Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ მოდის სახლის მიერ ჩატარებული სარეკლამო კამპანიების გამო ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პირადად მოიხადა ბოდიში.
“მინდა, რომ პირადად მოვიხადო ბოდიში საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორი არტისტული არჩევანისთვის, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ და მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამაზე. არასწორი იყო ბავშვების გამოყენება ისეთი პროდუქციის სარეკლამოდ, რომელსაც ბავშვებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
რამდენადაც უნდა მომწონდეს ხანდახან პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა, არასდროს განმიზრახავს, რომ ისეთ საშინელ საკითხს შევხებოდი, როგორიც ბავშვებზე ძალადობაა და რომელსაც მე ვგმობ.
საჭიროა, რომ ამ შემთხვევისგან ვისწავლო, მოვუსმინო და ჩავერთო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში, რათა წვლილი შევიტანო და დავეხმარო ამ საშინელი საკითხის მოგვარებაში.
ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ამ ფოტოების ვიზულებმა შეურაცხყო. Balenciaga გარანტიას იძლევა, რომ მიიღებს ადეკვატურ ზომებს სამომავლოდ, არა მხოლოდ მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად, არამედ — იღებს ვალდებულებას ბავშვთა კეთილდღეობის ყველა შესაძლო გზით დასაცავად, რომლითაც შეგვიძლია”, — ვკითხულობთ დემნას პოსტში.
ქართველი დიზაინერი ბოდიშს იხდის იმ კამპანიების გამო, რომელთა ფარგლებში ორი სხვადასხვა ფოტოსესიის ფოტოები გახდა საჯარო. მათგან ერთმა, სახელწოდებით Balenciaga Gift Shop საზოგადოების კრიტიკა იმ ფოტოების გამო დაიმსახურა, რომლებზეც ბავშვები რბილი სათამაშოების ფორმის ხელჩანთებით პოზირებენ. ხელჩანთები ბრენდის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდანაა აღებული. კრიტიკოსებმა თვალებამოშავებული სათამაშო დათვები, გამჭვირვალე მაისურები და ტყავის სახელოები BDSM (აბრევიატურა, რომელიც იშიფრება როგორც დომინირება და მორჩილება, სადიზმი და მაზოხიზმი) აქსესუარებს დაუკავშირეს. ამავე ფოტოებზე ბავშვებთან ერთად ღვინის ჭიქებსაც ვხედავთ.
რაც შეეხება მეორე ფოტოსესიას, სახელწოდებით Garde-Robe, სარეკლამო ფოტოებზე ბავშვთა პორნოგრაფიაზე სასამართლო გადაწყვეტილებების ამობეჭდილი მასალები ფიქსირდებოდა. კერძოდ, ერთ-ერთი ფოტოზე, რომელიც Balenciaga-სა და Adidas-ის კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი ჩანთა ჩანს, ვხედავთ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სიაც ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ 2008 წლის საქმეებზე.
Balenciaga Gift Shop-ის ფარგლებში გადაღებული ფოტოები ბრენდმა თავისი ოფიციალური გვერდებიდან წაშალა და საჯაროდ მოიხადა ბოდიში, ხოლო Garde-Robe-ის შემთხვევაში ნიუ-იორკის სასამართლოს 25-მილიონიანი სარჩელით მიმართა. სარჩელი კომპანია North Six-ის წინააღმდეგაა მიმართული, რომელმაც აღნიშნული კამპანია განახორციელა. სარჩელის მიხედვით, Balenciaga დავობს, რომ კამპანიის ფარგლებში გადაღებული ფოტოები მათთან შეთანხმების გარეშე გავრცელდა და ბრენდსა და ბავშვთა პორნოგრაფიას შორის პარალელი გაავლო, რამაც საზოგადოებას არასწორი ასოციაცია შეუქმნა.