ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს პასუხისმგებლობა დააკისრა. სარჩელში 2 LGBT ორგანიზაცია და 35 კერძო პირი მონაწილეობდა. ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ევროპული კონვენციის მე-3, მე-11 და მე-14 მუხლები დაირღვა, რაც დისკრიმინაციის აღმოფხვრას გულისხმობს. გამამტყუნებელი განაჩენი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის, ეფექტური საგამოძიებო პროცესის წარმართვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის ნაწილთან დაკავშირებით გამოიტანეს.
სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო პრევენციული ზომების მიღება, არ შეუსრულებია პოზიტიური თუ ნეგატიური ვალდებულებები, რასაც შედეგად არაადამიანური მოპყრობა, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მოჰყვა, ამასთან, ინციდენტებთან დაკავშირებით ეფექტური საგამოძიებო პროცესის წარმოება არ შემდგარა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 27 ინდივიდის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ისინი სიძულვილის ენისა და აგრესიული ქმედებების სამიზნედ იქცნენ, რაც სახელმწიფომ ვერ აღკვეთა. ოფიციალურმა უწყებებმა მოქალაქეთა მხრიდან გამოვლენილი აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის ეფექტურად წარმართვა ვერ შეძლეს, რაც, შესაძლოა, სახელმწიფოს მხრიდან ნების არარსებობას მიეწერებოდეს. სასამართლოს მსჯელობის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის დღეს აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების მოულოდნელად დიდი ტალღა შეიკრიბა, სახელმწიფოს შეეძლო, წინასწარი ღონისძიებების შედეგად ეფექტურად ემოქმედა, რაც არ მოხდა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, რომელსაც ადამიანთა ღირსების შემლახავი ქმედებები მოჰყვა, ხელისუფლებას სხვადასხვა აპლიკანტისთვის ჯამურად 201 500 ევროს გადახდა დაეკისრა.