/

ბედნიერების გასაგნება

ბედნიერების ზოგადი კონოტაციები

ბედნიერების კონცეპტი ძალიან აქტუალურია თანამედროვე დისკურსში – იქნება ეს კინო, სოციალური მედია, მხატვრული ტექსტები, პოლიტიკური მონოლოგები თუ სხვა. ბედნიერება, რასაკვირველია, პერსონალურია და ყველა ადამიანი მას განსხვავებულად აღიქვამს, ან უბრალოდ განსხვავებულად აიდენტიფიცირებს, თუმცა ამ სტატიაში ბედნიერებას როგორც საგანს, ისე განვიხილავთ. როცა ვამბობთ „საგანი“ ვგულისხმობთ არამხოლოდ საუბრის საგანს, არამედ ნივთს, იმას, რაც შეიძლება ხელშესახები, მარტივად მოხელთებადი და მოსაზღვრადი იყოს. სარა აჰმედი თავის არაჩვეულებრივ სტატიაში „ბედნიერი საგნები“ საუბრობს ბედნიერების მსაზღვრელობით მნიშვნელობაზე. იგი წერს: „იყო ბედნიერი რაიმეთი გულისხმობს იმის აღიარებას, რომ ბედნიერება სადღაციდან იწყება, იმ სუბიექტის გარეთ, რომელიც ამ სიტყვას სიტუაციის აღსაწერად იყენებს“ (Ahmed 29). ამ ციტატის მიღმა იგულისხმება ის, რომ იყო რაიმეთი ბედნიერი, აპრიორულად გულისხმობს სხვა საგნის არსებობას სუბიექტის გარეთ, რომელიც მას გააბედნიერებს.

ბედნიერება, აჰმედის მიხედვით, სხვადასხვაგვარად შეიძლება გავიაზროთ. ის ბედნიერების სამ განსხვავებულ შრეს გვთავაზობს: 1. გაბედნიერდე რაიმეთი (გავლენა, მაგალითად, იყო ბედნიერი გემრიელი საკვებით); 2. იყო ბედნიერი რაიმეს გამო (გამიზნულობა, მაგალითად, იყო ბედნიერი პარტნიორის გამო); 3. იყო ბედნიერი რაიმეს გამო, ამა თუ იმ საგანს კარგად/დადებითად აქცევს (განსჯა). ამ სტატიაში, აჰმედის მსგავსად, ბედნიერებას განვიხილავთ, როგორც დაპირებას – დაპირებას რომელიც კონკრეტული საგნებისკენ ინერციით გვიზიდავს, ეს საგნები კი, თავის მხრივ, სოციალური სიკეთეები არიან. ამგვარად, ვეცდებით, შემოგთავაზოთ ბედნიერების სოციალური განმარტება და მოვნიშნოთ ის საგნები, რომლებიც სოციალურ სიკეთეებად დაიდენტიფიცირების შემდეგ ბედნიერებას გვპირდებიან.

უპირველესად, უნდა ითქვას ის, რომ ბედნიერების დადებით ემოციებთან გაიგივება ძალიან მოდერნული მოვლენაა. პრემოდერნულ პერიოდში ბედნიერება ასოცირებული იყო ძალიან კონკრეტულ სოციალურ მოდელებთან, რაც გულისხმობდა, სარფიან ქორწინებას, სასურველ სოციალურ წრეში დარჩენასა თუ სოციალური კლასის ამაღლებას და ასე შემდეგ. გავიხსენოთ, მაგალითისთვის, ჯეინ ოსტინის რომანები, რომლების მთავარი ხაზიც ყოველთვის არის ოჯახის შექმნა სასურველ სოციალურ წრეში და ამით არამხოლოდ სოციალური, არამედ ეკონომიკური კაპიტალის განმტკიცება. ამგვარად, პრემოდერნულ ევროპაში შეგრძნებებსა თუ ემოციებს ბედნიერების კონცეპტში დიდი როლი არ ენიჭებოდა. დღესდღეობით, ამის საპირისპიროდ, როდესაც ბედნიერებაზე ვფიქრობთ, ვგულისხმობთ არა აუცილებლად სოციალურ მოდელებს, არამედ პერსონალურ ემოციებს, შეგრძნებებს – ბედნიერად ყოფნას, ბედნიერად თავის გრძნობას.

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე დასავლურ აზროვნებაში ბედნიერება ინდივიდუალიზდა და დამოკიდებული გახდა ადამიანის პირად სურვილსა თუ მოტივაციასთან. იყო ბედნიერი რაიმეთი გულისხმობს, განიცდიდე სიხარულს, კმაყოფილებას და შემდეგ ცნობიერი განსჯით იმ საგანს, რაც გაბედნიერებს, ანიჭებდე დადებითის, კეთილის, პოზიტიურის იარლიყს და შემდეგ ცდილობდე, მაქსიმალურად ახლოს – როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად – გქონდეს/გყავდეს საკუთარ თავთან. გარდა პირდაპირი საგნებისა, ყველაფერი, რაც ახლოს არის ბედნიერების წყაროსთან ავტომატურად იტვირთება დადებითი კონოტაციებით. მაგალითად, თუ საჩუქარს ვიღებთ ჩვენი პარტნიორისგან, საგანიც იძენს გამაბედნიერებლის სტატუსსა თუ ფუნქციას. ამასთან ერთად, არსებობს ბედნიერების განუსაზღვრელი განცდაც, როცა განვიცდით უმიზეზო ბედნიერებას და შემდეგ ინერციით მივაწერთ მას რაიმე სუბიექტს. აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ ბედნიერება გამიზნულია, ან უფრო ზუსტად, წარმოადგენს კიდეც ქმედებების მიზანს. ვგულისხმობთ იმას, რაზეც არისტოტელე საუბრობს „ნიკომაქეს ეთიკაში“, რომ ბედნიერება არის წინაპირობა ყველა მოქმედებისთვის, უფრო სწორად კი ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, რაღაც ფორმით გულისხმობს ბედნიერების პოტენციალს – სასიკეთოდ აღიქმება ჩვენ მიერ. ეს აზროვნების ფორმა პარადოქსულია, რადგან ხშირად ობიექტურად ნეგატიურ საგნებს ენიჭებათ გამაბედნიერებლის სტატუსი.

სოციალური ბედნიერება

სარა აჰმედის მიხედვით: „ზოგიერთი საგანი / ნივთი დადებითი აფექტით კავშირდება სიკეთესთან“ (34), ამგვარად, არსებობს სოციალური ბედნიერების კონცეპტიც, რომელიც გვპირდება კონკრეტული გზის მიყოლით მიღწევად ბედნიერებას. აჰმედის აზრით, იმის გამო, რომ ზოგიერთი საგანი ბედნიერებასთან ასოცირდება, მათ ბედნიერი საგნების სტატუსი ენიჭებათ და შემდეგ ინერციით მოძრაობენ / ვრცელდებიან საზოგადოებაში – ბედნიერი საგნის ფლობა ყველას თანაბრად უნდა, რადგან იგი ბედნიერების დაპირებასაც გვთავაზობს. თუმცა ბედნიერი საგნის ფლობა აპრიორულად არ გულისხმობს ბედნიერად თავის გრძნობასაც.

ბედნიერი საგნის არაჩვეულებრივი მაგალითია ჰეტეროსექსუალური ოჯახის იდეა. ეს იდეა საუკუნეების მანძილზე გვთავაზობდა წარმოსახვით მოდელს, რომლის მიხედვითაც მისი ფლობა უთანაბრდება სოციალური წარმატებულობის განცდას – კმაყოფილებას იმით, რომ ოჯახი გვაქვს. ამის პარალელურადვე მოლეკულური ჰეტეროსექსუალური ოჯახი ხშირად წარმოადგენდა და წარმოადგენს ქალებზე ძალადობის პირველად წყაროს – ფემიციდის სტატისტიკა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ქალებს ყველაზე ხშირად თავიანთი პარტნიორები კლავენ. როლების პატრიარქალური გადანაწილება ოჯახში ავტომატურ პრივილეგიას ანიჭებს ერთ მხარეს, მეორეს კი შინაშრომის გაუთავებელი პოტენციალით ავიწროებს თუ ახშობს. ხშირად ეს მოდელი იმიტომაც აღიქმება სოციალური წარმატებულობის გარანტიად, რომ იგი პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ სტაბილურობასაც. მაგალითად, მარქსი „კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ წერს: „ბურჟუაზიამ ოჯახურ ურთიერთობას მისი მგრძნობიერ-სენტიმენტალური საბურველი ჩამოაფხრიწა და იგი მარტოოდენ ფულად ურთიერთობად აქცია“ (მარქსი 41). რასაკვირველია, შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე რამდენად მიესადაგება მარქსის ეს მოსაზრება ყველა ინდივიდუალურ ოჯახს და, ცხადია, უარყოფით პასუხს მივიღებთ, თუმცა მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ კაპიტალისტური ურთიერთობები მთლიანად მოლეკულურ ოჯახზე დგას, რომელიც ისტორიულად წარმოადგენდა და უმეტესად დღემდეც წარმოადგენს ჰეტეროსექსუალურ ოჯახს.

ჯეინ ოსტინის რომანებს რომ დავუბრუნდეთ, რომლებიც პრე-კაპიტალისტურ პერიოდში იწერება, ვნახავთ სურვილს სოციალური და ეკონომიკური კაპიტალის გაზრდისა ისევ და ისევ ოჯახის შექმნით (თუმცა ეკონომიკური დინამიკა ამ პერიოდის პერსონაჟებს შორის სრულიად განსხვავებულია მოდერნულთან შედარებით). ამგვარად, ჰეტეროსექსუალური ოჯახი ხშირად წარმოადგენს სტაბილურობასთან გაიგივებულ სოციალური თანაცხოვრების მოდელს, მის ლეგალურობასა თუ ვალიდურობას უამრავი სხვადასხვა კულტურა თუ პოლიტიკური წყობა გვკარნახობს და სწორედ ამის გამო, ამგვარი ოჯახის შექმნა ავტომატურად გულისხმობს ბედნიერების დაპირებასაც – როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური წარმატების გარანტიას.

ბედნიერი საგნების გამოწვევები

რაკი მაგალითად ჰეტეროსექსუალური ოჯახი მოვიხმეთ, რა თქმა უნდა, უნდა დავსვათ კითხვაც იმის შესახებ, თუ რა მიმართებაშია ინდივიდუალური ქვიარ ადამიანი ამგვარი ოჯახის იდეალთან. ლორენ ბერლანი წიგნში „სასტიკი ოპტიმიზმი“ წერს: „სასტიკი ოპტიმიზმის მიმართება არსებობს მაშინ, როცა რაღაც, რაც გვსურს, ჩვენი მოხელთების მიღმაა. ეს შეიძლება მოიაზრებდეს საკვებს, ან სიყვარულის რაიმე ფორმას; ეს შესაძლოა იყოს ფანტაზია კარგი ცხოვრების შესახებ ან სულაც, პოლიტიკური პროექტი. იგი შესაძლოა, უფრო მარტივ რამესაც გულისხმობდეს, მაგალითად, ისეთი ახალი ჩვევის დასწავლას, რომელიც ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ასეთი ოპტიმისტური მიმართებები არსობრივად სასტიკი არ არის. ისინი სასტიკებად იქცევიან მხოლოდ მაშინ, როცა საგანი, რომელიც იწვევს ჩვენს მიჯაჭვულობას, აქტიურად აფერხებს იმ მიზანს, რომელმაც, უპირველესად, მიგვიყვანა კიდეც ამ საგნამდე.“ (Berlant 1) მთავარი, რასაც ბერლანი ამ ციტატაში გულისხმობს არის ის, რომ საგანი (ამ შემთხვევაში, კვლავ განვიხილოთ ჰეტეროსექსუალური ოჯახი), რომელიც ჩვენს მენტალურ მიჯაჭვულობას იწვევს (მაგალითად, ბედნიერების მითს, რომელიც გვეუბნება, რომ მისი მოხელთებით ბედნიერებასაც მოვიხელთებთ), აფერხებს თავდაპირველ მიზანს (ბედნიერებას), თავისივე არსიდან გამომდინარე (ჰეტეროსექსუალური). უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „ბედნიერი საგნები“ მომენტალურად გამორიცხავენ ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებს თავიანთი გავლენის სფეროდან და მათ „სხვებად“ მონიშნავენ (ქვიარ ადამიანები, რომელთაც ჰეტეროსექსუალური ოჯახის იდეალზე, რომელიც ეკონომიკურად და სოციალურად აღიარებულია, როგორც ბედნიერი, ხელი არ მიუწვდებათ) მაშინ, როცა დანარჩენები ძალისხმევის გარეშე ახერხებენ ამ ბედნიერი საგნების მოხელთებას. ამით, კითხვის მიღმა რჩება „სხვა“ ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ბედნიერების მოხელთებაც, ვინაიდან იგი, უპირველესად, იმ საგანთან არის დაკავშირებული, რომელიც შესაძლებლის მიღმაა.

ახლა, როცა ვისაუბრეთ, იმაზე, თუ რა ნეგატიურ გავლენას შეიძლება ახდენდეს ბედნიერი საგნის უდრეკი მითი ინდივიდუალურ ადამიანზე, უნდა დავსვათ კითხვაც იმის შესახებ, თუ რა უქმნით ამავე საგნებს საფრთხეს? კონკრეტულად, რა უქმნის საფრთხეს ჰეტეროსექსუალურ ოჯახს, როგორც ბედნიერ საგანს? პირველ საფრთხეს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომლებიც ამგვარი ოჯახის ინსტიტუტის პატრიარქალურობას უსვამენ ხაზს. სარა აჰმედი მათ ფემინისტ სიხარულის მკვლელებს უწოდებს, ამ სტატიის კონტექსტში კი შეგვიძლია მათ ბედნიერების მკვლელების სახელიც დავარქვათ. ფემინისტების მიერ ჰეტეროსექსუალური ოჯახის მარეპრესირებელი ფუნქციის მუდმივი ხაზგასმა ეჭვქვეშ აყენებს მის კავშრს ბედნიერების იდეალთან. მორიგ საფრთხეს ოჯახის ჰეტეროსექსუალური ინსტიტუტისთვის წარმოადგენენ ქვიარ ადამიანები, არამხოლოდ პოტენციური პროტესტით, არამედ არსებობითაც გვაეჭვებენ ბედნიერების უნივერსალურობასა თუ გარდაუვალობაში.

აჰმედი თავის სტატიაში ბედნიერი საგნების შესახებ, არ გვთავაზობს გადაჭრის გზებს და არც იმას გვეუბნება, უნდა ვეცადოთ თუ არა ბედნიერი (და მანკიერი) საგნების მითის დამხობას. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, მრავალმხრივი შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯის გადადგმაა – ფიქრი იმაზე, რამდენად რეალისტური ან სასიკეთოა ფანტაზია ამა თუ იმ ბედნიერი საგნის შესახებ და ნამდვილად შეუძლიათ თუ არა მათ ჩვენი, როგორც ინდივიდუალური, ისე სოციალური გაბედნიერება.

 

ბიბლიოგრაფია

Ahmed, Sara. Happy Objects. Jan. 2010. read.dukeupress.edu, https://doi.org/10.1215/9780822393047-001.

Aristotle. The Nicomachean Ethics. https://www.gutenberg.org/files/8438/8438-h/8438-h.htm.

Berlant, Lauren. Cruel Optimism. Duke University Press, 2011, https://www.dukeupress.edu/cruel-optimism.

Engels, Friedrich, and Karl Marx. “The Communist Manifesto.” Https://Www.Gutenberg.Org/Files/61/61-h/61-h.Htm, https://www.gutenberg.org/ebooks/61/pg61-images.html.utf8.

 

სტატიის ავტორი: მეგი თედორაძე

წინა

ლაზარე გრიგორიადისი სააზოგადოებას მიმართავს და წერილს ავრცელებს

შემდეგი

აქტივისტ სამირა ბაირამოვას სახლის კედელზე რუსეთის დროშა და კარებზე ჯვარი დაუხატეს

ბოლო სიახლეები

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43