/

ძველ წიგნს ვხურავ და ახალს ვშლი, რომელსაც მე თვითონ დავწერ – ინტერვიუ დავით კელბერაშვილთან (David Kelber) 

 

ოჯახი

დავიბადე თბილისში 1989 წლის 22 ნოემბერს. თავიდან ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. როგორც ამბობენ ხოლმე, ნორმალურ ოჯახში ვიზრდებოდი. რაღაცა პერიოდი მე და ჩემს დას ბებია გვზრდიდა და ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება დედის ემიგრაციიდან დაბრუნებაა. ალბათ, როგორც ბევრ გეი ბიჭს, მეტად გოგოებთან მსიამოვნებდა თამაში. ამის გამო ბულინგის მსხვერპლიც ვყოფილვარ არა მხოლოდ თანატოლებისგან, არამედ ოჯახის წევრების მხრიდანაც. ამიტომ ხშირად ვიკეტებოდი საკუთარ ოთახში. გარეთ გასვლა, სხვა ბავშვებთან ურთიერთობა არ მინდოდა. თუმცამ ამან სხვა რაღაცები აღმომაჩენინა, მაგალითად, საკუთარ თავთან ყოფნით მიღებული სიამოვნება. ბევრს ვკითხულობდი და ძირითადად ვხატავდი, ჩემი სამყარო მქონდა ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლაღი ბავშვი ვიყავი, ამავდროულად ძალიან სენსიტიური და სითბოს მოყვარული, სითბოს ნაკლებობა მქონდა და მის ძიებაში ვიყავი სულ – განსაკუთრებით ოჯახური სითბო მენატრებოდა. 

ახლა უკვე ორივე მშობელი გარდაცვლილი მყავს. 3 წლის წინ ერთმანეთის მიყოლებით წავიდნენ. მამა მოქანდაკე მხატვარი  იყო. დედაც ხელოვანი იყო – მსახიობი, რეჟისორი და ასევე ინგლისური ენის სპეციალისტი. ორივემ საკუთარ საქმიანობაში რეალიზება წარმატებით მოახერხა. დედა შრომით ემიგრაციაში იყო წასული ჩემი ბავშვობის ადრეულ პერიოდში, დაბრუნების შემდეგ კი აქ გააგრძელა მუშაობა. მამასთან ურთიერთობა ვერ აეწყო. თუმცა იყო რაღაც მომენტები, განსაკუთრებით ბოლოსკენ, როდესაც ავად გახდა და მასთან გადავედი საცხოვრებლად.  

საკუთარი თავის მიღება

ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ სხვებისგან განსხვავებული ვიყავი. კარგად მახსოვს ის სტრესი, როდესაც დავრწმუნდი, რომ სხვანაირი ვიყავი, დაახლოებით 13-14 წლის ასაკში. თავიდან ბიჭების მიმართ გაჩენილ სიმპათიებს, მოწონებებს ვბლოკავდი. ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა… ეკლესიას ვაფარებდი თავს, ვფიქრობდი რომ ეს მიშველიდა და გადამარჩენდა. 

საქართველოში, ქვიარ ადამიანს, სტრესი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაქვს. დასაწყისში ეს შენივე ოჯახში კონფლიქტებიდან მოდის, ნათესავებთან, შემდეგ ქუჩაში გასვლის დროს, შენი გარეგნობის, ჩაცმულობის გამო. იმდენ ნეგატივს იღებ. ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემს ფსიქიკაზე და პიროვნებაზე – საკუთარ თავთან გამომკეტა, ძალიან მიჭირდა ადამიანებთან კომუნიკაცია, ადამიანებთან კონტაქტის, ურთიერთობის შიშიც კი მქონდა. ასევე ქუჩაში გავლის შიში, განსაკუთრებით თუ მარტო ვიყავი, მიჭირდა. 

სკოლას რომ ვამთავრებდი ამ პერიოდში გავიცანი რამდენიმე ქვიარ ადამიანი და მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი დედამიწაზე, როგორც ხდება ხოლმე. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და იქ ვიგრძენი ძალიან დიდი თავისუფლება, მივხვდი, რომ ყველაფერი სისულელე იყო რასაც აქამდე ვფიქრობდი, ეკლესიაში სიარულიც და სუიციდზე ფიქრიც. სხვათაშორის აქტიურად მეფიქრებოდა სუიციდზე. მივხვდი, რომ ნორმალური ვიყავი და არ ხდებოდა ჩემს თავს არანაირი კატასტროფა. 

ასეთ გარემოში ძალიან გაძლიერებს ის, რომ შენ თავად ირჩევ შენ საკუთარ ქვიარ ოჯახს. მეც ასე მოვძებნე ჩემი ოჯახი, ჩემი ქვიარ მეგობრები, რომლებმაც მიმიღეს, თავდაჯერებულობა შემმატეს. 

 

სწავლა 

სამხატვრო აკადემიაში ყველა მაინც როგორც მამაჩემის შვილს, ისე მიცნობდა და ეს არ იყო სასიამოვნო. როდესაც მამაშენი სამხატვრო აკადემიაში ლექტორად მუშაობს ამ დროს შენგან უფრო მეტს ელიან, უფრო მეტს ითხოვენ. 

ლექტორებიდან ერთი ფერწერის ლექტორი დამამახსოვრდა კარგად, რომელსაც სხვა ლექტორებისგან განსხვავებული სწავლების მიდგომები ჰქონდა. ის ცდილობდა ფსიქოლოგიც ყოფილიყო ჩვენთვის, ფერწერის გარდა ძალიან ბევრ თემაზე ვსაუბრობდით. ვფიქრობ, რომ თვითონაც ქვიარი იყო, უბრალოდ ამას არ ამჟღავნებდა. ჩვენზეც, რა თქმა უნდა, ბევრზე ხვდებოდა და ჩვენთან, ქვიარებთან რაღაცნაირი უფრო ახლო დამოკიდებულება ჰქონდა და ისეთი, უფრო ღრმა საუბრები გვქონდა. 

 

შემოქმედება

როგორც არტისტი სხვადასხვა მედიუმებში ვმუშაობ – ვარ ილუსტრატორი, გრაფიკული დიზაინერი და სთრით არტისტი. მიყვარს ქუჩაში ხატვა, მიყვარს დიდ ფორმატებზე და დიდ კედლებზე ხატვა. ქუჩაში ხატვა იმით არის განსხვავებული, რომ ყველას შეუძლია შენი ნამუშევრის ნახვა, შეფასება. ქუჩაში პირველი ნახატი 2015 წელს ფაბრიკის კედელზე დავხატე. ამის შემდეგ უკვე აქტიური პერიოდი დამეწყო, როდესაც სულ ვცდილობდი ქუჩაში რამე დამეხატა. შევუერთდი შემოქმედებით ჯგუფს ნიკოს და მათთან ერთად მოვხატე რამდენიმე კედელი საქართველოში. 

აქტიური მუშაობის მიუხედავად, მაინც არ მგონია, რომ ჩვენ საზოგადოებამდე ჩემი მესიჯების მიტანა მოვახერხე. ძალიან ბევრ წინაღობას ვაწყდებოდი მუშაობისას, ვიზღუდებოდი. თუნდაც პატარა ფესტივალებზეც კი არ შემეძლო ერთი სქესის ადამიანების დახატვა რომანტიკულ, სასიყვარულო კონტექსტში. მერიის მხრიდანაც ხშირად იბლოკებოდა ისეთი ვიზუალები, რაც ცოტა ოდნავაც შეიძლებოდა ქვიარ თემასთან დაკავშირებულიყო. ჩემი, როგორც არტისტის, მთავარი მიზანია გამოვხატო ის რაც მაწუხებს, ასევე გავუზიარო ადამიანებს პოზიტივი. ჩემი ხატვის სტილი საკმაოდ ფერადია, ამდაგვარად შემიძლია ადამიანებს თან გავუზიარო ჩემი წუხილები თან გამოვიწვიო მათში პოზიტიური ემოციები. მაგრამ საქართველოში ეს, ხშირად, შეუძლებელია. 

მაგალითად, ერთ-ერთ კვირა დღეს გავედი ხილიანზე და ავტოპორტრეტი დავხატე, რომელსაც შუბლზე მესამე თვალი ჰქონდა, რომელშიც ლგბტქი დროშა იყო. მეორე დღეს მირეკავს მეგობარი, ნახე შენ ნახატს რა უქნესო – ეს მესამე თვალი წითლად გადაღებეს. კიდევ ბახტრიონზეა ერთი ნახატი, ორი ადამიანის სიყვარულზე. არც ერთის სქესი არ ჩანს, უბრალოდ ორი ადამიანი სიყვარულში ცურავს და ეს ნახატიც გააფუჭეს – ერთს თმა მიახატებს ფეხებზე და ა. შ. ეს თავისთავად არ არის პრობლემა, როდესაც ქუჩაში ხატავ მსგავსი რამისთვის მზად უნდა იყო, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ თუ რაიმე ქვიარ სიმბოლიკა იხატება, დროშა თუ სხვა, ის ნახატი განწირულია, აუცილებლად წაიშლება. 

პრაიდის თვე იყო, ცისარტყელის დროშის ფერებში ვხატავდი ლისის ტერიტორიაზე რაღაცას. პროცესიც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასასიამოვნო იყო –  ავტომობილებს აჩერებდნენ, იგინებოდნენ, შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა, უფრო აგრესიული ინცინდენტებიც იყო – ვიღაცამ ბოთლი ისროლა. 

ერთ-ერთი მიზეზიც თუ რატომაც დავტოვე ქვეყანა ის არის რომ აქ შეუძლებელია ვაკეთო ის რისი კეთებაც მსურს  როგორც არტისტს, რაც სასარგებლო იქნებოდა ჩვენი თემისთვის. 

ემიგრაცია 

აქამდე საქართველოში იმიტომ ვჩერდებოდი, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა. სამეგობრო წრე მყავდა, ვცდილობდი რაღაცა შემეცვალა. საქართველოში მთელი ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება უკავშირდებოდა საპროტესტო აქციებს. მთელი ცხოვრება რაღაცა ბრძოლაში ვართ. ბრძოლას ცხადია ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ არ ვიცი ბოლო პერიოდში რა მოხდა. მგონი გადავიწვით. არ მინდა ვთქვა რომ ფარ-ხმალი დავყარე, არასოდეს ვიქნები ამ მდგომარეობაში, მაგრამ ვგრძნობ რომ მე ვეღარაფერს შევძლებ. თბილისი პრაიდის ლისის ტბის ღონისძიება რომ გავიხსენოთ, იმდენი ადამიანი მუშაობდა, ვემზადებოდით. ამდენი ადამიანის შემოქმედება და შრომა განადგურდა. 

ჩემი აზრით, დღეს საქართველოში ლგბტქი თემის უფლებრივი მდგომარეობა კრიტიკულია. 

მე და ჩემს პარტნიორს ბოლო დროს გვექმნებოდა ძალიან სერიოზული პრობლემები ოჯახში, ნათესავებში, ნაცნობებში, გარეთ ქუჩაში. მძიმე ისტორიებს არ მოვყვები, არც ისე ადვილი მოსასმენია და მაგალითისთვის გავიხსენებ უფრო მსუბუქს. თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რესტორანში შევედით, გვინდოდა სასიამოვნო გარემოში გვევახშმა. მახსოვს ჩემ პარტნიორს ვუთხარი:  “ისეთ ადგილას ვჭამოთ, სადაც არ შეგვაწუხებენ”. შესაბამისად, შევარჩიეთ არა ქართული არამედ იტალიური სამზარეულოს მქონე რესტორანი. ჩვენ შემდეგ შემოვიდნენ ვიღაც ღიპიანი კაცები და მიმტანის კითხვაზე თუ რომელ მაგიდას მიუსხდებოდნენ, ჩვენ გასაგონად უთხრეს: “სადმე, სადაც ამათ ვერ დავინახავთ.” – და ჩვენკენ გაიშვირეს ხელი. 

ჩემი ყველა ქვიარ მეგობარი წავიდა საქართველოდან, პრაქტიკულად არავინ დარჩა. 

რაღაც ასაკში ხვდები, რომ არ გინდა შენი დარჩენილი ცხოვრება მუდმივ ნეგატივში და სტრესში გაატარო. ტრანსგენდერი ქალების მდგომარეობა საქართველოში უმძიმესია და ვიცით ეს ყველამ ძალიან კარგად. ამადვროულად არც გეი კაცების მდგომარეობაა მსუბუქი. ფსიქოთერაპია რამდენჯერმე გავიარე, მაგრამ შეუძლებელია ყოველდღიური, დაუსრულებელი წნეხი აიტანო. 

მიუხედავდ ამისა, ქვეყნის დატოვების პროცესი ძალიან სტრესული აღმოჩნდა ჩემთვის. ბოლო დღეებში, თბილისის ქუჩებში მარტო ვსეირნობდი. რუსთაველზე, მთაწმინდაზე, სადაც მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა მაქვს გატარებული. მელანქოლიური, პესიმისტური განწყობის ფონზე გამოვემშვიდობე იქაურობას.  

პარტნიორი 

ჩემ პარტნიორს რაც ეხება, ის ორი წლის წინ გავიცანი. ჩემი ნამუშევრები ჰქონია ნანახი, შორიდან მიცნობდა და რაღაც მომენტში სოციალურ ქსელში დამამატა და შემეხმიანა. შემდეგ ცოტა ხანი ვისაუბრეთ, შევხვდით, როგორც ხდება ხოლმე. საკმაოდ მალე გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში და ურთიერთობაც მალე ჩამოყალიბდა. ძალიან მალე დავინახე მასში ადამიანი, რომელთანაც ის ვიქნები, ვინც ვარ და მასაც იდენტური განცდა აქვს.  ორი წელია, რაც ნდობაზე და სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა გვაქვს. ძალიან ჭკვიანი ბიჭია, მხიარული, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს. რაც არ უნდა სტრესული სიტუაცია გვქონდეს მაინც ახერხებს ჩემ გაცინებას. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჩემზე პატარაა, ძალიან ჩამოყალიბებულია აზროვნებით, სიმყარეს მაძლევს. ვფიქრობ მზად ვართ ერთად ახალი ცხოვრება დავიწყოთ ნიდერლანდებში. 

გეგმები

ახალ გარემოში ადაპტაცია არის გამოწვევა, თუმცა რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი, როდესაც ადგილობრივ შემოქმედებით ჯგუფთან დავგეგმეთ კოლაბორაცია. 19 ნოემბერს ამსტერდამში მაქვს ვორკშოპი რა დროსაც მოყვარული არტისტებისთვის გიდი ვიქნები. ასეთი ღონისძიებები ძალიან სასარგებლოა პროფესიულ წრეში ადამიანების გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივისთვის, გამოცდილებისთვისაც ასევე კარგია. 

ამ ახალ პერიოდზე რომ ვფიქრობ, ასეთი ასოციაცია მომდის, რომ ძველ წიგნს ვხურავ და ახალს ვშლი, რომელსაც მე თვითონ დავწერ. 

 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქვიარებისადმი მიმართვა

მესმის, რომ თქვენ შესაძლოა ყველაზე რთულ პირობებში გიწევთ ცხოვრება. ძლიერები უნდა იყოთ, იმიტომ რომ თუ ძლიერები არ იქნებით, სიბნელე ჩააქრობს თქვენში ნათებას, რომელიც გაქვთ.  ეს ფერადი ნათება უნდა გაზარდოთ და გააძლიეროთ. შემდეგ სხვებსაც გაუნათებთ. რეალურად ამას აკეთებენ ის ადამიანები და ჯგუფები ვინც ქვიარ საკითხებზე ინფორმაციას და ცოდნას აზიარებს. მოაგროვეთ ცოტა ფული, ჩამოდით თბილისში ღონისძიებებზე, იარეთ ქვიარ ბარებში, გაიცანიით ქვიარ თემის წევრები, დაესწარით  ტრენინგებს, გაავარჯიშეთ სხვადასხვა უნარები, მიიღეთ ახალი ინფორმაცია რომ მაქსიმალურად გაძლიერდეთ. იპოვეთ თქვენი ქვიარ ოჯახი. 

 

 

 

 

 

წინა

რამდენად დაცულია ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები საქართველოში

შემდეგი

სასამართომ კვლავ არ მიიღო ლაზარე გრიგორიადისის სარჩელი კობახიძე-ღარიბაშვილის წინააღმდეგ

ბოლო სიახლეები

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი