ლამარა აბჟანდაძე 91 წლის ბლოგერია, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება მწვავე სოციალურ თუ პოლიტიკურ თემებს. კომპიუტერის შესწავლა 87 წლის ასაკში გადაწყვიტა, რადგან არ ქონდა პროტესტის გამოხატვის და აქციებზე ფიზიკურად დასწრების საშუალება. მას შემდეგ ის აქტიურად უჭერს მხარს უმცირესობების უფლებებს და თანასწორობის იდეას.
გთავაზობთ ინტერვიუს ლამარა აბჟანდაძესთან:
რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ჩვენი საზოგადოება და როგორ ფიქრობთ, რა არის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს?
დღეს ჩვენი საზოგადოება ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას, პირველი დიდი პრობლემა არის ბრძოლა საკუთარი თავის გადარჩენისთვის – ეს არის მთავარი პრობლემა, შემდეგ მოდის ბრძოლა ნეპოტიზმის წინააღმდეგ, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ასევე შერჩევითი სამართლის წინააღმდეგ და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ბრძოლაში ადამიანები მარტოები არიან, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ უნდა ვაიძულოთ მთავრობა, რომ ამ პრობლემებზე იფიქრონ და შემოგვთავაზონ მათი გადაჭრის გზები. სხვა შემთხვევაში, უნდა მოვითხოვოთ იმ მთავრობის გადადგომა, რომელიც ჩვენი პრობლემის მოგვარებაზე არ ზრუნავს და არ ფიქრობს.
რატომ გადაწყვიტეთ სოციალურ ქსელში აქტიურობა და როგორ შეცვალა ამ ნაბიჯმა თქვენი ცხოვრება?
როცა კომპიუტერი შევისწავლე, ვიყავი 87 წლის, მაშინაც და დღესაც არ მაქვს ძალა აქციაზე გამოვიდე და სამართლიანობას მხარი დავუჭირო, მაგრამ ვხედავდი სხვა ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელებს იყენებდნენ თავიანთი პროტესტის გამოსახატად, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მიზანი დავისახე, მესწავლა კომპიუტერი და კომპიუტერის საშუალებით დამეფიქსირებინა ჩემი პროტესტი. დღეს ცხოვრება კომპიუტერის გარეშე ვერ წარმომიდგენია.
როგორი იყო ლგბტქი ადამიანების ცხოვრება საბჭოთა საქართველოში?
საბჭოთა საქართველოში ამ ადამიანებზე საუბარიც კი აკრძალული იყო, თითქოს ეს ადამიანები არ არსებობდნენ, ყველას უჭირდა ამ თემებზე საუბარი საჯარო სივრცეეებში, ყველაფერი ხდებოდა დაკეტილ ოთახში. პირველად ამ თემასთან შეხება ჩემი შვილიშვილების საშუალებით მქონდა. მათ ამიხსნეს, ვინ არიან ლგბტქი ადამიანები და რისთვის იბრძვიან ისინი, იმ დღის შემდეგ მეც მყარად ვდგავარ აზრზე, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის და არსებობის უფლება. ლგბტ+ ადამიანებიც საზოგადოების ისეთივე სრულუფლებიანი წევრები არიან, როგორიც სხვა ყველა დანარჩენი.
თქვენ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ხართ უმცირესობების უფლებების და თანასწორობის იდეის, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს?
ჩემთვის ყველაზე მთავარი ადამიანია და ამდენწლიანმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი ვერ იქნება, თუმცა ჩვენ ბევრი უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანის უფლება თანაბრად იყოს დაცული. კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და ის უნდა იცავდეს ჩვენს ღირსებასა და უფლებებს. არ შეიძლება, საზოგადოება დავყოთ და დავანაწევროთ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მივიღოთ საზოგადოების ყველა წევრი და მივცეთ საშუალება, ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რა სიკეთეებითაც დღეს უმრავლესობა სარგებლობს.
საიდან მოდის ის სიძულვილი და აგრესია, რომელსაც ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენს საზოგადოებაში?
ჩემი აზრით, აგრესია, რომელსაც ყოველდღიურად ვხვდებით საზოგადოებაში, პირველ რიგში, ჩვენი მთავრობისგან მოდის, იმ ადამიანებისგან, რომლებიც სხვადასხვა სატელევიზიო ჩართვის დროს არ ერიდებიან აგრესიის ღიად გამოხატვას ჟურნალისტების მიმართ, ოპოზიციური პარტიების მიმართ, ერთმანეთის მიმართ, ამ ადამიანების სიძულვილი გადმოდის ჩვენზე და მთელი ქვეყანა ცხოვრობს მერე ამ აგრესიითა და სიძულვილით.
როგორ შეიძლება, შეინარჩუნო საკუთარი თავი და ადამიანების მიმართ სიყვარული მიუხედავად იმისა, თუ რა დროში ან სისტემაში ცხოვრობ და ვისი მართულია შენი დღის წესრიგი?
საკუთარი თავის შენარჩუნება მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც თავისი თავის რწმენა და სიყვარული აქვს, შენ თუ შენი თავის რწმენა და სიყვარული არ გაქვს, სხვასაც ვერ შეიყვარებ. რა დროშიც არ უნდა ცხოვრობდე, რა მოცემულობაშიც, საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დაკარგო, არ უნდა გააქრო შენს თავში ადამიანების მიმართ სიყვარული და ნდობა. ყველა დროს აქვს თავისი გამოწვევა, ხოლო ადამიანის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ არასდროს მოუსმინოს დროის ხმას და თვითონ მართოს თავისი დღის წესრიგი. ასე უფრო მარტივია განვითარება და საკუთარი თავის შენარჩუნება.
როგორ უმკლავდებით სოციალური ქსელიდან მიღებულ აგრესიას?
აგრესია, როგორც წესი, მოდის მაშინ, როცა ჩემს სტატუსებში უმცირესობების უფლებებზე ან თანასწორობის იდეაზე ვწერ, ბევრი ლანძღვა მინახავს კომენტარებში, გინებაც, რა თქმა უნდა, ვბრაზდები, თუმცა ვცდილობ, ამ ადამიანებს ავუხსნა, რომ უმცირესობების წარმომადგენლებს დღეს განსაკუთრებით სჭირდებათ დანარჩენი საზოგადოების მხარდაჭერა და მიმღებლობა. და ვისაც სიძულვილის ენა აქვს არჩეული, იმისგან უკვე აღარაფერი მწყინს. მე პირადად სიძულვილის ენა დიდი ხნის წინ დავტოვე, ჩემს ლექსიკაში ვერ შეხვდებით სიტყვებს – ,,მძულს”, ,,მეზიზღება” და დღეს გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს.
პოლიტიკური მდგომარეობიდან და კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, დღეს განსაკუთრებით გაზრდილია ახალგაზრდებში და არა მარტო ახალგაზრდებში უიმედობის განცდა, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას აზრი არა აქვს?
ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის ყოველთვის აქვს აზრი, მე როცა საბჭოთა ეპოქაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი მასწავლებლად, ჩემებურად იქაც ვიბრძოდი, ყოველთვის ვუხვევდი საბჭოთა ნორმებს და ვცდილობდი, საგანი ისე მესწავლებინა მოსწავლეებისთვის, რომ ჩემი სწავლება დაცლილი ყოფილიყო საბჭოთა პროპაგანდისგან. ასეთი პატარა წინააღმდეგობები ძალიან ბევრი იყო მაშინ და სინამდვილეში ასეთმა ნაბიჯებმა დაშალა და დააქუცმაცა საბჭოთა კავშირი. დღესაც არ უნდა დავკარგოთ ამ წინააღმდეგობის ძალა და ყველა ახალგაზრდას უნდა სჯეროდეს, რომ მათი ნაბიჯები ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.