სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი)
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა (resilience), რომელიც ადამიანში სწორედ ქვიარად ყოფნის გამო ვითარდება. ეს სიძლიერე პიროვნულ თვისებაზე გაცილებით მეტია, რადგან ადამიანის გარკვეულ უნარ-ჩვევებს და საკუთარ თავზე შრომის პროცესს და ასევე, მის შედეგებსაც მოიცავს. აქვე უნდა ითქვას, რომ ძლიერად ყოფნის საჭიროება შესაძლოა ადამიანს მძიმე ტვირთადაც გადაექცეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუდმივად უწევს გადარჩენის რეჟიმში ცხოვრება. ამიტომ, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, მნიშვნელოვანია როგორც სირთულეების მიმართ მედეგობის გამოჩენა, ასევე, განტვირთვისთვის საკმარისი დროის და საშუალების გამონახვა. მოცემული სტატიით მსურს ცოტა მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ქვიარების მედეგობასა და სიმტკიცის მხარდამჭერ პრაქტიკებზე
ქვიარების მედეგობის კონცეფცია
გასაგებია, რომ მედეგობის განმარტებაში ყველა ადამიანი საკუთარ გამოცდილებას ასახავს. ამავდროულად, მეცნიერები ცდილობენ ამ ტერმინის უნიფიცირებას. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) განმარტებით, მედეგობა − პროცესია, რომლის შედეგად ვავლენთ მენტალურ, ემოციურ და ქცევით მოქნილობას საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით, ეფექტურად ვადაპტირდებით რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.[1] ზოგჯერ მედეგობა განიმარტება, როგორც ინდივიდის უნარი საკუთარი უნიკალური გზით მოიპოვოს მისთვის საჭირო ფსიქოლოგიურ, სოციალურ, კულტურულ და ფიზიკურ რესურსებზე წვდომა.[2] ფსიქოლოგიის დარგში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ სირთულეების დაძლევის სტრატეგიების და პრაქტიკული უნარების განვითარება ნამდვილად შესაძლებელია.[3]
მედეგობის კონცეფცია ძალიან პოპულარულია ბოლოდროინდელ, ლგბტქი ადამიანების ჩართულობით ჩატარებულ კვლევებში. ითვლება, რომ მედეგობა დასწავლადია, ხოლო მისი ფუნქციაა გამოწვევებთან ეფექტური გამკლავება, კონკრეტული მიზნების მიღწევის გზაზე მიზანდასახულობის შენარჩუნება და ტრავმული გამოცდილების მიღების შემდეგ აღდგენა.[4] მედეგობის კიდევ ერთი განმარტება მოიცავს ისეთი ფიქრების, ემოციების, და ქცევების გაცნობიერებას, პრიორიტეტების განსაზღვრას, რაც ხელს უწყობს პიროვნების ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ განვითარებას.[5] გარდა ამისა, მედეგობა გულისხმობს პოზიტიური გამოსავლის მიღწევას საფრთხის შემცველი გარემოებების პირობებშიც, ადაპტაციის სარისკო და საზიანო პატერნების თავიდან არიდებას (Luthar et al., 2000, Masten, 2011)
ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ და რა პირობებში ცდილობს საკუთარი მედეგობის გაუმჯობესებას. ყველაფერი გაცილებით რთულდება, თუ ცხოვრობ ქირით, არ გაქვს ოჯახის მხარდაჭერა, გაქვს ქრონიკული ან/და მძიმე დაავადება, ხარ ტრანსგენდერი ან აგენდერი ადამიანი, რომელსაც მუდმივად გიწევს ამტკიცო, რომ გენდერული იდენტობა რაღაც მოგონილი ამბავი კი არა, არამედ შენი პიროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ასეთ შემთხვევაში ქვიარი შეიძლება განიცდიდეს ქრონიკულ დაძაბულობას, სტრესს, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, დროებით მაინც მოდუნდეს, აღიდგინოს ძალები, გადაამუშაოს ძველი გამოცდილება, გამოიტანოს დასკვნები სამომავლოდ და გაძლიერებულმა გააგრძელოს გზა.
განსაკუთრებით რთულია სიმტკიცის შენარჩუნება, როდესაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ქვიარ ადამიანების მიმართ უარესდება. ამავდროულად, სწორედ ყველაზე მძიმე პერიოდებში გვჭირდება გამძლეობა, რათა არამხოლოდ გადავრჩეთ, არამედ რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი მივიღოთ და თუ შესაძლებელია, გავზარდოთ კიდეც ჩვენი ფიზიკური უსაფრთხოების ხარისხი. საინტერესოა, რომ დროთა განმავლობაში იზრდება იმ კვლევების რაოდენობა, რომელიც აღწერს ზრდასრული ლგბტქი ადამიანების მედეგობას, სოციალური უთანასწორობის და ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად.[6] ამასთან, მედეგობის უკეთესი მაჩვენებლები დაკავშირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის უკეთეს მაჩვენებლებთან (The Trevor Project, 2022).
რა პიროვნულ თვისებებსა და გარე ფაქტორებს ეფუძნება ქვიარების მედეგობა
ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მეშვეობით, მკვლევრებმა გამოავლინეს ქვიარების პიროვნული თვისებები და გარე ფაქტორები, რომელიც უკავშირდება მედეგობას:
- საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერების და მიღების შესაძლებლობა, ემოციების რეგულაციის უნარი (emotional literacy);[7]
- პრობლემებზე საუბრის/მსჯელობის, გამოსავლის პოვნის და ქმედებების დაგეგმვის უნარი (“talk things out”);[8]
- ღიაობა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის თუ გენდერული იდენტობის მიმართ (openness and transparency), თუმცა, კონტექსტის გათვალისწინებით შესაძლოა ის ვიქტიმიზაციის გამომწვევიც იყოს. განსაკუთრებით, სოფლად მაცხოვრებელი ქვიარებისთვის;[9]
- ინტერნალიზებული ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მეტად დაბალი დონე (lower levels of internalised homo/transphobia);[10]
- იმედიანი განწყობის,[11] ოპტიმიზმის[12] შენარჩუნების შესაძლებლობა (hope and optimism);
- გამბედაობა გამოწვევების მიმართ (the courage to challenge);[13]
- სტაბილურ ურთიერთობებში ყოფნა (საოჯახო, მეგობრული თუ რომანტიკული);[14]
- ქვიარ თემთან მჭიდრო კავშირი;[15]
- სოციალური მხარდაჭერა. სოციალური კავშირების არსებობა (სოციალურ ქსელებში, ოჯახური, სანათესაო, სამეგობრო, სათემო − პიროვნების სხვადასხვა იდენტობების გათვალისწინებით, სამსახურებრივი, სასწავლებელში, სამედიცინო სერვისების სფეროში და ა. შ.) ;[16]
- ვიდეო თამაშების ირგვლივ გაერთიანებულ ქვიარ მეგობრულ თემში ინტეგრაცია (DI Cesare et al, 2023);
- სხვადასხვა ქვიარ მედია პლატფორმების გამოყენება და არტის რომელიმე ფორმით გატაცება, რაც დროებით ამსუბუქებს სტრესორების ზემოქმედებას (Craig et al, 2015);
- შემოქმედებითი გზით საკუთარი თავის გამოხატვა. არტისტული ექსპრესია იძლევა საკუთარი თავის გამოხატვის და ასევე სხვებთან დაკავშირების შესაძლებლობას (Austin et. al, 2022);
- ქვიარ მეგობრული სამუშაო გარემო;[17]
- იდეების თუ აქტივობების ირგვლივ თანამოაზრეებთან გაერთიანება, ერთობლივი საქმიანობა;[18]
- ტრავმული გამოცდილებების დამუშავება სპეციალისტთან ერთად. წარსულის გადააზრება და „გადაწერა“ ისე რომ ისინი შემაწუხებელი აღარ იყოს.[19]
- რთული, გაურკვეველ სიტუაციებიდან განრიდება − საკუთარი თავისთვის დროის მიცემა შესვენებისთვის, დაფიქრებულად მოქმედებისთვის.[20]
- მედეგობის მქონე სხვა ქვიარის პოზიტიური როლური მოდელი.[21]
როგორ შეგვიძლია მედეგობის გაუმჯობესება?
რა თქმა უნდა, არ არსებობს მედეგობის გაუმჯობესების ერთადერთი, ყველასთვის გამოსადეგი ან/და სრულყოფილი სტრატეგია. მითუმეტეს, რომ ლგბტქი თემი მრავალფეროვანია, მოიცავს სხვადასხვა ასაკის, განსხვავებული საჭიროებების და მისწრაფებების მქონე ადამიანებს, რომელთა რეალობა ზოგჯერ მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. სტატიის მოცემული ნაწილით მსურს გაგიზიაროთ მარტივი, თუმცა ჩემი დაკვირვებით, ეფექტური პრაქტიკები საკუთარი მედეგობის მხარდასაჭერად. პირობითად გამოვყოფ ოთხ მიმართულებას თუ სფეროს, რაზეც შეიძლება მუშაობა მედეგობის გასაუმჯობესებლად:
საკუთარი საჭიროებების წინ წამოწევა
უპირველესად, კარგი იქნება თქვენი მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით ამ საჭიროებების გამოვლენა და ჩამოთვლა. ამისთვის კი გადაავლეთ თვალი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, სადაც ცვლილებები სასურველია. ჩამოწერეთ თქვენი მიზნები და ძლიერი მხარეები, რა რესურსებზე მიგიწვდებათ ხელი, რა სირთულეებია გადასალახი და რა გარემოებები შეიძლება იყოს ხელშემშლელი.
საკუთარი საჭიროებების პრიორიტეტიზაციას გარკვეული დისკომფორტებიც ახლავს. შესაძლოა, თქვენი ქცევა აღარ მოეწონოს გარშემო მყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მიჩვეულია შეუზღუდავად ისარგებლოს თქვენი მხარდაჭერით. ისწავლეთ ადამიანებისთვის უარის თქმა, მაშინ, როდესაც თქვენგან იმაზე მეტი ენერგიის თუ სხვა რესურსების გაზიარებას ითხოვენ, ვიდრე ეს გსურთ ან შეგიძლიათ. ასევე არ ხართ ვალდებული, ყველას ვინც დაინტერესდება აუხსნათ, თუ რას ნიშნავს ქვიარად ყოფნა, უმტკიცოთ ყველა ჰომოფობს, რომ ლგბტქი თემის მდგომარეობა მართლაც გაუსაძლისია და ა. შ.
ზოგადად, მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს (ცხადია არა ყოველთვის, ზოგჯერ კონფლიქტიც საჭიროა) დაზოგეთ ძალები და დრო, რაც საკუთარი მიზნების მისაღწევად დაგჭირდებათ. ნუ მისცემთ სხვა ადამიანებს უფლებას, განსაზღვრონ დღის წესრიგი. იხელმძღვანელეთ საკუთარი ინტერესებით და იმოქმედეთ პრაგმატულად. ასერტიული კომუნიკაცია დასწავლადია სახალისო როლური თამაშების მეშვეობით, როდესაც მეგობრების ან ფსიქოკონსულტანტის დახმარებით ვარჯიშობთ, აძლიერებთ ტოქსიკური ადამიანებისთვის უარის თქმის ან საკუთარი ინტერესის გატარების უნარს, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, სხვადასხვა სერვისის გამწევ პირებთან საკუთარ საჭიროებებზე საუბრის უნარს და ა. შ.
ცნობილმა ქვიარ ორგანიზაციამ Human Rights Compaign შეადგინა სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად უწევს გადარჩენა “On our own – a survival guide for independent LGBTQI youth”.[22] შესაძლოა, ეს დეტალურად გაწერილი სახელმძღვანელო სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვისაც.
ფიზიკურ სხეულზე და ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა
ფიზიკური სხეული ჩვენი შეუცვლელი რესურსია, ამიტომ მივცეთ მას ის, რასაც იმსახურებს და საჭიროებს − სათანადო ზრუნვა. კვლევებით დასტურდება, რომ სეირნობის ყოველდღიური რიტუალი გვარიდებს დეპრესიის სიმპტომებს[23], როგორიცაა უენერგიობა, მოტივაციის არქონა, სხეულში სისუსტის შეგრძნება, ყურადღების ფოკუსირების სირთულე და მრავალი სხვა.
ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ენდორფინების გამომუშავებას, რაც აქვეითებს სტრესს და აუმჯობესებს ძილს. რეგულარული ვარჯიში ამცირებს შფოთვას, ზრდის თვითშეფასებას. მეც ხშირად გამიმართლებია საკუთარი უმოქმედობა იმით, რომ თითქოს არ მქონია ვარჯიშისთვის საკმარისი დრო. თუმცა ბოლო კვლევებით დასტურდება რომ 10 წუთის განმავლობაში ფიზიკური აქტივაცია ისეთივე სარგებლის მომტანია, როგორც 45 წუთის განმავლობაში.[24] ქალაქის პარკში ფეხით სიარული ბუნებასთან სიახლოვის განცდას და სიმშვიდეს გვმატებს, ხოლო ქუჩებში სიარული სიმარტოვის შეგრძნებას გვიმსუბუქებს.
გონების დამშვიდებაში დაგეხმარებათ ე. წ. „საყრდენის ტექნიკები“ (Grounding Techniques). ინტერნეტის მეშვეობით უამრავი ტექნიკის მოძიებაა შესაძლებელი. ექსპერიმენტირების გზით მიაკვლიეთ თქვენთვის კომფორტულს, რადგან მათი უმეტესობა მარტივად შესასრულებელია და ძალიან ეფექტურია დამშვიდების, დაძაბულობის მოხსნისთვის, ასევე, უკეთესი კონცენტრაციისთვის. აქ შემოგთავაზებთ რამდენიმე ტექნიკას, რომლებიც ყველაზე მეტად მეხმარება:
საყრდენის სავარჯიშო − 5-4-3-2-1
(სტრესის, ემოციური დისფუნქციის დროს ან უბრალოდ დარესტარტებისთვის გამოსაყენებელი სავარჯიშო)
მოეწყვეთ (დასხედით) მოხერხებულად;
- მიმოიხედეთ ოთახში და შეეცადეთ, გამოყოთ 5 განსხვავებული ფერი, რომელიც თქვენ გარშემოა (შეგიძლიათ, ფერის ნაცვლად ყურადღება გაამახვილოთ გეომეტრიულ ფორმებზე, ავეჯის სახეობაზე, ნახატებზე − თუ კედლებზე ჰკიდია, და ა.შ.). უბრალოდ, შეამჩნიეთ – შეფასებისა და განსჯის გარეშე;
- შეეცადეთ, გამოყოთ 4 განსხვავებული ხმა, რომელიც ისმის თქვენ გარშემო;
- შეეცადეთ, გამოყოთ 3 განსხვავებული შეხება, რომელსაც გრძნობთ (მაგალითად, ზურგის შეხება სკამის საზურგესთან, ფეხების შეხება იატაკთან, მკლავის შეხება სხეულთან. ან ხელით შეეხოთ ნივთებს და დააკვირდეთ განსხვავებას შეგრძნებებში);
- შეეცადეთ, გამოყოთ 2 განსხვავებული სუნი თქვენ გარშემო (ყავა, დარიჩინი, ლიმონი, ვანილი, სუნამო და ა. შ. თქვენი გემოვნებით);
- შეეცადეთ, შეიგრძნოთ 1 რომელიმე გემო − ამისთვის შეგიძლიათ ქიშმიში (ან ნებისმიერი ხილის პატარა ნაჭერი) იქონიოთ და გაღეჭოთ.
საყრდენის სავარჯიშო − შეიგრძენი საკუთარი სხეული
ამ სავარჯიშოს შესრულებისას შეგიძლიათ იდგეთ ან ისხდეთ, როგორც მოგიხერხდებათ. კონცენტრირდით იმაზე, თუ რას გრძნობს თქვენი სხეული თავიდან ფეხებამდე. შეამჩნიეთ:
- როგორ ეხება თქვენი თმა შუბლს ან მხრებს;
- როგორ ეხება ტანსაცმელი ზურგს;
- დაძაბულია თუ მოდუნებულია მკლავები და ხელის თითები;
- როგორია თქვენი გულისცემა − ნელი თუ ჩქარი;
- როგორი შეგრძნება გაქვთ მუცლის არეში, ხომ არ განიცდით შიმშილს ან პირიქით, დანაყრების შეგრძნებას;
- როგორი შეგრძნება გაქვთ ფეხებში;
- შეიგრძენით როგორ ეხება ტერფები იატაკს.
საყრდენის მეტად მარტივი ტექნიკების გამოყენებაც შეიძლება, მაგალითად:
- ხელების შეშვერა წყლის ჭავლისთვის;
- ხელში ყინულის ნატეხის დაჭერა;
- გაამოძრავეთ სხეული − გაიარეთ თუნდაც ოთახში, გააკეთეთ ფეხის ან ხელის კუნთების გაწელვები;
- ყლუპ-ყლუპად დალიეთ თქვენი საყვარელი ცივი სასმელი ან უბრალოდ წყალი
- დაითვალეთ რიცხვები კლებით და რომელიმე ორი რიცხვის მაგალითად 5-ის და 8-ის შემცველი რიცხვების გამოტოვებით – 50,49,47,46,44,43,42,41,40 და ა. შ. (თვლა განაგრძეთ ვიდრე შფოთვა არ შემცირდება);
ემოციების მენეჯმენტისთვის ასევე ძალიან კარგია მოვლენების, ემოციების, ფიქრების და ქცევების დღიურის წარმოება.
ემოციების მონიტორინგის დღიური
შეავსეთ დღიური საბაზისო ემოციების მონიტორინგის მიზნით (როგორც ნეგატიურის ისე პოზიტიურის). ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ უკეთ დაინახოთ, თუ რა მოვლენები ან ფიქრები იწვევს თქვენში ემოციებს და ასევე რა ქცევებს და შედეგებს განაპირობებს.
ადამიანებთან, სხვადასხვა ჯგუფებთან კავშირების გამყარება
ყველას სჭირდება კავშირი ჰქონდეს სხვა ადამიანებთან, თავს გრძნობდეს ოჯახის, ჯგუფის ნაწილად, საზოგადოების წევრად, ჰქონდეს სხვების იმედი და გრძნობდეს ირგვლივ მყოფთაგან მეგობრულ დამოკიდებულებას. ქვიარებისთვის სოციალური მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად გარიყულები არიან ოჯახის წევრების მხრიდან, უჭირთ სოციუმში ინტეგრაცია ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო. გარიყვის და დისკრიმინაციის ინციდენტები ზღუდავს მათ საკუთარი ემოციური რეაქციების განცდაში. ემოციების დათრგუნვას კი ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ დისტრესამდე მივყავართ. გარდა ამისა, ემოციების ძლიერი და ხანგრძლივი დათრგუნვა ხელს უშლის ინდივიდის ჩართულობას სოციალურ ინტერაქციებში, ასევე აზიანებს მის ინტერპერსონალურ ურთიერთობებს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.[25]
გამოსავალი, ერთი შეხედვით, მარტივია და სხვადასხვა ინტერესის ირგვლივ შეკრებილი ადამიანების, მათ შორის, ქვიარების გაცნობაში მდგომარეობს. ჩემი დაკვირვებით, ისეთ ჯგუფებში, სადაც არტ-თერაპიისთვის, ადიქციების დასაძლევად, მედიტაციისა და იოგას პრაქტიკების შესასწავლად ერთიანდებიან ადამიანები, ინტერესები და გამოცდილებები ხშირად ემთხვევა. შესაძლოა, ჯგუფის მონაწილეები იყვნენ სრულიად განსხვავებული გამოცდილებების მქონეები, მაგრამ აერთიანებდეთ რამე საინტერესო საქმიანობა, მაგალითად, კულინარია, ცეკვა, ფეხბურთის თამაში, ლაშქრობაში სიარული და სხვა. ზოგჯერ სოციალური მედიაც ძალიან სასარგებლოა ახალი ადამიანების, მეგობრების შესაძენად. თუმცა, აქ გარკვეული სიფრთხილეც საჭიროა − ახალი ნაცნობი რომ ქვიარებზე მონადირე ჰომოფობი არ აღმოჩნდეს.
მთავარია ამ საკითხისთვის გარკვეული დროის დათმობა და მიზანდასახულება.
მხიარულებისთვის დროის გამოყოფა
ეს, ერთი შეხედვით, ადვილია საქმეა, თუმცა დაგეგმვას, დროის დათმობას და ძალისხმევის გამოჩენასაც ითხოვს. ცხადია, რეკრეაციული აქტივობები ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. ამის მიუხედავად, ყოველთვის მოიძებნება რაიმე სახალისო საქმიანობა, რომელიც დიდ კაპიტალდაბანდებებს არ საჭიროებს, მაგრამ ყოველდღიური დაძაბულობისგან დროებით მაინც ამოგვასუნთქებს.
ხუმრობა, სიცილი მაშინაც კი დაგვეხმარება უკეთ ვიგრძნოთ თავი, როდესაც ირგვლივ ქაოსია და ყველაფერი ძალიან ცუდად მიდის.
გულიანი სიცილი ხსნის მენტალურ და ფიზიკურ დაძაბულობას, ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს შიდა ორგანოების ფუნქციას, ზრდის ენდორფინების და ჟანგბადის დონეს. გრძელვადიან პერსპექტივაში სიცილი აძლიერებს იმუნურ სისტემას და გვეხმარება შევეწინააღმდეგოთ სხვადასხვა დაავადებას. სიცილი გვმატებს კმაყოფილების გრძნობას, ზრდის თავდაჯერებულობას, სიხარულის, ბედნიერების შეგრძნებას, გვეხმარება დავძლიოთ სირთულეები.[26]
საქართველოში ხშირად გვამუნათებენ მწვავე სიტუაციებში ხუმრობისთვის, მაგრამ კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ იუმორი გვეხმარება გადარჩენაში.
[1] https://www.apa.org/topics/resilience
[2] Social Ecologies and Their Contribution to Resilience | SpringerLink
[3] იქვე.
[4] Concept Analysis: Resilience – Archives of Psychiatric Nursing
[5] https://linkinghub.elsevier.com/retrieve/pii/S1054139X06001716
[6] Defining and researching the concept of resilience in LGBT+ later life: Findings from a mixed study systematic review – PubMed
[7] Lesbian, Gay, Bisexual and Trans People (LGBT) and the Criminal Justice System | SpringerLink
[8] Full article: Exploring LGBT resilience and moving beyond a deficit-model: findings from a qualitative study in England
[9] Reflecting Resiliency: Openness About Sexual Orientation and/or Gender Identity and Its Relationship to Well‐Being and Educational Outcomes for LGBT Students – Kosciw – 2015 – American Journal of Community Psychology – Wiley Online Library
[10] Full article: Mental Health Differences Between Older and Younger Lesbian, Gay, Bisexual, and Transgender Veterans: Evidence of Resilience
[11] Full article: The Protective Role of Hope for Lesbian, Gay, and Bisexual Individuals Facing a Hostile Workplace Climate
[12] Triple Jeopardy and Beyond: Multiple Minority Stress and Resilience Among Black Lesbians: Journal of Lesbian Studies: Vol 7, No 4
[13] Full article: The Courage to Challenge: A New Measure of Hardiness in LGBT Adults
[14] Individual and Community Resilience Factors Among Lesbian, Gay, Bisexual, Queer and Questioning Youth and Adults in Israel – Shilo – 2015 – American Journal of Community Psychology – Wiley Online Library
[15] Resilience in Community: A Social Ecological Development Model for Young Adult Sexual Minority Women – Zimmerman – 2015 – American Journal of Community Psychology – Wiley Online Library
[16] Sexual minority youth, social connection and resilience: From personal struggle to collective identity – ScienceDirect
[17] Striving for Holistic Success: How Lesbians Come Out on Top – Out in Psychology – Wiley Online Library
[18] Sexual minority youth, social connection and resilience: From personal struggle to collective identity – ScienceDirect
[19] APA PsycNet FullTextHTML page
[20] Exploring LGBT resilience and moving beyond a deficit-model: findings from a qualitative study in England
[21] იქვე.
[22] https://www.hrc.org/resources/on-our-own-a-survival-guide-for-independent-lgbtq-youth
[23] https://www.medicalnewstoday.com/articles/just-a-short-walk-each-day-could-reduce-depression
[24] https://adaa.org/living-with-anxiety/managing-anxiety/exercise-stress-and-anxiety
[25] Minority Stress in Emotion Suppression and Mental Distress Among Sexual and
Gender Minorities: A Systematic Review – Akanksha Singh, Anu Dandona, Vibha
Sharma, S. Z. H. Zaidi, 2023
[26] https://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/stress-management/in-depth/stress-relief/art-20044456