მე ვარ სესილი ცომაია, ტრანსგენდერი ქალი, დავიბადე ქალაქ ფოთში, 10 წელი ვცხოვრობდი თბილისში. 4 ივლისის მოვლენების შემდეგ, გადავწყვიტე, საცხოვრებლად ბელგიაში გადავსულიყავი, რადგან არაერთხელ დამესხნენ თავს, სამჯერ გადავურჩი სიკვდილს, რადგან სამოქალაქო აქტივისტი ვიყავი და 5 ივლისის აქციაში მივიღე მონაწილეობა.
ქამინგაუთი, საკუთარი თავის აღმოჩენა და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის
9 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ სექსუალური გრძნობები და ლტოლვა მიჩნდებოდა მამაკაცების მიმართ, დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა სურვილი გამიჩნდა, ჩამეცვა ქალის ტანსაცმელი, წამესვა ტუჩსაცხი. ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო ჩემთვის, რადგან არ მქონდა არანაირი ინფორმაცია და მეგონა, რომ სამყაროში ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისაც მსგავსი სურვილები ჰქონდა. ძალიან პატარა ვიყავი და ყველაფერში გარკვევა დამოუკიდებლად მიწევდა.
15 წლის ასაკში გავხსენი ერთ-ერთი სოციალური ქსელის ანგარიში, სადაც გავიცანი ადამიანი, რომელიც ანალოგიურ სიტუაციაში იყო, თუმცა ბევრად ზრდასრული და გაცნობიერებული. ამ ადამიანმა ძალიან დიდი სტიმული მომცა და დამეხმარა, რომ უფრო მარტივად მიმეღო ეს ინფორმაცია, სტრესის და ზედმეტი კითხვების გარეშე. მისი დახმარებით გავიგე, რომ მარტო არ ვარ და ჩემნაირი ძალიან ბევრია, რომ აქ არაფერი იყო საპანიკო, ეს არ იყო სირცხვილი.
ამის შემდეგ ვცდილობდი, საკუთარი თავი დამოუკიდებლობისთვის მომემზადებინა, მინდოდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა და ჩემს ცხოვრებაზე გავლენა არავის აზრს არ მოეხდინა. ვემზადებოდი იმისთვის, რომ გამეკეთებინა ქამინგაუთი. როგორც კი 18 წლის გავხდი, ოჯახში ქამინგაუთი გავაკეთე, ვთქვი, რომ ტრანსგენდერი ვიყავი და მინდოდა, ტრანსფორმაციის პროცესი დამეწყო. შემდეგ თბილისში საცხოვრებლად გადმოვედი.
ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა და ტრანსგენდერი რომ არ გავმხდარიყავი, ალბათ, ჩემი ცხოვრება იმაზე უფრო ჯოჯოხეთური იქნებოდა, ვიდრე ტრანსგენდერის ცხოვრება, ვიცხოვრებდი სხვების დასანახად, მოვიყვანდი ცოლს იმისთვის, რომ სხვებს თითი არ გამოეშვირათ ჩემკენ და კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. ჩემი ცხოვრება ამ ნაბიჯის გარეშე განწირული იყო სრული გაურკვევლობისთვის, ალბათ, მალევე დავასრულებდი სიცოცხლეს სუიციდით ან, უბრალოდ, ვიცხოვრებდი უმიზნოდ, ცხოვრებას არ ექნებოდა არანაირი აზრი და უბრალოდ ვეწერებოდი ცოცხლების სიაში.
პირველი ნაბიჯები, ახალი სამყარო და ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები
ტრანსგენდერ ადამიანს საწყისს ეტაპზე ყველაზე მეტად საზოგადოების მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდება. მე კი, სხვა ბევრ ტრანსგენდერ ადამიანთან ერთად, იმ რეალობაში აღმოვჩნდი, სადაც საზოგადოებას კი არა, თვითონ თემის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ტრანსგენდერების საკითხებზე და ყველაფერში გარკვევა დამოუკიდებლად გვიწევდა. იმ დროში არც ბევრი ორგანიზაცია იყო, რომელიც ტრანსგენდერების საჭიროებებზე ზრუნავდა და ჩვენ გვიწევდა საკუთარი ძალებით თავის გადარჩენა. ყველანი ვუზიარებდით ინფორმაციებს ერთმანეთს, ვისაც რა გაეგო და როგორც შეეძლო. სოროებში ვიყავით შემძვრალები და საზოგადოებრივი სიკეთე, სოციალური პლატფორმები ჩვენგან შორს იყო, ერთადერთი, რაც გვინდოდა, იყო გადარჩენა. ვერავინ ვფიქრობდით, რას და როგორ გავაკეთებდით მომავალში, მთავარი იყო ის ერთი დღე, რომელიც მშვიდობიანად, სიცოცხლის მოსპობის გარეშე უნდა დაგვესრულებინა.
დღემდე მახსოვს პირველი გარდასახვა, როცა ქალის ტანსაცმელი ჩავიცვი და ქუჩაში გავედი. მივხვდი, რომ ახალი ცხოვრება დაიწყო და ეს ცხოვრება არ იქნებოდა მარტივი. უკვე ვიცნობდი ძალიან ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს, რომლებსაც სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ საკუთარი თავის გამოხატვა და ვიცოდი, რა ფასის გადახდა მომიწევდა იმისთვის, რომ ის ვყოფილიყავი, ვინც ვარ. იმ პერიოდში ქართულ მედიაში ბუმი იყო ტრანსგენდერ ადამიანებზე და საზოგადოებას ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული ჩვენზე. არ ვიცი, მაშინ რა ადამიანმა გაიღვიძა ჩემში და როგორ გადავდგი ეს ნაბიჯი, თუმცა, ცხადია, რომ ძალიან მყარი და უშიშარი აღმოვჩნდი და მრავალი დამცირების მიუხედავად, მაინც ფეხზე ვდგავარ.
ჯანდაცვის სისტემის უუნარობა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის
საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენთვის, ტრანსგენდერი ქალებისთვის, სრულიად ჩამოშლილია და არ არსებობს სერვისები, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენ ყველას დამოუკიდებლად გვიწევს ბრძოლა საკუთარი მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა ჩვენთვის ძალიან პრობლემურია, რადგან, რაც არ უნდა არ გეტყობოდეს, რომ ტრანსგენდერი ხარ, საკმარისია ექიმთან მიხვიდე, დახედავენ შენს პასპორტს და შეიძლება ყველას სალაპარაკო გახდე. სწორედ ამიტომ, ტრანსგენდერი ადამიანების უმეტესობა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისთვის, რაც, საბოლოოდ, სავალალო შედეგებით სრულდება. საქართველოს მთავრობისთვის, მიცვალებულს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ტრანსგენდერ ადამიანს.
ჰორმონები, რომლებსაც ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში უნიშნავენ ტრანსგენდერ ადამიანებს, ძალიან ტოქსიკურია და გრძელვადიან დროში ძალიან დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ეს ჰორმონები ძალიან მოძველებულია და ევროპის ბევრ ქვეყანაში ის უკვე ჩანაცვლებულია სხვა უფრო ეფექტური და ნაკლებად საზიანო მედიკამენტებით. როცა ბელგიაში ჩამოვედი და დავიწყე ჰორმონოთერაპია, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო და ნაკლებად სტრესული იყო, იმიტომ რომ აქ შესაძლებლობა გაქვს, ადამიანურად იცხოვრო, შეხვდე ყოველ დილას მზის სხივებს, ისარგებლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გადაადგილდე ქუჩაში იმ სტრესის გარეშე, რომ ვიღაც შენკენ თითს გამოიშვერს.
საქართველოში ამ ყველაფერს ტრანსგენდერი ადამიანები მოკლებული არიან და ჰორმონოთერაპიის დაწყება უფრო რთულია, რადგან ჰორმონოთერაპიის კურსი იწვევს ბევრ ცვლილებას ჩვენს სხეულში, ამას ემატება გარე სტრესი, რაც უფრო ართულებს სიტუაციას, აღარ გაქვს სიმშვიდე, ვეღარ გძინავს. თერაპიის გავლის შემდეგ ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი განიცდის დეპრესიას, შფოთვას, უძილობას და ა.შ.
4 ივლისი, აქტივისტური საქმიანობა და ნადირობა ტრანსგენდერ ადამიანებზე
საქართველოში ცხოვრების დროს აქტიურად ვიყავი ჩართული აქტივიზმში, სხვადასხვა ტელევიზიის საშუალებით ვსაუბრობდი ჩვენს საჭიროებებზე, ვესწრებოდი აქციებს და მოვითხოვდი თანასწორ უფლებებს ყველასთვის, არ ვერიდებოდი საჯარო სივრცეებში გამოჩენას, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვიყავი აქტიური და ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, ვცდილობდი, ადამიანებისთვის მეჩვენებინა, ჩვენი, ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები.
2021 წლის 17 მაისის აქციები როცა დაანონსდა, ტრანსგენდერ ადამიანებზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა, ეს იყო გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები, ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურად ვიღებდით მუქარის შემცველ წერილებს. უამრავი ტრანსგენდერი ადამიანია ჩართული სექსსამუშაოში, ისინი იღებდნენ მომხმარებლებისგან წერილებს, თითქოს მომსახურებით სარგებლობა სურდათ, მოძალადე ჯგუფის წევრები იგებდნენ მისამართებს და მიდიოდნენ მათ მოსაკლავად, ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.
ამ ყველაფერს წინ უსწრებდა საპატრიარქოს და ჩვენი პრემიერმინისტრის განცხადება, რომელიც პირდაპირ მწვანეს უნთებდა მოძალადე ჯგუფებს. ჩვენ, ტრანსგენდერმა ადამიანებმა, ვცადეთ, სოლიდარობა გამოგვეცხადებინა ჟურნალისტებისთვის 5 ივლისს და აქციაზე გავსულიყავით, სადაც ჟურნალისტებს სასტიკად უსწორდებოდნენ და შევეჯახეთ რეალობას, სადაც ორგანიზებული ჯგუფები სასტიკად გვისწორდებოდნენ და პოლიცია არაფერს აკეთებდა ჩვენს დასაცავად.
საქართველოს სანამ დავტოვებდი, ჩვენი ცხოვრება ძალიან გართულდა, ბევრჯერ გავხდი ძალადობის მსხვერპლი, რამდენჯერმე მანქანამ მიზანმიმართულად დამარტყა, ერთი ჩემი მეგობარი ტრანსგენდერი ქალი ჩემ თვალწინ მოკლეს მანქანის დაჯახებით, გვხვდებოდნენ სახლში და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ, ერთხელ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობაც კი მომაყენეს თავში, რამაც საკმაოდ მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ბედნიერი ცხოვრების პერსპექტივა ბელგიაში
ბელგიაში ტრანსგენდერი ქალები ძალიან ლაღები და ჰარმონიულები არიან. მათი ქცევები და მანერები რადიკალურად განსხვავდება ქართველი ტრანსგენდერი ადამიანებისგან, რადგან მათ უფრო ნაკლებ სტრესში უწევთ ცხოვრება. ქართველი ტრანსგენდერები ყოველთვის დაძაბულები და თავდაცვის რეჟიმში არიან, იმდენად მიჩვეულები არიან დამცირებას, რომ ჩვეულებრივ, უწყინარ კომპლიმენტზეც ფიქრობენ, რომ ის აუცილებლად აგრესიის შემცვლელია.
ბელგიაში საცხოვრებლად გადასვლისას, პირველი ერთი თვე გაუცხოების მომენტი მქონდა, მეგონა რომ ოთახში ვიყავი გამოკეტილი, მახსოვს, ყველა ხმა უცებ გაჩერდა გონებაში და მომეცა საშუალება, სიმშვიდესა და სიწყნარეში კარგად დავფიქრებულიყავი ჩემს ცხოვრებაზე და დამეცალა გონება ზედმეტი სტრესებისგან. პირველად გამიჩნდა რეალური შანსი იმისა, რომ ყველაფერს, ყველა მიზანს, რასაც დავისახავდი, აუცილებლად მივაღწევდი. დიდი ხნის შემდეგ, პირველად გათენდა ისეთი დილა, როცა აღარ უნდა მეფიქრა სექსსამუშაოზე და იმაზე, თუ რომელი „კლიენტი“ დამირეკავდა, რომ მეორე დღეს ბინის ქირა გადამეხადა. გამოჩნდა შანსი, რომ სამსახური დავიწყო, შანსი, რომ ყოველ დილას ვიღვიძებდე და არ ვფიქრობდე ფიზიკურ გადარჩენაზე.
ოცნებები და სამომავლო გეგმები
ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვოცნებობდი პატარა სახლზე, პატარა ეზოზე, სადაც ყვავილებს დავრგავდი, საყვარელ მამაკაცთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად მშვიდ ცხოვრებაზე, წარმოვიდგენდი ყოველდღიურ ცხოვრებას, მეგონა, რომ ცხოვრება იმ სისასტიკეების გარეშე ჩაივლიდა, რისი გამოვლაც მომიწია, წარმოვიდგენდი, როგორ დავდივარ პაემანზე ჩემს საყვარელ მამაკაცთან ერთად, როგორ აღვნიშნავ სხვადასხვა დღესასწაულს მასთან ერთად, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ტრანსგენდერი ადამიანისთვის ეს ოცნებები დამსხვრევისთვისაა განწირული.
ბელგიაში უკვე ნახევარ წელზე მეტია ვცხოვრობ, ვცხოვრობ სოციალურ ბინაში, ჩამოვშორდი სექსსსამუშაოს, რომელიც ყოველთვის არასასურველი იყო ჩემთვის და მიჩნდებოდა პროტესტი, ახლა ვიწყებ სკოლაში სიარულს, ფრანგული ენა უნდა ვისწავლო, მექნება საშუალება, ვისწავლო პროფესიულ კოლეჯში და გავხდე make up არტისტი და სტილისტი, რაც ყოველთვის იყო ჩემი კიდევ ერთი ოცნება, ამ ყველა მიზნის მიღწევის შემდეგ, შევძლებ, ვიმუშაო და გავიკეთო ყველა საჭირო ოპერაცია ტრანსფორმაციის დასასრულებლად.
ბელგიაში ტრანსგენდერების სამედიცინო მომსახურება ძალიან კარგად არის გამართული, გაიცემა დაბალპროცენტიანი სესხები, ეს დამეხმარება, ჩავიტარო სასურველი პლასტიკური პროცედურები. რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს, არის ის, რომ აღარასდროს მომიწევს სექსსამუშაოში ჩართვა და ვიცხოვრებ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემს საჭიროებებზე ზრუნავს. რამდენიმე წელში შემეძლება ვთქვა, რომ მე ჩემი შრომით, ჩემი ცხოვრებით, ჩემი ძალებით შევძელი და მივაღწიე დასახულ მიზანს. შემეძლება, ამაყად ვთქვა – მე ტრანსგენდერი ქალი ვარ!