რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ფარისევლობაა მისი კრიტიკა ლგბტქი წყვილების დალოცვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
დეკემბერში პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მღვდლებს ეძლევათ უფლება დალოცონ ქვიარ წყვილები “განსაკუთრებულ შემთხვევებში”, რომელიც არ იქნება სისტემატური, რეგულარული ხასიათის და არ იქნება რელიგიური რიტუალების ნაწილი. ასევე, დალოცვა არ ეხება სამოქალაქო გაერთიანებებსა და ქორწილებს. პაპმა აღნიშნა, რომ ქორწინებას ის კვლავ განიხილავს, როგორც ქალისა და კაცის ერთობას. პაპმა აღნიშნული გადაწყვეტილება 18 დეკემბერს დოკუმენტის სახით დაამტკიცა. მისი თქმით ეს არის ნიშანი იმისა, რომ “ღმერთი მიესალმება და კარს უღებს ყველას”, თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვიარ ადამიანების დალოცვის საკითხს თითოეული მღვდელი წყვეტს ინდივიდუალურად. ნომებერში პაპის გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერ ადამიანებს შეუძლიათ მოინათლონ. ასევე, იყვნენ ნათლია ან მეჯვარე რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში.
აღნიშნულ გადაწყვეტილებებს კათოლიკურ ეკლესიაში წინააღმდეგობა მოჰყვა.
“არავისთვის წარმოადგენს სკანდალს ის ფაქტი, რომ კურთხევას ვაძლევ ბიზნესმენს, რომელიც შესაძლოა ადამიანების ექსპლუატაციით არის დაკავებული და ეს დიდი ცოდვაა. სამაგიეროდ, როცა საქმე ეხება ლგბტქი ადამიანების კურთხევას, ეს სკანდალისა და ღელვის მიზეზი ხდება. აი, ეს არის ფარისევლობა”, – განაცხადა რომის პაპმა იტალიურ კათოლიკურ გამოცემა Credere-თან.