/

თოლია, რომელმაც ფრენა შეძლო – ინტერვიუ ეკა ტყემალაძესთან 

ბავშვობის წლები

უკრაინაში, ქალაქ ოდესაში დავიბადე, 1983 წელს, 15 დეკემბერს. გაჭირვებულ ოჯახში დავიბადე, იმ პერიოდში ებრაელებს ავიწროებდნენ და სამსახურის შოვნა ჭირდა, ბებია მათემატიკოსი იყო და სამსახურში არ იღებდნენ. ეს, რასაც ვყვები, გადმოცემით ვიცი. ჩემი თავი დაახლოებით 3-4 წლიდან მახსოვს. მახსოვს ჩემი სახლი ოდესაში, ერთი ოთახი ბნელი და მტვრიანი ნათურით და ძველი რემონტით. იტალიურ ეზოში, მეორე სართულზე. ეზოში ქვიშა დაყრილი, მქონდა მოკლედ შეჭრილი თმა და მყავდა დიდი ნაცრისფერი კატა, რომელსაც ვიხუტებდი ხოლმე. აი, ეს დეტალები მახსოვს, სხვა არაფერი – არც დედა, არც მამა, არც ძმა, გვიან გავიგე საერთოდ რომ ძმა მყავდა. ჩემზე სამი წლით უფროსი ძმა მყავდა. ჩვენ სხვადასხვა მამა გვყავდა და ჩემმა მამამ, როცა დედას ორსულობა გაიგო, მიგვატოვა. დედას ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო და დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა, როცა ფსიქიატრიულში მოხვდა. დედა თურმე ძალიან კარგად ფლობდა ინგლისურს და ძალიან ლამაზი ქალი იყო, ან არც, არ ვიცი, იმიტომ რომ დღემდე ვეძებ დედას. 26 წლისამ ვიპოვე მთელი ჩემი სანათესავო, მაგრამ დედაჩემი ვერა. 

ძალიან ცხადად მახსოვს, ერთ დღესაც, ქვიშაში ვთამაშობდი და ეზოში შემოვარდა ლურჯი ფერის მანქანა, მახსოვს მრგვალი ფარები და ფორმაში ჩაცმული მამაკაცები იყვნენ. ორნი იყვნენ და დამინახეს თუ არა, ერთმანეთს ჩაულაპარაკეს „это она“. არც დედასთან ავიდნენ, ჩემი მანქანაში ჩასმა უნდოდათ, მე შემეშინდა და ყვირილი დავიწყე. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს, არის თუ როგორ გამოვარდა დედა სახლიდან თეთრ პერანგში და ჩემი დაცვა სცადა. შვილს სახელმწიფო ასე ადვილად ვერ წაგართმევდა, თუ ხელს არ მოაწერდი რაღაცას. შეიძლება დედამ მოაწერა კიდევ ხელი იმას, რომ ჩემთვის უკეთესი მომავალი შეექმნა, თუმცა დრო როცა მოვიდა, ალბათ მზად არ იყო.

ამის შემდეგ ბავშვთა სახლში აღმოვჩნდი, იქ დიდხანს ვიყავი. მახსოვს სულ დედას ველოდებოდი, ვერ ვხვდებოდი აქ საიდან გავჩნდი. სხვათაშორის, ბავშვთა სახლში არავინ მომაკითხა. ეს ყველაფერი უკრაინაში, ხუთ წლამდე ხდებოდა, ჩემი დაბადების სახელია ლუდმილა ვაინშტეინი-ნიკალაევნა. ერთხელაც დამიძახეს და ორ ქალბატონი გამაცნეს, ჩემი მომავალი დედა, ქართველი და მისი მეგობარი, მზია. დამათვალიერეს, დამელაპარაკნენ, მოვეწონე. ცოტახანში მეორედაც ჩამოვიდნენ და საქართველოში წამომიყვანეს. საქართველოში ჩამოსვლამდე კიდევ ერთი მომენტი მახსოვს, ბავშვთა სახლში ერთად გვეძინა ხოლმე და ჩემს გვერდით ერთი ბიჭი იწვა და იმან მითხრა: ლუდა, შენ ახლა საქართველოში წახვალ, იქ ყველაზე დიდი მთებია, მთაზე ალუბლის ხეა, კიბეც იქნება, ახვალ და ბალს შეჭამო. მახსოვს თავიდან ძალიან გაბრაზებული ვიყავი, არ მინდოდა ჩემი მეგობრების მიტოვება, დედაჩემის მეგობარმა ხელში ამიყვანა, შოკოლადებს მაძლევდა და მე უარი ვუთხარი. თბილისში ღამე ჩამოვედით და ჩემს მომავალ დეიდასთან მივედით. აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრება საქართველოში. აქ ჩემი ასაკის დეიდაშვილი დამხვდა, ვეკა, დღეს დასავით არის ჩემთვის. შემდეგ დედამ მუხიანში წამიყვანა და იქ დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება. დედაჩემი ძალიან კარგი ქალი იყო. ვფიქრობ, თავიდან ცოტა უჭირდა ჩემთან კონტაქტში შემოსვლა, არ იცოდა რაზე უნდა ესაუბრა, ჩვენ შორის სხვაობა ხომ ორმოცდაათი წელი იყო. თავიდან დედას ვერ ვეძახდი და ერთხელაც მითხრა, დედა უნდა დამიძახოო და მეც ნელა-ნელა დავიწყე და შევეგუე იმ ფაქტს, რომ ახლა ამ ოჯახში უნდა გავზრდილიყავი. 

კარგი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდა დედასთან? 

დედასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა მაინც ყოველთვის იყო, განსაკუთრებით მოზარდობაში – მეგობრებთან დარჩენა, სადმე წასვლა, რომ მინდოდა ხოლმე, არ მიშვებდა. ეშინოდა და გასაგებიცაა, საქართველოში ყველა მშობელს უნდა ეშინოდეს. 

თავიდან დედას არ ეძახდი, მაგრამ ნათელი მოგონებები როდის გაჩნდა? 

შეგუების პროცესში, პატარაობისას, ვცდიდი დედაჩემს, მაინტერესებდა როგორი ხასიათის იყო, როგორი იქნებოდა გაბრაზებული. ის კი, ძალიან თავშეკავებული ქალი იყო, ხელი არასდროს აუწევია. სკოლის პერიოდში ფეხით ძალიან ბევრს დავდიოდით ხოლმე ერთად, მუხიანიდან საბურთალოზე დავდიოდი სკოლაში და მახსოვს, პირველ კლასში დედაჩემი როგორ მაცილებდა ხოლმე დილაობით. ეს პერიოდი თბილად მახსოვს, მაგრამ დედაჩემის ეს გამოცდის პერიოდი ძალიან გამიგრძელდა და ერთი თვით მის დასთან სოფელში გამიშვა. ამხელა სიშორე არასდროს გვქონია, სულ ერთად ვიყავით. თუმცა, ძალიანაც კარგი ქნა, იმიტომ რომ იქ დასვენებისას, პირველად მომენატრა, თანაც ძალიან. ამ დროის განმავლობაში ალბათ სპეციალურად არ ჩამოდიოდა და ერთი თვის შემდეგ, როცა ჩამოვიდა, კამფეტები ჩამომიტანა, ავხტი, ჩავეხუტე, ჩავკოცნე. ეს იყო დედაშვილური სიყვარულის პირველი, ყველაზე ნამდვილი გამოვლინება. ამის შემდეგ სხვანაირი სითბო გამიჩნდა დედაჩემის მიმართ. სითბოს გაჩენა ხომ შეკვეთით არ ხდება, რაღაც, ბიძგი გჭირდება და ჩემთვის ეს იყო ბიძგი. დედაჩემის ხათრით, სტომატოლოგიური კოლეჯიც კი დავამთავრე. 

შენი სურვილი არ იყო? 

არა, მე ბავშვობაშივე ვხატავდი. პირველ კლასში ასეთი დავალება მოგვცეს, დაგვეხატა ვაშლები. მე დავხატე ორი ვაშლი ჩემი ჩრდილებით, შენახულიც მაქვს, სკოლაში წლობით ეკიდა. ახლაც ასე ვხატავ, თვალებს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, სად რა და როგორი ფერის უნდა იყოს ჩემი ნახატი. ალბათ ეს თანდაყოლი ნიჭია, იმიტომ რომ მასწავლებელთან არასდროს მივლია. 

დედა თვითონ რა პროფესიის იყო, რას საქმიანობდა? 

დედამ ორმოცდახუთი წელი თბილისის გამწვანებაში იმუშავა, აგრონომი იყო. მისი დაბალი შემოსავლით ვცხოვრობდით, იმიტომ რომ მაშინ, ისევე როგორც ახლა, ხელფასები ძალიან დაბალი იყო. მახსოვს დამატებითი შემოსავალი რომ გვქონოდა, თბილისიდან სოფლებში დავდიოდით და პურს ვყიდდით. მაშინ შვიდი წლის ვიყავი. დილის ხუთ საათზე ვდგებოდით, ყველაზე მძიმედ ზამთრები მახსოვს, ჩამტვრეული მინები მატარებელში და ჩვენ კი, ფეხით დავდიოდით და დაგვქონდა პური, ვყიდიდით ან ვცვლიდით ყველში, ლობიოში, მჭადის ფქვილში. დედაჩემი მარტოხელა დედა იყო და სხვა გზა არც გვქონია. 

შენი პირველი სამსახური რა იყო? 

სტომატოლოგიის განხრით კოლეჯის დამთავრების შემდეგ, დიპლომიც ავიღე. სხვათაშორის კარგად ვსწავლობდი ანატომია-ფიზიოლოგიას, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, ლალი ახალაია. ჩემი მეგობარიც იყო, კოლეჯის მერე ვსეირნობდით ხოლმე და ერთადერთი თბილი მასწავლებელი იყო. მაშინ მე თხუთმეტი წლის ვიყავი, ის ოცდარვის, ყურადღებით მისმენდა, აინტერესებდა ჩემ შესახებ და მეც მსიამოვნებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა, მისი დამსახურებაა, რომ კარგად ვსწავლობდი ამ საგანს. უკვე დრო იყო მემუშავა და ჩემი პირველი სამსახური ჩვიდმეტი წლის ასაკში დავიწყე, რესტორანში მიმტანად. ლაღი ბავშვობა არ მქონია, არც არავინ მეგობრობდა ჩემთან. 

ეთნიკური ნიშნით თუ გრძნობდი რაიმე განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გარშემომყოფთა მხრიდან? 

სხვათაშორის, ბიჭებთან ცუდი ურთიერთობა არ მქონდა, ვმეგობრობდით, ჩემი ჩაცმულობის გამო გოგოებისგან უფრო ვგრძნობდი დისკრიმინაციას. არ მემეგობრებოდნენ, შეიძლება ქართულ-რუსული აქცენტიც მქონდა, კარგად ვერ ვლაპარაკობდი, თან ასაკოვანი დედა მყავდა, ზოგი ბებიასაც ეძახდა, ბებიაშენი მოვიდაო წამომაძახებდნენ ხოლმე და მეც, რა თქმა უნდა, მწყინდა, მაგრამ ისეთი ჩაკეტილი და მშვიდი ვიყავი, თავის დაცვის საშუალება არასდროს მქონია. მხოლოდ ერთი გოგო, მზია, მემეგობრებოდა, სკოლის შემდეგ თბილ მილზე ვისხედით ხოლმე და ვსაუბრობდით. 

რა იყო ხოლმე შენი თავშესაქცევი სკოლის მერე, რაც გაძლიერებდა, კარგ ხასიათზე გაყენებდა, გართობდა? 

ძალიან მინდოდა მეგობრები მყოლოდა, მათ დანაკლისს აშკარად ვგრძნობდი. ეზოში ბავშვები კი ვთამაშობდით ხოლმე, მაგრამ იმ კლასელ გოგოსთან ოცნებებზე ვლაპარაკობდით და მეც მომწონდა მასთან საერთო ინტერესი და ღრმა ურთიერთობა რომ მქონდა. თუ ვინმე არასწორად მექცეოდა, ეს სკოლის მასწავლებლები იყვნენ, რუსული უკვე დავიწყებული მქონდა და როცა ერთხელ დავალებაში შეცდომა დავუშვი, მასწავლებელმა ამაყენა და მთელი კლასის თანდასწრებით რუსულად მითხრა, ტყემალაძე, რა დეგენრატი ხარო! რადგან შორს ვცხოვრობდი, დედაჩემი ბევრ საჭმელს მატანდა ხოლმე და ერთხელ რვეული გამიცხიმიანდა, მასწავლებელმა აიღო და მთელს კლასს ანახა, ნახეთ როგორი აქვს ეკასო, ძალიან შემრცხვა. აი, ეს იყო დისკრიმინაცია, ასე მოქცევა ბავშვებთან არ შეიძლება, საერთო ენის გამონახვა უნდა სცადო. ამიტომაც მიჭირდა სკოლაში სწავლა. 

სკოლის პერიოდში ხატვა მიყვარდა, სახლში სულ ვხატავდი. ასევე, მქონდა ძველი მაგნიტაფონი, მაშინ ხომ კასეტები იყო, და ვისწავლე ფილტრების ადეკალონით გაწმენდა. აქედან დაიწყო ჩემი ჩხირკედელაობაც, თან სპირალიანი „პლიტები“ გვქონდა და რომ გაწყდებოდა, ბედნიერი შევაკეთებდი ხოლმე. ახლა ყველა მეძახის ხოლმე ონკანის ან სხვა რამის გასაკეთებლად, ყველაფერი შემიძლია, მეგობრები „ყველაფერშიკს“ მეძახიან. 

ყველაზე რთული რა ტიპის სამუშაო გაგიკეთებია?

ელექტროობა მართლა არასდროს მისწავლია, მაგრამ სახლში მე თვითონ გამოვცვალე. ამ სახლში ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. ჩემს დეიდაშვილსაც მე გავუკარი შპალიერი და ასე. 

რომელ თვისებებს გამოყოფდი, რომელიც, შენი აზრით, დედისგან გერგო? 

სიკეთე, დედაჩემი ძალიან კეთილი ქალი იყო. კი არ იჯდა და მასწავლიდა სიკეთეს, საკუთარ მაგალითზე მაჩვენებდა. მთელი ბავშვობა დედაჩემის სამსახურში, გამწვანებაში, გავატარე. დედაჩემი ქუჩაში იყო და დიდუბეში „კანტორა“ ჰქონდათ. დღისით მასთან ერთად ვიყავი, დედაჩემის მუშებთან ერთად, ასაკოვანი ხალხი იყო და დედაჩემი სულ ეუბნებოდა, მოდი დაგასვენებ, ოღონდ ხელფასიდან არ გამოგაკლდება, არ ინერვიულოო. ერთხელ მახსოვს, ღამის სამ საათზე მშიერი მეზობლის გამო სხვა მეზობელი შეაწუხა, რომელიც პურის ქარხანაში მუშაობდა და პური გამოართვა, რადგან მაშინ პური არც ჩვენ გვქონდა. დედაჩემი ძალიან მეგობრული იყო. ნარდის და ბანქოს თამაში უყვარდა და დღემდე მიყვარს მეც. ისრაელში, პირველად, ჩამოვედი, 2012 წელს. ემიგრაციაში ხუთი წელი ვიცხოვრე, შემდეგ წავედი გერმანიაში ორი წელი, მერე ისევ საქართველოში დავბრუნდი, რადგან დედაჩემი ასაკში იყო და არ მინდოდა მარტო ყოფილიყო. დედა გარდაიცვალა ოთხმოცდათორმეტი წლის. დედაჩემმა დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცი ახლა სად ვიქნებოდაი, ვისთან და როგორ. ბედნიერი ვარ, რომ დედაჩემის შვილი ვარ.

შემოქმედება

სტომატოლოგიური განათლების მიღების შემდეგ, სამხატვრო, ან მსგავს სასწავლებელში ხომ არ გისწავლია? 

მასწავლებელი არასდროს მყოლია, არც სამხატვრო სასწავლებელში მივლია. ცოდნის გასაღრმავებლად ფერწერას ინტერნეტით ვეუფლებოდი. თვითნასწავლი ვარ, არამარტო ხატვაში, არამედ ზოგადად, ბევრ რამეში. დავჯექი, გავხსენი იუთუბი, დავძებნე როგორ იხატება ზეთით, მაგალითად, როცა ბუნებას ხატავ, პირველი რა უნდა გააკეთო, თუნდაც კონტური როგორ მოხაზო, რა რა ზომის უნდა იყოს, მერე დავიწყე ფერების სწავლაც, რომელ ფერზე რა მიდის, რა რას დაადო და ასეთ რაღაცებს ვსწალობდი, წიგნებსაც ვკითხულობდი. ასე დავიწყე სწავლა და კიდევ უამრავი რამ მაქვს სასწავლი.

რამ გიბიძგა, რამ გააღვიძა შენში ხატვის სურვილი? 

რაც ზდასრულ ცხოვრებაში შევედი და 17 წლიდან მუშაობაც დავიწყე, ეს ჩემი ნახატები და ფუნჯები დიდი ხნით, წლებით გადავდე გვერდზე. ქვეცნობიერი სულ იმას მეუბნებოდა, ხატე, როდის დაიწყებ ხატვასო და 31 წლიდან მართლაც დავიწყე . 

ისრაელში ცხოვრებისას, არაერთხელ მქონდა პერიოდი, როცა დილით ვიღვიძებდი და ვერ ვხვდებოდი რისთვის ვცხოვრობდი საერთოდ. კაი წავედი სამსახურში, და რა მერე?! არ გამაჩნდა არანაირი საზრისი და ღერძი. უკვე 2015 წელს, ერთხელ სამსახურში ჩეხოვის „თოლიას“ ვუსმენდი. ვუსმენდი როგორ უნდა პატარა თოლიას რომ ძალიან მალე გაფრინდეს, ყოველი წუთი ენანება რომელსაც ფრენის გარეშე ატარებს, ცდილობს და ცდილობს და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ვარდება, მაინც ბოლოს გაფრინდება. ორჯერ მოვუსმინე ამ წიგნს, სწორედ ეს წიგნი გახდა ჩემთვის ნაპერწკალი იმისა, რომ ყველაფერი დამეყარა და იმ საღამოსვე ვიყიდე მოლბერტი, გუაშები, ტილო და ამდენწლიანი პაუზის შემდეგ, მზის ჩასვლა დავხატე. ცოტა ხანში მეგობრები მესტუმრნენ და მოეწონათ. ნახატებში სამი სტილი შევიცვალე, დავხატე ორი შავ-თეთრი ნახატი, ერთი სპაგეტი იყო, მეორე კი, კვერცხი და „დაბადება“ ერქვა. მეორე თუ მესამე დღეს ისრაელში ჯგუფურ გამოფენაში მიმიწვიეს. ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა ისრაელში და შემდეგ ამავე გალერიამ, unity art, რამოდენიმე თვესა თუ ერთ წელიწადში, უკვე პერსონალური გამოფენის გასამართად დამიკავშირდნენ.

რამდენი ნამუშევარი გქონდა ამ დროისთვის და სად იყო ეს პერსონალური გამოფენა? 

ისეთი დაუჯერებელი იყო ჩემთვის პირველი გამოფენა, ჩემი თავი ვიპოვე, ჩემი საყრდენი და ღერძი, აღვფრთოვანდი და ყოველდღე ვხატავდი, სადაც შემეძლო იქ ვხატავდი, არამარტო ტილოზე.  გამოფენა აქ, ისრაელში, თელავივში, ყველაზე ცნობილ უბანში იყო. დიდი ვიტრაჟები იყო და ჩემი ნახატები ვიტრაჟებთან მოლბერტებზე იდგა. ჩემი მაშინდელი კურატორი მეუბნება, ეკა ყველა იმიტომ შემოდის, რომ ვიტრაჟებში შენს ნახატებს ხედავსო, მახსოვს, ძალიან მესიამოვნა. 

მსოფლმხედველობა

მე შენ ნახატებით გაგიცანი, რომლებიც ნამდვილად სულისშემძვრელი და ბევრისმთქმელია, სოციალური თემატიკის, რაც ძალიან ნატიფი ხერხითაა მოწოდებული. მითხარი რის თქმას ცდილობს ამ ნახატის პერსონაჟი? 

იქიდან დავიწყებ, რომ 15 წლის ასაკიდან აქციებზე ვარ. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანის, როგორც ქვეყნის მოქალაქის, ვალდებულებაა ქვეყანის უკეთესობისკენ შესაცვლელად მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველო ჩემთვის არის სახლი, სწორედ ამიტომ ვარ მთელი ცხოვრებაა აქციებზე. 

ჩემს ნახატს რაც შეეხება, „გულისრევას“. მთელი ბავშვობა, უცნობი თუ ნაცნობი ყველა ჭკუას გვასწავლის, იმას კი ვერ ხვდებიან ადამიანები, რომ ადამიანები დამოუკიდებლები ვართ. „გათხოვდი, შვილები გააჩინე“, „ნუ დადიხარ ბიჭივით“, „თმა რატომ გაქვს მოკლე“, „რატომ გასუქდი“ – აი ეს ყველაფერი, რასაც ვისმენ ზუსტადაა ასახული გულისრევაში და კოპლებიან კაბაში. ისე დავიღალე საზოგადოების ჭკუის სწავლებისგან. განა არ მომწონს ვინმე რამეს როცა მასწავლის, უბრალოდ სწავლას ხო გააჩნია, ეთიკის ნორმები ხომ უნდა იყოს დაცული. 39 წლის ვარ და მინდა მწვანედ მექნება თმა და მინდა წითლად. 

ანუ არის რაღაც საზღვრები, რომლებიც ადამიანებმა უნდა დაიცვან და არ გადალახონ, ხომ ასეა? 

იმის თქმა მინდა, რომ ძალიან პირად სივრცეში არ უნდა შეიჭრნენ. ეს გოგონა, ჩემი ავტოპორტრეტია, რომელსაც კოპლებიანი კაბა აცვია და კოპლებიან კაბაზე გული ერევა ხალხის ყველა უაზრო რეპლიკაზე.

საზოგადოება

შენი 5-წლიანი ცხოვრების შემდეგ, თან ახლაც ისრაელში ხარ, გვითხარი, რა მსგავსება და განსხვავებაა აქაურ და იქაურ საზოგადოებას შორის? 

ჩემი თანატოლები საქართველოში ძალიან ვართ დაყოფილები კატეგორიებად, არ აქვს მნიშვნელობა რეგიონზე გვაქვს საუბარი, თუ დედაქალაქში. ისრაელში ბევრი საქმიანი ხალხია, უფრო მეტი თავისუფლებაა. საქართველოში გერმანიიდან მწვანე თმითა და პირსინგით ჩამოვედი, ერთი შემხვდა და მკითხა უი, ზელიონკა გაქვს თავზე, მეორე შემხვდა, გადაიღებე, ბაყაყი ხომ არ ხარ. მესამე შემხვდა, პირსინგი რატომ გაქვს, ძროხა ხარ? პირდაპირ ასე მეუბნებოდნენ და გავგიჟდი. ისრაელში ქუჩაში უფრო უსაფრთხოდ დადიხარ, დაძაბული არ ხარ რომ ვიღაც მოგვარდება ან მოგაშტერდება შენი გარეგნობის გამო. ზოგადად ძალიან ღია და მეგობრული ხალხია და რაც უფრო ფერადი ხარ, მით უფრო საინტერესო ხარ მათთვის და ისრაელში უფრო დამოუკიდებელიც ხარ, როგორც სოციალურად, ისე ფინანსურად. 

მაგრამ საქართველო მაინც გენატრება?

კი, თან ძალიან. მე ძალიან მიყვარს საქართველო. სად არ ვყოფილვარ და ასეთი სილამაზე არ მინახავს, ქართული ბუნების სილამაზე, აქ, ისრაელში, ძალიან მაკლია. მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენ იქ ცხოვრებას, მაშინვე შფოთვა და უარყოფა მეწყება. არ არსებობს არანაირი სტაბილურობა, რაც ძალიან სამწუხაროა. თან ვგრძნობ რომ ამ ქვეყანაში ვიკარგები, ვერ ვახერხებ რეალიზებას.

გამოფენა თბილისშიც ხომ გქონია?

კი, ეს იყო 2016 წელს, ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა საქართველში იყო „ფაბრიკაში“, შემდგომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ორივე სივრცე უსასყიდლოდ გადმომცეს და ორგანიზებაში ჩემი მეგობრები დამეხმარნენ. ჩემი მეგობრები ყოველთვის მიდგანან გვერდში და მათგან ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას, ვგრძნობ რომ მარტო არ ვარ. 

და ბოლოს, რას ეტყოდი „ქვიარის“ მკითხველს, ახალგაზრდა ქვიარებს, თუნდაც რეგიონებიდან, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი პრივილეგიებზე?

აუცილებლად აკეთეთ თქვენი საქმე, არ გაჩერდეთ და განვითარებას ყოველთვის შეძლებთ, თუნდაც ერთ პატარა ოთახში. ნუ გაუშვებთ ხელიდან თუნდაც ელემენტარულ შანსსა და შესაძლებლობას თქვენს საქმეში და ნუ შეუშინდებით სირთულეებს, ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი.

 

ინტერვიუს ავტორი: ნინო ბოლქვაძე

რედაქტორი: მარიამ პაიჭაძე

 

წინა

სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანი მოკლეს – სარდაფში ნაპოვნი ცხედრის საქმე

შემდეგი

პოსტდრამატული სამყარო და მისი მტრები

ბოლო სიახლეები

ქვიარ ადამიანებისგან “მობეზრებული”კანადელი ულტრა-მემარჯვენე ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად

FacebookTweetLinkedInEmail კანადელმა ულტრა-მემარჯვენემ არენდ ფინსტრამ გადაწყვიტა, რომ მის ქვეყანაში ძალიან ბევრი ქვიარ ადამიანია, რომლებმაც თავი მოაბეზრეს.

რომის პაპი ფარისევლობას უწოდებს მის მიმართ კრიტიკას ქვიარ ადამიანების დალოცვის შესახებ

FacebookTweetLinkedInEmail რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ფარისევლობაა მისი კრიტიკა ლგბტქი წყვილების დალოცვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დეკემბერში პაპმა

ტრანსგენდერი ფეხბურთელისა და მისი გუნდის წარმატების რეალური ისტორია

FacebookTweetLinkedInEmail ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო

პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი ბოდიშს იხდის წარსულში ანტი-ლგბტქი პროპაგანდისთვის

FacebookTweetLinkedInEmail პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის,  TVP ინფოს წამყვანმა ბოდიში მოიხადა ქვიარ ადამიანების მიმართ ნათქვამი “სამარცხვინო სიტყვებისთვის” რომელიც