრებების ცნებას, მისი მართვის საკითხებს და არც მისი სპეციალური ფორმის – კონტრშეკრებების დეფინიციას ახდენს.38 OSCE/ODIHR-ის განმარტებით, ერთდროული შეკრება წარმოადგენს ისეთ შეკრებას, როდესაც ორი დამოუკიდებელი შეკრება დაგეგმილია ერთსა და იმავე დროსა და ადგილას.39 კონტრშეკრებები ერთდროული შეკრებების განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს, მისი მონაწილეები გამოხატავენ უკმაყოფილებას და პროტესტს სხვა შეკრებაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.40
საქართველოს კანონმდებლობა ნორმატიულ დონეზე არ განმარტავს კონტრშეკრებების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, პრევენციულ ზომებს, რაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების მაღალ რისკს შეიცავს. საქართველოს ხელისუფლების მიერ შეკრებები და კონტრშეკრებები პოლიტიკური მიზანშეწონილობით იმართება. სახელმწიფო არ ასხვავებს მშვიდობიან და არამშვიდობიან მონაწილეებს, რადგან შეკრების თავისუფლებისგან მომდინარე სამართლებრივ გარანტიებს ძალადობაში ჩართული პირები არ კარგავენ.41
OSCE/ODIHR-ის სტანდარტით, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მშვიდობიანი მანიფესტანტები კონტრშეკრებაში მონაწილე პირთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებებისგან.
სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან მანიფესტანტებს, შეკრების თავისუფლებით უსაფრთხოდ სარგებლობაში.42 აგრესიული და ძალადობრივი შინაარსის შეკრებები არ არის დაცული შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების უფლებას. შესაბამისად, შეკრების თავისუფლებით სარგებლობის კუთხით, ძალადობისკენ მიმართული კონტრდემონსტრანტების შვიდობიან დემოსტრანტებთან ერთად ერთ უფლებრივ ჭრილში განხილვა, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ლგბტ+ თემს წართმეული აქვს შეკრების თავისუფლების პრაქტიკაში რეალიზაციის შესაძლებლობა. საქართველოში მყარად დამკვიდრებულ სახელმწიფო პოლიტიკას წარმოადგენს ის, რომ ხელსუფლება საფრთხეების ”პრევენციას” ლგბტ+ თემის წევრებისთვის შეკრების გამართვაზე უარის თქმით ან მის ვადაზე ადრე შეწყვეტით ახდენს.43
დასკვნა
როგორც შეკრების თავისუფლების ანალიზიდან ვლინდება, საქართველოში ლგბტ+ ადამიანებს და აქტივისტებს წართმეული აქვთ შეკრების თავისუფლება, მათ არ აქვთ წვდომა საჯარო სივრცეებზე უსაფრთხო შეკრებისთვის, რადგან ეს სივრცეები სრულად ოკუპირებულია სახელმწიფოს მიერ წახალისებული ჰომოფობიური ჯგუფების მიერ.
ლგბტ+ თემის მიმართ ძალადობაზე სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირების პოლიტიკა და ჰომოფობიური ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს ლოიალური დამკიდებულება, ლგბტ+ თემის მიმართ ძალადობას ახალისებს და თემის მარგინალიზებას ახდენს.
ავტორი – თამარ ავალიანი