SpunOut

სექსტინგი, ანუ ინტიმური სექს-მიმოწერა — რა უნდა ვიცოდეთ?

ტერმინი „სექსტინგი“ არის სიტყვების „სექსი“ და „ტექსტინგი“ (ანუ „მიმოწერა“) გაერთიანება. სექსტინგი (ასევე „კიბერსექსი“ ან „ვირტუალური სექსი“) არის სექსუალური შინაარსის მასალის მიმოცვლა სხვა ადამიანთან ელექტრონულად.

იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც ამ ტიპის კომუნიკაციით კავდება, შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მართალია, სექსტინგი ჩანაფიქრში ძალიან სახალისო უნდა იყოს, მაგრამ ის ასევე მონაწილეებს მოწყვლად პოზიციაში აყენებს, რადგან არსებობენ ადამიანები, ვინც ამ ტიპის მასალას სხვისთვის საზიანოდ გამოიყენებს, იქნება ეს ბოროტი განზრახვით თუ, უბრალოდ, თანხმობის ცნების გაუაზრებლობის გამო. თუნდაც მონაწილე მხარეებს შორის არსებობდეს თანხმობა, ნდობა და პატივისცემა, ბოლომდე მაინც არ არსებობს იმის გარანტია, რომ ამ შინაარსის მიმოწერა პირად სივრცეში დარჩება და სხვა მას ვერ ნახავს.

რა არის „სექსტინგი“ და რატომ მიმართავს ხალხი მას?

სექსტინგი არის სექსუალური შინაარსის მქონე მასალის გაგზავნა და/ან მიღება ელექტრონული კომუნიკაციის პლატფორმების მეშვეობით, მაგალითად, ონლაინ მიმოწერის საიტებზე, ჩატ-ფორუმებში, SMS-ით და ა.შ. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, გექნებათ თუ არა სექსტინგი, რა მიზნითა თუ მიზეზით მოხდება ეს და რა მეთოდებს გამოიყენებთ საამისოდ.

► ისევე, როგორც ინტიმური შინაარსის ნებისმიერი სხვა აქტივობის შემთხვევაში, სექსტინგის დროსაც უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენც და თქვენი პარტნიორიც თანახმა ხართ სექსტინგში მონაწილეობაზე და იაზრებთ, რა მოსდევს მას. მხოლოდ ის, რომ ეს ვირტუალურად ხდება, არ ნიშნავს, რომ რამე ისეთი უნდა თქვათ ან გააკეთოთ, რაც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ.

სექსტინგი შეიძლება გულისხმობდეს შემდეგი რაღაცების მიმოცვლას:

  • სექსუალური შინაარსის მესიჯები

  • ინტიმური ლაივ-ჩატის სესიები

  • შიშველი ან ნახევრად შიშველი ფოტოები და ვიდეოები

  • სქესობრივი აქტის ამსახველი ფოტოები ან ვიდეოები

  • სექსუალური შინაარსის ხმოვანი ჩანაწერები

არსობრივად, სექსტინგი, უბრალოდ, კომუნიკაციის კიდევ ერთი ფორმაა და ბევრი ადამიანისთვის ამ შესაძლებლობის ქონა შეიძლება ძალიან კომფორტული იყოს ზოგიერთ სიტუაციაში. ამის რამდენიმე მაგალითია:

მათთვის, ვისაც საკუთარი სექსუალობის გამოკვლევა უნდა ისე, რომ ამისთვის ფიზიკური აქტებით არ დაკავდეს. ინტიმურ ქცევაში მონაწილეობისას ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი, ინდივიდუალური ტემპის დაცვა — მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როდის და რისთვის ხართ მზად — და სექსტინგი შეიძლება იყოს ერთგვარი „ხიდი“ ფლირტსა და ფიზიკურ ინტიმურობას შორის.

მათთვის, ვისთვისაც შეიძლება რთული იყოს გარეთ გასვლა და ახალი ხალხის გაცნობა. სოციალური შფოთვა, ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობა ან თავისუფალი დროის არქონა სამსახურისა თუ სხვა რამის გამო — ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია იმისა, თუ რატომ შეიძლება ადამიანს არ შეეძლოს ვინმესთან ფიზიკურად შეხვედრა. ბევრი ადამიანი ონლაინ პლატფორმებს იყენებს ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის, მათ შორის ინტიმური შინაარსისაც.

მათთვის, ვინც შორსაა პარტნიორისგან. შეიძლება პარტნიორთან ფიზიკურად შეხვედრა შეუძლებელი ან რთული იყოს უბრალოდ იმის გამო, რომ თქვენ ერთმანეთისგან შორს ხართ გეოგრაფიულად (ვთქვათ, სხვადასხვა ქალაქში ან ქვეყანაში). ასეთ დროს სექსტინგი კარგი საშუალებაა ერთმანეთთან ინტიმური კონტაქტის დასამყარებლად.

მათთვის, ვინც ურთიერთობაშია და ვისაც სურს, თავის პარტნიორთან ინტიმურობის ახალი ფორმები გამოცადოს. სექსტინგმა შეიძლება წაახალისოს უფრო ღია საუბარი (რადგან ბევრი ადამიანისთვის შეიძლება უფრო კომფორტული იყოს საკუთარი ფიქრებისა და სურვილების თქმა მიმოწერაში) და ახალი გზები მოგცეთ თვითგამოხატვისთვის.

რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ სექსტინგით დავკავდებით?

თუკი ვინმესთან სექსტინგს აპირებთ, რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინოთ. აი, რამდენიმე კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ:

რა ურთიერთობა მაქვს ამ ადამიანთან? ვენდობი მას? ინტიმური ქცევით მხოლოდ იმ ადამიანთან უნდა დაკავდეთ, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ინტიმურობა ჩვენ მოწყვლადს გვხდის და არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც მოწყვლადობა გზას ხსნის ძალადობისთვის. ანონიმური ჩატის გამოყენება შეიძლება სახალისო ჩანდეს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მეორე მხარეს მყოფი ადამიანის განზრახვები არ იცით. არასდროს ჩაიგდოთ თავი ისეთ სიტუაციაში, რომელიც შეიძლება თქვენთვის საფრთხის შემცველი იყოს.

ნამდვილად მსურს ამის გაკეთება? უარის თქმა ყოველთვის შეგიძლიათ. თუმცა, უცნაური არ არის, თუკი ზოგჯერ გგონიათ, რომ „კი“ უნდა თქვათ, თუნდაც ეს არ გსურდეთ. შეიძლება, არ გინდოდეთ ვინმეს იმედგაცრუება, გინდოდეთ რაიმეს დამტკიცება ან, უბრალოდ, გეგონოთ, რომ დათანხმება უფრო მარტივი იქნება — ამ და სხვა მიზეზების გამო ზოგჯერ შეიძლება იფიქროთ, რომ სჯობს, ყური არ უგდოთ საკუთარ თავს. არა — გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებით როცა სექსუალურ თანხმობაზეა საუბარი, ყოველთვის მოუსმინეთ საკუთარ თავს და ეჭვების არსებობის შემთხვევაში დააკვირდით, რას გეუბნებათ თქვენი ინტუიცია და რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს. თანხმობა მხოლოდ თქვენი არჩევანია.

რატომ მინდა ამის გაკეთება? არის შანსი, რომ ამას ვინანებ? ზოგჯერ ის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც გსურთ, არ არის სწორი გადაწყვეტილება. ერთი წუთით დაფიქრდით არსებულ სიტუაციაზე. როგორ განწყობაზე ხართ? როდესაც საქმე ციფრულ ინფორმაციას ეხება, „მომენტით ტკბობას“ თავისი ფასი აქვს — როცა ინტიმური შინაარსის მასალას გაგზავნით, მორჩა, ის უკვე გაგზავნილია და მასზე წვდომა სხვა ადამიანს აქვს.

რამდენად სამართლიანი ვარ იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც ვსექსტინგობ? მართალია, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ გრძნობთ თავს თქვენ, მაგრამ ამდენადვე მნიშვნელოვანია იმაში დარწმუნება, რომ ვინმეზე არ ახდენთ ზეწოლას. ზოგჯერ შეიძლება ვიღაცებს რაღაცას ვავალდებულებდეთ ან მათზე ზეწოლას ვახდენდეთ ისე, რომ ვერ ვიაზრებდეთ. ამის თავიდან ასარიდებლად ისაუბრეთ იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებთ. დაუსვით კითხვები და დარწმუნდით, რომ ორივეს გესმით ერთმანეთის საზღვრები.

► არ შეიძლება, ადამიანს აიძულოთ „კის“ თქმა. იძულებით მიღებული თანხმობა არ არის თანხმობა.

ახლა სწორი დროა? გაითვალისწინეთ ადამიანი, რომელსაც წერთ, და მისი მდგომარეობა. შეიძლება, ინტიმური მესიჯისა თუ სურათის მიღება არ გინდოდეთ კონკრეტულ სიტუაციებში, ვთქვათ, სამსახურის შეხვედრის დროს ან გასვენებაში.

► თქვენი გადასაწყვეტია, რა ტიპის პირად ფოტო/ვიდეომასალას გაუზიარებთ სხვას, თუმცა რეკომენდებულია, რომ სექსტინგისას შიშველი ფოტოების, ე.წ. „ნუდების“, გაგზავნისას ფოტოში არ ჩანდეს თქვენს ვინაობაზე მიმანიშნებელი მახასიათებლები (მაგალითად, სახე, ტატუები, პირსინგები და ა.შ.).

Tricia Lim

სექსტინგის ბნელი მხარე — დამცირება და შანტაჟი

ონლაინ ჩატები და სამესიჯო პლატფორმები კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბევრ ქვეყანაში მოზარდებისთვის სექსტინგი ფლირტის მარტივ მეთოდად იქცა — მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმეტესობაში არასრულწლოვანი ადამიანის მონაწილეობით სექსუალური შინაარსის მასალის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.

მართალია, მოზარდებს საკუთარი გონებისა და სხეულის გამოკვლევა აინტერესებთ, მაგრამ ისინი უფრო დაუცველები არიან პოტენციურად საზიანო გარეშე გავლენების მიმართ. მოზარდი შეიძლება უფრო დიდი ალბათობით ჩაერთოს სექსტინგში, რომელშიც არ იქნება დარწმუნებული, ან რაიმე დაუფიქრებელ თუ იძულებით ნაკარნახევ ქცევაში თანატოლების მხრიდან ზეწოლის გამო, თვითშეფასების ასამაღლებლად ან ხუმრობით.

► თუკი მშობელი ხართ, შვილებთან სექსტინგზე საუბარი მათ დაეხმარებათ, თავი აარიდონ საზიანო სიტუაციებს. ისევე, როგორც მათ გააფრთხილებდით იმაზე, რომ უცნობ ადამიანს მანქანაში არ ჩაუსხდნენ, ბავშვებსა და მოზარდებთან ონლაინ კომუნიკაციის უსაფრთხოების ზომებიც უნდა განიხილოთ, როგორც კი მათ ინტერნეტზე ექნებათ წვდომა.

ონლაინ პლატფორმების გამოყენებას თავისი რისკები ახლავს თან — ონლაინ კომუნიკაცია ტოვებს „კვალს“ და ჩვენ თითქმის არ გვაქვს გავლენა იმაზე, თუ რა მოუვა იმ მასალას, რომელიც ვიღაცას გავუზიარეთ. თუნდაც ისეთ აპლიკაციას ვიყენებდეთ, რომელიც გვპირდება, რომ გადაღებული მასალა წინასწარგანსაზღვრული დროის შემდეგ ქრება, მაინც შესაძლებელია, მესამე მხარე მის ასლს ინახავდეს. ამ გზით მოპოვებული პირადი მასალა შეიძლება ბოროტი მიზნებით იქნას გამოყენებული.

შემაშფოთებლად ხშირია სიტყვიერი, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა სექსუალური მიმოწერის პირად მიმოცვლაზე დაყრდნობით. სექსტინგი შეიძლება კიბერბულინგის წყარო გახდეს: სურათები და ტექსტები შეიძლება სხვასთან გაიგზავნოს და დაცინვის წყარო გახდეს ადამიანის დასამცირებლად, შესარცხვენად თუ დასაზიანებლად, და ინტერნეტში უცნობი ადამიანები ხშირად დიდი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას ამ ვირტუალურ ზიზღში.

ისეთმა მასალამაც კი, რომელიც წლების წინ თანხმობის საფუძველზე გაზიარდა, შეიძლება მოულოდნელად ამოყოს თავი ბევრად უფრო საშიშ კონტექსტში მასში მონაწილე მხარეების თანხმობის გარეშე. პორნოშურისძიება (ინგლ. Revenge porn) არის სექსუალური შინაარსის მასალის გავრცელება მასში მონაწილე მხარის თანხმობის გარეშე, თუნდაც ეს უშუალოდ შურისძიებასთან არ იყოს დაკავშირებული.

► სამწუხაროდ, სექსუალური შინაარსის მასალას არამიზნობრივად ყველაზე ხშირად ის ადამიანები იყენებენ, რომლებსაც ის ჩვენვე მივანდეთ.

პორნოშურისძიება შეიძლება შანტაჟის წყარო გახდეს, რათა მსხვერპლს აიძულოს სექს-პარტნიორობის ან არასასურველი ურთიერთობის გაგრძელება ან დააშინოს ის, რომ გაჩუმდეს. სურათების გავრცელებას ხშირად ახლავს პიროვნების საკონტაქტო ინფორმაცია და სახლის მისამართი, ზოგჯერ იმის წახალისებით, რომ ხალხმა ეს ადამიანი დააბულინგოს და შეავიწროოს.

პორნოშურისძიებისა და კიბერბულინგის სხვა ფორმების მსხვერპლები ხშირად გრძნობენ დიდ შიშს, სტრესს, დეპრესიასა და შფოთვას. როდესაც საქმე ჩვენს უსაფრთხოებას, პიროვნულ იდენტობას, სამსახურსა და ურთიერთობებს ეხება, ხშირად ზიანდება ჩვენი კონცენტრაციის უნარი, გუნება-განწყობა, ენერგია, მოტივაცია, ძილი და მადა — ზოგჯერ მოვლენიდან ათწლეულების განმავლობაშიც კი.

როგორ მოვიქცეთ, თუკი შანტაჟის მსხვერპლი ვართ

როდესაც, ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში ვვარდებით, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ მოქცევა სჯობს. აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც შეიძლება ასეთ სიტუაციაში ყოფნისას გამოგადგეთ:

  • არ წაშალოთ არაფერი! შესაძლოა, ეს თქვენი პირველი ინსტინქტი იყოს, მაგრამ წაშლა არ არის კარგი იდეა. როგორც კი მტკიცებულებების წაშლას იწყებთ, მოძალადეს უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევთ.

  • არაფერი არ მისცეთ მოძალადეს! არავითარი დამატებითი ფოტოები თუ მესიჯები, არავითარი პასუხები მის კითხვებზე — საერთოდ არაფერი. არ ეკონტაქტოთ მას.

  • გაუძელით მოლაპარაკების ცდუნებას. განურჩევლად იმისა, თუ რამდენად უიმედოდ გრძნობთ თავს, მოლაპარაკებას ნუ დაიწყებთ. ეს მოძალადესთან თანამშრომლობის მზაობაზე მეტყველებს.

  • მზად იყავით მოვლენების ყველაზე ცუდი განვითარებისთვის. იმაზე დაფიქრება, თუ როგორ შეიძლება ინფორმაციის გაჟონვამ იმოქმედოს თქვენზე და რა რეაქცია გექნებათ ამაზე, ისეთი ნაბიჯია, რომელსაც მოძალადეები არ ელიან — ისინი თავიანთ ქმედებებს მხოლოდ თქვენს შიშზე ამყარებენ. ეს სიტუაციაზე ძალაუფლების დაბრუნების ერთ-ერთი გზაა.

  • სირცხვილის გრძნობის გამო დახმარების თხოვნაზე ნუ იტყვით უარს! თქვენ მარტო არ ხართ — ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეემთხვეს. ესაუბრეთ თქვენს მეგობრებს, ნათესავებს, მასწავლებლებსა თუ თქვენთვის სანდო სხვა პირებს; დაუკავშირდით პოლიციას ან გაესაუბრეთ ადვოკატს.

გახსოვდეთ, რომ როდესაც საკუთარი საზღვრების გაფართოებას ცდილობთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თუკი უსაფრთხოდ ხართ, სექსტინგი შეიძლება საკუთარი სექსუალობის გამოკვლევის, ინტიმურობის გაზრდისა და, უბრალოდ, სახალისო აქტივობით დაკავების ძალიან კარგი გზა იყოს.

► თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;

  • საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03

♦ სტატია მომზადებულია საგანმანათლებლო პლატფორმა Femea.ge-ს მიერ.

წინა

რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი

შემდეგი

როგორი საბავშვო ბაღი იხსნება ბერლინში რეალურად

ბოლო სიახლეები

რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი

FacebookTweetLinkedInEmail „პანსექსუალი“ არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსჯელობის სინდრომის მაგალითია — Tbilisi Pride

FacebookTweetLinkedInEmail თბილისი პრაიდი დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს უწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით,