ინტიმური ლუბრიკანტი (საცხი) არის სითხე ან გელი, რომელიც ხახუნისა და გაღიზიანების შესამცირებლად გამოიყენება სექსუალური აქტივობის დროს. ლუბრიკანტი თითქმის ნებისმიერი ტიპის სექსის დროს შეიძლება გამოიყენოთ, მათ შორის პენისის ვაგინაში პენეტრაციისას (შეღწევისას), ანალური სექსისას, მარტო ან პარტნიორთან სექს-სათამაშოს გამოყენებისას და მასტურბაციისას.
მართალია, ვაგინა და პენისი თვითონვე გამოყოფს ისეთ სისველეს, რომელიც სექსის დროს ლუბრიკანტის როლს ასრულებს, თუმცა ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის და დამატებითმა ლუბრიკანტმა შეიძლება სექსი უფრო სასიამოვნო გახადოს.
ამ სტატიაში განხილულია, თუ რა არის ლუბრიკანტი, რა ტიპის ლუბრიკანტები არსებობს და როგორ ავირჩიოთ და გამოვიყენოთ ისინი.
ინტიმური ლუბრიკანტის ტიპები
ბევრი სხვადასხვა ტიპის ლუბრიკანტი არსებობს, თუმცა ყველა მათგანი სამ დიდ კატეგორიაში ექცევა:
-
წყლის ლუბრიკანტი — წყლის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკანტი უსაფრთხოა სექს-სათამაშოებთან და პრეზერვატივთან ერთად გამოსაყენებლად, მარტივი მოსაწმენდია და არაა კანისთვის საზიანო, თუმცა ის შეიძლება იმდენად დიდხანს არ შენარჩუნდეს, რამდენადაც სხვა ტიპის ლუბრიკანტები.
-
სილიკონის ლუბრიკანტი — სილიკონის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკანტი უსაფრთხოა პრეზერვატივთან ერთად გამოსაყენებლად, თუმცა მისი გამოყენება არ არის უსაფრთხო სილიკონის სექს-სათამაშოებსა და დიაფრაგმებთან (კონტრაცეფციის ფორმა) ერთად. ის ნაკლებად წებოვანია, თუმცა წყლის ლუბრიკანტზე უფრო დიდხანს ნარჩუნდება.
-
ზეთის ლუბრიკანტი — ზეთის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკანტი არ არის უსაფრთხო პრეზერვატივებთან ან სექს-სათამაშოებთან ერთად გამოსაყენებლად, რადგან ზეთმა შეიძლება დაშალოს ლატექსი და ხელი შეუშალოს პრეზერვატივების ეფექტურობას. ზეთის ლუბრიკანტი, მაგალითად, ქოქოსის ზეთი ან ვაზელინი, შეგიძლიათ ისეთი სექსის დროს გამოიყენოთ, სადაც უშუალოდ ხდება კანით კანზე შეხება.
♦ ხშირად დასმული კითხვები
► როდის უნდა გამოვიყენო ლუბრიკანტი? — თუკი ზედმეტი ხახუნის გამო სექსის დროს დისკომფორტს განიცდით, ლუბრიკანტი შეიძლება დაგეხმაროთ. ის ასევე სასარგებლოა კონკრეტული ტიპის (მაგალითად, ანალური) სექსისთვის.
► სექსი ჩემთვის მტკივნეულია — ლუბრიკანტი დამეხმარება? — თუკი სექსის დროს ტკივილი გაწუხებთ, ლუბრიკაციის გაზრდა ყოველთვის არ ჭრის პრობლემას. სექსის დროს, განსაკუთრებით ვაგინალური სექსის დროს, ტკივილი შეიძლება ბევრი დაავადებისა და ინფექციის სიმპტომი იყოს. მათ შორისაა კანის დაავადებები, ანთება, ინფექციები, ჰორმონალური ცვლილებები, ტრავმა და მრავალი სხვა. თუკი სექსის დროს ტკივილი ხშირად გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენს პირად ექიმს ან გინეკოლოგს.
როგორ მუშაობს ლუბრიკანტი?
ლუბრიკანტი ამცირებს ხახუნს, რისი დამსახურებითაც ვაგინალური და ანალური პენეტრაცია (შეღწევა) და მასტურბაცია უფრო მარტივი და სასიამოვნო ხდება და უფრო ნაკლები ალბათობით იწვევს გაღიზიანებას. მართალია, ერთ დროს ის მენოპაუზის ასაკის ქალების პროდუქტად მიიჩნეოდა ვაგინის სიმშრალის დასაძლევად, თუმცა დროთა განმავლობაში ლუბრიკანტი უფრო ფართო მოხმარების გახდა და დღეისთვის ის ყველა ასაკის სექსუალურად აქტიური ადამიანისთვისაა რეკომენდებული.
► პოსტმენოპაუზალურ (მენოპაუზის შემდგომ) პერიოდში მყოფი ადამიანების დაახლოებით ნახევარს აწუხებს ვაგინის სიმშრალე და დისკომფორტი სექსის დროს. მენოპაუზის შემდეგ სხეულში ესტროგენის დონის დაცემის გამო შარდსასქესო უბნები (მათ შორის ვაგინა და ვულვა) შეიძლება შეიცვალოს და გამოიფიტოს, გახდეს უფრო თხელი, ნაკლებად ელასტიკური და გამოყოს ნაკლები ვაგინალური სითხე. ლუბრიკანტის გამოყენება ამ დისკომფორტის შემცირებას უწყობს ხელს, თუმცა პრობლემის გამომწვევ მიზეზს ვერ აგვარებს. გარდა ამისა, ვაგინის სიმშრალე შეიძლება გამოიწვიოს ძუძუთი კვებამ, მედიკამენტებმა (მათ შორის ანტიდეპრესანტებმა და ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა), კიბოს მკურნალობის ზოგიერთმა გზამ და შეგრენის სინდრომმა.
ლუბრიკანტი განსაკუთრებით გამოსადეგია პრეზერვატივთან ერთად, რადგან ის ამცირებს ხახუნს და, შესაბამისად, იმის რისკსაც, რომ პრეზერვატივი გაიხევა ან დაზიანდება, რაც დაუგეგმავ ორსულობას ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) გავრცელებას გამოიწვევდა. მეტიც, ის ლუბრიკანტიან პრეზერვატივებთან ერთად გამოყენებისთვისაც რეკომენდებულია, რადგან ეს პარტნიორებს იმის საშუალებას აძლევს, რომ აკონტროლონ სისველის ხარისხი და მათთვის კომფორტული დონის შესაბამისი გახადონ.
როდესაც ლუბრიკანტს გარე პრეზერვატივთან (ე.წ. „კაცის“ პრეზერვატივთან) ერთად იყენებთ, ის პრეზერვატივს გარედან უნდა წაუსვათ და არა — უშუალოდ პენისის ტანს. შიდა პრეზერვატივის (ე.წ. „ქალის“ პრეზერვატივი) შემთხვევაში, მეტი კომფორტისთვის უმჯობესია, ლუბრიკანტი წაუსვათ როგორც გარედან, ისე შიგნიდან, განურჩევლად იმისა, თვითონ პრეზერვატივი ლუბრიკანტიანია თუ არა.
რამდენად უსაფრთხოა ლუბრიკანტი?
ზოგადად, ლუბრიკანტი დაბალრისკიან პროდუქტად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, არსებობს კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მაღალი ოსმოლარობის (ნაწილაკებისა და მინერალების კონცენტრაცია სითხეში) მქონე ლუბრიკანტებმა შეიძლება დააზიანონ ვაგინალური და ანალური ქსოვილების ზედა შრე. როდესაც სექსის დროს ქსოვილი ზიანდება ან იხევა, სგგი-ების, მათ შორის აივ-ინფექციის, გავრცელების შანსი იზრდება.
ამავდროულად, ლუბრიკანტმა შეიძლება კანის დაზიანება თავიდან აგარიდოთ, რადგან ის ხახუნს ამცირებს. ადამიანთა უმეტესობისთვის, ლუბრიკანტის სასარგებლო მხარეები პოტენციურ რისკზე მეტია.
ლუბრიკანტი და ანალური სექსი
ინტიმური ლუბრიკანტი რეკომენდებულია ანალური სექსისთვის, რადგან ანალურ ხვრელში ბუნებრივად არ გამოიყოფა სითხე, რომელიც პენეტრაციას გაამარტივებს. გარდა ამისა, ანუსის შესასვლელში არსებული მომჭერი კუნთი ბევრად უფრო მეტ წინააღმდეგობა წარმოშობს, ვიდრე ვაგინა, რომელიც ელასტიკური ქსოვილისგან შედგება.
გარდა ამისა, ლუბრიკანტის გამოყენება ანალურ სექსს უფრო უსაფრთხოსაც ხდის. წყლის ლუბრიკანტის გამოყენება პრეზერვატივის გახევის შანსს ამცირებს, განსხვავებით ზეთის ლუბრიკანტებისგან ან ნერწყვისგან, რომლებიც ზრდის ამის შანსს. ანალური სექსის დროს ლუბრიკაციასთანაა ასევე დაკავშირებული პრეზერვატივის მოძრობის შანსი. პრეზერვატივზე ლუბრიკანტის გარედან წასმა ამცირებს ამის შანსს, ხოლო შიგნიდან წასმა — ზრდის.
იხილეთ ჩვენი სტატია: როგორ გვქონდეს ანალური სექსი პასიურ როლში — რჩევები დამწყებებს
როგორ ავირჩიოთ ლუბრიკანტი?
ლუბრიკანტი ბევრი სახის არსებობს და მისი გამოყენება ბევრი სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. თქვენთვის შესაფერისი პროდუქტი დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებსა და პრეფერენციებზე. აქედან გამომდინარე, ლუბრიკანტის ასარჩევად რამდენიმე ზოგადი რჩევის გათვალისწინება შეიძლება:
-
დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ გამოიყენებთ ლუბრიკანტს: რა ტიპის სექსის დროს გინდათ ლუბრიკანტი? აპირებთ ლუბრიკანტის გამოყენებას სექს-სათამაშოზე? თქვენ ან თქვენს პარტნიორს გეცმევათ პრეზერვატივი? — ლუბრიკანტის არჩევისას ეს ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, სილიკონის ლუბრიკანტებმა შეიძლება დააზიანოს სექს-სათამაშოები, ამიტომ ისინი საუკეთესო არჩევანი არ არის სათამაშოების გამოყენებისას. ზეთის ლუბრიკანტები დიდხანს ნარჩუნდება, თუმცა ისინი ასუსტებს ლატექსის პრეზერვატივს, ამიტომაც მისი გამოყენება არაა რეკომენდებული პრეზერვატივთან ერთად.
-
გაითვალისწინეთ თქვენი კანის საჭიროებები: თუკი მგრძნობიარე კანი გაქვთ, როგორც წესი, წყლის ლუბრიკანტი კარგი არჩევანია და ის სექსის ტიპების უმეტესობისთვის შესაფერისია. თუკი რამეზე ალერგია გაქვთ, ყურადღებით წაიკითხეთ ლუბრიკანტის შემცველობა. მასში შემავალმა ინგრედიენტებმა შეიძლება კანი გააღიზიანოს.
-
პრეფერენციები: ფუნქციურ ნაწილთან ერთად, ლუბრიკანტები ასევე იყოფა გემოს, სუნისა და შეგრძნებების (მაგალითად, მსუბუქი ჩხვლეტის) გამოწვევის მიხედვითაც. ესაუბრეთ პარტნიორს და გაარკვიეთ, რა მოგწონთ და რას ისურვებდით ორივე.
► ლუბრიკანტი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში ან ონლაინ მაღაზიებში.
წყაროები: Verywell Health, HelloClue
♦ სტატია მომზადებულია საგანმანათლებლო პლატფორმა Femea.ge-ს მიერ.