/

დაკარგული ბავშვობის ძიებაში – ინტერვიუ უტა ბექაიასთან

უტა ბექაია 1974 წელს, თბილისში დაიბადა. არის დიზაინერი და მულტიმედია არტისტი და ამჟამად, ერთდროულად მოღვაწეობს ნიუ-იორკსა და თბილისში. 

სხვადასხვა წლებში უტა ბექაიას ორასამდე სპექტაკლი, ასევე კინო პროექტი აქვს გაფორმებული. ხელოვანის მხატვრული კვლევის საგანია ისტორიული და კულტურული წარმომავლობა, გენეტიკა და სამყაროს ციკლურობის საკითხი. ის ქმნის კოსტიუმებს და ჩაცმად ქანდაკებებს მულტიმედია პერფორმანსებისა და ინსტალაციებისთვის, რომელთაც წარადგენს მოდის კვირეულებზე, სხვადასხვა არტ ივენთებზე ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბუენოს-აირესში, მაიამსა და თბილისში.  

კარიერის დასაწყისში უტა ბექაიამ მოდის კოსტუმების დიზაინერის გამოცდილება გამოიყენა მედიუმად, გარდაქმნა ის შინაარსად და ადამიანის სხეულთან ერთად შექმნა პერფორმანსი.

გთავაზობთ ინტერვიუს უტა ბექაიასთან:

ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება შენი გაცნობა და კარგი იქნება, თუ ბავშვობიდან დავიწყებთ. რა გახსენდება შენი ბავშვობიდან ყველაზე ნათელი, ტკბილი მოგონება?

ბავშვობასთან ძალიან ბევრი ნათელი მოგონება მაკავშირებს. ძალიან დაცულ ოჯახში გავიზარდე. ჩემი ოჯახის წევრები, დედაჩემი და მამაჩემი, ყოველთვის ცოტა „წაუდისიდენტებდნენ“, არსებულ სისტემაში არასდროს ჯდებოდნენ და მის მიღმა იყვნენ, ცოტა ხნის წინ ამის მიზეზებიც გავიგე. მიუხედავად იმისა, რომ ვერ დავასახელებ, გეტყვით რომ არსებობდა სპეციფიკური მიზეზები, რის გამოც ერთიცა და მეორეც, განსაკუთრებით კი, დედაჩემი არ იყო ამ ყველაფრის ნაწილი. დედაჩემი ძალიან ლმობიერი ადამიანი იყო და ცხოვრების ბოლომდე არ ჰქონია რაღაც ჩაპრესილი, სისტემური წნეხი, მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფებთან ჩვეულებრივ ურთიერთობდა. ორივე მშობელი ძალიან ღია ადამიანი იყო, თუმცა ბავშვობაში დედაჩემთან უფრო მქონდა ურთიერთობა. მეტიც, მთელი ცხოვრება სულ ქალებში გავიზარდე ჩემს ორ დასთან, დედაჩემთან და ბებიებთან ერთად, ერთადერთი კაცი მამაჩემი იყო. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დაცული ბავშვობა მქონდა, არასდროს არანაირი ცუდი ინფორმაცია ჩემამდე არ აღწევდა, ყველაფერი ყოველთვის ლამაზი და კომფორტული იყო. მუდმივად ყველა ცდილობდა ჩემთვის კომფორტის ზონა შეექმნა, რომელსაც დღესაც ვეძებ და ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, ჩემი ხელოვნებაც, იმ კომფორტის ზონის დაბრუნების მცდელობაა, რომელიც ბავშვობაში მქონდა. ბავშვობის ბედნიერი მოგონებები ძალიან ბევრი მაქვს, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. 

ხომ არ გახსენდება რაიმე მოგონება, რომელიც თბილისის კონკრეტულ ადგილს უკავშირდება? ჩემთვის, მაგალითად, ასეთი ადგილი ფუნიკულიორია, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული საოცარი იყო ჩემთვის. 

ჩემთვის ასეთი ადგილი მაუდის ქარხანაა, აქვე, დიდუბეში. ეს იყო ერთი დიდი ქარხანა, რომელშიც შიგნით ვერ შევდიოდით და პატარები რომ ვიყავით, გარეთ ვთამაშობდით. ჩვენთვის ეს რაღაც საიდუმლო, ბურუსით მოცული ადგილი იყო, რომელის შიგნით რა ხდებოდა ჩვენთვის გამოცანად რჩებოდა. ასევე ბავშვობიდან რაც მუდამ მახსოვს, არის ყვავილები. ჩემი პირველი სიტყვა იყო „ლამაზი“, რომელიც გაცნობიერებულად ვთქვი იასამნის ყვავილზე. ისე იყო, რომ სულ ყვავილებს ვაგროვებდი, მახსოვს რომ ვგიჟდებოდი ყვავილებზე – ყველაზე მკაფიოდ ეს მახსოვს. კიდევ მახსოვს როგორ ვაკეთებდი სახლს ჩემს საწოლში და ბუდეებს გარეთ. 

უტა ბექაიას მიერ შექმნილი კოსტიუმი 2022 წლის თბილისობისთვის

ანუ, ხელით რაღაცების კეთება და ჩხირკედელაობა ბავშვობიდან გიყვარდა?

ყოველთვის სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებდი და ვცდილობდი ჩემ გარშემო პატარა სამყაროები შემექმნა, ეგ იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლაც იმავეს ვაკეთებ. კომფორტის ზონაში პატარა ბუდეს ვიწყობდი, სადაც მერე ჩემს წარმოდგენებში ვცხოვრობდი და ბავშვობაში ეს ყველაფერი დაცული იყო რაღაც ბნელისგან, ყოველთვის ლამაზი, ვარდისფერი და ფუშფუშა იყო. ლამაზი იყო ჩემი ბავშვობა, ნუ, მაშინ ჩემს აღქმაში ლამაზად მეჩვენებოდა. ამასთანავე, სულ მოწყენილიც ვიყავი. ზედმიწევნით მახსოვს გრძნობა, სოფელში რომ მივდიოდით ხოლმე, იქ მარტო ვიყავი, ბავშვები არ იყვნენ და სულ მოწყენილი ვიყავი, ესეც რაღაც ტრავმა იყო ჩემთვის. აქამდე მომყვება ამ მოწყენილობის მოკვლისა და კომფორტის ზონის შექმნის სურვილი. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ამას არასდროს ამბობდნენ, ჩემი ოჯახის წევრები რაღაცნაირად თავისებურად ყოველთვის ცდილობდნენ ისე ეცხოვრათ, რომ საკუთარი თავი ზედმეტად არ გამოგვეჩინა, რაც ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ძალიან შესამჩნევი ბავშვი ვიყავი. 

ეს როდის გააცნობიერე?

სულ ახლახანს, სადღაც 5 წლისწინ ვფიქრობდი ამაზე. სულ მქონდა წნეხი, თუმცა, წნეხი ხმამაღალი სიტყვაა, მოდი ვთქვათ გრძნობა, რომ ზედმეტად არ უნდა გამოვჩენილიყავი და უბრალოებისკენ უნდა გადავხრილიყავი. მე კიდევ, ყოველთვის ამისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვიყავი, ასე იყო მაშინაც და არის ახლაც. მინიმალიზმი ჩემი არ არის,  ყველაფერი საპირისპირო მომწონს – დიდი და ფერადი. მაშინ, როდესაც კომუნიზმი დასრულდა და აქ ყველაფერი აირია, მაშინ გონებითაც და ფიზიკურადაც პატარა ბავშვი ვიყავი, ძალიან გვიან განვვითარდი. როცა აქ ეს არეულობა, ომი და გამოსვლები დაიწყო, მაგ დროს გავხდი ზრდასრული. თითქოს ეს დაცული ბავშვობა უცბად შემეცვალა მხედრიონის საქართველოთი, უცებ ომში ამოვყავი თავი. მერე კი, როცა გავიზარდე, გარდატეხასთან ერთად, საერთოდ ყველაფერი შემეცვალა.

მანამდე, სკოლის პერიოდში შენი ნიჭიერება რაიმე სახით ვლინდებოდა?  ალბათ დადიოდი სხვადასხვა გაკვეთილებსა და წრეებზე, ხომ ასეა? მაგალითად, ხატვაზე.

კი, ბავშვობიდან სულ ვხატავდი. სკოლაში ხატვის გარდა არაფერს ვაკეთებდი. მერე სამხატვრო სკოლაშიც მიმიყვანეს. რაც თავი მახსოვს ყოველთვის რაღაცებს ვხატავდი, ძირითადად ვხატავდი ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით პანკურად ეცვათ. ახლაც ძველ ნახატებს რომ ვუყურებ, აღმოვაჩენ ხოლმე რომ ყველა ნახატი არის ჩაცმულობაზე, უცნაურად ჩაცმული ადამიანების ფიზიკურ მანიფესტაციაზე. კიდევ, პლასტილინით ვაკეთებდი რაღაც ფიგურებსა და სახლებს. ძალიან მიყვარდა სხვა ხალხის ჩაცმაც, მეგობრებს სულ ვაცმევდი ხოლმე, ჩემი გატაცება ეს იყო. ფოტოებსაც ვიღებდი, ფირის ფოტოაპარატი და სახლში ჩემი წითელი თუ შავი ოთახი მქონდა, სადაც მამასთან ერთად ფირებს ვამჟღავნებდი ხოლმე, მაშინ ფოტოებს ვერ ვბეჭდავდით და ძალიან მიყვარდა ამის კეთება.

იყვნენ თუ არა მასწავლებლები ან ლექტორები, რომლებმაც შენზე დიდი გავლენა მოახდინეს აკადემიაში ჩაბარებამდე ან ჩაბარების შემდგომ? ლექტორები, უფროსი კურსელები ან კონკრეტული ხელოვანები და არტისტები? 

ძალიან უცნაურია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხატვას უკვე ვსწავლობდი, მასწავლებელთან ჩემი პირველი გარდატეხა მაშინ მოხდა, როცა ვაბარებდი. ქართულის რეპეტიტორთან დავდიოდი, მხატვრობასთან საერთოდ არაფერ შუაში იყო, საგამოცდო თემების წერას გვასწავლიდა. მანამდე ვერც კი ვხვდებოდი, რომ ეს თემები  წინასწარ დაწერილი „შპარგალკით“ არ უნდა დაგეწერა. ამ ქალთან მივედი თუ არა, მითხრა რომ შპარგალკები არ არსებობს, დაივიწყეთო, გვითხრა რაღაც თემა, ზუსტად უკვე აღარც მახსოვს რა და გვითხრა, ამაზე თქვენ რაც გინდათ ის დაწერეთ, არ აქვს მნიშვნელობა ცუდად დაწერთ თუ კარგადო. მაშინ პირველად მივხვდი რომ რაღაცას ჩემით შემიძლია გავუკეთო ინტერპრეტაცია. დავწერე და ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღე. შედეგად ამას მოჰყვა ძალიან დიდი გარდატეხა, რეალურად მივხვდი რამხელა მნიშვნელობა და წონა აქვს ჩემს აზრსა და შემოქმედებითობას. ამ ქალმა ფაქტობრივად მასწავლა როგორ უნდა მეაზროვნა, რათა რაიმე შემექმნა. მართლა ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი იმ ერთი დაწერილი თემით. აი, ეს იყო მგონი ერთადერთი მასწავლებელი, რომლისგანაც რაიმე ვისწავლე. ის ადამიანი იყო, რომელმაც უდიდესი ნაბიჯი გადამადგმევინა ჩემს შემოქმედებით მომავალში, ამით მივხვდი რომ საზოგადოებაში, რომელშიც აქამდე ვერ ვეწერებოდი, თურმე არც უნდა ჩავწერილიყავი და მე თვითონ უნდა გამეკაფა გზა. 

რა სიტუაცია იყო მაშინ აკადემიაში? რამდენად კმაყოფილი იყავი იქ სწავლით?

აკადემიაში 90-იან წლებში ვსწავლობდი, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი მისწავლია. ჯერ მარტო, ფიზიკურად ძალიან ცოტანი ვიყავით, პირველ კურსზე ვიარე და მერე იმ ადგილას მართლა ფიზიკური ომი დაიწყო – სროლები, მხედრიონი დადიოდა, ამიტომ, რომ არ მოგატყუოთ, იმ პერიოდში არაფერი მისწავლია. ეს სრულიად ჩავარდნილი პერიოდი იყო. მერე რაღაც დრო თეატრალურში ვსწავლობდი. ძალიან მაინტერესებდა ფირზე მუშაობა, ამას ვსწავლობდი და იმ პერიოდიდან უფრო მახსენდება რაღაცები. ლექციებს გოგი გვახარია გვიკითხავდა და ძალიან საინტერესო ფილმებსაც გვაჩვენებდა. ეს ყველაფერი ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო იყო. სამხატვროში მარტო ტექნიკურ ხატვას გვასწავლიდნენ, რომელსაც დიდად არაფერი მოუცია. მაგრამ იმ პერიოდში, ფაქტობრივად, ვერავინ ვერაფერი ისწავლა, და ამასთანავე, ყველა იმას ფიქრობდა, თუ როგორ გაქცეულიყო აქედან.

ოჯახმა როგორ მიიღო შენი პროფესიული გადაწყვეტილება ამ ომიანობის ჟამს?

როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახი ძალიან მიჭერდა მხარს. ერთხელ დავიჩემე, რომ კბილის ექიმობა მინდოდა, იმიტომ რომ ჩემი კბილის ექიმი მომწონდა. დედაჩემს კი, სულ უნდოდა მხატვარი გამოვსულიყავი, თავადაც ძალიან არტისტული ქალი იყო და უნდოდა თავისი ეს მხარე სადღაც გამოხატულიყო და ძალიან მოსწონდა მე რომ მხატვარი ვიყავი. შესაბამისად, ხელსაც ძალიან მიწყობდა. ერთი წელი ქიმია-ბიოლოგიაზე ტყუილად ვიარე, კი შემიწყვეს ხელი, მაგრამ მერე როცა ვთქვი რომ აღარ მინდოდა, დედაჩემი ყველაზე ბედნიერი იყო. ოჯახი ყოველთვის გვიწყობდა ხელს მეც და ჩემს დებსაც. არასდროს უთქვამთ რომ რაიმე არ გამოგვივიდოდა. ჩემი მშობლები მართლაც არ ჰგვანან სხვებს და ახლაღა, სხვა ადამიანებს რომ ვუყურებ, ვხვდები როგორ ძალიან გამიმართლა.  

რა გეგმები გქონდა, თუ გქონდა, სწავლისას და სტუდენტობის პერიოდში? იცოდი რა ჟანრში აპირებდი ხატვას, თუ გქონდა რაიმე ხედვა?

მეგობრები სულ მყავდა, მაგრამ რაღაც მომენტში სხვა ინტერესები გაუჩნდათ, შეიცვალნენ და გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ გარიყული აღმოვჩნდი. ერთი მეგობარი გოგო მყავდა, რომელსაც მაშინდელი სტანდარტებით ჰიპის ეძახდნენ და უცნაური, არასტანდარტული ადამიანი იყო, უყვარდა მუსიკა, თავადაც არაჩვეულებრივად მღეროდა და ძალიან დავმეგობრდით. შემდეგ ამ გოგოსგან ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, რომელიც, ჩემ მსგავსად, საერთო სტანდარტებში არ ჯდებოდა. ისე მოხდა უცებ, თავი უზარმაზარ, მრავალფეროვან ოჯახში ამოვყავი, რომელიც მანამდე არ მყოლია. აღმოვაჩინე საერთო ინტერესების მქონე ადამიანების ახალი ჯგუფი, სადაც მიღებული ვიყავი ჩემი ყველანაირი განსხვავებულობით. შეიძლება ითქვას, ნამდვილ ხელოვნებას სწორედ ამ ჯგუფის მეშვეობით ვეზიარე. 90-იანებში ბევრი რამ ხდებოდა, სულ დავდიოდით სხვადასხვა მხატვრებთან, არსებობდა „33-ე სართული“, ადგილი, სადაც შეკრებები იმართებოდა. იმ დროს უკვე ყველა ლაპარაკობდა თანამედროვე ხელოვნებაზე, მაშინ გავიგეთ საერთოდ რა იყო ვიდეო არტი, თანამედროვე ხელოვნებაში მოღვაწე მხატვრები ვინ რას აკეთებდნენ, ამ ყველაფერს ჩემზე ძლიერი გავლენა ჰქონდა. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ შემიძლია ამ ჩემს ხელოვნებას უტილიზაცია გავუკეთო, რათა ჩემი აზროვნების მნიშვნელოვნება გარკვეულ ფორმაში მოვაქციო. უკვე მაგ პერიოდში მომწონდა მოდაც. მოდა ჩემთვის ქვიარობის ყველაზე გამოხატული ფორმა იყო. 90-იან წლებშივე ვუყურებდი ხოლმე რაღაც ფრანგულ არხს, რომელზეც სულ აჩვენებდნენ მოდის ჩვენებებს და იქ იყო ჟან-პოლ გოტიესა და გალიანოს ჩვენებები, რომლებიც ისეთი ქვიარ ჩვენებები იყო, ახლაც რომ ვუყურებ, მიკვირს, სასწაული სანახავია. მაშინ დავიწყე ფიქრი, რომ ძალიან მინდოდა ამის ნაწილი ვყოფილიყავი და ჩემი შინაგანი იუნიქორნის ვარდისფერი იდენტობა გარეთ გამოსულიყო. პირველივე, რაც ვიფიქრე, იყო რომ უნდა ვყოფილიყავი ტანსაცმლის დიზაინერი და როდესაც რაღაც მსგავსი პირველად გავაკეთე, ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი ავანგარდულ ასამბლეაზე. ჩემი ჭკუით, ჩვენება გავაკეთე, რომელიც სინამდვილეში იყო პერფორმანსი, რომელიც იმდროინდელ რეივს ეძღვნებოდა, ეს ყველაფერი ახალი შემოსული იყო და სცენაზე ძალიან ფერადი კოსტიუმებითა და უზარმაზარი პლატფორმებით დადიოდნენ. მოკლედ, ყველაფერს, რაც დღეს უკვე მოდაშია, მაშინ დიდი რეზონანსი ჰქონდა და ამანაც ძალიან იმოქმედა ჩემზე, რადგან მივხვდი რომ ექსპერიმენტულ გზას თუ გავყვებოდი, ამას შეიძლება რაღაც საინტერესო გამოეღო. მაგ დროს მივხვდი რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი მქონდა სამუშაო რომ თვითგამოხატვა მესწავლა.

როგორც ვხვდები, შენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაშინ საკუთარი თავის გამოხატვის ფორმების პოვნა იყო. მაშინდელ საქართველოში რა ქაოტური სიტუაცია იყო, ყველამ ვიცით. მაინტერესებს, რამდენად ითარგმნებოდა ეს სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია ამ ჯგუფების საუბრებში თუ ხელოვნებაში?

მაშინ ხელოვნება ამ ადამიანებისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო, ძალიან ბევრი რამ იქმნებოდა, რისი დოკუმენტაციაც დღეს, სამწუხაროდ, არ არსებობს. სინამდვილეში მაშინ არსებული ჯგუფები ძალიან პროდუქტიულები იყვნენ, არც მობილური იყო და არც არაფერი, შესაბამისად, ყველა იცლებოდა და იხარჯებოდა ხელოვნებაში. თუმცა, ყველას გაცნობიერებული არ ჰქონდა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება პოლიტიკური აქტი ყოფილიყო. ეს უფრო ჰგავდა, პიტერ პენის მსგავსად, დაკარგული ბავშვობის ძიებას. ყველა ეს ადამიანი გეგონება დაკარგული ბავშვობის ქალაქში ცხოვრობდა და ამასთანავე, ყველა საზღვარგარეთ წასვლას ცდილობდა, ჩემი ჩათვლით. 

ემიგრაცია და პირველი ნაბიჯები ამერიკაში

საქართველოდან 1998 წელს წავედი. წასვლამდე საკმაოდ დატვირთული ცხოვრება მქონდა, ძალიან ბევრ რამეს მოვედე, დიდი სამეგობრო წრე შევიძინე, სულ ვაკეთებდი რაღაც ადგილებში პერფორმანსებს. მაგ დროისთვის უკვე შექმნილი მქონდა სამი კოლექცია, რომელიც სინამდვილეში კოსტიუმირებულ პერფორმანსებს წარმოადგენდა და სამივე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

თავდაპირველად, St Martins-ის კოლეჯში ჩავაბარე ლონდონში, რომელიც მოდის ძალიან კარგი კოლეჯია და მაშინ იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო. ფული, რა თქმა უნდა, არ მქონდა. ამ დროს, ჩემი ერთი მეგობარი შტატებში ცხოვრობდა და ჩასვლა და ფულის შეგროვება შემომთავაზა. წავედი ნიუ იორკში და იქ ჩავრჩი, გავიჭედე, ვეღარ წამოვედი. იქ ყოფნისას სულ ვმუშაობდი, არა მხოლოდ ჩემი მიმართულებით, დასაწყისში, მაგალითად, ვიმუშავე ავეჯის გადატანაზე, მიმტანად, სტიკერების გამკვრელად, მაღაზიაში გამყიდველად და ა.შ. ძალიან ბევრ სხვადასხვა რაღაცაზე ვიმუშავე. მაშინ დაახლოებით 22 წლის ვიყავი. რაღაც დროის შემდეგ, ჩემმა მეზობელმა შემომთავაზა თეატრისთვის სეტ დიზაინი გამეკეთბინა, შემდეგ ვიღაც სხვასაც მოეწონა და ასე დავიწყე ძალიან ინტენსიური მუშაობა თეატრში, 10 წელი ვიმუშავე სხვადასხვა თეატრებში. ბევრი სპექტაკლის სცენისა და კოსტიუმების დიზაინი მაქვს გაკეთებული პატარა თეატრებში. თუმცა ამდენი წლის შემდეგ მივხვდი, რომ თეატრი ჩემი არ იყო, რადგან ბოლომდე თვითგამოხატვის საშუალებას არ მეძლეოდა. ამიტომ გადავწყვიტე ისეთი ნამუშევრები შემექმნა, რომელზეც თავიდან ბოლომდე თავად ვიქნებოდი პასუხისმგებელი და დავანებე თავი თეატრებში მუშაობას. 

ჩემი ხელოვნებით ყოვლთვის ვცდილობ შევქმნა სხვადასხვა სამყაროები, რომლებში შემობიჯებისასაც ადამიანები გარეთ არსებულ რეალობას დაივიწყებენ და მისი ნაწილი გახდებიან, ეს რაღაც რიტუალურსაც წააგავს და ხშირად ცოტა ეშინიათ კიდეც ამის, ვინაიდან ჩემი გამოხატულება ზოგჯერ ძალიან ბნელიც არის ხოლმე. 

ამერიკაში ჩასვლიდან 10 წელი საქართველოსთან კავშირი სრულიად გაწყვეტილი მქონდა, მარტო ოჯახის წევრებსა და რამდენიმე მეგობარს  ვესაუბრებოდი. რაღაც დროს ძალიან დავისტრესე აქ ცხოვრებით და ვცდილობდი ყველა მოგონება გამექრო. 10 წლის შემდეგ, ძალიან დრამატულად ჩამოვედი, 2008 წელის 8 აგვისტოს, 10 წლის შემდეგ პირველად ჩამოსვლისას მაშინვე ომი დაიწყო. იმდენი ემოცია წამოვიდა ერთიანად, მივხვდი, რომ აქ ძალიან ბევრი რამ არ მქონდა დასრულებული, გადახარშული და გადატანილი. მივხვდი იმასაც, რომ ძალიან მიყვარს აქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ამას ვერ ვგრძნობდი. ადრე უარვყოფდი კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა რომ მიწასთან ძალიან ძლიერი ბმა და კავშირი მაქვს. 

საქართველოში ცხოვრების გადაწყვეტილება გაცნობიერებულად მიიღე? 

არა, ყოველი ჩამოსვლისას ნელ-ნელა ვუმატებდი დარჩენის პერიოდებს, ჯერ ერთი თვით დავრჩი, ერთი წლის შემდეგ ორი თვით, მერე სამით და ა.შ. რაღაც დროის შემდეგ კი, ისე გამოვიდა, რომ აქ საცხოვრებლად გადმოვედი, იმიტომ რომ ჩემს ოჯახთან, ჩემს პარტნიორთან და მეგობრებთან ერთად ყოფნა  მინდოდა. საბოლოოდ, 2018 წელს გადმოვბარგდი და რომ ჩამოვედი, მივხვდი რომ ფორმირების ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის ის, რასაც მე ჩემს სფეროში ვაკეთებდი, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე ამერიკაში. აქ რაღაც ისეთის გაკეთება შემიძლია, რაც არ იქნება მხოლოდ ჩემთვის, არამედ – საზოგადოებისთვისაც. 

ისე გამოვიდა, რომ გამოცდილება დააგროვე და ახლა ამ გამოცდილებას შენს ქვეყანას ახმარ, ხომ ასეა?

ასე გამოდის. ვფიქრობ, ყველა ადამიანი რაღაც მომენტში უნდა წავიდეს სამოგზაუროდ და დაბრუნდეს, ეს შეგრძნება რომ გამოსცადოს. 

პოლიტიკური კონტექსტი

90-იანების შემდეგ, საქართველოში  პირველად რომ დაბრუნდი, 2008 წელს, რა მნიშვნელოვანი განსხვავება იგრძენი?

მიშას მმართველობის პერიოდი მთლიანად ჩაგდებული მაქვს, მითუმეტეს დასაწყისი, მხოლოდ შორიდან ვაკვირდებოდი მოვლენებს. როცა ჩამოვედი, ყველაფერი რადიკალურად შეცვლილი მეჩვენა, მაგალითად, კორუფცია რომ აღარ იარსებებდა, მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდი და ეს ყველაფერი ძალიან იმედისმომცემად მეჩვენა. ახლა კი, კიდევ უფრო შეცვლილი მეჩვენება, ეს ქვეყანა ბევრად უფრო კაპიტალისტური გახდა, ვიდრე ადრე და ყველა გადარჩენაზეა ორიენტირებული. უფრო მეტად გადის ყველაფერი ადამიანების პიროვნულ გამარჯვებებზე, ვიდრე რაღაც საერთო საქმისთვის ბრძოლაზე.

თუმცა, ეს ქვეყანა ხომ სულ მოძრაობაშია, სულ იცვლება, რაღაც პერიოდებით საზღვარგარეთ რომ მიწევს ხოლმე ცხოვრება, ჩამოსვლისას, ყოველ ჯერზე სხვა ქვეყანა მხვდება. ხშირად ვავლებ ხოლმე პარალელს თბილისსა და ნიუ იორკს შორისაც. ორივე ქალაქი ძალიან ქაოტურია და ძალიან მკვეთრად ჩანს ადამიანების დაყოფა, სოციალური სტატუსით თუ პოლიტიკური მიკუთვნებულობით. 

დღევანდელ სიტუაციაზე რას გვეტყვი? 

ყველაზე თვალშისაცემი ჩემთვის დღეს ნიჰილიზმია, რომელიც ძალიან ჰგავს 90-იანი წლების სიტუაციას. ყველაფერს ბიზნესი მართავს და განაგებს და გეგონება იდეები და მისწრაფებებიც ამ დამაკნინებელ გარემოში იყლაპება. 

თუმცა, ამასთანავე, იზრდება უფრო თავისუფალი თაობა, რომელსაც არ აქვს ის დაღი დასმული, რომელიც ჰქონდა მინიმუმ 3 თაობას მანამდე, დაწყებული კომუნისტებიდან, 90-იანების მხედრიონითა და შემდეგ 2000-იანების არეულობებით. ახლანდელი თაობა უფრო ღიაა, სულ ხელოვანი ახალგაზრდები მყავს გარშემო, რაღაც ფორმით ყველანი ხელოვნებაში არიან ჩართულები. ძალიან ინტერესიანები არიან და არ არსებობს საკითხი, რომელიც არ აინტერესებთ, თუმცა თვითგამოხატვა ისევ მთავარ საკითხად რჩება, რადგან გარშემო ძირითადად ქვიარ ახალგაზრდები მყავს. ყველა ერთად ვცდილობთ შევქმნათ სივრცეები და პლატფორმები, სადაც მათ თვითგამოხატვის შესაძლებლობა ექნებათ. 

შენი შეფასებით რა არის დღევანდელ დღეს ქვიარ ადამიანთა მთავარი გამოწვევები?

ვფიქრობ, დღესდღეობით ქვიარებს იმაზე მეტი გამოწვევა აქვთ, ვიდრე ოდესმე. ხილვადობის გაზრდის პროპორციულად, გაიზარდა აგრესიაც. ვფიქრობ, ახლა ყველასთვის გარდამტეხი პერიოდია. ზიზღი, საჯარო სივრცეში გამოჩენის საშიშროება, დასაქმება, პატარა სივრცეში ჩაკეტილობა, მიუღებლობა – ალბათ ისევ ამ თემების გარშემო ვტრიალებთ. ამის გამო ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას და ვერც მოვთხოვთ აქ დარჩნენ და ამ ყველაფერს გაუძლონ, ყველას უნდა ჰქონდეს მშვიდად ცხოვრების საშუალება. თუმცა, ამასთანავე, ბევრი ქვეყანაში დარჩენას ამჯობინებს.

შესაძლოა, ჩვენს ჟურნალს კითხულობდნენ ახალგაზრდა ქვიარები, მათ შორის, რეგიონებიდანაც, რას ეტყოდი მათ?

ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს – This shall pass too. ყველაფერი, ყველაფერი ნეგატიური, ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაივლის. ვუსურვებდი მედგრად იდგნენ საკუთარ მიწაზე და იპოვონ ის ოჯახი და წრე, რომელიც დაეხმარებათ რომ მარტო არ იყვნენ. შეძენილი ოჯახი, ადამიანების ჯგუფი, რომელიც მიგიღებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი გადაივლის, არაფერი რჩება სამუდამოდ. 

ორი სიტყვით გვითხარი შენს მიმდინარე პროექტებზეც. 

ერთ-ერთი პროექტაგანი “უტა და ლევანია”, ლევან მიდიაშვილთან ერთად. მე და ლევანი წლებია ერთად ვმუშაობთ. ის ბუენოს აირესში ცხოვრობდა, მერე ჩემთან ნიუ იორკში ჩამოვიდა და ახლაც იქ ცხოვრობს. ახლა უფრო იშვიათად ვაკეთებთ რაღაცებს ერთად, მაგრამ ადრე უფრო აქტიურები ვიყავით. 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი FUNGUS, რომელსაც 4 ადამიანი ვაკეთებთ. ეს არის სივრცე ქვიარ-ფემინისტი არტისტებისთვის, სადაც ეწყობოდა ხოლმე გამოფენები. პანდემიის დროს დავიწყეთ და ეს იყო სივრცე ინსტაგრამზე. შემდგომ უკვე ვებსაიტიც გაკეთდა და მერე ფიზიკურ სივრცეში გადაინაცვლა. სამწუხაროდ, გალერეა ახლა აღარ გვაქვს, მაგრამ სულ მალე კარგი ახალი ამბებით დავბრუნდებით. FUNGUS ჩვენთვის იყო მცდელობა, ქვიარ ხელოვნება ანდერგრაუნდიდან ამოსულიყო და რაღაც ფორმა მისცემოდა, უფრო ხილვადი გამხდარიყო, ამასთანავე, ეს იქცა პლატფორმად დოკუმენტირებისთვისაც. 

 

ინტერვიუს ავტორი: ნინო ბოლქვაძე

რედაქტორი: მარიამ პაიჭაძე

წინა

“ხელისუფლების დამხობის” საქმეზე სუსში დაბარებულებს შორის არიან ვახო ქარელი და ნატალია ვაწაძე

შემდეგი

პოლონეთის კონსერვატიულმა ანტი-ლგბტქი პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

ბოლო სიახლეები

ქვიარ ადამიანებისგან “მობეზრებული”კანადელი ულტრა-მემარჯვენე ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად

FacebookTweetLinkedInEmail კანადელმა ულტრა-მემარჯვენემ არენდ ფინსტრამ გადაწყვიტა, რომ მის ქვეყანაში ძალიან ბევრი ქვიარ ადამიანია, რომლებმაც თავი მოაბეზრეს.

რომის პაპი ფარისევლობას უწოდებს მის მიმართ კრიტიკას ქვიარ ადამიანების დალოცვის შესახებ

FacebookTweetLinkedInEmail რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ფარისევლობაა მისი კრიტიკა ლგბტქი წყვილების დალოცვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დეკემბერში პაპმა

ტრანსგენდერი ფეხბურთელისა და მისი გუნდის წარმატების რეალური ისტორია

FacebookTweetLinkedInEmail ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო

პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი ბოდიშს იხდის წარსულში ანტი-ლგბტქი პროპაგანდისთვის

FacebookTweetLinkedInEmail პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის,  TVP ინფოს წამყვანმა ბოდიში მოიხადა ქვიარ ადამიანების მიმართ ნათქვამი “სამარცხვინო სიტყვებისთვის” რომელიც