ინტერსექსი არის ქოლგა-ტერმინი და აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ სექსუალურ-რეპროდუქციულ ანატომიაში აქვთ ისეთი ვარიაციები, რომლებიც განსხვავდება იმისგან, რაც ტრადიციულად „ქალად“ ან „კაცად“ მიიჩნევა.
ინტერსექს ადამიანს შეიძლება ერთი ტიპის გენიტალია (სასქესო ორგანო) ჰქონდეს გარეთ და მეორე ტიპის — შიგნით. მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ქრომოსომათა ნაკრები, შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ არაერთგვაროვანი გენიტალიები. ეს ვარიაციები მათთვის შეიძლება დაბადებიდანვე იყოს ცნობილი ან მოგვიანებით აღმოაჩინონ.
ინტერსექსობა არ აღნიშნავს ადამიანის გენდერულ იდენტობას. ისევე, როგორც ენდოსექსი (არაინტერსექსი) ადამიანები, ინტერსექსი ადამიანიც შეიძლება ნებისმიერი გენდერის იყოს. გარდა ამისა, ინტერსექსი არ აღნიშნავს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას.
რამდენად ხშირია ინტერსექსობა?
ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, თუმცა დაახლოებით დათვლილია, რომ ყოველი 100 დაბადებული ადამიანიდან 1-2 არის ინტერსექსი, რის გამოც ინტერსექსობა იმაზე უფრო ხშირია, ვიდრე ჟღალთმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას უკიდურესად იშვიათ რამედ მიიჩნევს. აქტივისტების თქმით, წარმომადგენლობისა და ამ თემაზე ცნობიერების არსებობის ასეთი სიმცირე პირდაპირაა დაკავშირებული ისტორიულ სამედიცინო ძალადობასთან, რომელიც გამოუვლიათ ინტერსექს ადამიანებს.
ინტერსექსული ნიშან-თვისებების კომბინაციების აღსანიშნავად 30-ზე მეტი სამედიცინო ტერმინი არსებობს.
ტერმინ „ინტერსექსის“ ისტორია
ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის მიხედვით, ტერმინი „ინტერსექსი“ გვიანი 1700-იანი წლებიდან არსებობს. მე-20 საუკუნემდე ეს ტერმინი საკმაოდ იშვიათად გამოიყენებოდა და აღნიშნავდა ურთიერთობებს „სქესებს შორის“. თუმცა, თანამედროვე გაგებით, ეს ტერმინი პირველად 1917 წელს, გერმანელმა გენეტიკოსმა, რიხარდ გოლდშმიდტმა გამოიყენა.
სანამ ტერმინი „ინტერსექსი“ გახდებოდა პოპულარული, მე-18 და მე-19 საუკუნეებში ინტერსექსი ადამიანების აღსაწერად სამედიცინო ლიტერატურაში იყენებდნენ ტერმინ „ჰერმაფროდიტს“. ეს ტერმინი, რომელიც ახლა დამამცირებლად მიიჩნევა, ასოცირდებოდა მითოლოგიურ არსებასა და ისეთი სხეულისკენ ლტოლვასთან, რომელიც ქალისა და კაცის რეპროდუქციულ ანატომიას გააერთიანებდა.
1900-იან წლებში ექიმებმა ტერმინ „ინტერსექსით“ დაიწყეს ბიოლოგიური სქესის შესახებ არსებული ბინარული (ორობითი) წარმოდგენებისგან განსხვავებული ანატომიის მქონე ადამიანების აღნიშვნა. შემდეგი საუკუნის განმავლობაში, ინტერსექსი ადამიანები სამედიცინო საზოგადოების სტიგმის ქვეშ ექცეოდნენ — მათ აიძულებდნენ, არასაჭირო ქირურგიული ოპერაციები გაეკეთებინათ, რათა „გამოსწორებულიყო“ ის, რასაც ექიმები ადამიანის სხეულის ნორმებიდან გადახრად მიიჩნევდნენ.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1917 წელს, გენეტიკოსმა რიხარდ გოლდშმიტმა გამოიყენა ეს ტერმინი თავის ნაშრომში „ინტერსექსუალობა და სქესის ენდოკრინული ასპექტი“, „ინტერსექსი“ და „ჰერმაფროდიტი“ სტატიებში სინონიმებად გამოიყენებოდა 1920-იან, 30-იან და 40-იან წლებში. 1950-იანები ტერმინისთვის გარდამტეხი პერიოდი იყო. ამ დროს ფსიქოლოგმა, დოქტორმა ჯონ მანიმ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ინტერსექსი ადამიანები ფსიქოლოგიურად ჯანმრთელები იყვნენ, თუმცა, ის ამბობდა იმასაც, რომ უმჯობესი იყო, ბავშვები იმ გენდერს “დაემსგავსებინათ”, რომლადაც მათ ზრდიდნენ. ამ პერიოდიდან განსაკუთრებით ხშირი გახდა ბავშვების ანატომიის ცვლილების პრაქტიკა, რათა ის „კაცისას“ ან „ქალისას“ მორგებოდა. ზოგ ბავშვს საერთოდ არაფერს ეუბნებოდნენ იმაზე, რომ ასეთი პროცედურა ჩატარდა და ისინი მხოლოდ ზრდასრულობაში იგებდნენ, რომ ინტერსექსები იყვნენ.
1970-იანი წლებიდან აქტივისტებმა და ინტერსექსი თემის წარმომადგენლებმა დაიწყეს კამპანია, რათა ტერმინი დაებრუნებინათ როგორც იდენტობისა და თემის აღმნიშვნელი და არა — სამედიცინო დიაგნოზის. ამის მიზანი იყო, ხელი შესწყობოდა ინტერსექსად ყოფნის ნორმალიზებას და ადამიანებისთვის უფრო მარტივი ყოფილიყო იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ეს. დღეს აქტივისტები ეწინააღმდეგებიან არასაჭირო ქირურგიულ ოპერაციებს, განსაკუთრებით ინტერსექსი ბავშვების წინააღმდეგ.
1993 წელს დაფუძნდა ჩრდილოეთ ამერიკის ინტერსექსთა საზოგადოება (ISNA). ადვოკატირების ჯგუფებმა ხელი შეუწყვეს ინტერსექს ადამიანებთან მიმართებით არსებული ეთიკური პრობლემების დღის წესრიგში დაყენებას. მათ ხაზი გაუსვეს იმის მნიშვნელობას, რომ ქირურგიული ოპერაციები უნდა გადაიდოს, თუკი ისინი სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელი არ არის, რათა მოგვიანებით ბავშვები თავად იღებდნენ მონაწილეობას ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
1990-იან წლებში უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო საუბარი საკუთარ ინტერსექსობაზე და გამოცდილებაზე, ადრეულ 2000-იანებში კი გაიზარდა ინტერსექსი ადამიანების ხილვადობა მედიასა და წიგნებში.
სანამ ტერმინი „ინტერსექსი“ უპირისპირდებოდა იდეას, რომ ინტერსექსი ადამიანების სხეულში არაფერი იყო „გამოსასწორებელი“, 2005 წელს სამედიცინო სფეროში „ინტერსექსის“ აღსანიშნავად ახალი ტერმინოლოგია შემოვიდა — „სქესობრივი განვითარების აშლილობები“ (ინგლ. „Disorders of sex development“, იგივე DSD). ამ ფორმულირებით, ინტერსექსობა იყო არა ბიოლოგიური ვარიაცია, არამედ აშლილობა, რომელსაც სჭირდებოდა მკურნალობა. აქტივისტები შიშობენ, რომ ინტერსექსი ბავშვების მშობლები ვერ მოახერხებენ ოპერაციაზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, თუკი მათ ეტყვიან, რომ ბავშვს „სქესობრივი განვითარების აშლილობა“ აქვს. მათი თქმით, ინტერსექსობის აღსანიშნავად „აშლილობის“ გამოყენება იმაზე მიუთითებს, რომ ის რაღაც არაჯანსაღი ან ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
დღესდღეობით ინტერსექსი ადამიანები ჯერ კიდევ იბრძვიან არაინფორმირებული და თანხმობის გარეშე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების წინააღმდეგ, ასევე, ცდილობენ კანონმდებლობის შეცვლას, რათა დაიცვან ინტერსექსი ბავშვები ამ პროცედურებისგან და მოიპოვონ დამოუკიდებლობა საკუთარ სხეულზე.
წყარო: Them.us, Verywellhealth.com