არაფორმალურმა გაერთიანებამ — კოალიცია თანასწორობისთვის — 2021 წელს დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ბავშვთა, შშმ პირების, ქალების, ლგბტქი ადამიანების, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების, ეთნიკური უმცირესობების, უცხოელების, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა და დევნილების, უფლებადამცველებისა და აქტივისტების, უსახლკარო პირების, ასევე მედიის მდგომარეობის მიმოხილვას მოიცავს.
ლგბტქი თემის წინაშე 2021 წელს არსებულ გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნულია, რომ პანდემიის პერიოდში თემის წევრების ყოველთვიური შემოსავლების მედიანური მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა და 300 ლარი შეადგინა, რასაც სახელმწიფოს ანტიკრიზისულ პოლიტიკაში ლგბტქი ადამიანების საჭიროებების გაუთვალისწინებლობა ამწვავებს. ამასთან, WISG-ის სამედიცინო და სოციალური სერვისის მიმღებ პირთა ჯგუფზე დაკვირვებით, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წამსვლელი თემის წევრების მზარდი რაოდენობა აღინიშნება.
ანგარიშში საუბარია სოგის (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის) ნიშნით სამართლებრივი დევნის გაზრდილ მაჩვენებელზე, თუმცა აღნიშნულია, რომ „სამართალდამცავი უწყებების მიერ გამოვლენილ სოგი-ს ნიშანსა და თემის წევრების მიერ განცდილი ძალადობის სტატისტიკას შორის“ არსებითი სხვაობაა.
გარდა ამისა, ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ნათქვამია, რომ არ არსებობს ტრანსსპეციფიკური სამედიცინო სერვისები და გაიდლაინები, პრობლემად რჩება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა მსხვერპლთათვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისების არარსებობა, ლგბტქი თემს არ ეძლევა შეკრების თავისუფლებით სარგებლობის უფლება, ასევე აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება 2013 წლის 17 მაისის საქმეზე, რომელშიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაეკისრა.
ანგარიში საქართველოს მთავრობის, გენერალური პროკურატურის, პარლამენტისა და იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისამართით რეკომენდაციებსაც მოიცავს, რაც ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის, უსაფრთხოების გარანტიების უკეთ დაცვის, ინკლუზიური ჯანდაცვისა და განთელბის სერვისების ხელმისაწვდომობისკენ არის მიმართული.
კოალიცია თანასწორობისთვის საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ხელშეწყობით შექმნილი არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც საქართველოს ღია საზოგადოების ფონდს, სოციალური სამართლიანობის ცენტრს, უფლებები საქართველოს, საფარის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს, ადამიანის უფლებათა ცენტრს და თანასწორობის მოძრაობას აერთიანებს.