თბილისის საქალაქო სასამართლომ მესამედ დაახარვეზა ლაზარე გრიგორიადისის სარჩელი, რომლის მიხედვით ლაზარეს ადვოკატები მორალური ზიანის ანაზღაურებას და ბოდიშის მოხდას ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძისგან. მორალური ზიანის ოდენობა სიმბულორ თანხას – 15 ლარს წარმოადგენს.
საქმე ეხება კობახიძისა და ღარიბაშვილის მხრიდან გრიგორიადისის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელშიც ლაზარეს ისინი მოიხსენიებენ, როგორც “სატანისტს”, “გზას აცდენილს” და “ყველანაირ ორიენტაციაარეულს”.
მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტის ადვოკატებმა პირველად დახარვეზებული სარჩელი მოსამართლის მითითების მიხედვით გამოასწორეს, სასამართლოსგან საქმის განხილვაზე კვლავ უარი მიიღეს.
ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის” სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).
საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა 17 ნოემბერს მთავრდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ დროის განმავლობაში, სანამ სასამართლო მარტის აქციებისას მის ბრალეულობას განიხილავს, სასამართლომ 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მას ორი წლის წინანდელ ოჯახური ძალადობის საქმეზე.