/

სოციალური სასადილო – ჩვენი კარი ყველასათვის ღიაა

მე ვარ მიშა, დემოკრატიული განვითარების და ინიციატივების ცენტრის წარმომადგენელი. ჩვენი ორგანიზაცია, უკვე 12 წელია, ძირითადად სოციალურ პროექტებზე მუშაობს. ამ ეტაპზე, მიმდინარე პროექტია სოციალური სასადილო – „სოციალური სახლი“, რომელიც პანდემიის პერიოდში – 2020 წლის 15 დეკემბერს გაიხსნა.

მიშა დოლიძე, ორგანიზაცია “დემოკრატიული განვითარების და ინიციატივების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი

პროექტი დაიწყო ერთჯერადი აქციით, პანდემიის პერიოდში უნდა დაგვერიგებინა ადამიანებისთვის საკვები პროდუქტები. ამ დროს ბევრი ისეთი შემთხვევა შეგვხვდა, როდესაც გამოუყენებელი იქნებოდა ეს პროდუქტები, მაგალითად გაყინული ქათამი და სხვა, რადგან ბევრს არ ჰქონდა საკვების ფიზიკურად მომზადების შესაძლებლობა. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ დროებით გაგვეხსნა სასადილო პანდემიის პერიოდისთვის. პირველად სასადილო გაიხსნა მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 140 ბენეფიციარს ვემსახურებოდით. მოგეხსენებათ საქმეში რომ შედიხარ და უღრმავდები, ბევრი პრობლემის შესახებ იგებ, გიწევს სხვა საკითხებში გარკვევა და დახმარებაც, რადგან მარტო კვება ხომ არ არის. მაგალითად ბავშვებისთვის უფასო წრეები გავაკეთეთ, ვიშუამდგომლეთ ხატვის წრეებთან, სადაც ბავშვები მიიღეს. ზეიმებს ვმართავდით ბავშვებისთვის საახალწლოდ, პირველ ივნისს. შარშან კერძო კომპანიებს დავუკავშირდით და საახალწლო საჩუქრები მოუტანეს ბავშვებს სასადილოში, დიდი ზეიმი ჰქონდათ – ერთი ბავშვი არ დარჩენილა უსაჩუქროდ.

ახლა კომპანიები უკვე გვიცნობენ სოციალური ქსელებიდან და თავად გვიკავშირდებიან ხოლმე. გვაქვს ფეისბუკ ჯგუფი „სოციალური სახლი“-ს სახელით, სადაც იდება ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებებზე და სხვა ინფორმაცია. თავიდან გვეგონა რომ მხოლოდ პანდემიის პერიოდში გავუწევდით კვებით მხარდაჭერას სოციალურად დაუცველ ჯგუფს, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო, შრომატევადი საქმეა, რომელიც ბევრ დროს და სხვა რესურსსაც საჭიროებს. თუმცა ისე მოხდა, რომ ბენეფიციარების საჭიროებებიდან გამომდინარე,  ვერ შევწყვიტეთ ამ საქმის კეთება.

პანდემიის შემდეგ ბენეფიციარების რაოდენობა კლების მაგივრად გაიზარდა, რადგან მოძრაობაც აღდგა ქალაქში. თუმცა პანდემიის დროსაც კი ქალაქის გარეუბნებიდანაც მოდიოდნენ. პანდემია რომ დასრულდა მცირე კრიზისი გვქონდა სასადილოს ფართთან დაკავშირებით, რადგან ძალიან გაძვირდა იჯარა და მოგვიწია სხვა ფართში გადასვლა.  ახლა ვართ პავლე ინგოროყვას ქუჩის 24 ნომერში, მეტრო თავისუფლების ზედა მხრიდან, მთავრობის კანცელარიასთან ახლოს.

ყოველდღე ვმუშაობთ, ორშაბათის გარდა. შაბათ-კვირას, არცერთი სხვა სასადილო არ მუშაობს, ჩვენ გარდა. ქალაქში კრიზისია ამ თვალსაზრისით შაბათ-კვირას. ამ დღეებში სხვა სასადილოების ბენეფიციარებიც კი ჩვენთან მოდიან. სასადილო ღიაა 12:00-დან 16:00 საათამდე. ვთანამშრომლობთ უკრაინულ ორგანიზაციასთან „ვოლონტიორ თბილისი“, სასადილოსაც მათთან ერთად ვუძღვებით. გვყავს უკრაინელი ბენეფიციარებიც, სადღაც ბენეფიციართა 10%.

კვება დღეში ერთჯერადია, სამ კომპონენტიანი, მოიცავს პირველ კერძს აუცილებლად წვნიანს, მეორე კერძს და ტკბილეულს, მაგალითად ვაშლის ღვეზელის სახით და ხილის კომპოტს. საკვები კეთდება ისე როგორც ოჯახში, ვთქვათ გვაქვს წვნიანი ხარჩო ხორცით ან მაწვნის სუპი, გემრიელად შეზავებული ლობიო და სხვა კერძები.

ჩვენ ყველა ბენეფიციარს უკვე კარგად ვიცნობთ, ყველას საკუთარი ისტორია აქვს. მათი უმეტესობა პენსიონერებია. სამწუხაროდ, ხშირად შვილების მხრიდან მიტოვებული ადამიანები არიან. ზოგს საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერაც ჰქონია და ცნობილიც ყოფილა. მაგალითად ცნობილი რეჟისორიც გვყავს, რომელსაც ცხოვრებაში დიდი ტრაგედიის გადატანა მოუწია. ისე მოხდა რომ მოთხოვნადი აღარ არის და ყველამ მიატოვა. ყოფილი ლექტორებიც არიან.

ამ სასადილომ რაც დამანახა ესაა, რომ არ არის აუცილებელი მარტოხელა იყო, ამ სახელმწიფოში არავინაა დაცული უკიდურესი სიღარიბისგან, მიუხედავად  იმისა ჰყავს თუ არა ოჯახი, შვილები ან რა უკეთებია და რა დამსახურება აქვს საზოგაოდების წინაშე.

ყველაზე გულსატკენია  შვილების უპასუხისმგებლობა მშობლების მიმართ. მე ეს უფრო დიდი ტრაგედია მგონია, ვიდრე ის რომ მარტოხელა ხარ და არავინ გყავს. ისეთი სამწუხარო შემთხვევებიც გვაქვს, როდესაც შვილები ყიდიან ბინას, მიდიან საზღვარგარეთ და იქიდან არც ინტერესდებიან მშობლით, რომელიც აქ უსახლკაროდ და მშიერი რჩება. თუმცა ახალგაზრდებიც გვყავს, მაგალითად ყველაზე პატარა 19 წლის ბენეფიციარია, რომელსაც მშობლები არ ჰყავს. ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია უხდის ბინის ქირას, 220 ლარის ოდენობით, რაც ცხადია არაფერში ყოფნის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანია და სამუშაოს პოვნაც უჭირს. მრავალშვილიანი დედებიც არიან, ბავშვებთან ერთად მოდიან და ბავშვების მენიუც გვაქვს.

ბენეფიციარების უმეტესობა ყოველდღე მოდის, თუმცა ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და შეიძლება ვერ მოვიდეს. ასეთ დროს ვურეკავთ, ვეკითხებით როგორაა რამე ხომ არ სჭირდება. კვების გარდა ხშირად ტანსაცმელიც სჭირდებათ, ფეხსაცმელი, მედიკამენტები, თუმცა მედიკამენტების შემთხვევაში ძალაინ ფრთხილად ვართ, დანიშნულების გარეშე რომ არ დალიონ. უსახლკაროებიც გვყავს, ძირითადად არ არიან თბილისში რეგისტირებულები და არ იციან კანონი, რომ თბილიში რეგისტრაციის გარეშე სახელმწიფო თავშესაფრითაც ვერ ისარგებლებენ. ძალიან გაკვირვებული დავრჩი, თავშესაფარში ერთ წელს თავისუფალი ადგილები დარჩათ 15 ადამიანისთვის და ბენეფიციარები მაინც არ მიიღეს, რადგან რეგისტრაცია არ ჰქონდათ თბილისში გავლილი. ჩვენთან ერთადერთი წესია, როდესაც შეიძლება არ მივიღოთ ბენეფიციარი, თუ იმ წუთას ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ არის და სხვებს დისკომფორტს უქმნის, თორემ ისე ყველას ვიღებთ.

სასადილოს თანამშრომლები მოხალისეები არიან, ძირითადი დახმარება გვჭირდება ჭურჭლის გარეცხვაში, საკვების გაცემაში, დალაგებაში, ბოსტნეულის გათლაში. დაფინანსებას ვიღებთ კერძო, მეგობარი კომპანიებისგან. ხშირია მოქალაქეები მოდიან და მოაქვთ სხვადასხვა პროდუქტები – ასე ვთქვათ რაც აქვთ თავად იმას უზიარებენ ჩვენ ბენეფიციარებს. ყველაზე დიდი გამოწვევაა კომუნალური გადასახადები, იჯარის ყოველთვიური გადასახადი. სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნა არც გვიცდია, რადგან სახელმწიფოს აქვს თავისი პროგრამა, რომლის ფარგლებში ფუნქციონირებს უფასო სასადილო. ამიტომ მათი პასუხი წინასწარ ვიცით, რომ უკვე არსებობს სახელმწიფო სერვისი. თუმცა ფაქტია, რომ ხალხი მოდის ჩვენთან ესეეგი საჭიროება არსებობს. ძალიან ბევრი მომლოდინეა ყველა სასადილოში, რომელიც ელოდება პროგრამაში ჩართვას, იმიტომ რომ ადგილები არ ყოფნით. ეს მოლოდინიც ისეთია, ან ვინმე უნდა გარდაიცვალოს ან ვინმეს ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, რომ ახალი ადგილი გაჩნდეს, მუნიციპალურ სასადილოში მოხვედრის სხვა გზა, სამწუხაროდ, არ არსებობს.

ჩვენთვის თვითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება კარტოფილის, ხორცის, მაკარონის სახით პროდუქტები მოგვაწოდონ, მაგრამ მომზადება ხომ უნდა, შესაბამისად დენის, გაზის, წყლის გადასახადების გადახდა ხომ უნდა. ასევე ყოველდღიურად პურის ყიდვაც. ყოველდღიური ხარჯი გვაქვს მაინც. ამიტომ თუნდაც ერთი ლარი ჩვენთვის უკვე დიდი მხარდაჭერაა. მოხალისეობრივი ჩართულობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გუნდში ყველას მიმართ თანასწორი დამოკიდებულებაა, თვეების წინ ტრანსგენდერი უკრაინელი ქალი გვეხმარებოდა საკვების გაცემაზე. ასე რომ ჩვენი კარი ყველასათვის ღიაა.

 

შემოწირულობის გაკეთების მსურველებისთვის ვაქვეყნებთ სასადილოს  საბანკო რეკვიზიტებს GE58TB7828136020100005

მიმღები: დემოკრატიული განვითარების და ინიციატივების ცენტრი

წინა

აქტივისტ სამირა ბაირამოვას სახლის კედელზე რუსეთის დროშა და კარებზე ჯვარი დაუხატეს

შემდეგი

“ერთად გავაპროტესტოთ ახალი რუსული კანონი” – 5 ოქტომბერს პარლამენტის უკან აქცია დაანონსდა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი