მულტიდისციპლინურმა კრეატიულმა ინსტიტუციამ, Mother Goods-მა “გეი სისხლის” გამოყენებით დამზადებული საღებავების გაყიდვა დაიწყო, რათა აშშ-ში დღემდე არსებულ არქაულს კანონს შეეწინააღმდეგონ, რომელიც სხვა კაცებთან სქესობრივ კავშირში მყოფ კაცებს სისხლის დონაციაზე შეზღუდვებს უწესებს.
კრეატიული ციფრული მაღაზია “მსოფლიოს გაუმჯობესებას” ცდილობს, მათივე სიტყვებით, “ზოგჯერ უბრალოდ სულელური, მარგინალური გზებით”, ამიტომ ხელოვან სტიუარტ სემპლთან გაერთიანდნენ და ორგანიზაციის გეი თანამშრომლების სისხლის გამოყენებით შექმნილი მელნისა და საღებავების გაყიდვა დაიწყეს. აღნიშნული წამოწყებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ნიუ იორკში არსებული ლგბტქი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციაში.
მათი თქმით, სისხლი არის საშუალება, რომ გააპროტესტონ შეზღუდვები. ორგანიზაციის სურვილია, ნახატებში, გრაფიტებში თუ სხვადასხვა ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ წერილებში “გეი სისხლის” გამოყენებით, ხელი შეუწყონ სისხლის დონაციაზე დაწესებული აკრძალვების გაუქმებას.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის 1983 წელს შემუშავებული გზამკვლევით, იმ კაცებს, რომლებსაც კაცებთან ჰქონდათ სექსი, სისხლის დონაცია შეეზღუდათ. 80-იანი წლების აივ-შიდსის ეპიდემიის შოკისგან გამოწვეული აკრძალვების საჭიროება დღეს უკვე აღარ არის, ამიტომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა სისხლის გაცემაზე სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს. თუმცა, აშშ-ში აღნიშნულ პროგრესს დღემდე ვერ მიაღწიეს — იმ კაცებს, რომელთაც სქესობრივი კავშირი სხვა კაცებთან აქვთ, სისხლის გაცემა ბოლო სექსიდან 3 თვის გასვლის შემთხვევაში შეუძლიათ.