Telegraph

ქალები აუნაზღაურებელ შრომას კვირაში 38,4 საათს უთმობენ, კაცები 11,5-ს — კვლევა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის (კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში) ფარგლებში საქსტატის მიერ მომზადებული ახალი კვლევის მიხედვით, ქალები აუნაზღაურებელ შრომას კვირაში დაახლოებით 38,4 საათს უთმობენ, ხოლო კაცები 11,5 საათს. ამასთან, ქალების 98,3% და კაცების 70,2% მონაწილეობს აუნაზღაურებელ შრომაში.

აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომად ითვლება ყველა ის აუნაზღაურებელი მომსახურება, ადამიანებზე ზრუნვისა და საშინაო შრომის ჩათვლით, რომელსაც ეწევა ინდივიდი შინამეურნეობაში ან თემში, ამ შინამეურნეობის თუ თემის წევრების სასარგებლოდ. კვლევის მიხედვით, აუნაზღაურებელი ზრუნვის და საოჯახო შრომა მთლიანი შიდა პროდუქტის 10 და 39 პროცენტს შეადგენს და ქვეყნების ეკონიკაში უფრო დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ვიდრე წარმოების, ვაჭრობის და ტრასნპორტირების სექტორებს.

დროის გამოყენების კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 97,2% საშინაო შრომაშია ჩართული, ხოლო კაცების მხოლოდ 53,5% და ქალები აღნიშნულ საქმიანობას კვირაში 28,4 საათს უთმობენ მაშინ, როცა კაცები სულ რაღაც 8,5 საათს უთმობენ. ამასთან, ქალების 50,9% და კაცების 32,5% ჩართულია აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაში.

სიღრმისეული ანალიზი კი აჩვენებს, რომ ქალების აუნაზღაურებელ შრომაზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს. მაგალითად, ქორწინებაში მყოფი ქალები აუნაზღაურებელ შრომაში 4,7 საათით მეტს ატარებენ, 2,8 საათით მეტს, თუ მათი მეუღლე დასაქმებულია, როცა სახლში 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვ(ებ)ი ცხოვრობენ — 11,2 საათით მეტს.

ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ შრომის ბაზარზე ხელმისაწვდომობისა და აუნაზღაურებელ სამუშაოზე დახარჯულ დროზე მოქმედი ფაქტორები გენდერულად არის განაწილებული. ქორწინებაში ყოფნა და მცირეწლოვანი ბავშვების ყოლა ქალების მიერ შრომის ბაზარზე გატარებულ ყოველკვირეულ დროს 9,3 საათით ამცირებს, კაცების შემთხვევაში კი პირიქით ხდება, დაქორწინებული კაცები 5,6 საათით მეტს მუშაობენ ანაზღაურებად სამსახურში. აუნაზღაურებელ შრომაზე დახარჯული დრო პირდაპირ გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე თანამონაწილეობაზე, რაც კვლევამაც აჩვენა:  შრომის ბაზართან დაკავშირებულ აქტივობებში ქალების 62,1%-ია ჩართული, ხოლო კაცების 84,2%. ამასთან, ქალები აღნიშნულ აქტივობას კვირაში 36,5 საათს უთმობენ, კაცები კი 50,5 საათს.

სიღრმისეული ანალიზი კიდევ უფრო დიდ გენდერულ დისბალანსს აჩვენებს: ქალებს სამუშაო ძალის შემადგენლობაში ყოფნის 33,3%-ით ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე კაცებს. აღნიშნული შანსი 58,4%-ით ნაკლებია მაშინ, როცა ისინი მზრუნველის/მომვლელის ფუნქციას ასრულებენ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კაცებთან შედარებით, 12-ჯერ მეტი ქალი აკეთებს დამატებით საშინაო საქმეს, სხვა საქმიანობების პარალელურად. ასევე, ქალები კვირაში საშუალოდ 8-11,2 საათს ატარებენ ზრუნვის შრომაში მაშინ, როდესაც პარალელურად ძირითადი, არაზრუნვითი საქმითაც არიან დაკავებულნი, ეს დრო კიდევ უფრო იზრდება თუ შინამეურნეობაში 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები ცხოვრობენ.

დიდი სხვაობაა ზედამხედველობითი ზრუნვის (მდგომარეობა, როცა ზრუნვის ობიექტთან, ბავშვთან თუ დასუსტებულ ხანშიშესულ ადამიანთან, ახლოს ყოფნაა საჭირო) მიმართულებითაც. ქალების 49,5% ზედამხედველობით ზრუნვაში მონაწილეობს, კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 16,4%-ია. ზედამხედველობით ზრუნვაზე დახარჯული ყოველკვირეული დრო ქალების შემთხვევაში 13,9 საათია, ხოლო კაცების შემთხვევაში 6,5 საათი.

რაც შეეხება თავისუფალი დროის აქტივობებს, ამ მიმართულებით კაცები კვირაში 28,3 საათს ხარჯავენ, ხოლო ქალები 21,6 საათს, თუმცა თავისუფალ დროსაც კი, ქალების 78% პარალელურ საქმიანობას ეწევა, ხოლო კაცების — 73,3%.

ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის მონაცემები შესაბამისია დროითი სიღარიბის მაჩვენებლებთან, რაც ხანგრძლივი სამუშაო დღისა და დროის ერთ მონაკვეთში მრავალი საქმის კეთების საჭიროების გამო დაძაბულობისა და სტრესის შეგრძნებას უკავშირდება. დაბალი დროითი სიღარიბე ქალების 52%-ს და კაცების 40,9%-ს აქვს, ზომიერი დროითი სიღარიბე ქალების 29,6%-ს და კაცების 20,9%-ს, ხოლო მაღალი დროითი სიღარიბე ქალების 11,3%-ს და კაცების 8,9%-ს. ამასთან, თუ ინდივიდს დროითი სიღარიბე ახასიათებს, 12%-ით მატულობს იმისი ალბათობა, რომ მას სიჩქარეში ყოფნის მუდმივი განცდა ექნება, ხოლო თუ ქალია დამატებით 8%-ით. სამუშაო ასაკის მქონე ქალებში, კაცებთან შედარებით, 5%-ით მეტია იმ შეგრძნების ალბათობა, რომ ყოველთვის ეჩქარებათ.

 

 

კვლევაში ნათქვამია, რომ „აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის აღიარება უთანასწოროდ განაწილებული ზრუნვის შრომის საკითხის მოგვარებისა და ამ საკითხის განვითარების გეგმაში, დღის წესრიგში შესატანად პირველი ქმედითი ღონისძიებაა“. ამასთან, გაცემულია რეკომენდაციები, რომლებიც ზრუნვის ღირებულებისა და მისი წვლილის აღიარებისთვის აუცილებელია:

  • როგორც ანაზღაურებადი, ისე აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის შესახებ მონაცემებისა და სტატისტიკის წარმოების, გავრცელებისა და გამოყენების გაძლიერება. ასევე, გაუმჯობესებული და გენდერულად უფრო მეტად მგრძნობიარე ზრუნვის პოლიტიკისა და სისტემების განვითარების მიზნით, ზრუნვასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და ინვესტიციების შესახებ მონაცემებისა და სტატისტიკის წარმოების უკეთესი პრაქტიკის დანერგვა;
  • აუნაზღაურებელი შრომის მონეტარული ღირებულების შეფასება ტრადიციულ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-სთან) მიმართებაში და ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის საზომების ჩართვა ეროვნულ და საერთაშორისო სტატისტიკასა და ეკონომიკური პროგრესის საზომებში, რათა მომავალში მეტად წახალისდეს დიალოგი ზრუნვის შრომისა და პოლიტიკის ემპირიულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაგეგმვის შესახებ;
  • გენდერული უთანასწორობისა და ქალების გაძლიერების ირგვლივ მიმდინარე დებატებში აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის ძირითად საკითხთა ჩამონათვალში შეტანა და მასზე რეგულარულად საუბარი პოლიტიკოსებთან, დონორთა თემთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. 

კვლევის მიხედვით, ქალებსა და კაცებს შორის აუნაზღაურებელი შრომის უფრო თანაბრად გადანაწილების უზრუნველსაყოფად, მთავრობისთვის, კერძო სექტორისთვის, თემებისა და შინამეურნეობებისთვის რეკომენდებულია:

  • დროისა და შრომის დამზოგავ ინფრასტრუქტურაში, ტექნოლოგიებსა და/ან პრაქტიკებში ინვესტირება, რათა შემცირდეს აუნაზღაურებელი შრომა, რომელიც ქალებს აწევთ მხრებზე და უამრავ დროს ართმევს მათ;
  • ზრუნვის საჯარო სისტემების გაძლიერება. ამისათვის საჭიროა, რომ ძირითადი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ისეთ კონკრეტულ ვალდებულებებს ითვალისწინებდეს, როგორებიცაა ზრუნვის უნივერსალური სისტემების დანერგვა, დაფინანსება და შენარჩუნება, და ასევე, ხარისხიან, ფინანსურად და ფიზიკურად ყველასთვის ხელმისაწვდომ ზრუნვის სისტემებსა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირება;
  • ზრუნვაზე ორიენტირებული დასაქმების პოლიტიკის გატარება, მათ შორის, მოქნილი სამუშაო გრაფიკი/ დისტანციურად მუშაობა და მშობლებისთვის დეკრეტული შვებულება, რაც დააბალანსებს ქალებისა და კაცების მიერ სამსახურისა და ოჯახის წინაშე აღებულ ვალდებულებებს;
  • საჯარო სექტორმა უნდა უზრუნველყოს ზრუნვის ღირსეული სამუშაო, მოახდინოს ინვესტირება ზრუნვის სერვისებსა და ინფრასტრუქტურაში და გაუთანაბრდეს საჯარო სექტორს იმით, რომ მიიღონ და აღასრულონ ზრუნვასთან დაკავშირებული კანონები, რეგულაციები, პოლიტიკა და შრომის სტანდარტები;
  • კულტურულად რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამების და მედია და ადვოკატირების კამპანიების მეშვეობით, აღმოიფხვრას დისკრიმინაციული სოციალური ნორმები და გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ხელს უწყობს ქალებსა და კაცებს შორის ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომის უთანასწორო განაწილებას;
  • იმგვარად წახალისდეს პოზიტიური მასკულინობა, რომ საშინაო საქმიანობებში დახმარება დიასახლისებს ქალებმაც გაუწიონ და კაცებმაც.

 2020 და 2021 წლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფლაგმანი პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად ჩატარდა დროის გამოყენების კვლევა (GTUS). აუნაზღაურებელ შრომაში და შრომის ბაზრის აქტივობებში მონაწილეობის მაჩვენებელი 25-62 წლის ქალებისა და კაცების მიერ ყოველ 10 წუთში მითითებულ მაჩვენებელს ემყარება. კვლევაში სულ 6074 რესპონდენტი მონაწილეობდა.

წინა

დედაენის ბაღში ირანის სოლიდარობის ღონისძიება გაიმართება

შემდეგი

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე — დღის მნიშვნელობა და ომბუდსმენის გამოხმაურება

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი