დაბრუნება საკუთარ სხეულთან — ლინდას ისტორია

არ მახსოვს, როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი, დიდი გარდატეხა არასდროს ყოფილა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო და რაღაც უნდა შემეცვალა იმისთვის, რომ საკუთარი სხეული, საკუთარი ხმა მეპოვა და დამეწერა საკუთარი ისტორია. სწორედ ამიტომ, 15 წლის ასაკში, ისე, რომ არც არაფერი ამიხსნია მშობლებისთვის, გავწყვიტე ოჯახთან კომუნიკაცია, წამოვედი სახლიდან და დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე.

დამოუკიდებელი ცხოვრება და ტრანზიციის პროცესის დასაწყისი

თავიდან ყველაფერი ძალიან რთულად მიდიოდა, ბევრი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა დამჭირდა — სად აღარ ვიცხოვრე, თბილისის თითქმის ყველა უბანში. მაშინვე მომიწია სექს სამუშაოში ჩაბმა. ყველაფერი უცხო იყო, პატარაც ვიყავი, ერთდროულად ბევრ რამეს განვიცდიდი — ახალი გარემო, ტრანზიციის პროცესი, ოჯახთან დაშორება, მაგრამ დღეს მაინც ამაყი ვარ, რომ ეს გზა ავირჩიე — რთული, მაგრამ ღირსეული.

ძალიან მეცინება, როცა ტრანზიციის პირველ ეტაპებს ვიხსენებ. საშინლად გამოვიყურებოდი, მაკიაჟის კეთება საერთოდ არ ვიცოდი, ალბათ ძალიან სასაცილო სანახავი ვიყავი, მაგრამ ძალიან მიხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს მე ვიყავი. ნელ-ნელა ყველაფერი გამიმარტივდა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება, სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე ჰორმონების თერაპია. ტრანსგენდერი ადამიანისთვის თავის მოვლა განსაკუთრებით რთულია, მით უმეტესს, როცა სექს სამუშაოში ხარ ჩართული.

შუშანიკ წამებულის ისტორია

სახელი ძალიან სპონტანურად შევარჩიე — ლინდა დავირქვი. მეგობრები კი შუშანიკს მეძახიან. ყოველთვის მიყვარდა ჰაგიოგრაფია და შუშანიკ წამებული, ჩემთვის მისი ისტორია ძალიან ახლობელი იყო. მასაც ჩვენსავით, ტრანსგენდერი ადამიანებივით რთული და წინააღმდეგობრივი გზა ჰქონდა, ბევრი რამის გამოვლა მოუწია, ბევრი დამცირების, შეურაცხყოფის, თუმცა მაინც მტკიცე იყო და არ გადაუხვევია თავისი გზიდან. ტრანსგენდერი ქალების ცხოვრებაც ასეთია — ჩვენთანაც ბევრია დამცირება, სისხლი, ღალატი, თუმცა ჩვენ მაინც არ ვნებდებით და ვცდილობთ გადარჩენასა და განვითარებას.

ყველაზე რთული ტრანზიციის პროცესში ალბათ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებაა. ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლა მენტალურად და ფიზიკურად ისედაც ძალიან რთულია, დიდ ნებისყოფას და ძალისხმევას მოითხოვს და კიდევ უფრო რთულდება საქმე, როცა საზოგადოების დამოკიდებულება ემატება. ვეღარ ხვდები, რომელ ერთზე ინერვიულო — იმ პროცესებზე, რისი გავლაც გიწევს თუ ხალხის რეაქციებზე.

ტრანსგენდერი ადამიანების გარშემო არსებული სტიგმები

ტრანსგენდერი ადამიანების გარშემო უამრავი სტიგმა არსებობს, საზოგადოების უმრავლესობას არ უნდა აღიაროს, რომ ჩვენც გაგვაჩნია უფლებები და ჩვენთვისაც არის ყველა ის სიკეთე, რითაც სარგებლობს დანარჩენი საზოგადოება. მათთვის გაურკვეველი არსებები ვართ, რომლებსაც ვერავინ, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ უპოვა ადგილი. თითქოს ჩვენი ფუნქცია მხოლოდ სექსუალური მომსახურების გაწევაა. ეგზოტიკური არსებებად აღგვიქვამენ, მუდმივად ხდება მედიით თუ სხვა საშუალებებით ჩვენი დემონიზება. თემის წევრებსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ასე თუ ისე მგრძნობელობა აქვთ ლგბტქ+ საკითხებზე, უჭირთ აღიარონ, რომ ჩვენც ქალები ვართ.

ძალიან მიჭირს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის რამე რჩევის მიცემა. შემიძლია ვუთხრა, რომ მოლოდინი არ ჰქონდეთ, რომ მარტივი გზა იქნება — აუცილებლად მოგიწევთ უამრავი დაბრკოლების გადალახვა და ამისთვის მზად უნდა იყოთ, ძალიან მტკიცე უნდა იყოთ და გჯეროდეთ საკუთარი თავის. მიუხედავად ბევრი დამცირებისა, არ ვნანობ ამ ნაბიჯს. კაცად დარჩენა უფრო რთული იქნებოდა ჩემთვის, ტყუილში ცხოვრებას მწარე სიმართლეში ცხოვრება მირჩევნია.

სამომავლო გეგმები

სანამ ოჯახიდან წამოვიდოდი, მებაღეობა მიტაცებდა, მომწონდა მცენარეებზე ზრუნვა და მოვლა. ამ ეტაპზე სამომავლო გეგმები არ მაქვს, სექს სამუშაომ მთელი ჩემი ცხოვრება თითქოს ჩაყლაპა, დრო აღარ მრჩება იმისთვის, რომ მომავალზე ვიფიქრო, გეგმები დავსახო და თუნდაც მინიმალური გავაკეთო ამ გეგმების შესრულებისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, ყოველთვის ასეთი ცხოვრება არ მინდა. უფრო მშვიდ და წყნარ ცხოვრებას ვისურვებდი, ნაკლები რისკებით და სირთულეებით. 18 წლის ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი წინ არის, ბევრი რამ მელოდება.

წინა

მორიგი დრეგ მეჯლისი “All Stars” 30 დეკემბერს გაიმართება

შემდეგი

პოლიტიკური იდეოლოგიების ზოგადი მიმოხილვა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი