„მე ვიყავი ჰომოფობი“ — ასე ჰქვია ლგბტქი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ წამოწყებულ ახალ კამპანიას, რომელიც ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურად იყვნენ განწყობილი ლგბტქი თემის მიმართ და საბოლოოდ ჰომოფობია უკან მოიტოვეს, საშუალებას აძლევს, საკუთარ შეცვლილ შეხედულებებსა და დამოკიდებულაზე ისაუბრონ.
კამპანიის პირველი მონაწილე მუსიკოსი და მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძეა. მისი თქმით, საბედნიეროდ, დადგა დრო, როდესაც გადააფასა ყველაფერი და მიხვდა, რომ ყველაზე მთავარი ღირებულება, რომელიც თურმე კარგად გაცნობიერებული არ გვაქვს, ადამიანია.
გთავაზობთ ვიდეოს სრულად:
„ბევრჯერ გვსმენია, როგორ ამბობენ ჩვენი მხარდამჭერები თუ თვითონ თემის წევრები. რომ ჰომოფობები იყვნენ. კამპანიის ინსპირაცია სწორედ აქედან წამოვიდა. ვფიქრობთ, აუცილებელია ჩახლართული ტერმინების გარეშე უშუალოდ ჩვენს წარსულ გამოცდილებაზე საუბარი, რათა საზოგადოების სხვა წევრებმა დაინახონ, რომ ჰომოფობია მარადიული არ არის, ის იცვლება მიმღებლობით, როცა, მაგალითად, ვკითხულობთ მეტ ლიტერატურას, ვიძენთ ქვიარ მეგობრებს, ვაფასებთ და უკუკავშირს ვაძლევთ საკუთარ თავს“
— ამბობს „თბილისი პრაიდის“ წევრი მიკო შახდინარიანი.
მსგავსი ისტორიების გაზიარება ფეისბუქზე ჰეშთეგით #მევიყავიჰომოფობი ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „თბილისი პრაიდი“ კი, ახალი ვიდეოებითა და ისტორიებით დროდადრო დაგვიბრუნდება.