ფოტო: Getty Images

ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

რას ნიშნავს ტოქსიკური ურთიერთობა

როდესაც ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, ბევრმა არც კი ვიცით, რომ ურთიერთობების შესახებ ჩვენი წარმოდგენები და რწმენები ზოგჯერ თავიდანვე ტოქსიკურია. ჩვენ კულტურაში (და არა მხოლოდ) ღრმად არის გამჯდარი ტოქსიკური ქცევის ნიმუშები, რომლებიც არა თუ დამაზიანებლად, არამედ რომანტიკულადაც არის შეფასებული. მაგალითად, ფილმებში არაერთხელ გვინახავს “თავბრუდამხვევი” და ირაციონალური სასიყვარულო ურთიერთობის სცენები, სადაც წყვილის ბრუტალური ჩხუბისა და ეჭვიანობის, თეფშების ლეწვის შემდეგ, შერიგების სცენა ცრემლს გვგვრის და ბედნიერი დასასრულით კმაყოფილები ვართ. არც თუ ისე ცოტა სცენა გვინახავს, სადაც ურთიერთობაში პარტნიორის ობიექტივიზაცია და მესაკუთრეობა მისასალმებელია, კარგია და ამის გამო ხშირად რეალურ  ცხოვრებაში პარტნიორებს აღვიქვამთ არა როგორც იმ ადამიანს, ვისთანაც ვიზიარებთ ემოციებს და ვაძლიერებთ ერთმანეთს, არამედ როგორც პრიზს, მიღწევას ან საჩუქარს.

ტოქსიკური ურთიერთობის მრავალი განმარტება არსებობს და ყველა მათგანი არის საპირისპირო ჯანსაღი ურთიერთობისა, რაც მოიცავს პატივისცემას, ნდობასა და მხარდაჭერას. ტოქსიკური ურთიერთობის დროს ადამიანები მანიპულირებენ, პატივს არ სცემენ ერთმანეთს და ასეთ ურთიერთობას თან ახლავს შფოთვა, წუხილი და სევდა. ტოქსიკურ ურთიერთობას აღარ მოაქვს სიხარულის, კმაყოფილების განცდა და ყოველი კომუნიკაცია იწვევს გამოფიტულობას, სევდას, წუხილს.

ტოქსიკურობა შესაძლებელია არსებობდეს ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში: რომანტიკულ პარტნიორებს, ოჯახის წევრებს, მეზობლებსა და კოლეგებს შორისაც.

ტოქსიკურ ურთიერთობაში ადამიანები გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად მუდმივად ძირს უთხრიან და ზიანს აყენებენ პარტნიორს/მეგობარს/კოლეგას. ადამიანის ტოქსიკურობას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. შესაძლოა, მათ უკვე გამოცადეს მსგავსი ურთიერთობები და თავად გახდნენ ტოქსიკური პარტნიორები ან მეგობრები; შესაძლოა, პრობლემა აღზრდის სტილსა და ნიმუშებშია; შესაძლოა, ადამიანი ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი. ტოქსიკურობის მიზეზი შეიძლება იყოს  სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობაც — დეპრესია, შფოთვა, ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოპათია, კვებითი დარღვევა ან ნებისმიერი სახის ტრავმა. ზოგი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ტოქსიკური ურთიერთობის მიზეზი უბრალოდ არათავსებადი დაწყვილების მიზეზიც შეიძლება იყოს. მაგალითად, როცა ორივე კონტროლის მოყვარული ან სარკასტულია.

ტოქსიკური ურთიერთობა, ცხადია, გვხდება ქვიარ წყვილებშიც და მას იგივე ნიშნები და მიმდინარეობა აქვს, როგორც სხვა ნებისმიერ ურთიერთობისას. ძალადობრივ ქვიარ ურთიერთობაში ხშირია პარტნიორის მხრიდან ქამინგაუთის იძულების, ფიზიკური, ეკონომიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის ან ბულინგის ფაქტები. იდენტობისა და ორიენტაციის გამჟღავნების შიშის გამო, ქვიარ ადამიანები მეტად რთულად ახერხებენ დახმარებისა და რეაგირების თხოვნას შესაბამისი ორგანოებისგან.

ძირითადი ნიშნები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ

ტოქსიკური ურთიერთობების ნიშნებია:

ტოქსიკური კომუნიკაცია — ურთიერთობის ენა გაჯერებულია დამცინავი ტონით, სარკაზმითა და ხშირი კრიტიკით, ასევე, მეორე ადამიანის იგნორირებით დიალოგის დროს. ტოქსიკურ ურთიერთობას თან ახლავს პასიურ-აგრესიული ქცევა და ადამიანის მუდმივად დადანაშაულება თუნდაც წარსული შეცდომების გამო.  შესაძლოა, თქვენ ხშირად გაჩუმებდნენ და არ გაძლევდნენ საშუალებას, გამოთქვათ თქვენი აზრი ან ისაუბროთ თქვენს ემოციებზე. ტოქსიკური ურთიერთობის ნიშანია, როდესაც უგულებელყოფენ თქვენს აზრს და კომუნიკაციის ნებისმიერ მცდელობაზე პასუხი არის სიჩუმე.უპატივცემულობა

უპატივცემულობა — სხვადასხვანაირად მჟღავნდება, ყველაზე ხშირად კი ტოქსიკური კომუნიკაციის დროს. შესაძლოა, ტოქსიკურობა გამოხატული იყოს სხვების თანდასწრებითაც, უხეში ან დამამცირებელი სახელების დაძახებითა და სარკაზმით. ტოქსიკური პარტნიორი ან ახლობელი ურთიერთობისას არათუ არ უჭერს მხარს ადამიანს, არამედ არც კი აღიარებს მის კომპეტენციას და აუფასურებს უნარ-ჩვევებსა და მიღწევებს.

ეჭვიანობა და უნდობლობა — ეჭვიანობა გამოიხატება მუდმივ უნდობლობასა და ქცევის კონტროლში. ტოქსიკური ადამიანი ხშირად გეკითხება სად იყავი/სად ხარ, რატომ არ უპასუხე ტელეფონზე მაშინვე და გამოხატავს გაღიზიანებას. მეტიც, ის ღიზიანდება მაშინაც კი, როცა საუბრობთ, რეკავთ, წერთ ან სუნთქავთ სხვა ადამიანის სიახლოვეს, გაღიზიანებას კი თქვენთან გამოხატავს. ასევე, შესაძლოა,  ჩუმად სცადოს თქვენი ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელისა და სხვა პირად სივრცეში არსებული მიმოწერის ნახვა და წაკითხვა.

საკუთარი საჭიროებების უგულებელყოფა — თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა, მუდმივად გიწევდეთ იმის კეთება, რაც პარტნიორს/მეგობარს/ოჯახის წევრს სურს, მაშინ, როცა ეს ეწინააღმდეგება თქვენს სურვილს ან კომფორტს.

თავის არიდება — თუ თქვენ მუდმივად იგონებთ ტყუილებს იმის შესახებ, თუ სად ან ვისთან ხართ, რათა თავიდან აიცილოთ ადამიანთან ყოფნა, რადგან გაწუხებთ მასთან ურთიერთობა და თავს გრძნობთ ცუდად, სტრესის ქვეშ, ეს ტოქსიკური ურთიერთობის  მანიშნებელია.

თვითზრუნვის ნაკლებობა — ტოქსიკურ ურთიერთობაში, შესაძლოა, ადამიანმა თავი დაანებოს საკუთარ თავზე ზრუნვის პრაქტიკებს ან საყვარელ საქმიანობას. უფრო მეტიც — უგულებელყოს საკუთარი საჭიროებები და არ ჰქონდეს თავისუფალი დრო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ენერგიის არ ქონა, რადგან მთელი ენერგია ტოქსიკურ ურთიერთობას ხმარდება, ან ტოქსიკური პარტნიორის მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვა თქვენი ჰობის მიმართ.

ურთიერთობაში პრობლემის გადაწყვეტის სიმულაცია — ტოქსიკური პარტნიორი პრობლემის გაცნობიერების, მასზე საუბრისა და მოგვარების ნაცვლად, ხშირად “ყიდულობს” ურთიერთობას, რაც გულისხმობს პარტნიორისთვის რაიმე ნივთის ჩუქებას ან სადმე წაყვანას. ამით ის ცდილობს გამოიწვიოს პოზიტიური ემოციები და დროებით გადაფაროს რეალური პრობლემა, რომელიც რჩება და მეორდება მორიგი ახალი ნივთის შეძენამდე.

ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები განიცდიან უკმაყოფილებას, შფოთვას და ხშირად საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რომ არაჯანსაღ ურთიერთობაში არიან.

ზოგჯერ ურთიერთობაში ხშირი ჩხუბი განპირობებულია იმ მიზეზით, რომ ადამიანები არ ფლობენ ჯანსაღი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, არ შეუძლიათ საკუთარი ემოციებისა და აზრების გამოხატვა და საჭიროდ არ მიიჩნევენ მათზე საუბარს, ამიტომ ხშირად გასათვალისწინებელია კონტექსტი: რატომ, როდის, რა სიხშირით და რა შემთხვევაში ხდება უთანხმოება.

როგორ მოვიქცეთ, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ

ტოქსიკური ურთიერთობები ადამიანებს აზიანებს, რადგან ქრონიკული სტრესი და დაძაბულობა აისახება ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუ წყვილი, ოჯახის წევრები ან ნებისმიერ ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ხვდებიან და აცნობიერებენ, რომ მათი კავშირი არაჯანსაღია, შესაძლებელია, ერთად შეცვალონ ურთიერთობა უკეთესობისკენ. ზოგ შემთხვევაში, სადავ ვერ ხერხდება ურთიერთობის გამოსწორება, სჯობს ის დასრულდეს.

  • მანამ, სანამ ტოქსიკური ურთიერთობის დასრულებას გადაწყვეტ, საჭიროა აღიარება, რომ ხარ რთულ ურთიერთობებში ზიანის პერსპექტივით. თავის მოტყუებაა, რომ ერთ დღეს ყველაფერი მოგვარდება, აღარ იჩხუბებთ, თავს ცუდად არ იგრძნობ. რაც არ უნდა სტრესული და სევდიანი იყოს იმის გააზრება და დაშვება, რომ შესაძლოა, საერთოდ ვერ გადაჭრა საყვარელ ადამიანთან დამაზიანებელი ურთიერთობა, ამის აღიარება აუცილებლად მოგიწევს.
  • იყავი გულახდილი — ხშირად, ურთიერთობისგან თავის არიდების მიზნით ვიტყუებით და ვამბობთ, რომ არ გვცალია, სხვას ვხვდებით და ა.შ. გულახდილობა სჯობს მოიცავდეს საკუთარ ემოციებზე საუბარს და არა დადანაშაულებას ან განსჯას. მაგალითად, “გუშინ და იმის წინ არ შეგხვდი იმის გამო, რომ შენთან ურთიერთობისას ვნერვიულობ და თავს უსუსურად მაგრძნობინებ”. ამის შემდეგ შესაძლოა ახნა-განმარტება მოგთხოვონ ან დაგადანაშაულონ, გაბრაზდნენ კიდეც, მაგრამ თუ ურთიერთობა არ გვარდება, გეცოდინებათ მაინც.
  • მზად იყავი სასაუბროდ — ხშირად, ტოქსიკურ ურთიერთობაში გავურბივართ საუბარს, რათა არ გამოვიწვიოთ მძაფრი რეაქცია და ჩხუბი, შედეგად კი ჩვენი ემოციები და საჭიროებები უგულებელყოფილია და მუდმივად ვართ დაძაბულები. დაიწყეთ ლაპარაკი რას, რატომ, როგორ გრძნობთ და რაში ხედავთ გამოსავალს. დაეხმარეთ ადამიანს, კარგად დაინახოს ტოქსიკური ქცევის ნიმუშები. თუ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ყველაფერში ბრალს ისევ თქვენ გდებენ და კვლავ უგულებელყოფენ თქვენს საჭიროებებს, შემდეგ უნდა დაფიქრდეთ, როდის და როგორ გაწყვიტოთ ტოქსიკური ურთიერთობა.
  • ითხოვე დახმარება — მუდმივი სტრესი და დაძაბულობა იწვევს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას. თუ ხედავთ, რომ დამოუკიდებლად გამკლავება გიჭირთ, მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ მართოთ სტრესი და თავი მოუყაროთ რესურსს ტოქსიკური ურთიერთობის მოგვარებისთვის.
  • მეტად ენდე საკუთარ თავს — ხშირად, ტოქსიკურ ურთიერთობაში გვაჯერებენ, რომ ბევრი რაღაც გვეჩვენება, არაკომპეტენტურები, სუსტები და ზედმეტად ემოციურები ვართ. სცადეთ აწარმოოთ ემოციების დღიური, სადაც აღწერთ კონკრეტულ მოვლენას, ემოციას და ფიქრებს, რაც ამ მოვლენამ გამოიწვია. აღნიშნული სავარჯიშო გაგიადვილებთ ამოიცნოთ თქვენი ემოციები და აზრები, ასევე, თვალსაჩინოს გახდის ტოქსიკურობის დინამიკას.
  • შეიმუშავე გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ მოგიწევს გახვიდე ტოქსიკური ურთიერთობიდან — ყოველთვის არის იმის შანსი, რომ ურთიერთობა გამწვავდეს, პარტნიორის/ოჯახის წევრის/მეგობრის მხრიდან განხორციელდეს გაუთვალისწინებელი ქმედებები, რამაც გამოიწვიოს ზიანი. მაგალითად, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ და ერთად ცხოვრობთ, სასურველია, წინასწარ იცოდეთ, სად იქნებით დაშორების შემდეგ, ვისგან მიიღებთ მხარდაჭერას და ა.შ. ურთიერთობის მოგვარება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ტოქსიკურია, არ არის ადვილი, თუმცა ორივე მხრის მუშაობის, ხელშეწყობისა და დახმარების შედეგად, მათი გაჯანსაღება შესაძლებელია.

გახსოვდეთ, იმსახურებთ ბედნიერ, მშვიდ, ჯანსაღ ურთიერთობებს, რომლებსაც მოაქვს სიხარულის განცდა. არავის დათანხმდეთ ზიანის მომტან ურთიერთობაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

ავტორი: ნინო ბექაია

წინა

სათემო ორგანიზაციები: გენდერის სამართლებრივად არ აღიარების გამო ტრანს ქალები ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციით ვერ ისარგებლებენ

შემდეგი

კატო მიქელაძის სახელობის პრემია დაჯილდოების გარეშე გაიმართება

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი