2021 წელს ეკრანებზე არაერთი გამორჩეული ფილმი გამოვიდა, რომელიც ქვიარ გამოცდილებებსა და გამოწვევებზე ჰყვება. დოკუმენტური და მხატვრული ფილმები თუ ანიმაციები ისეთ თემებს ფარავდნენ, როგორიც ძალადობრივ გარემოში სექსუალური თვითშემეცნების სირთულე, დავიწყებული ქვიარ ისტორია, ურთიერთობების დასრულება, ურთიერთმხარდაჭერა, შეუძლებელ პირობებში აღმოჩენილი სიყვარული და სხვა მრავალი სათქმელია.
ამ სტატიაში გასული წლის 21 გამორჩეულ ფილმზე წაიკითხავთ, რომლებიც ქვიარ გამოცდილებებზე გვიყვებიან.
21. The Power of the Dog
ფოტო: Netflix
ოსკაროსანი ჯეინ კემპიონის ახალი ფილმი კარგი ნამუშევარი ნამდვილად არ არის. რეჟისორი განუწყვეტლივ სინაზისა და დაუნდობელი გარემოს შეპირისპირებით ცდილობს ფილმის აგებას, რაც ამ ფილმში განსაკუთრებით ნაძალადევია. სცენარი იმდენად სუსტია, რომ გარკვეული ეპიზოდები კომიკურიც კი მოგეჩვენებათ, ამიტომ გასაკვირია, როგორ ახერხებენ მსახიობები როლის კარგად შესრულებას. მიუხედავად ყველაფრისა, ფილმს 2022 წლის ოსკარებზე ჯილდოს მოპოვების შანსი რამდენიმე კატეგორიაში აქვს და ამ სიის შედგენა The Power of the Dog-ის გარეშე არასწორი იქნებოდა. ბენედიქტ კამბერბეჩის პერსონაჟი უხეში, დაუნდობელი კაცია, რომელიც გრძნობებს არავის მიმართ ამჟღავნებს, თუმცა მაყურებელი პირველივე წუთებიდან მიხვდება, რომ მისი ამგვარი ქცევა კარგად დაფარული გრძნობებით არის განპირობებული. თუ ოსკარის დაჯილდოებას თვალს ყოველწლიურად ადევნებთ, ჯეინ კემპიონის ბოლო ფილმიც უნდა ნახოთ, რადგან სხვადასხვა კატეგორიის ნომინანტებს შორის ამ ფილმს აუცილებლად ვიხილავთ, თანაც, მსახიობების საკმაოდ კარგი შესრულების გამო, შეიძლება ვესტერნის ბოლომდე ყურებაც შეძლოთ.
20. The Mitchells vs. the Machines
ფოტო: Netflix
რობოტების წინააღმდეგ ამხედრებული მიჩელების ისტორია საოჯახო ანიმაციაა, რომელიც დიდად გამორჩეული არ არის, თუმცა ამ სიაში ადგილს ნამდვილად იმსახურებს, რადგან ქვიარ პერსონაჟის გამოცდილებაზე ჰყვება. ანიმაციაში პერსონაჟის სექსუალურ ორიენტაციაზე პირდაპირი საუბარი არ არის, მაგრამ დეტალებზე დაკვირვებით მიხვდებით, რომ ერთ-ერთ მთავარ როლში ქვიარი გოგო გვევლინება, რომელსაც საკუთარი იდენტობის გამო სირთულეებთან შეჯახება არ უწევს, მას ისეთ გამოწვევებთან უწევს დაპირისპირება, როგორიც ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანური კავშირების გაქრობის საფრთხეა.
19. Swan Song
ფოტო: Magnolia Pictures
გედის სიმღერასაც მცირე დეტალები გამოარჩევს, რომელმაც შეიძლება ისეთი ნაკლოვანებები გადაფაროს, როგორიც ზედმეტი პათეტიკა, ცუდი სცენარი და ვერშემდგარი კომედიური ჩანართებია. ფილმი მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ გეი კაცზე გვიყვება, რომელიც ერთ დროს სახელოვანი დალაქი და დრეგ ქვინი იყო. პეტი გარდაცვლილი მომხმარებლის ანდერძის შესასრულებლად მიემგზავრება, რომელსაც დაკრძალვისთვის ვარცხნილობა უნდა გაუკეთოს. წარულის აჩრდილებთან ერთად გავლილი გზა არაერთ მნიშვნელოვან თემას ეხება, მათ შორის, 80-იანი წლების აივ-ეპიდემიას, გასულ საუკუნეში ქვიარების უფლებრივ მდგომარეობას, რაც ხანგრძლივ პარტნიორებს მემკვიდრეობაზე უფლებას უზღუდავდა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომლის გამოც ფილმის ყურება ღირს, ახალი თაობის გულგრილობა, წარსულის იმ მონაპოვარის დავიწყებაა, რაზეც ქვიარ ადამიანთა ახლანდელი უფლებრივი მდგომარეობა დგას.
18. Hating Peter Tatchell
ფოტო: Netflix
პიტერ ტეტჩელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი აქტივისტს გვაცნობს, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ქვიარ ადამიანების უფლებებზე, ხილვადობაზე ზრუნავს და ამას რადიკალური გზებით ცდილობს. ერთი ადამიანის ისტორიაზე თვალის გადავლებით აქტივიზმის ისტორიასაც ვეცნობით და იმ დაპირისპირებას, რაც LGBTQ+ თემში არსებობს. საჯარო პირების იძულებითი დაქამინგაუთება, პროტესტის რადიკალური ფორმა, საკუთარი სიცოცხლის რისკქვეშ დაყენება ტეტჩელის გზაა, რომელსაც ბევრი აქტივისტი გმობდა, თუმცა ფაქტი ერთია, პიტერის დაუღალავმა შრომამ არაერთხელ გამოიღო შედეგი და მსოფლიო ქვიარ ადამიანების უფლებებზე აალაპარაკა.
17. My Name is Pauli Murray
ფოტო: Prime Video
ამ სიის კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი არაბინარული იდენტობის მქონე, ქვიარ შავკანიან მოსამართლეზე გვიყვება, რომელიც მთელი ცხოვრება სექსიზმს ებრძოდა და ამტკიცებდა, რომ დაუღალავმა შრომამ შეიძლება ცვლილებები მოიტანოს. ამერიკაში გაბატონებული სეგრეგაციის დროს გაზრდილი პოლი სხვებისგან ბავშვობიდან გამოირჩეოდა: არ უყვარდა კაბების ჩაცმა, განათლებაზე ყველაზე დიდ დროს ხარჯავდა და მუდამ იმ საქმის კეთებას ცდილობდა, რაც ქალებისთვის აკრძალულიც კი იყო. მოსამართლე, პოეტი, მწერალი და პასტორი პოლი მიურეი მუდამ ცვლილებების სათავეში იდგა, ხშირად მის ამაგს მხოლოდ გენდერული იდენტობის გამო ივიწყებდნენ, თუმცა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე ფიქრი სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია.
16. The Hill Where Lionesses Roar
ფოტო: Loco Films
უიმედო, დროში გაყინული კოსოვო, რომელიც კრიმინალისა და კორუფციის თავშესაფარია სამი ახალგაზრდა გოგოსთვის ხაფანგია, რომლიდან თავის დაღწევაც შეუძლებელია, ამიტომ ძუ ლომები გორაკზე განმარტოვდებიან და ერთმანეთს ბრაზს, დარდებს, იმედგაცრუებას უზიარებენ. ძალადობრივ გარემოში მცხოვრებ მეგობრებს ერთადერთ თავშესაფრად ერთმანეთი ჰყავთ, რასაც ორ გოგოს შორის რომანტიული ურთიერთობაც მოწმობს.
15. Pray Away
ფოტო: Netflix
გარდაქმნის თერაპია მრავალმა ქვეყანამ აკრძალა, თუმცა ქვიარ ადამიანების ჰეტეროსექსუალად გარდაქმნის მახინჯი პრაქტიკა კანონის გვერდის ავლით კვლავაც გრძელდება. Pray Away გარდაქმნის თერაპიის ისტორიაზე იმ ადამიანების დახმარებით ჰყვება, რომლებიც თავად იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციის ლიდერები თუ თერაპიის მსხვერპლები, ფილმში ნახავთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც საქმიანობას კვლავაც აგრძელებენ. ინდივიდუალური გამოცდილებებზე, ეკლესიის მანიპულაციური ხერხებსა და კოშმარგამოვლილი ადამიანების მონათხრობზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი პრობლემაზე საუბარს ისე ახერხებს, რომ არც განსხვავებული მოსაზრებები დატოვოს ყურადღების მიღმა და არც მთავარი სათქმელი დააზიანოს – გარდაქმნის თერაპია ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია.
14. Ailey
ფოტო: Neon
შავკანიანი ქვიარ მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, ალვინ ეილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამორჩეული ვიზუალური სანახაობაა, რომელიც გასული საუკუნის რასობრივ გამოწვევებზე ჰყვება და რევოლუციონერ ადამიანს გვაცნობს. თანამედროვე ცეკვისა და ბალეტის სინთეზი ეილის დასის გამორჩეული ხელწერა იყო, თუმცა გასულ საუკუნეში ცეკვა თეთრკანიანების კუთვნილება იყო. მარვინ ეილიმ დაამტკიცა, რომ ცეკვაში შავკანიანების ადგილი იყო და პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც დიდი დარბაზების შევსება შეძლო. გეი ქორეოგრაფმა, რომელიც შავკანიანი ახალგაზრდებისთვის იმედად იქცა, რთული ცხოვრების გზა გაიარა და აივ-ინფექციისგან გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა, იქამდე კი საცეკვაო სცენის გარდაქმნა შეძლო, რისთვისაც პირადი ბედნიერებაც კი გაიღო მსხვერპლად.
13. Summer of 85
ფოტო: Mandarin Production
ფრანსუა ოზონის ფილმი მოზარდობის სირთულეებზე ჰყვება. 1985 წლის ზაფხულში განვითარებული მოვლენები 16 წლის ბიჭს ცხოვრების შესახებ არაერთ გაკვეთილს ასწავლის და სექსუალური თვითშემეცნების შესაძლებლობას აძლევს. ფილმს ნაივური, მოზარდისთვის დამახასიათებელი დიალოგები, გრძნობები, სამყაროს აღქმა გამოარჩევს, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვან დანაკარგებთან გამკლავების გზებზეც მეტს ვიგებთ, რომლის დროსაც, შესაძლოა, საკუთარი მოწოდებაც კი აღმოვაჩინოთ.
12. Passing
ფოტო: Netflix
რებეკა ჰოლის სარეჟისორო დებიუტი ყოფილი მეგობრების შესახებ გვიყვება, რომლებიც ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან. ერთი მეგობარი თავს თეთრკანიანად ასაღებს და რასისტულ ამერიკაში მშვიდად ცხოვრებას ასე ცდილობს, მეორე კი აქტივიზმშია ჩართული. ფილმი ქვიარ გრძნობებზე პირდაპირ არ საუბრობს, თუმცა დეტალებზე დაკვირვებით, მსახიობების შესანიშნავი შესრულების წყალობით აღმოაჩენთ, რომ ყოფილ მეგობრებს შორის არსებული სინაზე, ეჭვები და მიჯაჭვულობა ბევრად მეტია, ვიდრე რასიზმის დამანგრეველი გავლენის გამო სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილი ორი ქალის ისტორია. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში გაჟღერებული სიტყვები („ყველა რაღაცად ვასაღებთ თავს, არა?“) კი მიგახვედრებთ, რომ Passing მხოლოდ რასობრივ უთანასწორობაზე გადაღებული ფილმი არაა, არამედ თავის მოტყუებაზე, სიმშვიდის გამო ყველა ურთიერთობის, სინაზის გაწირვაზე.
11. Acts of Love
ფოტო: Hutong Productions
სიყვარულის, დაშორების, დანაკარგებთან გამკლავების, სიახლოვის ძიების შესახებ გადაღებული დოკუმენტური და მხატვრული ხერხების კომბინაცია შესანიშნავი ფილმია, რომელიც ურთიერთობების ამბავს ჰყვება. რა განსხვავებაა სიყვარულსა და სექსს შორის, გაცნობის აპლიკაციები ჩვენს ცხოვრებაზე როგორ მოქმედებს, რატომ ვეძებთ ან არ ვეძებთ კავშირებს და როგორ ვუმკლავდებით გულისტკივილს რეჟისორის პერსონალური გამოცდილებით არის მოყოლილი, რასაც მცირეხნიანი შეხვედრებისას გაცნობილი ადამიანების მონათხრობი ავსებს. Acts of Love არამხოლოდ გასული წლის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია ურთიერთობების შესახებ.
10. The Girl and the Spider
ფოტო: Zurcher Film
ეს სიზმარეული ფილმი დანაკარგებზე, მჭიდრო ურთიერთობების შეუძლებლობაზე და სიჩუმეზეა, რომელიც ნელ-ნელა დიდ აფეთქებამდე ან, თუნდაც, სისასტიკის გამოვლინებებამდე მწიფდება. ფილმის ყურება ფაზლის აწყობას ჰგავს, რომლის ყველა დეტალს ვერასდროს შეაგროვებთ, თუმცა იმის გაგებას მაინც შეძლებთ, რამდენად დიდია ის ემოციური ნაკადი, რომელიც აუღელვებელი, უდარდელი ფასადის მიღმა იმალება. გოგო და ობობა დანგრეულ ურთიერთობებზე გადაღებული ფილმია, ურთიერთობებზე, რომლებიც დაშლილი, დანაწევრებულია და, შესაძლოა, მთელი არც არასდროს ყოფილა.
9. Operation Hyacinth
ფოტო: Netflix
ოპერაცია ჰიაცინტი პოლონეთის კომუნისტური პოლიციის საიდუმლო მასშტაბური ოპერაცია იყო, რომელიც 1985-1987 წლებში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანების ბაზის შექმნას. ოპერაციის შედეგად 11 ათასამდე ადამიანი აღირიცხა, რომელთაც შემდგომში აშანტაჟებდნენ, ინფორმაციას სძალავდნენ ან გამოძიების პროცესში „იარაღად“ იყენებდნენ. ფილმი ჰიაცინტის პერიოდში რეალურად მომხდარ ისტორიას ეფუძნება, რომელიც ჰომოსექსუალი კაცების მკვლელობას ეხება, რომელშიც უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. პოლიციის თანამშრომლის ისტორია, რომელიც გამოძიებას აწარმოებს და ამავდროულად სექსუალური თვითშემეცნების გზას გადის არის პერიოდზე, რომელიც ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი მასობრივი დანაშაულის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას
8. Wheel of Fortune and Fantasy
ფოტო: Neopa
ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების, კომპლექსური ურთიერთობებისა, თვითაღმოჩენების შესახებ გადაღებული იაპონური ფილმი 3 სხვადასხვა ეპიზოდისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა ისტორიებზე ჰყვება. ფილმის მესამე ეპიზოდი ესკალატორზე შემთხვევითი შეხვედრით იწყება. ეპიზოდის მთავარი გმირ ქალებს ჰგონიათ, რომ ძველი კლასელები არიან, რომელთაც ერთ დროს მეგობრობა აკავშირებდათ. ერთ-ერთ მათგანს რომანტიული ურთიერთობა ჰქონდა კლასელთან, მეორეს კი მეგობრობა, პერსონაჟები მალევე აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთი სხვაში შეეშალათ. ქალები როლურ თამაშში ჩაებმებიან, რომლის დროსაც ვიგებთ, რომ წარსულში დარჩენილი ერთადერთი სიყვარულის და ცხოვრებით უკმაყოფილო ქალის ისტორიას ვეცნობით, რაც მთავარ კითხვამდე მიდის – რა იქნებოდა, სხვაგვარად რომ გვემოქმედა?
7. Flee
ფოტო: Neon
ავღანეთიდან ოჯახთან ერთად გამოქცეული გეი ბიჭის ისტორია, რომელმაც მრავალი სირთულე გაიარა, სანამ სიმშვიდეს მოიპოვებდა დოკუმენტური ანიმაციური ფილმია, რომელიც ინდივიდუალური მაგალითის საფუძველზე გვანახებს ლტოლვილების მძიმე გამოცდილებებს. მთელ მსოფლიოში გაფანტული ერთი ოჯახის ისტორია, რომელთაც უპირობოდ უყვართ ერთმანეთი, წარსულის ტრავმებთან გამკლავებას ცდილობენ და მძიმე გამოცდილების საზიანო გავლენის გადაფასების გზაზე დგანან გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია.
6. Benedetta
ფოტო: Pathe
ეკლესიის მანკიერებების, მანიპულაციის, სექსუალური თვითშემეცნების, ძალაუფლების წყურვილისა და ძალადობის შესახებ გადაღებული სატირა სახელოვან რეჟისორს, პოლ ვერჰოვენს ეკუთვნის, რომელიც მნახველის რელიგიური გრძნობებით თამაშობს, გასული საუკუნის იაფასიანი ეროტიკული ფილმების გაშარჟებას ცდილობს და ამავდროულად პანდემიური რეალობის საინტერესო კომენტარს გვთავაზობს. ბენედეტა ამხელს ხალხისგან განდგომილ ეკლესიას, რომელსაც სხვათა გაჭირვება არაფრად მიაჩნია და ფუფუნებით მთვრალი ამქვეყნიური სიამეებით ტკბება.
5. Shiva Baby
ფოტო: Hyperobject Industries
ებრაული დაკრძალვის ცერემონიაზე განვითარებული სიუჟეტი შესანიშნავი კომედიაა ან, გნებავთ, ისტერიკა, რომელიც საშინელებათა ჟანრის ფილმებს მოგაგონებთ და მთავარ პერსონაჟთან ერთად პანიკური შეტევის, კლაუსტროფობიული შეგრძნებების ზღვარზე გაგატარებთ, რათა ახალგაზრდა გოგოს მდგომარეობა დაგანახოთ. სანათესაოს, მშობლების, ყოფილი შეყვარებულის მოლოდინებით დაზაფრულ გოგოს ოჯახური შეკრება ჯოჯოხეთად ექცევა, რომლისგან თავის დაღწევასაც ვერ ახერხებს, მაგრამ არც ტოქსიკურ გარემოში დარჩენა შეუძლია და ათასგვარ უხერხულ მომენტს ქმნის, საბოლოოდ კი კრიზისამდე მიდის.
4. Days
ფოტო: Home Green Films
მარტოობაზე, სიჩუმეზე, იზოლაციაზე, დაბერებაზე გადაღებული ეს შესანიშნავი ფილმი პანდემიური რეალობის საუკეთესო ნამუშევარია, რომელიც მხოლოდ კონტექსტის გამო არ არის ღირსშესანიშნავი. სრულ უძრაობაში ჩაძირული ორი პერსონაჟი დღეებს ძირითადად სახლში ატარებენ, არაფერი ხდება, არავისთან ურთიერთობენ, უბრალოდ სიჩუმეში არსებობენ, შეუძლებელია იმის თქმა, ეს სიცარიელის ნიშანია თუ სიმშვიდის, მაგრამ ფილმი ერთ დიდ პასუხს მაინც იძლევა, ყველა მარტოობისთვის განწირული და ერთმანეთის მოხელთება მხოლოდ მცირე დროით შეგვიძლია.
3. Wojnarowicz: Fuck You Faggot Fucker
ფოტო: Estate of David Wojnarowicz
დეივიდ ვოინაროვიჩი 70-იანი და 80-იანი წლების გამორჩეული ქვიარ ხელოვანი იყო, რომელიც ამ შესანიშნავმა დოკუმენტურმა ფილმმა აღმომაჩენინა. ესეისტის, მწერლის, მხატვრისა და აქტივისტის ხმოვანი ჩანაწერებისა და ნამუშევრების საშუალებით მოყოლილი ხელოვნების ამბავი დაუვიწყარი გამოცდილებაა, რომელიც 80-იანი წლების აივ-ეპიდემიაზე გვიყვება, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და კიდევ უფრო გააღრმავა ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ტალღა. თუ აქამდე ვოინაროვიჩზე არაფერი იცოდით, აუცილებლად უნდა ნახოთ ფილმი, რომელიც დიდი ხელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების ამბავს უნაკლოდ ჰყვება.
2. Great Freedom
ფოტო: RohFilms Production
175-ე პარაგრაფმა, რომლის საფუძველზეც ნაცისტურ გერმანიაში ჰომოსექსუალ კაცებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ, 10 ათასზე მეტი ადამიანის კეთილდღეობა შეიწირა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, 1969 წლამდე, 100 ათასი ადამიანი წარსდგა სასამართლოს წინაშე ამ პარაგრაფში მითითებული დარღვევების ბრალდებით, 50 ათასამდე ადამიანი კი პატიმრად იქცა. დიდი თავისუფლება ერთი კაცის ისტორიას ჰყვება, რომელიც არაერთხელ დააპატიმრეს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამიზნედ აქციეს. ფილმი მანკიერ პრაქტიკაზე ინდივიდუალური გამოცდილების დახმარებით საუბრობს და გვიჩვენებს, რომ სიყვარული დანაშაული არ არის, მეტიც, ორ ადამიანს შორის არსებულ კავშირს შეუძლია ყველაზე მძიმე გარემოებებს აჯობოს და დიდი თავისუფლების წყაროდ იქცეს.
1. Titane
ფოტო: Arte France Cinema
კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი ყველა აქამდე ნანახი ფილმისგან განსხვავებული გამოცდილებაა, რომელიც აბსურდის ზღვარზე გადის და ძალადობის, სექსუალური თვითშემეცნების, მშობლისა და შვილის ურთიერთობის ამბავს გვიყვება, რომელიც მაყურებელს მრავალ კითხვას გაუჩენს, მაგრამ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სათქმელსაც დაანახებს – ტოტალური ძალმომრეობის, ქაოსის შედეგად გაყინული ადამიანები ვეძებთ მყარ, ურღვევ კავშირს, რომელიც გრძნობებს დაგვიბრუნებს.
მთავარი ფოტო: Estate of David Wojnarowicz
ავტორი: გიორგი ბასხაჯაური