საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს ატარებს, რომელში მონაწილეობაც თბილისში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ.
23-24 მაისს, ტრენინგს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, ჟურნალისტი, ხატია ღოღობერიძე ჩაატარებს, ხოლო 26-27 მაისს, ტელეკომპანია ფორმულას ციფრული დეპარტამენტის მთავარი რედაქტორის, თოქშოუს წამყვან სალომე უგულავას ტრენინგი გაიმართება.
„რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას“, — ასეთია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც დამატებითი ინფორმაციის გაგებას შეძლებთ.
მედიის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილი ტრენინგი Frontline Georgia-ში ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს 2-დღიან ტრენინგზე დარეგისტრირება მითითებულ ბმულზე შეუძლიათ. პირველ ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 21 მაისს, 18:00 საათამდეა, ხოლო მეორეზე — 24 მაისს, 18:00 საათამდე.
ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის — ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.