Vitals

რას ნიშნავს გენდერფლუიდი? — განმარტება და ნაცვალსახელები

გენდერფლუიდი არის არაბინარული გენდერული იდენტობის ერთ-ერთი ტიპი. ეს ნიშნავს, რომ ის გენდერული ბინარულობის, „ორობითობის“, გარეთ არსებობს, გენდერული ბინარულობა კი არის იდეა, რომ გენდერში მხოლოდ ორი კატეგორია არსებობს — კაცი და ქალი.

გენდერფლუიდ ადამიანს არ აქვს ფიქსირებული გენდერი. ნაცვლად ამისა, მისი გენდერი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს.

ამ სტატიაში განხილულია, რას ნიშნავს, იყო გენდერფლუიდი, რა სხვა გენდერული იდენტობები არსებობს და როგორ დავუჭიროთ მხარი გენდერფლუიდ ადამიანებს.

► მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ გენდერული იდენტობები ძალიან პირადი რამაა და ადამიანებმა შეიძლება ისინი სხვადასხვაგვარად განმარტონ. ადამიანის სექსუალური, რომანტიკული თუ გენდერული იდენტობა ყოველთვის ისე უნდა განიხილოთ, როგორც თვითონ ეს ადამიანი აღწერს მას.

იხილეთ აგრეთვე გენდერული იდენტობა — მნიშვნელობა, ტიპები და საზოგადოების როლი

რას ნიშნავს გენდერფლუიდი?

გენდერფლუიდი ადამიანი შეიძლება გრძნობდეს, რომ მისი გენდერული იდენტობა ცვალებადია და არა — ფიქსირებული. მისი გენდერი შეიძლება იცვლებოდეს დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ — იქნება ეს დღე, კვირა, თვეები თუ წლები.

ვინაიდან გენდერული იდენტობა ძალიან პირადი და სპეციფიკური რამაა თითოეული ადამიანისთვის, ისინი შეიძლება ტერმინს „გენდერფლუიდი“ სხვადასხვანაირად იყენებდნენ. არ არსებობს გენდერფლუიდობის სტანდარტული განმარტება.

გენდერული იდენტობა

გენდერული იდენტობა არის ადამიანის მიერ საკუთარი გენდერის შინაგანი შეგრძნება და აღქმა. ადამიანი თავს შეიძლება გრძნობდეს მასკულინურად, ფემინურად, ორივეს ნაზავად ან არცერთად. ადამიანი ასევე შეიძლება საკუთარ თავს აიგივებდეს სხვა იდენტობასთან, რომელიც ამ კლასიფიკაციებში არ ჯდება.

გენდერული იდენტობა ასევე არის სახელი ან იარლიყი, რომელსაც ადამიანები იყენებენ სხვებისთვის საკუთარი გენდერის აღსაწერად. ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება იყოს იგივე, რაც მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესია, ან განსხვავდებოდეს მისგან.

იმის კვალდაკვალ, რომ ადამიანებს საკუთარი გენდერის აღსაწერად ტერმინების უფრო ვრცელი სპექტრი ეძლევათ, დროთა განმავლობაში მათ შეიძლება საკუთარი თავის აღსაწერად სხვა ტერმინის გამოყენება დაიწყონ.

გენდერული ექსპრესია

Gender Spectrum-ის თანახმად, „გენდერული ექსპრესია“ — გენდერის გამოხატვა — არის ის, თუ როგორ წარუდგენენ ადამიანები საკუთარ გენდერს საკუთარ თავსა და სამყაროს.

ადამიანმა შეიძლება საკუთარი გენდერი გამოხატოს ჩაცმულობით, მაკიაჟით, ვარცხნილობით, ხმით, ნაცვალსახელებით, სხეულის ენითა და ა.შ.

გენდერფლუიდმა ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავი ნებისმიერი ფორმით გამოხატოს, რომელიც მისთვის კომფორტულია. არ არსებობს ერთი კონკრეტული ფორმა, რომლითაც გენდერფლუიდი ადამიანები საკუთარ იდენტობას გამოხატავენ.

მაგალითად, გენდერფლუიდმა ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავი წარადგინოს ფემინურად, მასკულინურად, ნეიტრალურად, ანდროგინულად და მრავალი სხვა ფორმით. გენდერფლუიდმა ადამიანმა ასევე შეიძლება შეცვალოს საკუთარი გენდერული ექსპრესია, როცა და რამდენადაც ეს თვითონ მოუნდება.

გენდერფლუიდი და სხვა იდენტობები

ადამიანმა შეიძლება ტერმინი „გენდერფლუიდი“ საკუთარი გენდერული იდენტობის აღსაწერად გამოიყენოს ან გამოიყენოს ის სხვა იდენტობებთან კომბინაციაში. ამ ქვეთავში განხილულია რამდენიმე სხვა იდენტობა, რომელიც შეიძლება თან ახლდეს გენდერფლუიდობას.

გენდერფლუიდი და არაბინარული გენდერული იდენტობა

„არაბინარული“ არის ქოლგა-ტერმინი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს, თუკი მისი გენდერული იდენტობა გენდერული ბინარულობის გარეთ არსებობს.

გენდერული ბინარულობა არის გენდერის ის კლასიფიკაცია, რომელიც მხოლოდ ორ გენდერს აღიარებს: კაცს და ქალს. თუკი ადამიანი არაბინარულია, ეს ნიშნავს, რომ ის არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ამ კატეგორიებიდან მხოლოდ ერთთან ან საერთოდ რომელიმესთან.

გენდერფლუიდური იდენტობა არაბინარული იდენტობის ერთ-ერთი ტიპია. ზოგი არაბინარული ადამიანი შეიძლება იდენტიფიცირდებოდეს გენდერფლუიდად, თუკი მათი გენდერი უფრო ცვალებადია, ვიდრე ფიქსირებული.

გენდერფლუიდი და ტრანსგენდერი

ტრანსგენდერია ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც განსხვავდება მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესისგან.

ტრანსგენდერი ადამიანი შეიძლება საკუთარ თავს აიდენტიფიცირებდეს ქალად ან კაცად, არაბინარულად, გენდერულად არაკონფორმულად ან რაიმე სხვა იდენტობად.

არაბინარული გენდერები, მათ შორის გენდერფლუიდი, ტრანსგენდერობის ქვეშ ერთიანდება. თუკი ტრანსგენდერ ადამიანს აქვს ისეთი გენდერული იდენტობა, რომელიც იცვლება ცხოვრების განმავლობაში, ის შეიძლება გენდერფლუიდად იდენტიფიცირდებოდეს.

მიუხედავად ამისა, გენდერფლუიდმა ადამიანმა შეიძლება არჩიოს, რომ საკუთარი თავის აღსაწერად არ გამოიყენოს ტერმინი „ტრანსგენდერი“.

გენდერფლუიდი და გენდერქვიარი

„გენდერქვიარი“ ასევე ქოლგა-ტერმინია და აღნიშნავს ადამიანს, რომელიც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ტრადიციული გენდერული ნორმებში — მათ შორის გენდერულ იდენტობებში, ექსპრესიაში, გენდერულ როლებსა თუ მოლოდინებში.

ზოგჯერ ადამიანები ტერმინებს „არაბინარული“ და „გენდერქვიარი“ ურთიერთჩანაცვლებადად იყენებენ. ზოგისთვის გენდერქვიარობა არაბინარული იდენტობის კატეგორიაში შედის, სხვებისთვის კი — არა. ადამიანი, რომელიც გენდერქვიარია, შეიძლება იყოს ან არ იყოს გენდერფლუიდი.

ნაცვალსახელები

ქართულ ენაში არ გვაქვს სქესსა თუ გენდერზე მიმანიშნებელი მესამე პირის ნაცვალსახელები, თუმცა უცხო ენაზე, მაგალითად, ინგლისურად, გენდერფლუიდმა ადამიანმა შეიძლება გენდერის აღმნიშვნელ ნებისმიერ ნაცვალსახელს მიანიჭოს უპირატესობა. ეს ასევე შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

შესაძლო ნაცვალსახელებს შორისაა:

  • they/them/theirs

  • he/him/his

  • she/her/hers

ადამიანმა ასევე შეიძლება გამოიყენოს ე.წ. „ნეონაცვალსახელები“, როგორებიცაა:

  • ey/em/eirs

  • ze/zir/zirs

  • per/per/pers

♦ სტატია მომზადებულია საგანმანათლებლო პლატფორმა Femea.ge-ს მიერ.

წინა

გენდერული იდენტობა — მნიშვნელობა, ტიპები და საზოგადოების როლი

შემდეგი

10 ქვიარ რეჟისორი, რომელთა ფილმებს ყველა კინომოყვარული უნდა იცნობდეს

ბოლო სიახლეები

რომის პაპი ფარისევლობას უწოდებს მის მიმართ კრიტიკას ქვიარ ადამიანების დალოცვის შესახებ

FacebookTweetLinkedInEmail რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ფარისევლობაა მისი კრიტიკა ლგბტქი წყვილების დალოცვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დეკემბერში პაპმა

ტრანსგენდერი ფეხბურთელისა და მისი გუნდის წარმატების რეალური ისტორია

FacebookTweetLinkedInEmail ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო

პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი ბოდიშს იხდის წარსულში ანტი-ლგბტქი პროპაგანდისთვის

FacebookTweetLinkedInEmail პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის,  TVP ინფოს წამყვანმა ბოდიში მოიხადა ქვიარ ადამიანების მიმართ ნათქვამი “სამარცხვინო სიტყვებისთვის” რომელიც

საბერძნეთში გეი ქორწინება ლეგალური გახდა

FacebookTweetLinkedInEmail 15 თებერვალს საბერძნეთი გახდა პირველი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ქვიარ ადამიანების ქორწინება. 300-წევრიან პარლამენტში კანონის