/

გზა ანდერგრაუნდ სცენიდან დიდ სცენამდე — MADLENA

მე ვარ მადლენა, ქვიარ არტისტი და შემსრულებელი. ჩემი მთავარი ინსპირაცია არის ჩემი გრძნობები და ემოციები, ყოველთვის ვცდილობ, მოვუსმინო ჩემს სურვილებს, უკეთ გავიცნო საკუთარი თავი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი შთაგონება არის ის ოცნებები და სურვილები, რომლებიც ყოველთვის ჩემთან იყო — ადრეული ასაკიდან ვცეკვავ, ვიყავი ქორეოგრაფი, დიზაინერი. ახლა იმის დრო დადგა, რომ დიდ სცენაზე დავდგე და მუსიკალური კომპოზიციებით მოვყვე ჩემი ისტორია.

ვარსკვლავის დაბადება და სიყვარულის მანიფესტაცია

მადლენა დიდი ხანია არსებობს, უბრალოდ, ის ცხოვრობდა მხოლოდ ღამის ცხოვრებით. მადლენა იყო ანდერგრაუნდ სივრცეების ნამდვილი დივა, რომელიც ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში, ხვდებოდა უამრავ ადამიანს და მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება და დაფასება არასდროს აკლდა არც ქართულ და არც არაქართულ სივრცეებში, ის არ იყო შემსრულებელი და არტისტი — მადლენას ცხოვრება მზის შუქზე მთავრდებოდა.

მეგობრები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ნიჭი და ენერგია მხოლოდ ანდერგრაუნდ სივრცეებში არ უნდა დახარჯულიყო და ფეხი უნდა დამედგა დიდ სცენაზე, რის გამოც მათი ძალიან მადლიერი ვარ. ამ ძალიან ნიჭიერმა ადამიანებმა: დათუნა სულიკაშვილმა, გრიგორ დევეჯიემმა, ირაკლი რუსაძემ მიბიძგეს, რომ მადლენა მიწისქვეშეთიდან ამოსულიყო და გამხდარიყო მსოფლიო ვარსკვლავი. თავიდან ცოტა შემეშინდა, რადგან ყველა საქმეს ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, მაგრამ იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი მათგან, რომ ძალიან მალევე გაქრა ყველა შიში.

ძალიან იღბლიან ადამიანად ვთვლი თავს, რადგან ჩემს პირველ სინგლზე საქართველოში ყველაზე წარმატებულმა ვიდეომეიქერმა და კომპოზიტორმა, გრიგორი დევეჟიევმა და სტეფანემ იმუშავეს. სტეფანემ შექმნა კომპოზიცია, ხოლო გრიგორიმ მუსიკალური ვიდეო გადაიღო და ასე გაჩნდა MANIFEST. ის ზუსტად ასახავს ჩემს პიროვნებას, ტრანსგენდერი ქალის მებრძოლ და დაუმორჩილებელ სულს, რომელიც სიყვარულის მანიფესტაციას აკეთებს პოლიტიკური ტრიბუნიდან. ეს სიმღერა ჩემი სავიზიტო ბარათია და ჰყვება ძლიერი ქალის ისტორიას, რომელსაც შეუძლია საკუთარ უფლებებზე და საჭიროებებზე საუბარი, რომელიც მოითხოვს მშვიდობას, თანასწორობას და ერთმანეთის პატივისცემას.

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი და პირველი შეხვედრა გულშემატკივრებთან

მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაცია ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შედგა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რამხელა ნაბიჯს ვდგამდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ამ ყველაფერზე ფიქრისთვის დრო არ გვქონდა, თუმცა დღეს, კლიპის პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ,ვხვდები, რომ სინამდვილეში ძალიან დიდი მოვლენა იყო ქართულ რეალობაში მადლენას გამოჩენა და ის, რომ თბილისის ყველაზე ძველ და ისტორიულ საკონცერტო დარბაზში ტრანსგენდერი ადამიანის კლიპის პრეზენტაცია შედგა. საღამომ მშვიდობიანად ჩაიარა, არ ყოფილა არანაირი აგრესია. პირიქით, მივიღე უამრავი დადებითი ენერგია ჩემი გულშემატკივრებისგან. სხვა მოლოდინი არც მქონია, რადგან ეს სიმღერა ძალიან დიდი სიყვარულით შეიქმნა და მჯეროდა, რომ შედეგიც აუცილებლად დადებითი იქნებოდა.

უფრო დიდი გამოწვევა Monohall-ის საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტი იყო, რომელსაც სამი ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ძალიან ვნერვიულობდი, მოლოდინიც მქონდა, რომ ბევრი ჰომოფობი ადამიანი იქნებოდა, თუმცა ამ საღამომაც მშვიდობიანად ჩაიარა. რატომღაც ჩემ მიმართ ყოველთვის დადებითი განწყობაა, სიყვარული სულ თან დამყვება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ლგბტქი ადამიანის ისტორია იგივეა. ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჰომოფობია განსაკუთრებით მძვინვარებს, თუმცა მე მაინც მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, მადლენაც ამის დასტურია ჩემთვის. მონოჰოლში სიმღერას მოვრჩი თუ არა, ჩემთან უამრავი ადამიანი მოვიდა, იღებდნენ ფოტოებს, მათ შორის, ბევრი სთრეითი ადამიანი ან ისეთები, ვისზეც შორიდან ვიცოდი, რომ არ იყვნენ კეთილგანწყობილი ქვიარ ადამიანების მიმართ. ის ღამე განსაკუთრებული იყო ჩემთვის, ერთგვარი ნიშანი, რომ აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა ჩემი საქმის კეთება და წინსვლა.

ქართული ანდერგრაუნდ სივრცეები და სწრაფად ცვლადი რეალობა

ქართული ანდერგრაუნდ კულტურა 90-იანი წლებიდან იწყება. მეგობრებთან ერთად გავხსენი პირველი ქართული გეი კლუბი აურა, სადაც სხვადასხვა არტისტთან, მათ შორის, ირაკლი ჩარკვიანთან ერთად ვაკეთებდით შოუებს, ვუკრავდით ტექნოს ჟანრის ელექტრონულ მუსიკას. თავიდან ამ ყველაფერს ბევრი წინააღმდეგობა მოჰყვა, თუმცა მალევე აურა ყველასთვის საყვარელ ადგილად იქცა და უამრავი ადამიანი გააერთიანა. ვის აღარ ნახავდით იქ — ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანებს, ყოფილ ჩინოვნიკებს, გეებს, ლესბოსელებს. ჩვენს სივრცეში ყველა ახერხებდა საერთო ენის გამონახვას და იშვიათად იქმნებოდა რამე პრობლემა. პრობლემა მხოლოდ პოლიციისგან გვქონდა, თუმცა საბოლოოდ, ვერც მათ შეგვაშინეს და მაინც ვაკეთებდით ივენთებს.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დღეს უკვე ძალიან ბევრი ქვიარ ადამიანია ჩვენ გარშემო და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ვიღებ უამრავ წერილს მათგან და ჩემიანებად აღვიქვამ. გაჩნდა უამრავი ახალი სივრცე ქვიარ ადამიანებისთვის, მათ შორის Drag Ball, სადაც ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება გამოავლინონ საკუთარი თავი, გამოხატონ გრძნობები და ისაუბრონ იმ პრობლემებზე თუ გამოწვევებზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მაბედნიერებს, რომ ყველაფერი სწრაფად იცვლება და ამ ცვლილების ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ.

მადლენა სცენის მიღმა და სამომავლო გეგმები

მადლენა სცენის მიღმაც ზუსტად ისეთივეა, როგორც სცენაზე. ალბათ იმიტომაც მაქვს ამხელა სიყვარული ადამიანებისგან და წარმატება, რადგან არ ვთამაშობ და არ ვიტყუები, ვარ ის, რაც ვარ. ამ ყველაფრისთვის ბევრი წელი, ბევრი შრომა და ბევრი ენერგიის დახარჯვა მომიწია. მაყურებელიც გრძნობს ამას. ამჯერად ვმუშაობ კიდევ ორ სიმღერაზე, ერთ-ერთი იქნება თურქულ ენაზე და გათვლილია თურქი მსმენელებისთვის, მეორე კი გერმანიისთვის. გაჩერებას არ ვაპირებ, მინდა, წინსვლა არასდროს შევწყვიტო.

ბევრი წლის შემდეგ, ადამიანებმა მინდა ჩემგან მაგალითი აიღონ და დამინახონ მებრძოლ და რევოლუციურ პიროვნებად, რომელსაც არ აშინებს საზოგადოების წნეხი, ნორმები თუ საზღვრები. მინდა, რომ მაგალითი ვიყო ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც ეშინიათ დიდი ნაბიჯების გადადგმის, ეშინიათ საკუთარი თავის უკეთ გაცნობის, მიღების, აღიარების. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მეუბნება, რომ ჩემმა ისტორიამ და შემოქმედებამ ბიძგი მისცა, უფრო უკეთესები გამხდარიყვნენ. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის.

ტექსტის ავტორი: ზურა აბაშიძე

წინა

შეძრწუნებული იმ კაცის ქმედების გამო კი არ ვარ, ხალხი რომ აქეზებდა, ეს იყო საშინელება — ლუკა აბლოთია

შემდეგი

მწვანეები ქვიარ და ფემინისტურ პარტიას აფუძნებენ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,