პროკურატურის ინფორმაციით თბილისში, დადიანის ქუჩაზე სარდაფში ნაპოვნი ცხედრის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით. კერძოდ, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -109-ე მუხლის „ე და კ” ქვეპუნქტებით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული და მოკლული ერთად ცხოვრობდნენ. ბრალდებულს სექსუალურ ნიადაგზე უთანხმოება და შელაპარაკება ჰქონდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობართან, რის გამოც მძინარე დაზარალებულს ბლაგვი საგნით და დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული 5 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.