რა პრობლემებს ხვდებიან ქვიარ ქალები სამედიცინო სფეროში

სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო, ქვიარ ქალები, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, ხშირად ხვდებიან სტიგმასა და ჰომოფობიურ განწყობებს. მსგავსი დამოკიდებულებები განსაკუთრებით ხშირია გინეკოლოგიაში, ფსიქოთერაპევტთან თუ ოჯახის ექიმთან ვიზიტისას. პრობლემა ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ ჰომოფობიისა და სტიგმის გამო ამ თემაზე ნაკლებად საუბრობენ.

ქვიარი ესაუბრა ქალებს, რომელთა მონათხრობიდან კარგად ჩანს, რომ ქვიარ ადამიანები იძულებულნი არიან, განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩიონ მკურნალი ექიმი, გინეკოლოგი ან ფსიქოლოგი, რათა არაპროფესიონალი, ჰომოფობიურად განწყობილი ექიმების გამო, უფრო მეტად არ დაზიანდნენ.

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი, ნინი (სახელი შეცვლილია) ჰყვება, რომ რამდენიმე წლის წინ კლინიკაში აპენდიციტის ტკივილებით მივიდა და გასინჯვის დროს ექიმებმა ჰკითხეს, იყო თუ არა სექსუალურად აქტიური და რით იცავდა თავს. ნინიმ უპასუხა, რომ სექსუალურად აქტიური იყო, მაგრამ თავის დაცვა არ სჭირდებოდა, რადგან მისი პარტნიორი ქალი იყო.

“ჩემკენ მომართულ უსიამოვნო მზერებს დავივიწყებდი, რომ არა ექოსკოპიის გადაღების დროს აღმოჩენილი გინეკოლოგიური პრობლემა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ექიმმა, რომელმაც მოისმინა, რომ ჩემი პარტნიორი ქალია, მითხრა, ამ პრობლემისთვის მიმეხედა, რადგან ერთხელაც მომინდებოდა კაცი და შვილები”.

ნინისთვის ექიმების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების დანახვა რთული აღმოჩნდა.

“წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია 90-იანი წლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ ექიმების გუნდთან გააჟღერო, რომ შენი პარტნიორი ქალია და აუტანელი ტკივილების ფონზე არასერიოზული დამოკიდებულების ატანა გიწევდეს საკუთარი ორიენტაციის მიმართ, რომლის მისაღებად წლების განმავლობაში ჯერ საკუთარ თავს ებრძოდი და შემდეგ გარშემომყოფებს“.

ნინის აზრით, საჭიროა ჰომოფობიურად განწყობილი სამედიცინო პერსონალის გადამზადება.

“ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეებს რაიმე სახის დახმარებას ან მომსახურებას უწევენ, კონსულტაციას უნდა გადიოდნენ ფსიქოლოგებთან, რომლებიც, თუ ემპათიის გამოხატვას ვერ ასწავლიან, იმ შეგნებამდე მაინც მიიყვანენ, რომ პირადი აზრი თუ შეხედულებები სამსახურს გარეთ უნდა დატოვონ და სამსახურში გამოიჩინონ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც პროფესიონალებს შეეფერებათ”.

სალომე ესებუა კი ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპიის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. მიზეზი, რის გამოც მას ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი მოუნდა, ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ფსიქოლოგის სიტყვებია, რომელიც, მისი თქმით, აკადემიურ სივრცეში არ მუშაობს, მაგრამ უამრავი კლიენტი ჰყავს. როგორც სალომე გვიყვება, ამ ფსიქოლოგმა, ერთ-ერთ ჯგუფურ თერაპიაზე განაცხადა, რომ ბისექსუალობა განკურნებადია, ხოლო თუ საქმე გვაქვს ჰომოსექსუალობასთან, ეს გამოსწორებადი აღარ არის; რომ ამას საჯაროდ არასოდეს იტყვის, მაგრამ ჰომოსექსუალობა მისთვის დარღვევაა და ამ შემთხვევაში ფსიქიკა არასდროს არის ჩამოყალიბებული, შინაგანი დისბალანსია და ეს პრობლემაა.

“მაშინ არ დავფიქრებულვარ იმაზე, რა მოხდებოდა, თუ მასთან ქვიარ ადამიანი მივიდოდა სეანსებზე. არ მქონდა არც შესაბამისი ცოდნა და არც გამოცდილება, რომ წინააღმდეგობა გამეწია მსგავსი მცდარი, სრულიად არაპროფესიონალური დამოკიდებულებისთვის. მაინც რამდენი ადამიანი მივა მასთან სამკურნალოდ? მათგან რამდენი იქნება ქვიარი და რამდენს გაუჩნდება განცდა, რომ მასში რაღაც რიგზე ვერ არის? რამდენს გაუჭირდება უფრო მეტად თავისი იდენტობის აღმოჩენა და აღიარება?”.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ონლაინ პლატფორმებზე ხშირად შეხვდებით მსგავსი ადამიანების ლექციებსა და ლაივებს, რომლებსაც კლიენტებთან პირადი კონსულტაციებიც აქვთ და თავიანთ “პროდუქტს” არც ისე მცირე თანხებში ყიდიან.

“სტუდენტობის წლებში მომიწია არაერთი ფსიქოლოგისთვის მიმემართა. ზოგიერთ მათგანთან ვიზიტებმა უფრო მეტად დამაზიანა, ვიდრე რაიმე შედეგი მივიღე”, — აღნიშნავს ის.

სალომეს თქმით, დღესდღეობით, უამრავი ადამიანი, რომელიც ფსიქოთერაპევტის/ფსიქოლოგის როლს ირგებს, არ არის ამ სფეროში კომპეტენტური, არ აქვს შესაბამისი განათლება და პრაქტიკა, ასევე, მრავლად არიან თვითნასწავლი ფსიქოლოგებიც, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, 3-თვიანი კურსების ან ტრენინგების გავლის შემდეგ, მიიღონ კლიენტები.

გვიყვება იმასაც, რომ სტუდენტობის დროს, აკადემიურ სივრცეში თუ მის გარეთ, ხშირად უწევდა ფსიქოლოგებთან შეხება – უსმენდა ლექციებს, ესწრებოდა ჯგუფურ თერაპიებს.

“გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ უმეტესობა ჰომოფობიასა და სექსიზმს ავლენდა, როგორც აკადემიურ სივრცეში, ასევე მის მიღმაც. უამრავჯერ მქონია შემთხვევა, როცა ერთადერთი ვიყავი აუდიტორიაში, რომელიც ამ საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ლექტორების ფობიურ დამოკიდებულებებს აპროტესტებდა”.

ის ხაზს უსვამს, რომ ხშირად ეს ფსიქოლოგები ავტორიტეტები არიან, მათ ხალხი უსმენს და მათ სიტყვას აქვს ძალა. მისი აზრით, სწორედ ამიტომ, ეს საკითხი ყურადღებას საჭიროებს სახელმწიფოსგანაც.

“არ შეიძლება შესაბამისი განათლების არმქონე ადამიანს, რომელიც მხოლოდ თვითგანათლებით ან საკუთარი მსოფლმხედველობით ხელმძღვანელობს, კლიენტების მიღებისა და სეანსების ჩატარების უფლება ჰქონდეს. არ შეიძლება ვთქვათ, რომ კლიენტის არჩევანია, ვის მიანდობს საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. კლიენტი მხოლოდ პროფესიონალებისგან უნდა ირჩევდეს ფსიქოლოგს. ის, რაც ახლა ხდება, არამხოლოდ უპასუხისმგებლობა, არამედ დანაშაულია”.

სალომე არც იმას უარყოფს, რომ საქართველოში არაერთი პროფესიონალი არსებობს, რომლებიც თავიანთ საქმეს ზედმიწევნით სწორად ასრულებენ, მაგრამ აღნიშნავს, რომ მათი მიგნება ზოგჯერ საკმაოდ რთულია. მისი თქმით, ის, რომ ზოგიერთმა იცის მათი არსებობის შესახებ და მათთან წვდომა შეიძლება ჰქონდეს, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ინფორმირებულია და ყველას შეუძლია სწორი არჩევანი გააკეთოს.

სალომეს აზრით, შესაძლებელია ქვიარ თემში ეს საკითხი პრობლემურად არ ჩანს, რადგან არსებობს სათემო ორგანიზაციები, რომლებიც ლგბტქი ადამიანებს ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისს სთავაზობენ, რაც ცალსახად მისასალმებელია, მაგრამ მისი თქმით, შედეგად, ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რა ხდება ამ ყველაფრის მიღმა.

“უამრავი ქვიარი, რომელიც ჯერ კიდევ თვითგამორკვევის პროცესშია, რეგიონში ცხოვრობს, ან ნაკლებ ინფორმაციაზე აქვს ხელმისაწვდომობა, შესაძლებელია გახდეს მსხვერპლი და საკუთარი თავის მიღების ისედაც ურთულეს პროცესში, ბევრი ტრავმა დაიმატოს. შეიძლება მათაც უთხრან, რომ თუ ბისექსუალები არიან, ამ “პრობლემას” გაუმკლავდებიან, ხოლო ჰომოსექსუალობის შემთხვევაში ისღა დარჩენიათ, ამ “გადახრას” შეეგუონ”.

სალომე ესებუა მიიჩნევს, რომ ქვიარ ორგანიზაციებმა, აქტივისტებმა და მედიამ ამ საკითხებზე უფრო ვრცლად და ხშირად უნდა ისაუბრონ, რადგან არაპროფესიონალი ფსიქოლოგებისგან დაზარალებულთა რიცხვი არც ისე ცოტაა. ამბობს იმასაც, რომ ზუსტად არ იცის, საიდან უნდა დაიწყოს ამ პროცესის რეგულირება, მაგრამ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაში ეჭვი არ ეპარება. მისი აზრით, სახელმწიფომ კანონით უნდა აკრძალოს კლიენტების მიღება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შესაბამისი ფსიქოლოგიური განათლება და ლიცენზია არ აქვთ.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, მაკა (სახელი შეცვლილია), ამბობს, არასახარბიელო ვითარებაა პოლიკლინიკებშიც, სადაც ქვიარ ქალებს ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა უწევთ.

“სტუდენტი ვიყავი და იმისთვის, რომ უფასოდ მოვხვედრილიყავი გინეკოლოგთან, საჭირო იყო კონსულტაციის გავლა ოჯახის ექიმთან, რათა რომელიმე გინეკოლოგთან გადავემისამართებინე. ექიმს ჩემი სექსუალური ორიენტაცია გავუზიარე, რაზეც მითხრა, რომ ლესბოსელი არ ვიყავი, არ მეტყობოდა და მეტიც, დარწმუნებული იყო, რომ შევხვდებოდი ვინმე კაცს და შემდეგ ჯერზე მასთან ერთად მივიდოდი კონსულტაციაზე”, – გვიყვება მაკა.

რას ამბობენ უფლებადამცველები

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე ქვიართან საუბრისას აღნიშნავს, რომ ლგბტქი ადამიანებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემაა როგორც სფეროში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების, ისე არასაკმარისი სახელმძღვანელო წესებისა და რეგულირებების გამო.

“რიგ შემთხვევებში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არ არიან თავისუფალი ჰომოფობიური განწყობებისგან, რაც თემის წარმომადგენლების სერვისზე ეფექტიან ხელმისაწვდომობას აბრკოლებს. სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახელმძღვანელოები, რითაც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლება მიმდინარეობს, მოძველებულია და ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციულ ტერმინოლოგიასაც შეიცავს. მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანასწორობის საკითხების არასაკმარისი ასახვა განათლების ეტაპზე. ამასთან ერთად, პრობლემაა აღნიშნულ საკითხებზე პროფესიონალთა მუდმივი ინფორმირება და გადამზადება”, – ამბობს ეკა სხილაძე.

თანასწორობის მოძრაობის პროექტის მენეჯერი, მარიამ გულიაშვილი ქვიართან ამბობს, რომ ჯანმრთელობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველოში ლგბტქი თემის წევრები რამდენიმე ტიპის პრობლემას აწყდებიან. მისი თქმით, პრობლემათა დიდ ნაწილს წარმოშობს თემის სოციალურ-ეკონომიკური ექსკლუზია, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს ეკონომიკური ბარიერების არსებობას და ხელს უშლის, განსაკუთრებით, ძვირადღირებულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

“საყოველთაო ჯანდაცვა ხარისხიან სერვისებზე წვდომის ინკლუზიას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა, კერძო დაზღვევის პაკეტის ფლობის შემთხვევაშიც, ვხვდებით მთელ რიგ სამედიცინო მომსახურებებს, რომლებიც არ ფინანსდება. ამ ჩამონათვალს შეიძლება მივაკუთვნოთ გინეკოლოგიური პროფილის სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსების საკითხი”, – ამბობს ის.

მარიამი მიუთითებს თანასწორობის მოძრაობის მიერ 2022 წელს ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც საქართველოში ლგბტქი თემის სოციალური და ეკონომიკური საჭიროებებს მიმოიხილავს და აჩვენებს, რომ ჯანმრთელობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კრიტიკული პრობლემა არის პაციენტის კონფიდენციალურობისა და სხვა სამედიცინო ეთიკის ნორმების დარღვევების საკითხი. მარიამი აღნიშნავს, რომ ეს, უმეტეს შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის სამუშაო კულტურისა და ეთიკის ნაკლებობას უკავშირდება.

“კვლევა აჩვენებს, რომ ლბქ ქალები განსაკუთრებულ პრობლემებს გინეკოლოგიური სერვისების მიღებისას აწყდებიან. სამედიცინო პერსონალის ჰეტერონორმატიული აღქმები ხშირად განაპირობებს მათი მხრიდან პაციენტის მიმართ უხერხულ, ზოგჯერ, დამამცირებელ შეკითხვებსა და კომენტარებს. პაციენტების დაკვირვებით, განსაკუთრებით ხშირია მსგავსი შემთხვევები შედარებით ასაკოვანი სამედიცინო პერსონალის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, პაციენტთა დიდი ნაწილი მხოლოდ იმ სამედიცინო პერსონალს მიმართავს დახმარებისთვის, ვისთანაც სათემო ორგანიზაცია გადაამისამართებს, რათა თავიდან აირიდონ მსგავსი გამოცდილებები”, — ამბობს მარიამი.

ტრანს, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაცია თემიდას ადვოკაციის ოფიცერი, ლიკა გულბანი ამბობს, რომ სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებშიც ისევეა ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, როგორც ზოგადად საზოგადოებაში, მაგრამ განსაკუთრებით პრობლემურია ვიზიტი კონკრეტულ სპეციალისტებთან: ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან, გინეკოლოგებთან და ენდოკრინოლოგებთან. ის აღნიშნავს, რომ ეს ეხება არა მხოლოდ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების ქონას, არამედ განუახლებელ ცოდნასა და მგრძნობელობის ნაკლებობას/არ ქონას ქვიარ თემის მიმართ.

“ქვეყანაში რთულია თემისთვის მეგობრული ექიმის პოვნა, რომელსაც შესაბამისი ეთიკა და ცოდნა აქვს. ისეთ ექიმთან კომუნიკაცია, რომელიც ამ მხრივ სენსიტიური არაა და არ აქვს წვდომა მედიცინის სიახლეებთან, ადამიანისთვის დამატებით სტრესთან არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში, ტრავმულიც შეიძლება აღმოჩნდეს”.

თემიდას წარმომადგენელი ამბობს, რომ შედეგად, ქვიარ ადამიანები სამედიცინო პერსონალს არ ენდობიან.

“მედიცინის მუშაკების მიმართ თემის წევრებში ნდობაც იკლებს, ამიტომ, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია სათემო ორგანიზაციაზე, რომელიც კონკრეტულ სერვისს გასცემს, იქნება ეს უფასო ფსიქოლოგის, ფსიქიატრის მომსახურება თუ სხვა, ამჯობინებს, ამ სერვისებით ისარგებლოს, რადგან სათემო ორგანიზაციის ფსიქოლოგთან ბევრად ნაკლებია შანსი, რომ ქვიარ ადამიანი ზემოთაღნიშნულ პრობლემებს წააწყდეს”.

ლიკა განსაკუთრებით ხაზს უსვამს ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემებს უსვამს.

“ექიმებში ჯერ კიდევ აქტუალურია ტრანსგენდერობის, როგორც “პათოლოგიის” გაგება, როცა ICD-11-ში (აშლილობებისა და დაავადებების საერთაშორისო ნუსხის მე-11 გამოცემა) ის უკვე ამოიღეს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სიიდან. მთლიანობაში, მთავარი პრობლემა სამედიცინო სფეროში ალბათ მაინც დეპათოლოგიზებისა და სენსიტიზაციის ნაკლებობა, საჭირო სერვისების არახელმისაწვდომი ფასი და არაკვალიფიციური ექიმების არსებობაა”, – ამბობს ლიკა.


ინფორმაციისთვის, ფსიქოლოგთან უფასო კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზაციებს:


 

წინა

პენისის ფორმის ჟელიბონები ლოგოს ნაცვლად — გერმანელი ულტრამემარჯვენეების საჩუქარი

შემდეგი

სერბეთის ხელისუფლებამ ევროპრაიდის მარშს მხარი დაუჭირა

ბოლო სიახლეები

ფედრა ცეცხლის ალში — ნინო ხარატიშვილის პიესის პრემიერა სამეფო უბნის თეატრში

Facebook0Tweet0Shares0 28, 29 და 30 ოქტომბერს, სამეფო უბნის თეატრში გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის, ნინო

პრაიდის პორტრეტები — გამოფენა, რომელიც პრაიდზე და ლგბტქი უფლებებზე რეფლექსიაა

Facebook6Tweet0Shares6 ბოსტონში პრაიდის თვისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს მთელი ოქტომბრის განმავლობაში უმასპინძლებს. აქ გამოფენილია

6 ოქტომბერს, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია იმართება

Facebook11Tweet0Shares11 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლების აქცია იმართება. “ვიკრიბებით ირანის საელჩოს

ყოველი დღე უნიკალური იდენტობის დაცვისთვის ბრძოლაა — დემნა

Facebook2Tweet0Shares2 წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა, დემნამ, რომელიც ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, პარიზის მოდის კვირეულზე 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ პროგრესულ კანონს პაკისტანში 4 წლის შემდეგ აპროტესტებენ

Facebook18Tweet0Shares18 პაკისტანი 2018 წელს მიღებული ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტის შესწორებას განიხილავს, რომელზეც ზოგიერთი კანონმდებელი და