თამაზ სოზაშვილი

ვოცნებობ იმ დროზე, როცა ასე დანაწევრებული არ ვიქნებით — თამაზ სოზაშვილი

აქტივისტები ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სექსუალობა და გენდერი ფლუიდურია, ვფიქრობ, რომ ფლუიდურია ჩვენი ხასიათიც. ადამიანები ვიზრდებით და ვიცვლებით — შეიძლება ყოველთვის მოხდეს რაღაც, რაც სრულიად სხვანაირად დამანახებს საკუთარ თავს.

ალბათ, ერთადერთი, რაც ჩემს ცხოვრებას გასდევს და არ შეცვლილა, არის ის, რომ ძალიან პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, საქმე იქნება ეს თუ პირადი ურთიერთობები. ხშირად ამას იმხელა ენერგია მიაქვს, რომ მირჩევნია, რაღაც პასუხისმგებლობები საერთოდ არ ავიღო.

კარგი ბავშვის “ცუდი” მხარე

ბავშვობის უმეტესი ნაწილი რეგიონში გავატარე.

რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ქამინგაუთის შემდეგ ყოველთვის ბავშვობის ნეგატიურ ემოციებზე ვაკეთებდი აქცენტს — იქნებოდა ეს ჰომოფობიურ ბულინგთან დაკავშირებული გამოცდილებები, მხარდაჭერის ქსელის არარსებობა თუ ქვიარ საკითხების შესახებ სრული ინფორმაციული ვაკუუმი. არასასიამოვნო გამოცდილებებს უფლება მივეცი, ჩემი ბავშვობა სრულად მოეცვა, რაც მაინცდამაინც კარგად არ აისახა ჩემს მდგომარეობაზე, თუმცა ბოლო დროს ბავშვობის სასიამოვნო მოგონებებს ვეძებ და ვიხსენებ იმას, რაც ძალიან მაბედნიერებდა.

15 წლის ასაკში საკუთარი ნებით მოვინათლე კლასის ექსკურსიაზე. მაშინ მჯეროდა, რომ თუ მოვინათლებოდი, ეს ყველაფერს შეცვლიდა და მეც გარშემომყოფების დადგენილ სტანდარტებში ჩავჯდებოდი. დღემდე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ველოდებოდი შემდეგი დღის გათენებას ყველანაირი ქვიარული ფიქრისა და შეგრძნების გარეშე. თუმცა, როგორც ხედავთ, დღესაც აქ ვარ.

მაბედნიერებდა, მაგალითად, ის, რომ პაპას ხშირად დავყავდი მდინარეზე სათევზაოდ, მახსენდება ბებოს გამორჩეულად ლამაზი ეზო სოფელში, ყვავილებით სავსე, მაბედნიერებდა ჩემთვის გამოყოფილი პატარა ბოსტანი, ჩემი პატარა ავტონომია, სადაც ბოსტნეული მომყავდა — განსაკუთრებული განცდა იყო მიწასთან მუშაობა და ის, რომ რაღაცას ვზრდიდი და ვუვლიდი… ბევრი რამე მახსენდება, რაც სენტიმენტებს აღმიძრავს.

თამაზ სოზაშვილი
ფოტო: John Eames

ძალიან რთული იყო საკუთარი თავის მიღება. ჩემი ქვიარობა იმდენად მქონდა მიჩქმალული, საკუთარ თავსაც არ ვუმხელდი. ზუსტ ასაკს ვერ გავიხსენებ, პირველად როდის დავიწყე ამაზე ფიქრი, თუმცა ისეთი პატარა ვიყავი, ამ ყველაფერს ჯერ კიდევ ვერ ვარქმევდი სახელს. არ ვსაუბრობდი, მაგრამ ალბათ ჩემი მახასიათებლებიდან გამომდინარე, გარშემომყოფებმა გადაწყვიტეს, რომ ქვიარი ვიყავი და ამას შეურაცხმყოფელი ფრაზებით გამოხატავდნენ. გაორებული განცდები მქონდა — ერთი მხრივ ის, რომ საუკეთესო მოსწავლე და ძალიან კარგი ბავშვი ვიყავი და მეორე მხრივ, ჩემი ქვიარობა, რომელსაც შეგრძნებების დონეზე ვხვდებოდი და რომლის გარშემოც მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელი ეპითეტები ჟღერდებოდა. ვერ ვიგებდი, როგორც შეიძლებოდა ეს ორი რამე თანხვედრაში ყოფილიყო და ალბათ, ამის დამსახურებაა ისიც, რომ 15 წლის ასაკში საკუთარი ნებით მოვინათლე კლასის ექსკურსიაზე. მაშინ მჯეროდა, რომ თუ მოვინათლებოდი, ეს ყველაფერს შეცვლიდა და მეც გარშემომყოფების დადგენილ სტანდარტებში ჩავჯდებოდი. დღემდე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ველოდებოდი შემდეგი დღის გათენებას ყველანაირი ქვიარული ფიქრისა და შეგრძნების გარეშე.

თუმცა, როგორც ხედავთ, დღესაც აქ ვარ.

“…და შენ?”

თბილისში რომ გადმოვედი, ჩვეულებრივ გავაგრძელე ცხოვრება. მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაც ეტაპზე მქონდა სექსისტური დამოკიდებულებები, ცოტა ნაციონალისტურიც, დახვეწილი ჰომოფობიც ვიყავი — ვამბობდი, რომ სექსუალობისა და გენდერის ნიადაგზე ადამიანებზე ძალადობა დაუშვებელი იყო, თუმცა იმასაც ყოველთვის ვამატებდი, რომ შვილად აყვანას მაინცდამაინც არ ვამართლებდი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ თემების მიმართ მიმღებლობა მქონდა და ალბათ ეს იმის დამსახურება იყო, რომ სკოლის ასაკიდანვე არაფორმალური განათლების აქტივობებში ვიყავი ჩართული.

მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, სრულიად შესაძლებელია, იყო ქვიარი და იყო ბედნიერი.

ჩემი სტუდენტობა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ლგბტქი საკითხები აქტიურად განიხილებოდა სოციალურ ქსელებში, ასეთ დისკუსიებში ყოველთვის მხარს ვუჭერდი თემის წევრებს, ოღონდ მესამე პირში ვსაუბრობდი. ამან ბოლოს იქამდე მიმიყვანა, რომ საკუთარი თავი მივიღე და ამას საინტერესო ისტორიაც ახლდა თან: მეორე კურსზე ვიყავი, როცა ახლო მეგობარი ბიჭი სიყვარულის ისტორიას მომიყვა და ბოლოს მითხრა, რომ ბიჭი უყვარდა. ეს მომენტი იყო გარდამტეხი და ძალიან კარგად მახსოვს — ცხოვრებაში პირველად ვნახე ცოცხალი გეი, რომელიც ღიად ამბობდა ამას. მერე მან დასვა ის კითხვა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება — “და შენ?”. მაშინ ჩავთვალე, რომ იმდენად მენდო ის ადამიანი, საკუთარ თავს უფლებას ვერ მივცემდი, რამე დამემალა და ძალიან გულწრფელად ვუპასუხე, რომ რაღაც ინტერესი მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა შევხვედროდი ჩემნაირ ადამიანებს.

ასე დაიწყო ჩემი ქამინგაუთი. იმ დღიდან, ეტაპობრივად გავიცანი უამრავი ქვიარი და მათ შორის აღმოვაჩინე ისეთი ადამიანები, რომლებსაც მანამდეც ვიცნობდი. ეს ადამიანები იყვნენ წარმატებულები თავიანთ სფეროებში სხვადასხვა მიმართულებით და მთავარი აღმოჩენა ალბათ იყო ის, რომ დავინახე, მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, სრულიად შესაძლებელია, იყო ქვიარი და იყო ბედნიერი.

რაც შეეხება ქამინგაუთის პროცესს, ეს არ ყოფილა ისე, თითქოს რამე დანაშაული ჩავიდინე და უნდა მეღიარებინა, ძალიან ბუნებრივად მოხდა ყველასთან. მეგობრების უმეტესობამ ადეკვატურად მიიღო. ცხადია, იყო შემთხვევებიც, როცა რამდენიმე ადამიანი უბრალოდ გაფერმკრთალდა — ვერ ვიტყვი, რომ კონფლიქტების ფონზე დავიშალეთ, თუმცა ჩვენი გზები გაიყო და მგონია, რომ ესეც ბუნებრივია. ოჯახთან ქამინგაუთზე ის შემიძლია ვთქვა, რომ მარტივი არ იყო, თუმცა მჯეროდა, რომ ყველაფერი დალაგდებოდა. ეს გზა ძალიან გამიმარტივეს მაშინდელმა ჩემმა პარტნიორმა, ჩემმა მეგობრებმა და განსაკუთრებით ჩემმა დამ, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგადაა.

პრაიდი, როგორც იდეა

ქამინგაუთის შემდეგ რამდენიმე თვეში გერმანიაში წავედი მოხალისეობრივი პროგრამით. იმ პერიოდმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩემს განვითარებაში — ერთწლიანი მუშაობის შემდეგ იყო შემოთავაზება, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი მქონდა, საქართველოში დავბრუნებულიყავი და აქ მეკეთებინა საქმე, ჩამოვედი და თანასწორობის მოძრაობაში დავიწყე მუშაობა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემთვის, როგორც სოციალური მუშაკისთვის, მთავარი სამიზნე ჯგუფი ლგბქტი თემი იქნებოდა და ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა და მონაწილეობა მიმეღო სისტემური ცვლილებების პროცესში.

თბილისი პრაიდი, თამაზ სოზაშვილი

სანამ აქტივიზმში ჩართვას გადავწყვეტდი, მეც სრულად ვიაზრებდი და ბევრი მეგობარიც მაფრთხილებდა, რომ მარტივი არ იქნებოდა, ამისთვის მზად ვიყავი, გაცნობიერებული მქონდა, რომ გარე ძალებისგან იქნებოდა ბევრი გამოწვევა, თუმცა ერთადერთი, რისთვისაც ვერ მოვემზადე, იყო თემის შიგნით, და უფრო მეტად, აქტივისტებს შორის განხეთქილება, მუდმივი დაძაბულობები და ერთმანეთის დაზიანება ნებით თუ უნებლიეთ. ყველაზე დიდი ზიანი შიდა დაპირისპირებებმა მომაყენა — მოულოდნელი იყო და თან ძალიან მტკენდა გულს. 2016 წელს, როდესაც აქტივიზმში ჩავერთე, უკვე იმდენი შრე დამხვდა დალაგებული, ჩემს მოსვლამდე რა განხეთქილებებიც არსებობდა, დღემდე მიმდინარეობს ამის განხილვა. ვამბობდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ამ დაპირისპირებებში არ ჩავერთვებოდი, მაგრამ ეს სისტემა ისეა მოწყობილი, რაღაცნაირად გჭამს და გისრუტავს.

ჩვენ ადამიანის უფლებადამცველები ვართ და მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ დაგვავიწყდეს. აქ მიზანი საშუალებას ვერ ამართლებს. ვოცნებობ იმ დროზე, როცა ასე დანაწევრებული არ ვიქნებით, ვიქნებით კვლავ მრავალფეროვანი, მაგრამ არა — დაპირისპირებული. 

ამ დაყოფას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან ხშირად ქართულ აქტივიზმში პირადი ურთიერთობების უკან გადაწევა გვიჭირს. აქტივიზმში როცა ვართ, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, პირადი წყენები გვერდით უნდა გადავდოთ და უფრო ფართოდ ვიფიქროთ, რა იქნება სტრატეგიულად უკეთესი საერთო საქმისთვის. ძალიან ბუნებრივია, რომ ყველა ვერ გვეყვარება, ყველასთან ახლოს ვერ ვიქნებით, მაგრამ თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეს საქმე ვაკეთოთ, მაქსიმალურად უნდა გამოვნახოთ თანამშრომლობის გზები. შეიძლება ვინმემ იფიქროს, ისე საუბრობს, ნუთუ, ამას არაფერი დაუშავებიაო — ცხადია, ამ პროცესში ვიყავი და მეც მექნება რაღაც დანაშაულები, მით უმეტეს, იმ სტრესის ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს გავლილი.

ფოტო: Carl Mag’s

2016 წლიდან ვაკვირდები და ქვიარ აქტივიზმში ყოველთვის არის ერთი, ვინც კრიტიკის ობიექტი ხდება სხვებისგან და ეს არის მონაცვლეობითი. თანასწორობის მოძრაობაში როცა ვმუშაობდი, ამ ორგანიზაციისკენ უზარმაზარი კრიტიკა მოდიოდა, დრო გავიდა და კრიტიკის ობიექტი გახდა თბილისი პრაიდი, რომელიც რამდენიმე ადამიანმა დავაფუძნეთ 2019 წელს. თბილისი პრაიდის კრიტიკის მიზეზი იყო ის, რომ ხილვადობის პოლიტიკა აგრესიას იწვევს, თითქოს ამის უკან კონკრეტული პოლიტიკური ძალები დგანან და ეს ყველაფერი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გადაფარვისკენ იყო მიმართული. საერთოდ არ არსებობდა თბილისი პრაიდი, როდესაც სამი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს და ეს ადამიანები პრაიდის წინა პერიოდში არ მოუკლავთ. კი, სიძულვილით მოტივირებული ჰომოფობიური დანაშაულები იმატებს, თუმცა აქაც წარმოუდგენელი და მიუღებელია, თბილისი პრაიდს დააკისრო პასუხისმგებლობა, როდესაც იქითა მხარეს გყავს სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს სამოქალაქო წესრიგი და ადამიანების უსაფრთხოება, გყავს მოძალადეთა ჯგუფი, ასევე, უამრავი სხვა დაინტერესებული პირი, ეკლესიის ჩათვლით. ამავდროულად, ძალიან საინტერესოა, რომ საქართველოში ანტი-ლგბტ მოძრაობას უფრო დიდი ისტორია აქვს, ვიდრე ლგბტ მოძრაობას. კონკრეტულმა ძალებმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს ლგბტ თემით მანიპულაცია, სანამ ლგბტ თემი საერთოდ გამოჩნდებოდა საჯარო სივრცეში.

დამალვით საქმე არ კეთდება და პრობლემა არ გვარდება. პირიქით, გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ ხილვადობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს მართლა ჰგონია, ქვიარები არაამქვეყნიურად გამოიყურებიან. ხილვადობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ჩვენც მათი ნაწილი ვართ, მათ გვერდით ვცხოვრობთ, არა მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში, ან გარეუბნებსა და დიდი ქალაქებში, არამედ სოფლებსა და რეგიონებშიც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და საქმე არ გვაქვს რაღაც განსაკუთრებულობასთან, ქვიარი შეიძლება დაიბადოს და გაიზარდოს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ოჯახში. როდესაც განათლების სისტემა სრულიად ჩამოქცეულია და ამ დრომდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ სახელმძღვანელოებსა და სასწავლო სივრცეში ეს თემა შევიტანოთ, იმ ფონზე, როდესაც მასწავლებლების დიდი ნაწილი ჰომოფობიურად არის განწყობილი და რეგიონებსა და თბილისშიც ახალგაზრდა, თინეიჯერ ქვიარებს მხარდაჭერის სისტემები საერთოდ არ აქვთ, ერთადერთი იარაღი, ამ ადამიანებს ხმა მიაწვდინო და გაიგონ, რომ მარტო არ არიან, რომ იმსახურებენ ღირსეულ და თანასწორ ცხოვრებასა და უფლებებს, არის ხილვადობის პოლიტიკა.

შეიძლება, ამ ყველაფერს არ ეთანხმებოდე, მაგრამ ნამდვილად არ შეიძლება, წიხლი დააჭირო იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცის შეცვლას ცდილობენ, გაიმეტო და მკვლელის იარლიყი მიაკრა.

როდესაც შვილები ქამინგაუთს აკეთებენ, ეს მშობლის ქამინგაუთიცაა, მათაც ისევე უწევთ ამ გზის გავლა და ქამინგაუთის შედეგებთან გამკლავება.

აქამდეც ბევრჯერ მითქვამს — ჩვენ ადამიანის უფლებადამცველები ვართ და მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ დაგვავიწყდეს. აქ მიზანი საშუალებას ვერ ამართლებს. ვოცნებობ იმ დროზე, როცა ასე დანაწევრებული არ ვიქნებით, ვიქნებით კვლავ მრავალფეროვანი, მაგრამ არა — დაპირისპირებული.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს თბილისი პრაიდში აღარ ვარ, პრაიდი ჩემთვის არის იდეა და ამ იდეას ყოველთვის მხარს დავუჭერ.

სიამაყის ნაპერწკლები

ჩემთვის ენერგიის მთავარი წყარო ყოველთვის იყო ის, რომ ქვიარ თემის ძალიან ბევრ წევრთან მუდმივად მქონდა ახლო ურთიერთობა და ყოველთვის ვგრძნობდი მათ ნდობას, გვქონდა პატარ-პატარა გამარჯვებები და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა.

ყოფილა ძალიან ემოციური ეპიზოდებიც, მაგრამ ყველაზე მეტად რითაც ვამაყობ, ესაა თბილისი პრაიდში ყოფნის დროს გაკეთებული ლგბტქი ადამიანების მშობლების ქალაქგარეთ შეკრება. ამ დღისთვის დიდხანს ვემზადებოდით და მახსოვს, როგორ ვნერვიულობდით გუნდის წევრები, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და უცნობი ადამიანები რომ უნდა შეგვეხვედრებინა. ბევრ ქვიარ ადამიანს უთქვამს და მეც ვიზიარებ, რომ როდესაც შვილები ქამინგაუთს აკეთებენ, ეს მშობლის ქამინგაუთიცაა, მათაც ისევე უწევთ ამ გზის გავლა და ქამინგაუთის შედეგებთან გამკლავება. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში — ამ ადამიანებს ამდენი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ მარტო იყვნენ, ერთ-ერთი ლესბოსელი ქალის დედა იხსენებდა, როცა ჩემმა შვილმა მონაწილეობა შემომთავაზა, ვკითხე, იქ ვინმე ხომ არ დამცინებსო. ეს შეხვედრა არცერთ ადამიანს ცრემლების გარეშე არ დაგვიტოვებია. როცა თბილისში დავბრუნდით, მერე დედები ჩვენთან საოფისე სივრცეშიც იკრიბებოდნენ ხოლმე. ბევრი ქვიარის დედა იდანაშაულებს თავს, რომ მათ რომ რაღაც არასწორად არ გაეკეთებინათ, მისი შვილი ქვიარი არ იქნებოდა, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. პროექტს “ამაყი ოჯახები” ერქვა და ვხედავდი, ეს რაღაც ბრალეულობის, სირცხვილის გრძნობები თანდათან როგორ გარდაიქმნებოდა სიამაყის ნაპერწკლებად.

ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება, რომელიც უამრავი განსხვავებული ადამიანისგან, განსხვავებული ჯგუფისგან შედგება და ერთმანეთის პატივისცემა, ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ

ამ პროცესის ყურება განსაკუთრებული განცდა იყო, ყოველთვის მემახსოვრება და მიხარია, რომ ამის ნაწილი ვიყავი.

სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც აზიანებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მუდმივად ისმოდეს პოზიტიური განცხადებები. ისინი საზოგადოების გაყოფას კი არ უწყობდნენ ხელს, შერიგებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება, რომელიც უამრავი განსხვავებული ადამიანისგან, განსხვავებული ჯგუფისგან შედგება და ერთმანეთის პატივისცემა, ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივ და სისხლის სამართლის დანაშაულებზე — იმის ნაცვლად, რომ მათ პასუხისგებაში აძლევდეს, ვხედავთ, როგორ ახალისებს ამ ჯგუფებს საკუთარი განცხადებებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ზიანი მოაქვს ამ უკანონოდ მოთარეშე ძალადობრივ ჯგუფებს ქვეყნისთვის. ამის მაგალითად შარშანდელი 5 ივლისი გავიხსენოთ — თუ სახელმწიფოს არ შეუძლია მართოს და შეაკავოს 5000 გაველურებული ადამიანი, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულები არიან, აქვთ კონკრეტული დავალებები და ჟურნალისტებსა და ქვიარ აქტივისტებს თავს ესხმიან, მაშინ რომელი ხელისუფლების სათავეში ყოფნაზე აქვთ ასეთ ადამიანებსა და პოლიტიკურ პარტიას პრეტენზია?! ეს ყველაფერი ძალიან კარგად იყო დაგეგმილი, მათ ინტერესებში შედიოდა და 5 ივლისის მონაწილეები დღემდე თავისუფლები არიან. მმართველი გუნდის რიტორიკით, ყოველთვის არის ვიღაც, ვინც ქართულ ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. სახელმწიფოს ნარატივი უნდა იყოს შემრიგებლური და არა მუდმივად კონფრონტაციისკენ მიმართული, ეს აზიანებს ქვეყანას, ამით ზიანდებიან ადამიანები. ვფიქრობ, უკრაინის ომმა ფართო საზოგადოებასაც ძალიან კარგად დაანახა, რომელი ძალა უქმნის საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ეს რეგიონებში ლტინფოს წინააღმდეგ გამართულმა აქციებმაც ცხადყო.

ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და მუშაობა ბევრი წინაღობით, გამოწვევითა და უსამართლობით არის სავსე და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროცესში საკუთარ თავსა და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

თამაზ სოზაშვილი
ფოტო: ვახო ქარელი

ასევე, უმნიშვნელოვანესია განათლების სფეროს როლი, სადაც ცალკე შეიძლება გამოვყოთ სკოლებში ჰომოფობიური ბულინგის პრობლემა. არ არსებობს არანაირი ეროვნული სტრატეგია, როგორ შეიძლება სკოლები ამას უმკლავდებოდნენ და უამრავ ახალგაზრდა ქვიარს უწევს ძალიან დიდი სირთულეების გავლა. აუცილებელია, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო სივრცე თითოეული ბავშვისთვის და ის უნდა იყოს ბულინგისგან, მათ შორის, ჰომოფობიური ბულინგისგან დაცლილი. უნდა მოხდეს ტრანსი ადამიანებისთვის გენდერის სამართლებრივი აღიარება, რომელიც ყველა პრობლემას ვერა, მაგრამ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ბარიერს მოხსნიდა. ეს არ საჭიროებს ბევრ რესურსს და მარტივად არის შესაძლებელი, თუმცა სახელმწიფო არც ამას აკეთებს. თეა წულუკიანი, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი იყო, ამ თემას იყენებდა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაციისთვის და ტრანსფობიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის უკეთებდა ინსტრუმენტალიზაციას.

მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ჯანდაცვის სერვისებზეც, რადგან ქვიარ ადამიანებს აქვთ ჯანდაცვის სპეციფიკური საჭიროებები და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფოს მოვალეობაა, აღმოფხვრას ყველა ის ბარიერი, რომლებიც ხელს უშლის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას.

ქვიარი

2016 წელს, საქართველოში რომ ვბრუნდებოდი, წარმოდგენილი მქონდა, რის გაკეთება მინდოდა და რას ვიზამდი. ამ დრომდე ისე მოვედი, რომ იმაზე მეტი “შემომეკეთებინა”, ვიდრე წარმოდგენილი მქონდა, თუმცა ამას აქვს თავისი ნეგატიური მხარეები — 5 წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება აქტივიზმმა შეჭამა და სხვა ცხოვრება არ მქონია. პირად ცხოვრებაზე, ოჯახზე, მეგობრებზე, საკუთარ თავსა და საჭიროებებზე, ყველასა და ყველაფერზე მაღლა ყოველთვის იდგა აქტივიზმი. ამან ბოლოს ძალიან რთულ შედეგებამდე მიმიყვანა — გადავიწვი. საბედნიეროდ, დროში ძალიან კარგად დაემთხვა ის, რომ სტიპენდია მოვიპოვე და სასწავლებლად შვედეთში წამოვედი, თორემ იმ მოცემულობითა და ენერგიით აქტივისტური საქმიანობის გაგრძელება რთულად წარმომედგინა. მოშვება მიჭირს, თუმცა ვცდილობ, მაქსიმალურად დავაბალანსო აქტივიზმი, მუშაობა, სწავლა, დრო დასვენებისა და გართობისთვის. ეს შვედეთში ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე საქართველოში, შესაბამისად, აქ სასწავლებლად გადმოსვლა ცალსახად კარგად აისახება ჩემს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე, პროდუქტიულობასა და ცხოვრების ხარისხზე.

მძიმე აქტივისტური გამოცდილების მიუხედავად, ცხოვრების ამ ეტაპზეც არ მინდა მუშაობის სხვა სფეროში გაგრძელება. ძალიან მსიამოვნებს და მაბედნიერებს ეს საქმე და შეიძლება ფართო მასშტაბისთვის შეუმჩნეველი, მაგრამ ჩემი პატარა წვლილი შემაქვს თუნდაც მიკროგარემოს გაუმჯობესებაში. ამისთვის იდეალური ადგილია Queer.ge, რომელიც შესაძლებლობას მაძლევს, ამ მიზანს ვემსახურო და თან ეპიცენტრში არ ვიყო. ქვიარი ნეიტრალურია და ყველა მხარეს — იქნება ეს განსხვავებული იდეოლოგიები, ორგანიზაციები, ჯგუფები, ინიციატივები — აძლევს საშუალებას, ისაუბროს, იმ ადამიანებსაც, ვისთანაც უთანხმოება მქონია. ეს არასდროს აისახება საქმეზე, არავისთან თანამშრომლობაზე უარს არ ვიტყვით — ჩვენ ვართ აქტივისტები, ეს ჩვენი ვალდებულებაა და ამის მჯერა.

ის, რაზეც შვედეთში არ ფიქრობ

შვედეთში ადამიანის უფლებებისა და სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსზე ვსწავლობ. ცხოვრება შვედეთსა და საქართველოში ქვიარისთვის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

შვედეთს ლგბტქი უფლებების ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა მოსახლეობის უმეტესობა ტერმინსაც კი ვერ წარმოთქვამს — არ იციან, მაგრამ იციან, რომ ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა, აქვს საკუთარი ცხოვრება და ამ ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვს. ჩვენთან აბსოლუტურმა უმრავლესობამ საზეპიროდ იცის, რას ნიშნავს “ლგბტ”, მაგრამ ძალიან ცოტას თუ ესმის, რომ სხვა ადამიანს პატივი უნდა სცე, მიუხედავად განსხვავებულობისა.

შვედეთში ლგბტქი ადამიანების სახით მტრის ხატი არ არსებობს და აქ ადამიანები თავისუფლად ცხოვრობენ, ეს ქვეყანა გაძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავისა და პოტენციალის რეალიზება შეძლო, საქართველოს კი ასეულობით ქვიარი და არა მარტო ქვიარი ტოვებს — სიძულვილისა და უპერსპექტივობის გარემოში ადამიანებს აღარ აქვთ სურვილი, მანდ გაჩერდნენ.

არამხოლოდ ამ მხრივ, ზოგადად, ყოველდღიურობაში ძალიან კარგად იგრძნობა, როგორ არის ამ ქვეყანაში გარემო ადამიანებსა და მათ განსხვავებულ საჭიროებებზე მორგებული. აქ სახლიდან გასვლის წინ, სარკეში ჩახედვისას არ ფიქრობ იმაზე, რამდენია იმის შანსი, რამე მოგაძახონ ან გზაზე ვიღაცებთან “კაჩაობა” და საქმეების გარჩევა მოგიწიოს.

უამრავი რამეა, რაზე ფიქრიც აქ საერთოდ არ გიწევს.

მე მგონია, რომ ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს. მე საკუთარი მისია ვიპოვე იმაში, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით, თუნდაც მიკრო სოციუმები შევცვალო უკეთესობისკენ. ამის კეთება რაღაცნაირად სიმპტომების მკურნალობას ჰგავს, რადგან მთლიანად ის სისტემაა შესაცვლელი, როგორც მთელი სამყარო მუშაობს. თუმცა ვხედავ, რომ შესაძლებელია ცვლილებებს იწვევდე მიკრო დონეზე და თან იმისკენაც გქონდეს გეზი, ეს სისტემა ამოატრიალო — სადღაც ამის იმედიც უნდა იყოს.

დავინახე ისიც, რომ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და მუშაობა ბევრი წინაღობით, გამოწვევითა და უსამართლობით არის სავსე და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროცესში საკუთარ თავსა და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

რას ვეტყოდი ქვიარებს?

ქვიარებს ვეტყოდი, რომ იკითხონ ქვიარი!  🙂

წინა

ქვიარ უტოპია — თანასწორობის მოძრაობამ ჟურნალ ეგალიტეს მეორე ნომერი გამოსცა

შემდეგი

ბალენსიაგამ ტვიტერის ანგარიში წაშალა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი