შესაძლოა, რუსებმა უკრაინა აიღონ კიდეც, მაგრამ უკრაინელებმა ბოლო დღეებში ყველას დაუმტკიცეს, რომ ისინი მათ ქვეყნის შენარჩუნების უფლებას არ მისცემენ.
ომიდან ერთ კვირაზე ნაკლები გავიდა და უფრო იზრდება მოლოდინი, რომ ვლადიმირ პუტინი ისტორიული მარცხისკენ მიისწრაფვის. შესაძლოა, ყველა ბრძოლა მოიგოს, მაგრამ ომს წააგებს. რუსეთის იმპერიის აღდგენის შესახებ პუტინის ოცნება მუდამ იმ ტყუილს ემყარებოდა, რომ უკრაინა რეალური სახელმწიფო არ არის, უკრაინელი ხალხი რეალური არაა და თითქოს კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მცხოვრებნი მოსკოვის წესრიგისკენ მიილტვიან. ეს სრული სიცრუეა – უკრაინა ათასწლეულზე ხანგრძლივი ისტორიის ქვეყანაა და კიევი უკვე დიდი ქალაქი იყო, როცა მოსკოვი სოფელიც კი არ იყო. რუსმა დესპოტმა საკუთარი ტყუილი იმდენჯერ გაიმეორა, რომ, ალბათ, თვითონვე დაიჯერა.
როცა უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს აწყობდა, პუტინს ბევრ ყველასთვის ცნობილ ფაქტზე შეეძლო იმედების დამყარება. მან იცოდა, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღება უკრაინისას ბევრად აღემატება. იცოდა, რომ ნატო უკრაინის დასახმარებლად სამხედრო შენაერთებს არ გაგზავნიდა. იცოდა, რომ ევროპის რუსულ ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულება დააყოვნებდა ისეთ ქვეყნებს, როგორიც გერმანიაა, რათა მკაცრი სანქციები გაეტარებინათ. ამ ფაქტებზე დაფუძნებით, მისი გეგმა უკრაინაზე სწრაფად და სრული ძალით დარტყმა იყო, ხელისუფლების ჩამოგდება, კიევში მარიონეტული რეჟიმის დამყარება და დასავლეთის უძლური სანქციებისგან თავის დაძვრენა.
მაგრამ ამ გეგმას ერთი მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდა. როგორც ამერიკელებმა ერაყში და საბჭოთა რეჟიმმა ავღანეთში იწვნიეს, ბევრად მარტივია ქვეყნის დაპყრობა, ვიდრე მისი შენარჩუნება. პუტინმა იცოდა, რომ უკრაინის დაპყრობის ძალა ჰქონდა, მაგრამ უკრაინელი ხალხი მოსკოვის მარიონეტულ რეჟიმს უბრალოდ შეეგუებოდა? პუტინმა ფსონი დადო, რომ ეს ასე მოხდებოდა. ბოლოს და ბოლოს, მან ხომ ყველას, ვინც უსმენდა, არაერთხელ აუხსნა, რომ უკრაინა რეალური სახელმწიფო არაა, უკრაინელები კი რეალური ერი არ არიან. 2014 წელს, ყირიმის მცხოვრებლებმა, ფაქტობრივად, რუს ოკუპანტებს წინააღმდეგობა არც კი გაუწიეს. 2022 წელი სხვაგვარად რატომ ჩაივლიდა?
ყველა ჩავლილი დღე სულ უფრო ცხადს ხდის, რომ პუტინის დადებული ფსონი წამგებიანია. უკრაინელი ხალხი მთელი გულით უწევს წინააღმდეგობას და მთელი მსოფლიოს თაყვანისცემაც დაიმსახურეს. წინ მძიმე დღეები გველის. იქნებ რუსებმა მთელი უკრაინის აღებაც შეძლონ, მაგრამ ომის მოსაგებად რუსეთს უკრაინის შენარჩუნება სჭირდება, ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ უკრაინელი ხალხი ნებას მისცემს, რაც სულ უფრო ნაკლებსავარაუდო ჩანს.
თითოეული განადგურებული რუსული ტანკი და თითოეული მოკლული რუსი ჯარისკაცი უკრაინელთა წინააღმდეგობის ძალას ზრდის. ყოველი მოკლული უკრაინელი კი ამძაფრებს უკრაინელთა სიძულვილს. სიძულვილი ყველაზე მახინჯი ემოციაა, მაგრამ ჩაგრული ერებისთვის სიძულვილი საიდუმლო განძია. გულში შემონახული სიძულვილი შეიძლება თაობებს ეყოს წინააღმდეგობის რესურსად. რუსეთის იმპერიის აღსადგენად რუსეთს სისხლისღვრის გარეშე გამარჯვება სჭირდება, რომელიც სიძულვილისგან თავისუფალ მშვიდობას მოიტანს. რაც უფრო მეტი უკრაინელის სისხლს დაღვრის, პუტინის ოცნების ასრულება მით უფრო არარეალური გახდება. რუსეთის იმპერიის სიკვდილის ცნობაზე მიხაილ გორბაჩოვის სახელი კი არ დაიწერება, არამედ პუტინის. გორბაჩოვმა რუსებს და უკრაინელებს ნათესაობის განცდა დაუტოვა, პუტინმა კი ისინი მტრებად აქცია. ამით გარანტია შექმნა, რომ უკრაინელი ერი სამომავლოდ თვითგამორკვევას რუსეთთან წინააღმდეგობით შეძლებს.
სახელმწიფოებს ამბები აგებენ. თითოეულ განვლილ დღეს ახალი ამბავი მოსდევს, რომელსაც უკრაინელები მხოლოდ სიმძიმილში კი არა, ათწლეულების და თაობების შემდეგაც მოჰყვებიან. პრეზიდენტი, რომელმაც დედაქალაქის დატოვებაზე უარი თქვა და აშშ-ს განუცხადა, რომ გამგზავრება კი არა, სამხედრო დახმარება სჭირდება, ჯარისკაცები გველის კუნძულიდან, რომლებმაც რუსების სამხედრო ხომალდს უთხრეს – „შეგეცით“, მოქალაქეები, რომლებმაც რუსულ ტანკებს გზა გადაუკეტეს – ესაა ამბები, რომლებზეც სახელმწიფო შენდება და ისინი სამომავლოდ ტანკების რაოდენობაზე მეტად ფასეული იქნებიან.
რუსმა დესპოტმა ეს ისევე უნდა იცოდეს, როგორც სხვებმა. ბავშვობიდან ლენინგრადის ალყისას რუსული სიმამაცის დიეტაზე იზრდებოდა. ახალ თვითონაც ქმნის ასეთ ამბებს, მაგრამ ჰიტლერის როლში გვევლინება.
უკრაინელთა სიმამაცის ამბები მხოლოდ უკრაინისთვის კი არ ქმნის გამოსავალს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ისინი ევროპის სახელმწიფოებს, აშშ-ს ადმინისტრაციას და რუსეთის ჩაგრულ მოქალაქეებსაც კი მხნეობას მატებენ. თუ უკრაინელები შიშველი ხელებით ტანკის შეჩერებას ბედავენ, გერმანიამ მათი ანტი-სარაკეტო აღჭურვილობით მომარაგება უნდა გაბედოს, აშშ-ს ხელისუფლებამ უნდა გაბედოს და რუსეთი Swift-ის ფინანსური სისტემიდან ჩახსნას, რუსეთის მოქალაქეებმა კი უნდა გაბედონ და უგუნური ომის წინააღმდეგ დემონსტრაცია მოაწყონ.
სამწუხაროდ, ეს ომი დიდი ალბათობით დიდხანს გასტანს, მაგრამ ყველაზე მთავარი საკითხი უკვე გადაწყვეტილია – ბოლო რამდენიმე დღემ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ უკრაინა რეალური სახელმწიფოა, უკრაინელები რეალური ერი არიან და მათ ნამდვილად არ სურთ რუსეთის ახალი იმპერიის დაქვემდებარებაში ყოფნა. ახლა მთავარი კითხვა ისაა, ეს გზავნილი კრემლის სქელი კედლების მიღმა როდის შეაღწევს.
წყარო: The Guardian