A24

ოსკარები 2023 — ქვიარ გამარჯვებულები და ნომინანტები

გუშინ, 12 მარტს, ოსკარების 95-ე ცერემონია გაიმართა, რომელზე ნომინირებულ არაერთ ფილმშიც ლგბტქი პერსონაჟები და თემები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მოდით, მიმოვიხილოთ ამ წლის ქვიარ ნომინაციები და გამარჯვებულები.

Everything Everywhere All At Once — 11 ნომინაცია, 7 გამარჯვება

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული „Everything Everywhere All At Once“ პირველი ფილმია, რომელშიც ქვიარ ქალი პერსონაჟი ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს და რომელმაც აკადემიის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. წლების განმავლობაში, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულ ფილმებში არაერთხელ ყოფილა ნაგულისხმევი ან მინიშნებული ქვიარ ქალ პერსონაჟებზე, მაგალითად, მის დენვერსი 1940 წლის ფილმში „რებეკა“, მატრონ მამა მორტენი 2002 წლის „ჩიკაგოში“ და კლერის სტერლინგი 1991 წლის ფილმში „კრავთა დუმილი“. თუმცა, „Everything Everywhere All At Once“ ამ კატეგორიის პირველი გამარჯვებულია, რომელშიც ქვიარ ქალი პერსონაჟი ღიად ფიგურირებდა და მისი ქვიარობა ფილმის სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

სტეფანი სიუს განსახიერებული პერსონაჟი ჯოი ვონგი / ჯობუ ტუპაკი არის ფილმის მთავარი პერსონაჟების, ეველინ ვონგის (მიშელ იო), და ვეიმონდ ვონგის (კე ჰიუ კვანი) გეი ქალიშვილი. სტეფანი სიუმ ნომინაცია მოიპოვა მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში, რომელიც საბოლოოდ მის კოლეგასთან, ჯეიმი ლი კერტისთან, დათმო.

სიუ ქვიარ თემის წარმომადგენელია და მას რამდენჯერმე ღიად უსაუბრია საკუთარ იდენტობაზე. Out-თან ინტერვიუში მან განაცხადა: „როდესაც სცენარი წავიკითხე, ქვიარ სიყვარულის ამბავი იმდენად აშკარად ვიგრძენი და აზიური ოჯახიც ჩემთვის იმდენად აშკარა იყო, რადგან ეს ასევე ჩემი ცხოვრებაცაა“. ოსკარებმა სიუ ასევე შეიყვანა თავის სიაში „15 ლგბტქ+ რეჟისორი და მსახიობი დიდი პოტენციალით“.

ფილმმა ჯამში ოსკარზე 11 ნომინაცია მოიპოვა და მათგან 7-ში მოიგო. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ქვიარ ფილმმა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა — პირველი იყო ფილმი „Moonlight“ 2016 წელს.

The Whale — 3 ნომინაცია, 2 გამარჯვება

დარენ არონოფსკის დრამა „The Whale“ მოგვითხრობს ჭარბწონიანი გეი კაცის შესახებ, რომელსაც მწვავე დეპრესია აქვს. მთავარი როლის შემსრულებელმა ბრენდან ფრეიზერმა ამ როლისთვის კრიტიკოსების აღიარება და ოსკარი მოიპოვა. ჰონგ ჩაუ ნომინაციას დასჯერდა მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში, ფილმმა კი კიდევ ერთი ოსკარი მოიპოვა საუკეთესო გრიმისა და ვარცხნილობის კატეგორიაში.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფრეიზერის პერსონაჟი მაყურებლისთვის საკამათო აღმოჩნდა და ბევრმა გააკრიტიკა ის, თუ როგორ იყენებდა „The Whale“ ჭარბწონიან კოსტიუმს და მთავარი პერსონაჟის ქვიარობას.

სხვა ქვიარ ნომინაციები

Tár

წელს 6 ნომინაცია, მათ შორის საუკეთეო ფილმის კატეგორიაში, მოიპოვა ასევე ფილმმა „Tár“, რომლის მთავარ როლშიც ლესბოსელი პერსონაჟი იყო. კეიტ ბლანშეტის განსახიერებული ლიდია ტარი ცნობილი დირიჟორია, რომელიც ძალაუფლებასა და ავტორიტეტს ბოროტად იყენებს, თუმცა ფილმი „Tár“ საკმარისად ჭკვიანია საიმისოდ, რომ პერსონაჟის ქვიარობა მისი ქმედებების მიზეზად არ აქციას და, ამის ნაცვლად, უბრალოდ წარმოჩენილია ადამიანი, რომელიც თან ქვიარია.

Women Talking

აღსანიშნავია, რომ სარა პოლის ფილმმა „Women Talking“, რომელშიც ერთ-ერთი საკვანძო ტრანსი პერსონაჟის როლს ტრანსი კაცი (ოგუსტ ვინტერი) ასრულებდა, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში მოიგო და ნომინაცია მოიპოვა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

ლედი გაგა — სიმღერა „Hold My Hand“

წელს გაგა კიდევ ერთხელ დაუბრუნდა ოსკარებს და აკადემიის ჯილდოზე ნომინაცია მეოთხედ მოიპოვა. პოპ-სუპერვარსკვლავი საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში უკვე მესამედ ნომინირდა — ამჯერად „Top Gun: Maverick-ისთვის“ შექმნილი სიმღერით „Hold My Hand“. შეგახსენებთ, რომ ბისექსუალმა მომღერალმა აკადემიის ჯილდო რამდენიმე ცერემონიის წინ მიიღო სიმღერისთვის „Shallow“ ფილმიდან „A Star Is Born“.

Close

საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში ნომინაცია მოიპოვა ბელგიურმა ფილმმა „Close“, რომელიც ორი ახალგაზრდა ბიჭის ისტორიას გვიყვება. ფილმში დიდი როლი ეთმობა ჰომოფობიისა და სუიციდის თემებს, რაც მას ამ წლის ერთ-ერთ ყველაზე სევდიან ფილმად აქცევს.

Glass Onion: A Knives Out Mystery

საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში ნომინირდა „Knives Out-ის“ სიქველი „Glass Onion: A Knives Out Mystery“, რომელშიც ქვიარ მომღერალი და მსახიობი ჟანელ მონე შეუერთდა დენიელ კრეიგს, რომელიც გეი დეტექტივის, ბენუა ბლანკის, როლს ასრულებს.

All the Beauty and the Bloodshed

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში ნომინაცია მოიპოვა ფილმმა „All the Beauty and the Bloodshed“, რომელიც მოგვითხრობს ფოტოგრაფისა და აქტივისტის, ნან გოლდინის, ისტორიას და მის ბრძოლას ძლევამოსილი საკლერის ოჯახის წინააღმდეგ. წლების წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში გოლდინმა განაცხადა, რომ ის პანსექსუალია.

The Fabelmans

წლევანდელი ოსკარის ქვიარ ნომინანტებიდან ტონი კუშნერი იყო ერთადერთი, რომელსაც გამარჯვების ორი შანსი ჰქონდა. ის ფილმის „The Fabelmans“ თანასცენარისტი და თანაპროდიუსერია, ფილმი კი, სხვა ნომინაციებს შორის, ასევე საუკეთესო ფილმის და საუკეთესო ორიგინალური სცენარის კატეგორიაში ნომინირდა.

კუშნერი, რომელიც ღიად გეი კაცია და დაქორწინებულია ჟურნალისტ მარკ ჰერისზე, უკვე ოთხჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული.

Night Ride

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი Live Action ფილმის კატეგორიაში ნომინირებული იყო ნორვეგიული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „Night Ride“, რომელიც მოგვითხრობს ტრანსი ქალის ისტორიას, რომლის ცხოვრებაც მოულოდნელად იცვლება ტრავმაით მგზავრობისას. „Night Ride“ ერთადერთი ქვიარ მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წელს ნომინირებულებს შორის.


ქვიარ ნომინანტების წლევანდელი სია ცხადყოფს, რამდენად დიდი გზა გაიარა ლგბტქი ადამიანებისა და თემების წარმოჩენამ კინემატოგრაფიაში და ჯერ კიდევ რამდენად დიდი გზა აქვს გასავლელი. ისეთი ფილმები, როგორებიცაა Tár და Everything Everywhere All at Once ნათლად აჩვენებს, როგორ შეუძლიათ კარგად დაწერილ ქვიარ პერსონაჟებს, გასცდნენ სტერეოტიპებს.

წყარო: Autostraddle, Buzzfeed, Metroweekly, Advocate

წინა

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ  საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავს

შემდეგი

MADLENA პარიზში გამართულ SITUATIONIST-ის წვეულებაზე პერფორმანსით წარსდგა

ბოლო სიახლეები

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43