უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში მეცნიერებმა  ყურადღების გამახვილება დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყეს.

უმცირესობათა სტრესის მოდელი ილონ მეიერმა 2003 წელს შეიმუშავა  (The Meyer minority stress model). თეორია სწავლობს  სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სტრუქტურულ ფაქტორებს, რაც განაპირობებს ჯანმრთელობის უფლებაზე უთანასწორო ხელმისაწვდომობას ქვიარ თემისთვის.

ილონ მეიერის მიხედვით, უმცირესობათა სტრესი სოციალური სტრესის ფორმაა, რომელსაც ექვემდებარებიან ინდივიდები და სხვადასხვა თემი, ნეგატიური წინასწარი განწყობების, სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის შედეგად. უმცირესობაში მყოფი ჯგუფების წარმომადგენლები ქრონიკული სოციალური სტრესის პირობებში განიცდიან ჯანმრთელობის გაცილებით მეტ პრობლემას, ვიდრე ისინი, ვინც ამ ჯგუფებს არ მიეკუთვნებიან. ეს პრობლემები მოიცავს როგორც ფსიქიკურ, ასევე ადიქციურ აშლილობებს, სუიციდს და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის ონკოლოგიურ, სისხლძარღვოვან დაავადებებს, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს და ა. შ.

მეიერი, სხვა ავტორებზე დაყრდნობით, უმცირესობათა სტრესის შემდეგ ძირითად მახასიათებლებს გამოყოფს და აღნიშნავს, რომ უმცირესობათა სტრესი:

უნიკალურია − ემატება იმ ზოგად სტრესს, რომელსაც განიცდიან ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ნეგატიური მოვლენების შედეგად და შესაბამისად, სტრესფაქტორების მიმართ ადაპტაციისთვის დამატებითი ძალისხმევა სჭირდებათ.

ქრონიკულია − შედარებით სტაბილური და მდგრადია, რადგან სოციალური და კულტურული სტრუქტურებით არის განპირობებული.

სოციალურად ნაწარმოებია − ადამიანის ინდივიდუალური თვისებებით, მისი ბიოლოგიური მახასიათებლებით განპირობებული არ არის, ამგვარ სტრესს სოციალური პროცესები, მოვლენები და ინსტიტუციები ქმნის.

ზემოაღნიშნულ მახასიათებლებს, მეიერი ამატებს დისტალურ სტრესორებს − გარეგანი ფაქტორები, პირობები, მოვლენები) და პროქსიმალურ სტრესორებს (სუბიექტური პროცესები, ინდივიდუალური აღქმები და შეფასებები). ის ამტკიცებს, რომ დისტალური სტრესორები განაპირობებს პროქსიმალურ სტრესორებს, ხოლო ორივე ერთად ქმნის ისეთ პირობას, რომლის გათვალისწინებით ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა ზიანდება.

ლგბტქი თემის წევრების უმცირესობათა სტრესი განპირობებულია იმ გადაჭარბებული სოციალური სტრესით, რომელსაც ისინი განიცდიან ჯგუფის მასტიგმატიზებელი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, უმცირესობათა სტრესს ქვიარები განიცდიან როგორც მათი სექსუალური ორიენტაციის, ასევე გენდერული იდენტობის და არაბინარული იდენტობის მიუღებლობის საფუძვლით.

პროქსიმალური სტრესორები აღმოცენდება სოციალიზაციის პროცესში, რა დროსაც ლგბტქი თემის წევრები დაისწავლიან საკუთარი თავის უარყოფას (ინტერნალიზებული სტიგმა), ან ვითარდება სტიგმატიზაციის მოლოდინი (მიუღებლობის მოლოდინი) ან და მალავენ საკუთარ ლგბტქი იდენტობას დისტალური სტრესორისგან თავდაცვის მიზნით (არ გამჟღავნება). არგამჟღავნება გარკვეულ პირობებში შეიძლება დამცავი იყოს, მაგრამ ამავდროულად ზღუდავს სოციალური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობას და ამით უარყოფით როლს თამაშობს მთლიან სურათში.

უმცირესობათა სტრესის შესაძლო შედეგები

სტიგმით განპირობებულ სტრესი იწვევს ემოციურ შფოთვას, სოციალურ/ინტერპერსონალურ პრობლემებს და კოგნიტიურ პროცესებს, რომელთაც მივყავართ ფსიქოპათოლოგიამდე. მაგალითად, ნეგატიური აზრების განმეორებადობა, როგორც  ემოციური დისრეგულაციის კომპონენტი, გრძელვადიან პერსპექტივაში ფიზიოლოგიური მედიაციის მეშვეობით გავლენას ახდენს უმცირესობათა სტრესით გამოწვეულ დეპრესიაზე (Sarno El, 2020).

2023 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა სისტემური მიმოხილვის ანგარიში ლგბტქი ადამიანების მიმართ მიკროაგრესიებსა და მენტალურ ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ ლგბტქი მონაწილეებმა აჩვენეს მიკროაგრესიების განცდის მეტად მაღალი რისკი, ცისგენდერ, ჰეტეროსექსუალ მონაწილეებთან შედარებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგები (Mattia Marchi, 2023).

2012-2013 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა ეროვნული ეპიდემიოლოგიური კვლევა ალკოჰოლის მოხმარებასა და ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული კომორბიდული მდგომარეობების არსებობაზე − თამბაქოს მოხმარება, გუნება-განწყობილების აშლილობები, პოსტტრავმული სტრესი, შფოთვითი აშლილობა, სოციალური სტრესფაქტორები. 36,309 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოჰკითხეს. კვლევამ დაადგინა, რომ “მომატებული სტრესის გამოცდილებამ  შეიძლება გამოიწვიოს კომორბიდობის მაღალი დონე სექსუალურ უმცირესობებში, შესაბამისად, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის მხარდამჭერი, ასევე სამკურნალო პროგრამები განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვინც თავს ლგბტქი თემის წევრად თვლის (Rebecca JEvans-Polce, Epub, 2020).

2014 წელს ჩატარებული სისტემური მიმოხილვის მიხედვით, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული აშლილობის მაღალი დონე ლესბოსელ, ბისექსუალ და გეი ახალგაზრდებში უმცირესობათა სტრესს უკავშირდება. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ყველაზე ძლიერ რისკფაქტორებად დასახელდა ვიქტიმიზაცია, მხარდამჭერი გარემოს არქონა, ფსიქოლოგიური სტრესი, პრობლემური ქცევის ინტერნალიზება, ექსტერნალიზება, ნეგატიური რეაქციები რესპონდენტების ქამინგაუთზე და საცხოვრებლის სტატუსი.

2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა სისტემური მიმოხილვის ანგარიში, რომელმაც გააერთიანა  42 კვლევა და ეხებოდა უმცირესობათა სტრესის კავშირს ლგბტიქ ადამიანებში ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობებთან. მიმოხილვამ აჩვენა, რომ უმცირესობათა სტრესი ლგბტქი ჯგუფში ემოციურ დათრგუნვასა და ფსიქიკური დისტრესის ჩამოყალიბებაში წამყვან როლს ასრულებს. მიმოხილვის დასკვნითი ნაწილი უმცირესობათა სტრესის ქვიარების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენის მექანიზმს შემდეგნაირად განმარტავს:

ლგბტქი იდენტობის მქონე ადამიანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში განიცდიან მძიმე წნეხს ჰეტერონორმატიული წესებისადმი შეუსაბამობის გამო. დისკრიმინაციისა და გარიყვის ინცინდენტები ზღუდავს მათ საკუთარი ემოციური რეაქციების განცდაში. ემოციების დათრგუნვას კი ისინი ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ დისტრესამდე მიყავს. გარდა ამისა, ემოციების ძლიერი და ხანგრძლივი დათრგუნვა ხელს უშლის ინდივიდების ჩართულობას სოციალურ ინტერაქციებში და აზიანებს მათ ინტერპერსონალურ ურთიერთობებს. შინაგანი სტიგმა იწვევს დაძაბულობას, რომელიც დამატებით ზღუდავს ინდივიდის სოციალურ ინტერაქციას. ცხოვრების აზრი მეტად განსაზღვრულია სამომავლო გეგმებით, ვიდრე ინდივიდუალური გეგმებით. ინდივიდის განსხვავებულობის უარყოფა სოციალური გარემოს მხრიდან აიძულებს მათ, გამოიყენონ დაძლევის ალტერნატიული მექანიზმები, რასაც შეიძლება ნეგატიური გავლენა ჰქონდეს კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სერიოზული ქრონიკული სტრესორების სერია ცხოვრების მანძილზე დამატებითი სირთულეა ემოციური ექსპრესიისთვის და საბოლოოდ ანადგურებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ინდივიდის ემოციურ მდგომარეობას და ფსიქიკურ დისტრესს შორის ინტერაქციული ურთიერთობა განაპირობებს  ჯანმრთელობისთვის სარისკო და სიცოცხლისთვის საშიშ ქცევებს, როგორიცაა სუიციდური ქცევა და ნარკოტიკების მოხმარება.

სისტემატურ მიმოხილვაში, რომელიც 2021 წელს ლგბტ ადამიანების ჯანმრთელობის მიმართ უთანასწორობებს (health inequities) იკვლევდა, მითითებულია, რომ ლგბტ ჯგუფი არ არის ჰომოგენური, ის განსხვავდება სხვადასხვა მარგინალიზებული იდენტობების მიხედვით, რაც ინტერსექციური პერსპექტივიდან შეფასებას საჭიროებს. (Jorge Medina-Martínez, 2021) კვლევები აჩვენებს, რომ ბისექსუალი რესპონდენტები ჰეტეროსექსუალ და სხვა ქვიარ ადამიანებთან შედარებით უარესი ფსიქიკური ჯანმრთელობით გამოირჩევიან, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ინტერნალიზებული ბიფობიით (Oginni, Mapayi, Afolabi, Obiajunwa, & Oloniniyi, 2019). ავსტრალიაში ჩატარებული გრძელვადიანი კვლევით დადგინდა, რომ ბისექსუალ ქალებში გაცილებით მაღალია დეპრესიის, სტრესის, შფოთვის და თვითდაზიანების ქცევა ჰეტეროსექსუალ ქალებთან შედარებით (Hughes, Szalacha 2010). კანადაში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი დგინდება, რომ ბისექსუალ მონაწილეებში სუიციდური აზრები უფრო მაღალია (45.4%) ვიდრე ლესბოსელებში (29.5%) და ჰეტეროსექსუალებში (9.6%) (Steele, Ross, Dobinson 2009).

უმცირესობათა სტრესის მოდელის პრაქტიკული გამოყენება

უმცირესობათა სტრესის მოდელის გამოყენება შესაძლებელია ლგბტქი ადამიანების საჭიროებებზე მიმართული ინტერვენციების შემუშავების პროცესში. 2013 წელს მეიერის ავტორობით შეიქმნა სპეციფიკური სახელმძღვანელო, უმცირესობათა მოდელზე დაყრდნობით ასევე შემუშავდა საჯარო პოლიტიკა და ლგბტქი ადამიანების საკონსულტაციო და სამკურნალო პროტოკოლი, რომლის მიზანი იყო დახმარებოდა ცალკეულ ინდივიდებს სტრესის მიმართ მედეგობის გაზრდაში. უმცირესობათა სტრესის მოდელს ეყრდნობა მკურნალობის ყოვლისმომცველი პრინციპები, რომელიც წარმატებით გამოიყენება ალკოჰოლის სარისკო მოხმარების შემთხვევაში გეი და ბისექსუალ კაცებში (Pachankis, 2015) და ალკოჰოლის სარისკო მოხმარების დროს ქალებში (Pachankis, 2020).

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი ატარებს  პირველ პილოტურ პროგრამას სახელწოდებით Effective Skills to Empower Effective Men (ESTEEM), რომლის მიზანია გეი და ბისექსუალი კაცების გაძლიერება უმცირესობათა სტრესთან ასოცირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც მოიცავს აივ ინფექციის გავრცელების პრევენციას, სიცოცხლისთვის სარისკო სუიციდური და ნარკოტიკების მოხმარების ქცევის კორექციას, ასევე ფსიქიკური აშლილობების, შფოთვისა და დეპრესიის მკურნალობასა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შემცირებას. პროგრამა ძირითადად ფსიქოთერაპიას და ფსიქოგანათლებას ეყრდნობა, ასევე გათვალისწინებულია აივზე ტესტირება და PREP-ის მიწოდება. პროგრამა 10 ძირითადი სამუშაო მოდულისგან შედგება.

2024 წლის იანვარში გამოქვეყნდა საინტერესო მეტაანალიზის ანგარიში. კვლევა მიზნად ისახავდა ქვიარებში აფექტური სიმპტომების შესამცირებლად განხორციელებული ფსიქოსოციალური ინტერვენციების ეფექტურობის შეფასებას და მიმოიხილავდა 14 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის შედეგებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში (11), კანადაში (1) და ავსტრალიაში (1) ჩატარდა და რომელშიც 1103 პირმა მიიღო მონაწილეობა.

მოცემული კვლევებისას ინტერვენციის შემდეგი სახეობები იყო გამოყენებული:

  • კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიული ტექნიკები;
  • ფსიქოგანათლებაზე დაფუძნებული ინტერვენციები;
  • მაინდფულნეს თერაპია;
  • წერითი თერაპია.

თერაპია  7-12 კვირას გრძელდებოდა. მეტაანალიზმა აჩვენა, რომ თერაპიის შედეგები ეფექტური იყო − საკონტროლო ჯგუფთან შედარებით დეპრესიის და შფოთვის სიმპტომები შემცირდა. ამასთან მეტაანალიზმა ისიც აჩვენა, რომ დისტრესის სიმპტომებზე თერაპიამ გავლენა ვერ მოახდინა, ხოლო დეპრესიის სიმპტომების შემცირება დროთა განმავლობაში არ შენარჩუნდა. გამოითქვა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, უმცირესობათა სტრესის ეფექტების შესამცირებლად საჭიროა თერაპიის უფრო ხანგრძლივი კურსი. შფოთვის და დეპრესიის სიმპტომების შემცირების მხრივ უკეთესი შედეგები აჩვენა კოგნიტიურ-ბიჰევიორულმა თერაპიამ და ჯგუფურმა მუშაობამ.

ცხადია, ნებისმიერი, ყველაზე საუკეთესო თერაპიული პროგრამის განსახორციელებლად თეორიული ცოდნის გარდა, საჭიროა გამოცდილი პროფესიონალების, ლგბტქი საკითხებისადმი სენსიტიური თერაპევტების მონაწილეობა. სამედიცინო პერსონალის მხრიდან ჰომოფობიური განწყობები ან/და სტიგმა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მნიშვნელოვანი ბარიერია სამედიცინო დახმარების მიღების გზაზე.

2021 წელს ჩატარდა სისტემური მიმოხილვა, რომელიც მიზნად ისახავდა ლგბტქი თემის წევრების მიმართ ჯანდაცვის სფეროში არსებული ბარიერების გამოვლენას და შემცირების ხელშეწყობას. შესწავლილი იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული 16 სტატია, რომელიც ეხება ლგბტქი თემის სამედიცინო საჭიროებებს, გამოცდილებებს, წარმოდგენებს და ინტერვენციებს. ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უთანასწორო შეზღუდვა ეხებათ იმ  ლგბტქი ადამიანებს, ვისაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მოიხმარენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ახასიათებთ სარისკო სექსუალური ქცევა, თვითდაზიანებები ან/და სუიციდური ქცევა. ეს უთანასწორობები (inequalities) დაკავშირებული იყო უმცირესობათა სტრესთან, რომელიც ლგბტქი პოპულაციაში თითოეულ წევრზე განსხვავებულად მოქმედებს, იმის მიხედვით, თუ როგორია მათი სექსუალური ორიენტაციის თუ გენდერის იდენტობა, რასობრივი, ეთნიკური, გეოგრაფიული მიკუთვნებულობა. დადგინდა, რომ ლგბტქი თემის წევრები განიცდიან დისკრიმინაციას ჯანდაცვის სფეროში სერვისების მიღებისას.

დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ:

  • ქვიარები ცხოვრების განმავლობაში მუდმივად განიცდიან უმცირესობათა სტრესს, რაც საზიანო გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე;
  • უმცირესობათა სტრესის შედეგად ქვიარები ჩამოშორდებიან სოციალურ ცხოვრებას, კარგავენ საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობებს;
  • ქვიარების ვიქტიმიზაცია, მათ მიმართ განხორციელებული მიკროაგრესიები და სხვა სიძულვილით მოტივირებული ქმედებები და დანაშაულები, ასევე ინტერნალიზებული ჰომოფობია, ბიფობია, ტრანსფობია ჯანმრთელობისთვის დამატებით საზიანო ფაქტორებს წარმოადგენს;
  • უმცირესობათა სტრესის გავლენის შემცირება შესაძლებელია ქვეყნის პოლიტიკის დონეზე შესაბამისი ნაბიჯებით და ასევე ქვიარების და შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით ორგანიზებული აქტივობების საშუალებით;
  • ქვიარებს სჭირდებათ ინფორმაციული, გეოგრაფიული, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ჯგუფური კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია, მაინდფულნეს თერაპია და ფსიქოგანათლება.

 

 

 

წინა

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

შემდეგი

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ