სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის შეურაცხყოფას, აშინებს ან ამცირებს მას.
სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს სამსახურში, საჯარო სივრცეში და ონლაინაც კი.
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის (CEDAW) 1989 წლის #12 ზოგადი რეკომენდაცია სექსუალურ შევიწროებას ქალთა მიმართ ძალადობის ფორმად განიხილავს.
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1992 წლის #19 რეკომენდაცია კი გენდერული ნიშნით ძალადობას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს.
უფრო კონკრეტულად, სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა (CEDAW, Recommendation #19):
- ნებისმიერი შეურაცხყოფა, გამონათქვამები, ხუმრობები, ინსინუაციები ან კომენტარები ადამიანის ჩაცმულობასთან, გარეგნობასთან, ასაკთან, ოჯახურ მდგომარეობასთან და ა.შ. დაკავშირებით;
- ქედმაღლური ან დამამცირებელი დამოკიდებულება, რომელსაც აქვს სექსუალური სახის შინაარსი და შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას;
- არასასურველი შეთავაზებები ან მოთხოვნები, რომელსაც თან ახლავს პირდაპირი ან ირიბი მუქარა;
- ვნების გამომხატველი მზერა და ჟესტები, რომელიც სექსუალობასთან ასოცირდება;
- ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა, მაგალითად, შეხება, მოფერება, ჩქმეტა ან ძალადობა.
2019 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სხვადასხვა სივრცეში სექსუალური შევიწროების საკითხი დარეგულირდა და მასზე რეაგირების მექანიზმები განისაზღვრა. ცვლილება ოთხ კანონში შევიდა: შრომის კოდექსი, სახალხო დამცველის შესახებ კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, განისაზღვრა სექსუალური შევიწროების დეფინიციაც. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
სხვადასხვა სივრცეში სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო განმარტებებსა და პრაქტიკაზე მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.
ავტორი: თამარ ავალიანი