Global Estimates of Modern Slavery-ის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანი თანამედროვე მონობაში ცხოვრობს, მათ შორის, 28 მილიონს იძულებითი სამუშაოში ჩართვა, ხოლო 22 მილიონს იძულებით ქორწინებაში ცხოვრება უწევს.
თანამედროვე მონობა ორი მნიშვნელოვანი კომპონენტით — იძულებითი სამუშაოს ან იძულებითი ქორწინების მდგომარეობით დგინდება და გულისხმობს ექსპლუატაციის სიტუაციას, რომელზეც უარის თქმა ადამიანს მუქარის, ძალადობის, ჩაგვრის, მოტყუების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო არ შეუძლია.
თანამედროვე მონობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ეთნიკური, კულტურული თუ რელიგიური ფაქტორების მიუხედავად გვხვდება. აღსანიშნავია, რომ იძულებითი შრომის 52% საშუალოზე მაღალი ან მაღალი შემოსავლის ქვეყნებში ფიქსირდება.
იძულებითი მუშაობის 86% კერძო სექტორზე მოდის, მათ შორის, 23% სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებია. სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ყოველი 5 ადამიანიდან 4 ქალი ან გოგოა. იძულებით სამუშაოში ჩართული ყოველი 8 ადამიანიდან ერთი ბავშვია (სულ 3,3 მილიონი), რომელთა ნახევარი სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლია.
იძულებით ქორწინებაში 22 მილიონი ადამიანი იმყოფება, რაც 2016 წლის მონაცემებს 6,6 მილიონით აღემატება. იძულებით ქორწინებაში მცხოვრები ადამიანების, განსაკუთრებით 16 წლამდე ასაკის ბავშვების რეალური ოდენობა სავარაუდოდ გაცილებით მეტია, ვიდრე ანგარიშშია მოცემული. ამის მიზეზი არის ის, რომ ანგარიში იძულებითი ქორწინების ვიწრო გაგებას ეყრდნობა, არადა ნებისმიერი ბავშვი იძულებით ქორწინებაშია, რადგან გაცნობიერებული გადაწყვეტილების სამართლებრივად მიღება არ შეუძლია.
იძულებითი ქორწინების 85%-ზე მეტი ოჯახის ზეწოლით არის გამოწვეული და შემთხვევების ⅔ აზია-წყნაროკეანეთის რეგიონში ფიქსირდება. არაბეთის საემიროებში კი ყოველი ათასი ადამიანიდან დაახლოებით 5 იძულებით ქორწინებაშია.