სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43 წლის კაცი დააკავეს. ის დაკავებულია 19 წლის ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. დაკავებულმა 19 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტო ერთ-ერთ ყალბ პროფილზე საჯაროდ განათავსა, რადგან მან სქესობრივ კავშირზე უარი თქვა.
ასევე, უწყების ცნობით, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 43 წლის კაცი Facebook-ის ჯგუფებში ყალბი ანგარიშით თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის ქალებს იწვევდა. მოგვიანებით კი მან ფოტოსესიაზე მისულ ქალს სქესობრივი კავშირი მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ფოტოები გაუვრცელა.
გამომძიებლებმა დაკავებულის ტელეფონში აღმოაჩინეს სხვა ქალებთან კომუნიკაციის ფაქტები: ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარისა და შანტაჟის შემცველი მესიჯები. ჯამში აღმოჩენილია 200-მდე ქალის 5000-მდე ფოტო და ვიდეო.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის კვალიფიკაციით – სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით.