მე ვარ ქრისტი, 26 წლის. ვცხოვრობ ბელგიაში, ამჟამად ვსწავლობ ენის კურსებზე, გავიარე ბარმენობის კურსები. ჩემი ქვიარ აქტივიზმი მეტად საქართველოში მიმდინარე ამბებს უკავშირდება. ბელგიაში პრაიდში ვიღებ მონაწილეობას. პირველად შარშან მივიღე ანტვერპენ პრაიდში მონაწილეობა. ანტვერპენის პრაიდი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრაიდი, იმართება ხოლმე აგვისტოს მეორე კვირას, გრძელდება ხუთი დღე. ამ დღეების განმავლობაში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, მუსიკალური ფესტივალები, საბოლოოდ კი სრულდება დიდი მარშით, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს. შარშან, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პრაიდი იყო – ღონისძიებებში დაახლოებით 180 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მარშის თვითოეულ კოლონას აქვს თავისი მესიჯები. ამ კოლონებს, ტრაილერების სახით, მიყვებიან ადამიანები და მათ ასევე აქვთ გამოტანილი საკუთარი მესიჯები. ბევრი მათგანი არაბინარული და ტრანს ადამიანების უფლებების დაცვის მოწოდებით და ა. შ. მესიჯები მრავალფეროვანია. სამომავლოდ სურვილი გვაქვს აქ მცხოვრებ ქართველ ქვიარ აქტივისტებს, კოლონების დონეზე, მეტად ხმამაღლა გავაჟღეროთ ჩვენი სათქმელი. ამას წინასწარ სჭირდება ორგანიზება და ვაპირებთ ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით. ჩვენ ბელგიაში ვინც ვართ, ვცდილობთ ქართული ქვიარ აქტივიზმისთვის რაღაცა სასარგებლო გავაკეთოთ, მაგალითად ბრიუსელის პრაიდზე ვიყავით ორგანიზებულად და საქართველოს დროშები ვაფრიალეთ.
წელს ანტვერპენის პრაიდში 75-მა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. დელეგაცია არის პრაიდის მსვლელობაში ორგანიზებულად მონაწილე ჯგუფი, რომელსაც წინ მიუღძვის დიდი მანქანა. ჯგუფები წარმოადგენენ სხვადასხვა ინტერესების ირგვლის გაერთიანებულ ადამიანებს, ასევე სხვადასხვა ბიზნესებს. პრაიდში მონაწილეობა ასეთი ჯგუფებისთვის, მათი საქმიანობის რეკლამაცაა, ამავდროულად ისინი, საკუთარი მონაწილეობით პრაიდის იდეებს აძლიერებენ, ხელს უწყობენ მეტ თანასწორობას და თავისუფლებას. ბელგიაში ძალიან სერიოზულად ემზადებიან ამ ღონისძიებისთვის. ოჯახებით, ბავშვებით მიდიან.
მარში სრულდება დიდი მუსიკალური ფესტივალით, დიჯეების და დრეგ ქვინების მონაწილეობით. დაღამების შემდეგ კი პრაიდი გრძელდება ქვიარ ბარებში და კლუბებში გართობის ფორმატში. ამ ღონისძიებებს ანტვერპენ პრაიდი აორგანიზებს და მას სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეხმარებიან. მაგალითად წელს ვნახე, რომ სხვებთან ერთად ჩართული იყო სმენადაქვეითებული და მეტყველების პრობლემების მქონე ადამიანების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია.
ამ ყველაფერს რომ უყურებ, ამ დროს გახსენდება თუ რა ხდება საქართველოში. ადრე ფესტივალის ჩატარებას მაინც ვახერხებდით, ახლა უკვე აქაც გვივარდებიან. შენთვისაც კი არ გაცლიან რომ იყო. უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ უნდა წაართვა ადამიანს ასეთი ბედნიერების უფლება. მე მგონია, რომ არ აწყობთ ჩვენი თავისუფლება, თავისფლად მოაზროვნე ადამიანები არ აწყობთ. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს თავისი ბოტ-ტროლების მანქანით საერთო აზრზე ამყოფოს ყველა, მათ შორის ახალგაზრდებიც, რათა მათ იაზროვნონ ისე, როგორც მთავრობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის აწყობს. ჩემი აზრით, ეს მაინც არ გამოუვათ. საქართველოში ძალიან ბევრი მებრძოლი ადამიანია და ამიტომ მგონია, რომ არ გამოუვათ. ქვიარ თემშიც ბევრი მებრძოლი ადამიანია.
ზოგადად ქვიარ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურობა ყოველთვის საჭიროა, სადაც არ უნდა იყო. ერთი ჩემი მეგობარი დაინტერესდა და მეკითხებოდა, რა საჭირო იყო ბელგიაში პრაიდი, თუ ქვიარების უფლებები ისედაც დაცულია. რეალურად აქაც არიან ჰომოფობები, უბრალოდ ისინი ძირითადად ემიგრანტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ არავინ მისცემს აქ უფლებას რომ ვინმეზე იძალადონ, სწორედ ამიტომაც არის საჭირო პრაიდი, რომ ყველას მიაწოდონ ამ საკითხებზე ინფორმაცია. ანტვერპენ პრაიდი მხოლოდ ერთკვირიანი ღონისძიება არ არის. მთელი წლის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა აქტივობები მოსახელობაში ცოდნის ასამაღლებლად. სკოლებში გარდა იმისა, რომ საგანმანათლებლო სისტემა მოიცავს სქესობრივ განათლებას და ქვიარ საკითხებს, ქვიარები თავად დადიან და ესაუბრებიან მოსწავლეებს. წელიწადში შეიძლება იყოს ასეთი რამდენიმე დღე, როდესაც ქვიარ თემის წევრები შედიან სკოლებში. ამ გზით ხდება ქვიარ მოსწავლეების გაცნობა, რაც სამომავლოდ აარიდებს მათ უცხოს შიშსა და ზიზღს.
გარდა ამისა, პრაიდი გაძლევს დიდ ბედნიერებას. აი, ხომ თითქოს არაფერია, წელიწადში ერთი თუ რამდენიმე დღეა, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებულია. საქართველოში ძირითადი პრობლემები მქონდა ასაკოვან ადამიანებთან, არ მოსწონდათ ჩემი არასტანდარტული გარეგნობა, ჩემი პირსინგები არ მოსწონდათ, არ მიღებდნენ. პრაიდის დროს, მარშის მონაწილეების მხარდასაჭერად მოდის უამრავი ადამიანი და მათ შორის ძალიან ბევრია ასაკოვანი. ასე დგანან, გველოდებიან თუ როდის გავივლით. გვიღიმიან, ტაშს გვიკრავენ, თავად ძალიან ბედნიერები არიან. ზოგი საკუთარი ოჯახის წევრის, მეგობრის მხარდასაჭერად მოდის. ფანჯრებიდანაც დროშები აქვთ გადმოფენილი, ხელს გვიქნევენ. ამ დროს თავს გრძნობ ადამიანად. ორიენტაციის თუ გარეგნობის გამო არ ხარ გარიყული. ხარ ბედნიერი, ხარ ის ვინც ხარ.
ბელგიელებისთვის პრაიდზე ერთად დგომას მოაქვს ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება, მაგრამ საქართველოდან ადამიანებისთვის კიდევ სხვა ემოციაა პრაიდზე ყოფნა. საქართველოში მიაჩნიათ, რომ პრაიდზე ლგბტქი თემის წევრი უნდა გავიდეს. აქ კი ხედავ რომ ჰეტეროსექსუალები უფრო მეტნი არიან. აქ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან პრაიდის ღონისძიებებს, ყოველ შემთხვევაში გახსნას. ბელგიის ვიცე პრემიერ მინისტრი ტრანსგენდერი ქალია. პოლიციაც ძალიან მხარდამჭერია. ჰომოფობიას თუ უხსენებ გაასმაგებული ყურადღებით მოგეპყრობიან და აუცილებლად დაგეხმარებიან. სქესის შეცვლის პროცედურებიც არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა მარტივი და სწრაფი პროცესი არ არის, გამზადებენ ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს შენი უსაფრთხოებისთვის, ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის არის. დაზღვევა ნაწილობრივ აფინანსებს კიდეც სქესის შეცვლის პროცედურებს, ვაგინოპლასტიკის ჩათვლით. მამოქტომიის ოპერაციას დაზღვევა სრულად ფარავს.
გული მწყდება იმის გამო, რაც საქართველოში ზოგადად ხდება, ჰეტეროსექსუალი ადამიანებისგან რა მოპყრობაც არის ქვიარების მიმართ. კიდევ, ზოგი ქვიარის არ მესმის რა მიზანი აქვს, როდესაც ეწინააღმდეგება პრაიდს. მითუმეტეს, როდესაც ხედავ, რომ ახალგაზრდებში ქვიარების მიმართ დამოკიდებულების ცვლილება, მიმღებლობის გაზრდა დიდწილად საჯარო ღონისძიებების დამსახურებაა. ჩემ ირგლივაც უამრავი ადამიანია, ვისაც სულ ცოტა ხნის წინ არაფრის გაგება არ უნდოდა და ახლა ჩვეულებრივად არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილება ასეთი პატარა ბრძოლების დამსახურებაა. ასევე პირადი ბრძოლებისაც, როდესაც ჩვენ ფეისბუკ გვერდებზე ვაზიარებთ ინფორმაციას, ვუხსნით ჩვენ ნაცნობებს, ნათესავებს, სწორად ვაწვდით ცოდნას.
საქართველოში მცხოვრებ ქვიარებს პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას ვეტყოდი იმისთვის, რასაც უძლებენ. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ორგანიზებული აგრესია წამოვიდა მათ მიმართ. ერთმანეთის გაძლიერებით, პატარ-პატარა მიღწევებით გამოგვივა, ჩემი აზრით, ყველაფერი.