გენდერის აღიარების ევროსაბჭოს სტანდარტი

სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი

გენდერის სამართლებრივი აღიარება, როგორც იდენტობის განსაზღვრის  საფუძველი

ტერმინი ,,გენდერის სამართლებრივი აღიარება“ გულისხმობს კანონებს, ადმინისტრაციულ პროცედურებს და პროცესს, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია შეიცვალოს სქესი/გენდერის მარკერი და სახელი  ოფიციალურ  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში[1]. გენდერის სამართლებრივი აღიარება  მნიშვნელოვანი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი და იდენტობის განსაზღვრის არსებითი საფუძველია. გენდერის სამართლებრივი აღიარება თვითგამორკვევასთან ერთად, პირის ინდივიდუალური გადაწყვეტილებისა და არჩევანის პატივისცემას უკავშირდება.

,,გენდერის სამართლებრივი აღიარების“ პროცედურის არარსებობა ან/და მისი გაუმჭვირვალე წესი  მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გზაზე[2]. განსაკუთრებულ დაბრკოლებებს ტრანსგენდერი ადამიანები აწყდებიან მაშინ, როდესაც პირის გენდერული იდენტობა მის პირადობის დამადასტურებელ მონაცემებში არსებულ ჩანაწერს არ ემთხვევა. გენდერის სამართლებრივი არაღიარების პოლიტიკა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული და ჰომოფობიური მოპყრობის გამოვლინებაა.  ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული და ჩაგვრაზე დაფუძნებული პოლიტიკა ახალისებს ძალადობას და სტიგმას მათ მიმართ[3]. ტრანსგენდერ ადამიანებს ერთმევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში, რომელიც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენებას მოითხოვს. მათ ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის, შრომისა და გადაადგილების უფლებები, რაც ასევე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობას ართმევს. ტრანსგენდერ ადამიანებს დაბრკოლებები ექმნებათ საბანკო მომსახურების, პერსონალური მონაცემების დაცვის და უმაღლეს  და პროფესიულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას.

იოგაკარტას მე-3 პრინციპის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია  ადამიანების კანონისმიერი აღიარება მოახდინოს. განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები დაუბრკოლებლად უნდა სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროთი[4].

ევროსაბჭოს სტანდარტი ტრანსგენდერი პირების სქესის/გენდერის შეცვლასთან დაკავშირებით

ევროსაბჭოს რეკომენდაციის მე-20  პარაგრაფის  თანახმად „წინასწარი მოთხოვნები, ფიზიკური ბუნების ცვლილებათა ჩათვლით, სქესის შეცვლის სამართლებრივი აღიარებისათვის, რეგულარულად უნდა განიხილებოდეს, რათა ამოიღონ შეურაცხმყოფელი მოთხოვნები.“[5] მითითებული რეკომენდაცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გააუქმონ ძალადობრივი მოთხოვნები სქესის შეცვლის სამართლებრივი აღიარებისთვის.

2015 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები განსაზღვრა[6].  რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის  სწრაფი, მოქნილი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურის შექმნას, რომელიც თვითიდენტიფიკაციის პრინციპის საფუძველზე განხორციელდება. მითითებული პროცედურა ტრანსგენდერ ადამიანებს საშუალებას მისცემს, შეიცვალონ რეგისტრირებული სქესი  მაიდენტიფიცირებელ ოფიციალურ დოკუმენტებში. ევროსაბჭოს რეზოლუცია დისკრიმინაციულად მიიჩნევს ტრანსგენდერი ადამიანების დავალდებულებას, გაიარონ სტერილიზაცია, სამედიცინო მკურნალობა ან წარადგინონ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობა  გენდერის სამართლებრივი აღიარების მიზნით[7].

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გენდერის სამართლებრივი აღიარების  საკითხს ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება) ფარგლებში განიხილავს. გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საერთო ევროპული კონსენსუსი, რაც ქვეყნების მიხედვით განსხვავებულ რეგულაციებში ვლინდება. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეზე დაუდგენია კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, როდესაც სახელმწიფო პირს დაბადების რეგისტრაციის ჩანაწერში ახალი გენდერის  აღიარების შესაძლებლობას უზღუდავდა. 2017 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა საქმე – Garcon and Nicot v France, რომელიც სამი ტრანსგენდერი ქალის უფლებადარღვევის შემთხვევას შეეხებოდა. საფრანგეთის ეროვნული კანონმდებლობა გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის ტრანსგენდერ ადამიანებს უნდა ჩაეტარებინათ სამედიცინო და ქირურგიული მკურნალობა, რაც მაღალი ალბათობით, სტერილიზაციას გულისხმობდა[8]. ფაქტობრივად, საფრანგეთის ხელისუფლება მომჩივნებს აიძულებდა ემტკიცებინათ, რომ ისინი დაავადებულნი იყვნენ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული აშლილობით, რაც მათ ღირსებას ლახავდა.  ამასთანავე, მომჩივნები დამამცირებელ მოპყრობად მიიჩნევდნენ საფრანგეთის ეროვნული სასამართლოების მოთხოვნას, რომელთაც მათ დაბადების მოწმობაში სქესის აღნიშვნის წინაპირობად ტრავმატული  სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება დააწესეს, რაც დამამცირებელ მოპყრობას უთანაბრდებოდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ,,ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის აღიარების პირობად სტერილიზაციის ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ან მკურნალობის დაწესება, რასაც, მაღალი ალბათობით, შედეგად მოჰყვება სტერილიზაცია, რისი სურვილიც მათ არ აქვთ, შესაბამისად, იწვევს კონვენციის მე-8 მუხლით დაცული მათი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ისეთ განხორციელებას, რაც გამორიცხავს ამ მუხლით დაცულ ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, რაც დაცულია იმავე მუხლითა და ასევე კონვენციის მე-3 მუხლით“.[9] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, სტერილიზაციის მოთხოვნა ლახავდა გენდერული თვითგამორკვევის უფლებას და ტრანსგენდერი ადამიანების მორალური და ფიზიკური მთლიანობის დაცვას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა მეორე მნიშვნელოვანი საქმე –CHRISTINE GOODWIN v. THE UNITED KINGDOM,  სადაც განმცხადებელი ჩიოდა, რომ   ოფიციალურ დოკუმენტებში  გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაცია შეუსაბამო იყო მის რეალურ გენდერულ იდენტობასთან, რაც მას ართმევდა დასაქმების, სოციალური უზრუნველყოფის, პენსიისა და ქორწინების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.[10] ევროპულმა სასამართლომ საქმეზე კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა და ტრანსგენდერი ადამიანების სოციალური მიმღებლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წელს საქართველოს წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე – ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ სამი ტრანსგენდერი კაცის საჩივარი  დააკმაყოფილა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა. მომჩივნებმა ევროსასამართლოს იმ საფუძვლით მიმართეს, რომ მათ საქართველოში საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარება ვერ მოახერხეს, ვინაიდან  სქესის შეცვლის ოპერაცია არ ჰქონდათ ჩატარებული. თავის გადაწყვეტილებაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში სქესის ცვლილების უფლება საქართველოში 1998 წლიდან არსებობდა, ფაქტობრივად, არ ყოფილა გენდერის წარმატებული სამართლებრივი აღიარების არცერთი შემთხვევა“. მან ასევე განაცხადა, რომ „მოქმედი ადგილობრივი კანონმდებლობის უზუსტობამ ხელი შეუშალა პრაქტიკაში გენდერის სამართლებრივი აღიარების ხელმისაწვდომობას, ხოლო მკაფიო სამართლებრივი ბაზის არარსებობამ ადგილობრივ ხელისუფლებას გადაჭარბებული დისკრეციული უფლებამოსილება მიანიჭა, რასაც განაცხადების განხილვისას, შესაძლოა, თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება მოჰყვეს“.[11]

ქართული კონტექსტი

საქართველოში გენდერის სამართლებრივი აღიარება სამედიცინო პროცედურებს უკავშირდება. რეალობაში არ არსებობს რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ამ საკითხს დეტალურად არეგულირებს და ქმნის ადეკვატურ სამართლებრივ შესაძლებლობებს იმ ტრანსგენდერი ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ, შეცვალონ სქესის შესახებ ჩანაწერი  საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში[12].

საერთაშორისო კონტექსტი

ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, უნგრეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონაკოში, რუსეთსა და სან მარინოში არ არსებობს სამართლებრივი და ადმინისტრაციული  პროცესი გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ. დამატებით,  ბულგარეთში, უნგრეთსა და რუსეთში მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც აბსოლუტურად  შეუძლებელს ხდის გენდერის სამართლებრივ აღიარებას.

გენდერის სამართლებრივი აღიარება თვითგამორკვევის საფუძველზე ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: ბელგია, დანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი და შვეიცარია.

გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სტერილიზაციის მოთხოვნა არსებობს შემდეგ ქვეყნებში:  ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, საქართველოში, უნგრეთში, ლატვიაში, რუმინეთში, რუსეთში, სლოვაკეთში და თურქეთში.

გენდერის  აღიარებისთვის სამედიცინო ჩარევა მოითხოვება 29 ქვეყანაში, ქირურგიული ოპერაცია – 20 ქვეყანაში.

მსოფლიოს 35 ქვეყანა ტრანსგენდერი  ადამიანებისგან მოითხოვს ,,გენდერული აშლილობის“ დიაგნოზს  ან ფსიქოლოგიურ დასკვნას გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის. დეპათოლოგიზაცია მოქმედებს მხოლოდ ისლანდიასა და მალტაში.

ტრანსგენდერ ადამიანებს სამართლებრივად შეუძლიათ სახელის შეცვლა 37 ქვეყანაში.[13]

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები

ტრანსგენდერ ადამიანებს მათ მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობისთვის (გენდერის აღიარებისთვის რეპროდუქციულ ორგანოებზე ქირურგიული ოპერაციების ჩატარება)  საჩივრით/განაცხადით შეუძლიათ მიმართონ გაეროს  ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს, წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, ადამიანის უფლებათა კომიტეტს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. თუ გაეროს კომიტეტების მიერ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება უფლების დარღვევის დადგენის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2157-ე მუხლის  თანახმად ,,ქონებრივი ზიანის ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა“. ამავე მუხლის თანახმად, ,,პირი ან მისი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს წარუდგენს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში“.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მსხვერპლმა საჩივარი უნდა შეიტანოს ეროვნულ დონეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების თარიღიდან ოთხი თვის ვადაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად „თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება,  ხოლო შესაბამისი ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდა სამართალი  დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივ გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.

[1] Information is available at: https://ilga.org/news/united-nations-legal-gender-recognition-self-identification/

[2] გენდერის შეცვლა – ბარიერი ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების რეალიზაციისთვის, ISFED, მაისი, 2020.

[3] P. McQueen,  Subjectivity, Gender and the Struggle for Recognition 2015th Edition.

[4] იოგაკარტას პრინციპები, https://yogyakartaprinciples.org/principles-en/about-the-yogyakarta-principles/

[5] მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2010)5. https://search.coe.int/cm?i=09000016807379f6

[6] Discrimination against transgender people in Europe, Resolution 2048 (2015), https://assembly.coe.int/nw/xml/xref/xref-xml2html-en.asp?fileid=21736

[7] ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის რეზოლუცია (2048).

[8] Garcon and Nicot v France, https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-172913

[9] პარაგრაფი: 131.

[10] გენდერის შეცვლა – ბარიერი ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების რეალიზაციისთვის, ISFED, მაისი, 2020.

[11] ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/517291

[12] ქალთა უფლებების კანონმდებლობის შეფასება – კვლევა – 2021, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, https://ghrn.ge/info/490/

[13] ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://rainbowmap.ilga-europe.org/categories/legal-gender-recognition/

წინა

სიამაყე და ცრურწმენა

შემდეგი

ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლება

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ