Freepik

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე — დღის მნიშვნელობა და ომბუდსმენის გამოხმაურება

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღნიშნავენ. წლევანდელი 10 დეკემბერი 75-ე ყოველწლიური აღნიშვნაა დღის დაფუძნების შემდეგ, ხოლო წლევანდელი სლოგანია — ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღებას უკავშირდება. სწორედ ეს თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.

ადამიანის სამოქალაქო, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური უფლების  რეალიზაციისთვის საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის პრინციპების გათვალისწინება.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის ადამიანთა უფლებებსა და უფლებების დაცვის გამოწვევებზე საუბრობს.

 


გაეროს გენერალური მდივანი მიმოიხილავს
მოქმედებისკენ მოწოდების ინიციატივასაც, რომელიც ახალ ხედვას ეფუძნება და რომელიც ასახულია მის მოხსენაბაში “ჩვენი საერთო დღის წესრიგი”, რომელიც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური კონტრაქტის განახლებას მოითხოვს. გუტიერესი მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს და სხვებს, დააყენონ ადამიანის უფლებები დღევანდელი დამაზიანებელი ტენდენციების უკუქცევისთვის მიმართული ძალისხმევის ცენტრში.

“მსოფლიო ადამიანის უფლებების უპრეცედენტო და ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას. შიმშილი და სიღარიბე იზრდება, რაც ასობით მილიონი ადამიანის ეკონომიკური და სოციალური უფლებების შელახვას იწვევს. სამოქალაქო სივრცე ვიწროვდება. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება სახიფათო მდგომარეობაშია მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში. ინსტიტუციებისადმი ნდობა ორთქლდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. COVID-19-ის პანდემიას შედეგად მოჰყვა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დონის ზრდა. რასიზმი, შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია მძვინვარებს. კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და დაბინძურების სამმაგი პლანეტარული კრიზისიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დაცვის ახალი გამოწვევები ჩნდება. ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ იმის გააზრებას, თუ რა საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს ზოგიერთი ახალი ტექნოლოგია. განსაცდელის დრო მოგვიწოდებს, განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება ადამიანის ყველა უფლების მიმართ, მათ შორის, სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების ჩათვლით,” – აცხადებს გუტიერესი.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც გამოეხმაურა და განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების შესავალში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს იმ ძირითად გამოწვევებს, რომლებიც, აპარატის შეფასებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას აფერხებს.

განცხადებაში განხილულია, როგორც პრობლემური, ასევე – მისასალმებელი საკითხები.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აფასებს თანასწორობის პრინციპების დაცვის მიმართულებით მდგომარეობასაც. განცხადების მიხედვით, 2022 წელს არსებითი გაუმჯობესება არ შეიმჩნევა. კვლავ გამოწვევად რჩება ერთიანი სახელმწიფო ხედვის და პოლიტიკის არ არსებობა, რაც ხელს შეუწყობდა თანასწორუფლებიანობის მიღწევას ქვეყანაში. მაგალითისთვის, ადამიანის უფლებების 2022-2030 წლების სტრატეგიაში ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი. ნაკლებად ვხვდებით მაღალი თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერ განცხადებებს. ამის საპირისპიროდ, არაერთ დისკრიმინაციულ გამონათქვამის და მოწოდების მაგალითები ყოფილა.

სახალხო დამცველის აპარატის მიხედვით, გამოწვევად რჩება:

  • პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება;

  • პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მხრიდან შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტზე ობიექტური რეაგირება;

  • სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლებააღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა;

  • პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური იერარქია, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად;

  • თავდაცვის სფეროში არსებული პრობლემები, მათ შორის, სისტემური პრობლემა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკით ვლინდება;

  • პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები. როგორიცაა ძველი ინფრასტრუქტურა, სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის სუსტი კავშირები, ასევე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დაფინანსების გართულებული და ფრაგმენტული სისტემა;

  • პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობის ხელშემწყობი პრაქტიკული ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობის დონეზე პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის დეფინიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;

  • ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე არაეფექტური რეაგირება, ძალადობის გამეორების რისკის არასათანადო შეფასება და პრევენციული ღონისძიებების არაეფექტიანობა, მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისების ნაკლებობა და გაუმართაობა;

  • ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევები;

  • უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტების არ არსებობა და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა;

  • რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პრობლემური პრაქტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობასა და მანდატთან დაკავშირებული ხარვეზები;

  • ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება;

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუტის განსაზღვრის სოციალურ მოდელზე არგადასვლა, რომელიც, გარდა სამედიცინო ჩვენებისა, ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ, სოციალურ ფაქტორებზე და მორგებული იქნება ინდივიდუალურ საჭიროებებზე;

  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა. ასევე, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი;

  • 2018 წლიდან სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი მოსახლეობის დაბერების საკითხებზე, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და ერთიანი რეგულირების არარსებობა;
  • საკვებზე უფლების რეალიზაციის კუთხით სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2022 წელს ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში ამ უფლების რეალიზაციის კუთხით ბევრი გამოწვევის არსებობა. ბევრ შემთხვევაში უფასო სასადილო განთავსებულია ადმინისტრაციულ ცენტრებში და ზოგიერთ შემთხვევაში ამ მომსახურების მისაღებად შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარებს დიდ მანძილზე და ხანდახან 30 კილომეტრზე უწევთ გადაადგილება. 


სახალხო დამცველი მიესალმება 2021 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენებისას პაციენტის სამართლებრივი სტატუსის გადახედვის აუცილებლობა გაიწერა. თუმცა, აღნიშნავს, რომ კანონში შესული ცვლილებები პრაქტიკაში სრულად უგულებელყოფილია;


განცხადების მიხედვით, მისასალმებელია, რომ 2022 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და ცვლილებები შეიტანა შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ 2019 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულებაში, რომლის საფუძველზეც უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების ვადა 20 წლიდან 15 წლამდე შემცირდა;

ამასთან, ომბუდსმენი მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესს და სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის გათვალისწინების პოზიტიური ტენდენციას;

სახალხო დამცველი ამბობს იმასაც, რომ მისასალმებელია სახელმწიფოს ინიციატივა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ექიმებისთვის და ექთნებისთვის დაწესდეს მინიმალური ანაზღაურება, თუმცა ნამდვილად არაა საკმარისი. 

“ამ ეტაპამდე მოქმედი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა სამწუხაროდ არ არის მიმართული სიღარიბის დაძლევისაკენ არამედ ძირითადად მიმართულია მხოლოდ მინიმალური საჭიროებების მყისიერ დაკმაყოფილებაზე”, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ 2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების სოციალური დახმარება 150 ლარიდან 200 ლარამდე გაიზრდება, თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის საკითხი და საგანმანათლებლო პროცესის მიტოვების შემთხვევაში მიზეზების დეტალური მოკვლევა და ოჯახებთან მუშაობა. გარდა ამისა, ომბუდსმენი დადებითად აფასებს ქვეყანაში დიდი ზომის ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყებას, რაც მისი წლების განმავლობაში განმეორებადი რეკომენდაცია იყო.

წინა

ქალები აუნაზღაურებელ შრომას კვირაში 38,4 საათს უთმობენ, კაცები 11,5-ს — კვლევა

შემდეგი

Very Gay Podcast — პოდკასტი ქვიარ ადამიანებისთვის და არამხოლოდ

ბოლო სიახლეები

სექსტინგი, ანუ ინტიმური სექს-მიმოწერა — რა უნდა ვიცოდეთ?

FacebookTweetLinkedInEmail ტერმინი „სექსტინგი“ არის სიტყვების „სექსი“ და „ტექსტინგი“ (ანუ „მიმოწერა“) გაერთიანება. სექსტინგი (ასევე „კიბერსექსი“ ან „ვირტუალური სექსი“) არის

რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი

FacebookTweetLinkedInEmail „პანსექსუალი“ არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების