ქვიარს დაუკავშირდა აზერბაიჯანელი ტრანსგენდერი ქალი, ჰაიატი. მისი თქმით, მას უკანონოდ დევნის ადგილობრივი პოლიცია.
ჰაიატის განმარტებით:
“ყველაფერი მარტის თვეში, სუპერმარკეტის ქსელ “ბრავოში” მომხდარ ინცინდენტს მოჰყვა. აღნიშნულ ინცინდენტში მონაწილე, ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე მოვიდა ბინაში, როგორც კლიენტი, ტრანსგენდერ ქალთან, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ. მისი მოსვლიდან 1-2 საათში, ჩვენ საცხოვრებელ ბინაში პოლიციამ მოაწყო რეიდი. მე იმ დროისთვის სახლში არ ვიმყოფებოდი. პოლიციამ დააკავა სავარაუდო დამნაშავე და ასევე დააპატიმრა ჩემი მეგობარი, წაუყენა ბრალი ნარკოდანაშაულში, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამავდროულად პოლიციამ გაჩხრიკა სახლი და ამოიღო იქიდან ჩემი პირადი ნივთები – საზღვარგარეთის პასპორტი, დაბადების მოწმობა, სამხედრო დოკუმენტი და ნოუთბუქი. ამის შემდგომ პოლიციამ, უკანონო ფორმატით, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, მოითხოვა ჩემგან ჩამებარებინა ნარკოტესტი, რაც მე გავაკეთე. მე ასევე დამკითხეს, მოწმის სტატუსით პროკურატურის ოფისში. აგვისტოს თვეში პოლიციამ ისევ დამიბარა, დამიბრუნეს ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები, თუმცა ამჯერად ჩამომართვეს პირადი ტელეფონი. მიზეზად დაასახელეს ის, რომ აპირებენ ჩემ დაბარებას სასამართლოში. დარწმუნებული ვარ ისინი გეგმავენ ჩემ წინააღმდეგ ცრუ ბრალდებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, მე გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება, რადგან შეშინებული ვარ და ვფიქრობ, რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია.”