21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც პირველად 2006 წელს აღინიშნა, ხოლო 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. ეს დღე მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელებას დაუნის სინდრომის შესახებ, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და მათ აქტიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფას. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის დაწესება გამოწვეულია დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებითა და სტერეოტიპებით მთელს მსოფლიოში. 2022 წლის მთავარი გზავნილია „ინკლუზია ნიშნავს“.
თარიღი შემთხვევით არ შეურჩევიათ, რიცხვი 21-ე ქრომოსომაზე მიგვანიშნებს, ხოლო მარტი, როგორც მესამე თვე – ტრისომიულ მოვლენაზე.
1866 წელს, ბრიტანელმა ფიზიკოსმა ჯონ დაუნმა პირველმა აღწერა ქრომოსომული პათოლოგია, რომლის დროსაც ადამიანს 46–ის ნაცვლად, 47 ქრომოსომა აქვს. დაუნის სინდრომი დაავადება არ არის, ის გენეტიკური ცვლილებაა. ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ სინდრომის მქონე ბავშვი, შესაძლებელია, ნებისმიერ ადამიანს ეყოლოს. იგი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
აღსანიშნავია, რომ 47 ქრომოსომის მატარებელი ადამიანები სიკეთითა და გულწრფელობით გამოირჩევიან. მათ ახარებთ სხვებთან ურთიერთობა და მათი ნდობის მოპოვება მხოლოდ ერთი გაღიმებითაც არის შესაძლებელი.
არსებობს სინდრომის სამი განსხვავებული ტიპი, ესენია:
- ტრისომია;
- მოზაიციზმი;
- ტრანსლოკაცია.
2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.
საქართველოში ამ დღის აღნიშვნა 2012 წლიდან დაიწყო.