Human Rights Watch

ლბქ+ ადამიანები თავდასხმებისა და დისკრიმინაციის სამიზნე არიან – HRW-ის ანგარიში

Human Rights Watch-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ლესბოსელი ბისექსუალი და ქვიარ ქალები, ასევე, არაბინარული ადამიანები მთელ მსოფლიოში ხდებიან უსაფრთხოების სამსახურების, ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების მხრიდან ძალადობის სამიზნე. ამას ემატება ფესვგადგმული დისკრიმინაცია, რაც მათ ურთიერთობის განვითარებას, ოჯახის შექმნასა და საცხოვრისზე წვდომას უზღუდავს. ანგარიშზე მუშაობისას 66 ლბქ+ ადამიანი გამოიკითხა, რომლებიც ძირითადად ადამიანის უფლებათა დამცველები არიან ლოკალურ ან ეროვნულ დონეზე.

ვრცელი ანგარიში, აი, რატომ გავხდით აქტივისტები: ძალმომრეობა ლესბოსელი, ბისექსუალი, ქვიარ ქალებისა და არაბინარული ადამიანების მიმართ, ძალადობისა და დისკრიმინაციის მასშტაბური გამოძიებაა, რომელიც 26 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს. HRW-მა გააანალიზა ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ურთიერთობის კრიმინალიზების მიღმა არსებული სექსისტური, პატრიარქალური სამართლებრივი რეჟიმები, როგორიცაა კაცების მეურვეობა, უთანასწორო მემკვიდრეობითი კანონები, მარტოხელა ქალების მიმართ დისკრიმინაცია, რაც ლბქ+ ადამიანების უფლებებს ლახავს და ცხოვრების ყველა ასპექტში უთანასწორო მდგომარეობას უქმნის. უსაფრთხოების სამსახურების, ოჯახის წევრებისა და სხვათა მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გარდა, ლბქ+ ადამიანები სამსახურში, მიწისა და საკუთრების ფლობის ნაწილში, შვილის ყოლის მსურველთა სერვისებში, მიგრაციისას, ლტოლვილად ჩაბარებისას და მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობისას დისკრიმინაციას აწყდებიან.

„ლესბოსელი, ბისექსუალი და ქვიარ ქალები მთელ მსოფლიოში ლიდერობენ ადამიანის უფლებების დაცვის გამოწვევებთან დაკავშირებით, მაგრამ ბრუტალური თავდასხმების, სამართლებრივი დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების მასშტაბი, რომელიც ამ თემს მიემართება, თითქმის არ აღირიცხება“, — აღნიშნავს ერინ კილბრაიდი, HRW-ის ლგბტქი და ქალთა უფლებების მკვლევარი.

HRW-ის ანგარიშში უფლებების შელახვის 10 მთავარი მიმართულება გამოიკვეთა, რომელთა გადასაჭრელად დაუყოვნებელი კვლევები, დაფინანსება და სამართლებრივი ცვლილებებია საჭირო. მათ შორისაა იძულებითი და გარიგებით ქორწინება კაცებზე, შრომის უფლებები და სექსუალური ძალადობა სამსახურში, ასევე, იმ ქალების მიმართ ძალადობა უსაფრთხოების ძალების მხრიდან, რომლებიც მასკულინური გამოხატვით ხასიათდებიან, საკუთრების, მიწის ფლობასა და მემკვიდრეობაზე უთანასწორო წვდომა, სამართლებრივი შეზღუდვები ქალთა მოძრაობებზე და საჯარო ადგილებში ძალადობრივი თავდასხმები ლბქ+ წყვილებზე, მშობლობის უფლება და წვდომა ფერტილურობის სამედიცინო სერვისებზე, წვდომა სექსუალური, რეპროდუქციული და მენტალური ჯანმრთელობის სერვისებზე, სექსუალური ძალადობა და შემდგომი ზრუნვა, ლტოლვილის სტატუსის მოპოვებაზე შექმნილი ბარიერები, მართლმსაჯულებაზე წვდომა, ლბქ+ უფლებადამცველებზე თავდასხმა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნების 40%-ში ქალებს არ აქვთ თანაბარი წვდომა, რომ ფლობდნენ, მართავდნენ, ქირაობდნენ ან მემკვიდრეობით მიიღონ ქონება, რაც ლბქ+ წყვილებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სამართლებრივ ბარიერებს უქმნის. რეჟიმები, რომლებიც ქალებს ქირაობისას კაცი მეურვის ნებართვას სთხოვენ ან მემკვიდრეობის გადაცემისას ბიჭ მემკვიდრეს ანიჭებენ უპირატესობას, ლბქ+ წყვილებს ქირავნობის, ქონების ფლობის ან მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობას ართმევენ.

საკუთრების ქონის უფლებაზე ქალებისთვის შექმნილი ბარიერები ხშირად ლბქ+ ქალებს აიძულებს კაცზე დაქორწინებას, რათა საკუთრებაზე წვდომა მიიღონ. მსგავსი მდგომარეობა იძულებითი ქორწინების პრაქტიკას აძლიერებს და ლბქ+ ქალებს განქორწინების, ფინანსურად თანასწორი ლბქ+ ურთიერთობის დაწყების შესაძლებლობას უზღუდავს.

„თავისუფლებისკენ მიმავალი გზა მოჭრილი გაქვს, თუ კაცზე არ დაქორწინდები“, — აღნიშნა ინტერვიუსას ლბქ+ აქტივისტმა ყირგიზეთიდან, რომელიც 19 წლის ასაკში იძულებით დააქორწინეს.

გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა თქვა, რომ ლბქ+ ადამიანებს, რომლებიც მასკულინური გამოხატვით ხასიათდებიან, მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკონომიკური ჩაგვრის, სამსახურში დისკრიმინაციისა და შევიწროების, ფსიქოლოგიური ძალადობის, უსაფრთხოების ძალების მხრიდან მიზანში ამოღების, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ატანა უწევთ. ლბქ+ აქტივისტები არგენტინიდან, ელ სალვადორიდან და ყირგიზეთიდან ამბობენ, რომ მასკულინური გამოხატვის მქონე ლბქ+ ადამიანები იძულებულები არიან ისეთ სამსახურებში დასაქმდნენ, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და მშრომელთა უფლებების სავალალო მდგომარეობაა (იქნება ეს ფერმერული სამუშაო, სექს-სამუშაო თუ ავტოსალონები). ამასთან, ძირითადად კაცებით დომინირებული მიმართულებებია და ფიზიკური და სექსუალური ჩაგვრის სამიზნე ხდებიან.

„უმეტესობა სექს-სამუშაოში იმიტომ ჩავერთეთ, რომ დასაქმების ბაზარი დისკრიმინაციულია, მაგრამ როცა პოლიცია სახლებსა და სხვა დაწესებულებებს არბევს, მასკულინურ ლესბოსელებს ისე ეპყრობიან, როგორც კაცებს — ძალადობრივი მეთოდებით ადებენ ბორკილებს, აჩოქებენ, მაისურებს ტანზე ახევენ“, — ამბობს სექს-სამუშაოში ჩართული ლესბოსელი უფლებადამცველი ელ სალვადორიდან.

საჯარო ადგილებში ხშირი გადაადგილება შედარებით ფემინური გამოხატვის მქონე ლბქ+ ადამიანებსა და წყვილებსაც ეზღუდებათ. HRW-მა აღრიცხა ლბქ+ წყვილების მკვლელობის, გაუპატიურებისა და მათზე ბრუტალური თავდასხმის შემთხვევები. ძალადობა ლბქ+ ადამიანებს აიძულებს, რომ გადაადგილებაზე თვითკონტროლი დააწესონ, რადგან პარტნიორთან ერთად სახლიდან გასვლის შიში აქვთ.

ლბქ+ ადამიანების მიმართ ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების მაჩვენებელი სავალალოა. 2022 წლის აპრილში, 25 წლის არაბინარული ლესბოსელი ჩრდილოეთ ნაირობიდან, შეილა ადიამბო ლუმუმბა საკუთარ საძინებელში გაშიშვლებული და მოკლული იპოვეს. სხეულის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლუმუმბა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული, მკერდში, სახეზე, კისერზე და თვალებზე ნაიარევები ეტყობოდა. მკვლელობიდან კვირების შემდეგ კენიის პოლიციამ საქმის სათანადოდ გამოძიება ვერ შეძლო და მტკიცებულებები და ჩანაწერები შეილას მეგობრებსა და ოჯახს დაუბრუნა.

რეკომენდაციები

HRW-ის რეკომენდაციით, სახელისუფლებო ორგანოებმა ლბქ+ ადამიანების მიმართ ძალადობის შემთხვევების გამჭვირვალე და დროული გამოძიება უნდა ჩაატარონ და დახვეწონ კანონმდებლობა და პროტოკოლები, რომლებიც ლბქ+ ქალებისა და არაბინარული ადამიანების დაცვას უზრუნველყოფს. ძალაუფლების ორგანოებმა პატრიარქალური მაკონტროლებელი სისტემის რეფორმა უნდა გაატარონ, უნდა გადაიხედოს კაცების მეურვეობის კანონები, პრაქტიკები და სამართლებრივი ჩანაწერები, დისკრიმინაციული სამართლებრივი ჩარჩო საკუთრებაზე და მემკვიდრეობაზე, სხვა შეზღუდვები ქალების ავტონომიაზე, გადაადგილებაზე და ლგბტქი უფლებების ისეთი გავრცელებული შელახვის ფაქტები, როგორიც ქორწინების თანასწორობა და ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობის კრიმინალიზებაა.

ასევე, Human Rights Watch-ის რეკომენდაციაა, რომ დონორებმა დააფინანსონ ლბქ+ მოძრაობები, რომლებიც მიწის ფლობისა და გარემოს დაცვის, მკვიდრი ხალხების, მიგრანტებისა და შშმ პირების უფლებებზე მუშაობენ. გარდა ამისა, მათ აუცილებელად მიაჩნიათ ლბქ+ ეკონომიკური ჩაგვრის კვლევის დაფინანსება და გამოკვლევა, როგორ მოქმედებს ქალების ავტონომიაზე დაწესებული შეზღუდვები ლბქ+ ქალებზე.

„ლბქ+ აქტივისტები ექსპერტები არიან იმ ძალადობის შემთხვევების, რომლის გამოვლაც მათ თემს უწევს. ამ ანგარიშით ხელისუფლებებსა და დონორებს კონკრეტული მოქმედებისკენ მოვუწოდებთ, რომლის საწყისი წერტილი ლბქ+ მოძრაობების ხილვადობა, დაფინანსება და დაცვაა“, — ამბობს კილბრაიდი.

წყარო: Human Rights Watch

წინა

“ეს მე არ მაშინებს” — ბელა რამზი The Last of Us-ის ფანების ქვიარფობიურ განწყობებზე

შემდეგი

გაცნობის 10 აპლიკაცია ქვიარებისთვის და არამხოლოდ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი