თხელტანიან წიგნს ლურჯ-თეთრი ყდით ახალი წლის ღამეს Instagram Story- ზე გადავაწყდი, ,,Et cetera’’-ს სერიის წიგნების დიზაინით მაშინვე გამოვარჩიე და გონებაში მოვინიშნე. წიგნი რამდენიმე დღეშივე ვიყიდე და როგორც ამბობენ, ერთ ამოსუნთქვაში შემომეკითხა. ყველა გრძნობასთან ერთად (რომელთა დალაგებასაც ქვემოთ შევეცდები), პროცესი სახალისოც გახდა: ვიცოდი, ჩემი მეგობრებისთვის ეს წიგნი აუცილებლად უნდა მეთხოვებინა და პატარ-პატარა წარწერებს ვუკეთებდი.
თავიდან ვიფიქრე, რომ რეცენზიას (ან რაიმე მსგავსს) დავწერდი, მაგრამ ,,როგორ დავწეროთ რეცენზიის’’ დაგუგლვამაც კი უკვე ჩარჩოებში მომაქცია, დამძაბა და გადავწყვიტე, უბრალოდ დავმჯდარიყავი და ყველაფრის გარეშე, დამეწერა, რა ვიგრძენი, როცა ჩემთვის ყველაზე პირველი (ვამბობ ,,ჩემთვის’’, რადგან თავს არ ვდებ, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას საუკეთესოდ ვიცნობ) ღიად და რაც მთავარია, მთლიანად ქვიარ ტექსტი წავიკითხე. მეორე პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაფანტული (და გადასარევი) ქვიარ პერსონაჟები ქართველ ავტორებთანაც შემხვედრია და ძალიან(აც) გამხარებია, მაგრამ ასე შეკრულად ქვიარული და თან არა საშინლად ეგზოტიზიცირებული ტექსტი ნამდვილად პირველად წავიკითხე.
ქვიარ ლიტერატურას საუკეთესოდ ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ ფილმებსა და სერიალებში პერსონაჟების ეგზოტიციზაცია ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემაა. გამოცნობაც უმარტივესია, აი, როგორც ფემინისტურ ტექსტებს გამოარჩევ მარტივად – თუ თავს ქალად აიდენტიფიცირებ და კითხვის დროს პერსონაჟთან კავშირს გრძნობ, ანუ პერსონაჟიც ნამდვილია (ალბათ, სხვა და უკეთესი ,,ამოცნობის’’ ხერხებიც არსებობს, მაგრამ მე ეს მიყვარს და მეკომფორტულება ყველაზე მეტად). ჰოდა, ქვიარ პერსონაჟების ,,ამოცნობაც’’ ძალიან იოლია ხოლმე ჩემთვის და ის კავშირი, რომელიც ვახსენე, ,,მეორე ოთახში’’ პირველივე გვერდებიდან ვიგრძენი.
ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ინტერნალიზირებული ჰომოფობიის პრობლემა ქართულ ლიტერატურაში ასე ღიად დადგა (ისევ: შეიძლება ასეთივე იდეის ტექსტები არსებობს, მაგრამ ასე ღიად მე ჯერ ნამდვილად არსად წამიკითხავს) და განა სადმე შორიდან და დისტანციიდან, არამედ მთელი პლოტი ამ პერსპექტივიდან აიგო. თან, იმდენად ბუნებრივად, რომ კითხვის დროს, თუ საკმარისად გაცნობიერებული არ გაქვს, რას ნიშნავს ინტერნალიზირებული ჰომოფობია, ელენეს, ნარატორის, ფიქრებსა და მიდგომებში რამე საგანგაშო შეიძლება ვერც კი დაინახო.
აქვე, არ უნდა გამომრჩეს, თუ როგორ კარგად არის გაშლილი ადამიანის შეხედულებებსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების საკითხი. ელენეს ყველა ურთიერთობა – თუნდაც მხოლოდ დედასთან (და ასეთი დედები სახლში თუ არა, კარის მეზობლად მაინც გვყავს ყველას ) – ტრავმატული გამოცდილებით სრულდება და ბოლოს, ანუ მაშინ, როცა მკითხველი ელენეს გაცნობას იწყებს, იმ მენტალურ მდგომარეობამდე მიჰყავს, რომელიც ყველასთვის და მათ შორის, ლენასა და მისი მეგობრებისთვის, შეუმჩნეველი ხდება. საერთოდ, კითხვისას ისეთი შთაბეჭდილებაც კი დამრჩა, რომ ელენეზე არავინ ზრუნავს და არც არასდროს არავის უზრუნია, გარდა ლილისა (ალბათ, ჩემი საყვარელი პერსონაჟისა), რომელიც ვფიქრობ, რომ ყველაზე ჯანსაღი ადამიანია ელენეს გარემოცვაში.
ახალ პერსპექტივასთან ერთად, ტექსტი ახალ სივრცეს ქმნის აქტივიზმისთვის და განსაკუთრებით ქვიარ აქტივიზმისთვის, რაც ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ძალიან საინტერესოა. ლენას და მის მეგობრებს სტატიებიდან, ბლოგებიდან, ვიდეორგოლებიდან ვიცნობ და მათი ხედვაც ჩემთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია – ელენეს, ანუ ამ ყველაფრისგან დისტანცირებული ადამიანის გადმოსახედიდან, მთლიანი სურათი კი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 17 მაისის, როგორც ქართული ქვიარ აქტივიზმის ერთგვარი სახის გამოტანა, რამაც ჩემთვის, გარკვეულწილად, ქართული სივრცის შეგრძნება შექმნა – ეს კი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი (სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე) გრძნობა იყო, რაც კითხვის პროცესში გამიჩნდა.
რადგან პატარ-პატარა სპოილერებს თავი ვერ ავარიდე, მაინც ვეცდები, მთავარს გვერდი ავუარო და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დასასრულის დაბნეულობა ვერაფერმა გამიფანტა, სანამ სულ ცოტა ხნის წინ მაგდა კალანდაძის ბლოგი არ წავიკითხე და რაღაცები ერთმანეთს მეტ-ნაკლებად დავუკავშირე.
დასკვნების წერა არასდროს გამომდის, ეს სტატიაც ვერანაირ ჩარჩოში მოვაქციე – მოკლედ, ჩემი 2022 წელი ღიად ქვიარ რომანით დავიწყე და იმედია, წელსაც და შემდეგ წლებშიც მხატვრული ლიტერატურის ქართულ სივრცეში უფრო მეტი ღიად ქვიარ ტექსტი შეიქმნება, მანამდე კი მაგდა კალანდაძის ,,მეორე ოთახი’’ არავითარ შემთხვევაში გამოტოვოთ.
ავტორი: ანამარია