სექსსამუშაოში ჩართულ ქალს სჭირდება დაცვა და არა დასჯა

Amnesty International სექსსამუშაოს კრიმინალიზების შემდეგ საერთაშორისო მოდელებს გამოყოფს:

  • სრულწლოვანი პირის მიერ სხვა სრულწლოვანი პირისთვის სექსუალური მომსახურების გაწევა არის სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირი, რომელიც ყიდის სექსუალურ მომსახურებას (სექსმუშაკი);
  • სრულწლოვანი პირის მიერ სხვა სრულწლოვანი პირისთვის სექსუალური მომსახურების გაწევა არის დანაშაული. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება სექსუალური მომსახურების მიმღებს (კლიენტს);
  • სისხლის სამართლის წესით ისჯება სექსსამუშაოს ორგანიზება სრულწლოვან პირებს შორის. დასჯადი ქმედებები ასევე მოიცავს პროსტიტუციის რეკლამას, პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემას და სხვ. შესაბამისად, სექსსამუშაოს ორგანიზებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სექსმუშაკებს, ასევე სხვა პირებს, ვინც მათ ორგანიზებაში ეხმარება[2].

საქართველოში მოქმედებს სექსსამუშაოს პენალიზების ქართული მოდელი. ეს მოდელი გულისხმობს ისეთი კანონმდებლობისა და პოლიტიკის არსებობას, რომელსაც კრიმინალიზების მსგავსი ეფექტი გააჩნია და სექსმუშაკის დასჯაზეა ორიენტირებული. სექსსამუშაოს პენალიზების ქართული მოდელი ახდენს ადამიანის ავტონომიის ხელყოფას, კონტროლს და რეპრესირებას სექსსამუშაოში ჩართულობის გამო [3]. აღნიშნული ზომები მოიცავს ჯარიმებს, დაკავებას ,,რეაბილიტაციის“ მიზნით, დეპორტაციას, ბავშვზე მეურვეობის ჩამორთმევას, სოციალური დახმარების მოხსნას[4].

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სექსსამუშაოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს. სექსსამუშაოზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედება და მისი დაცვის გარანტიები, რადგან სექსსამუშაო არ არის მიჩნეული შრომითი საქმიანობის სახედ.

საქართველოს კანონმდებლობა ,,სექსმუშაკის“ და ,,სექსსსამუშაოს“ ნაცვლად, იყენებს ტერმინს ,,პროსტიტუცია“, რაც სახელმწიფოს მხრიდან სექსმუშაკი თემის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მიუთითებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723-ე მუხლი პროსტიტუციას საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას უქვემდებარებს.

პროსტიტუციის განხორციელება გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს კანონმდებლობა პროსტიტუციის ქმედების შემადგენლობას არ განსაზღვრავს და არც მის განმარტებას ახდენს.

Amnesty International-ის კვლევა[5] ცხადყოფს, რომ სექსსამუშაოს კრიმინალიზება და პენალიზება მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს სექსმუშაკთა ისეთი უფლებების დაცვაზე, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, ავტონომიისა და პირადი უსაფრთხოების უფლება, თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციისგან დაცვა, ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, უფლება ჯანმრთელობის შესაძლო უმაღლეს სტანდარტზე, შრომითი უფლება და სხვ[6]. პენალიზებისა და კრიმინალიზების სამართლებრივი მოდელი იწვევს სექსმუშაკთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვან უგულებელყოფას და კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დარღვევას.

სექსსამუშაო მატრავმირებელი საქმიანობაა, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს სექსსამუშაოს რეპრესიული ქართული მოდელი. სახელმწიფო, დასჯაზე ორიენტირებული კანონმდებლობით, სექსმუშაკებს ინსტიტუციურ დაბრკოლებას უქმნის. სექსსამუშაოს პენალიზების მოდელი სექმუშაკებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხის წინაშე აყენებს, ამიტომ ისინი ხშირად გამხდარან პოლიციისა და სხვა ადამიანების მხრიდან ჩაგვრის და გარიყვის მსხვერპლნი.

სახელმწიფოს, სექსსამუშაოს რეგულირების რეპრესიული მოდელის გამოყენებით, სტრუქტურული ბარიერებიდან, უთანასწორობიდან და სექსსამუშაოში ჩართვის რეალური მიზეზებიდან, ყურადღება დასჯასა და სექსმუშაკთა მორალურ-ეთიკურ გაკიცხვაზე გადააქვს[7]. გაეროს შეფასებით, სექსსამუშაოს კრიმინალიზების პირობებში, სექსმუშაკები იძულებულნი არიან, არალეგალურად იმუშაონ, სადაც უფრო მეტად მოწყვლადები არიან ძალადობის მიმართ[8]. ამ კუთხით, ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ტრანსგენდერი სექსმუშაკები წარმოადგენენ, რომლებიც ხშირად ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობის მსხვერპლები არიან[9] 

სექსმუშაკები გარკვეულ ბარიერებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გენდერული ძალადობის გამო აწყდებიან. ბარიერებს შორის ყველაზე ხშირია სექსსამუშაოსთვის ადმინისტრაციული წესით გასამართლების შიში, სექსმუშაკთა დევნა და ძალადობა პოლიციის მიერ; პოლიციის არაეფექტური რეაგირება სექსმუშაკთა მიმართ მათი მომსახურების მიმღები და მესამე პირების მხრიდან ჩადენილ ძალადობაზე; პოლიციის მხრიდან სექსმუშაკთა იძულება, მიაწოდონ ინფორმაცია პროსტიტუციის ხელშემწყობ და პროსტიტუციაში ჩამბმელ პირებზე; სექსმუშაკთა სამართლებრივი ცნობიერების დაბალი დონე და სხვ[10].

სექსსამუშაოში ჩართვის მიზეზები

სექსსამუშაო ქალებსა და მამაკაცებს შორის ძალაუფლების უსამართლო გადანაწილების შედეგია და ხშირ შემთხვევაში, ქალთა სიღარიბით არის გამოწვეული. ეკონომიკური სიდუხჭირე და საზოგადოებაში დამკვიდრებული დაქვემდებარებული როლი, ხშირად აიძულებს ქალებს, ჩაებან სექსსამუშაოში[11].

უამრავი ქალი ერთვება სექსსამუშაოში მძიმე და გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო და ყოველდღიური ეგზისტენციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად[12]. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში გამოკითხულ სექსმუშაკთა განმარტებით, საქართველოში სექსსამუშაოში ჩართვის მთავარი მიზეზი „ეკონომიკური იძულებაა, ვინაიდან სხვა სამსახურში ვერ საქმდებიან და სექსსამუშაო გადარჩენის ერთადერთი გზაა. დარჩენის წამყვანი მიზეზი სწორედ სხვა სამუშაოებთან შედარებით მაღალი ანაზღაურებაა.“[13]

სექსმუშაკთა ნაწილი პროსტიტუციაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მეუღლის მხრიდან ოჯახში ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩნდა[14]. 

სექსსამუშაოს რეგულირების საერთაშორისო მოდელები

ახალ ზელანდიაში სექსსამუშაოს დეკრიმინალიზაციის კლასიკური მოდელი ჩამოყალიბდა. ამიტომ სრული დეკრიმინალიზაციის მოდელს სხვაგვარად ,,ახალზელანდიურ მოდელსაც” უწოდებენ. დეკრიმინლიზაციის მოდელის პირობებში პროსტიტუცია სისხლის სამართლის დანაშაულად არ განიხილება.

ახალ ზელანდიაში დეკრიმინალიზებულია როგორც სექსმომსახურების გაყიდვა, ისე ყიდვა. დეკრიმინალიზებულია სექსსამუშაოს ორგანიზებაც და მენეჯმენტიც. კანონმდებლობა სექსმუშაკებს სექსუალურად გადამდები დაავადებების სავალდებულო შემოწმებას არ ავალდებულებს. სავალდებულო არ არის სექსმუშაკთა რეგისტრაცია. სექსსამუშაო რეგულირდება სხვა ბიზნესების მსგავსად, კერძო ბიზნესებისთვის დადგენილი წესით. ახალი ზელანდიის კანონმდებლობით, სექსსამუშაო აღიარებულია სამუშაოს სახედ და იგი არ არის კანონმდებლობით ზედმეტად შეზღუდული[15].

სექსსამუშოს რეგულირების ,,ნორდიკული მოდელი“, რომელსაც ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც შვედურ, აბოლოციონისტურ და თანასწორობის მოდელს, სექსსამუშაოს გაყიდვის დეკრიმინალიზაციას ახდენს, ხოლო სექსმომსახურების ყიდვას  სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს. იგი წარმოადგენს გარკვეულ შუალედურ მოდელს სექსსამუშაოს სრულ  კრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის. ,,ნორდიკული მოდელის“ მომხრეთა მოსაზრებით, იგი მოწოდებულია, რათა ხელი შეუწყოს სექსუალურ ტრეფიკინზე მოთხოვნის შემცირებას და სექსმუშაკთა უფლებების დაცვას. ,,ნორდიკული მოდელის“ მიზანს სექსმუშაკებიდან სტიგმის და დასჯის ცენტრის კლიენტებზე გადატანა წარმოადგენს[16].

სექსსამუშაოს ლეგალიზების არსი არის ის, რომ სექსსამუშაო და სექსმუშაკები დეტალურად კონტროლდებიან და იზღუდებიან სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებით. მკაცრი რეგულაციები გამოიხატება სექსმუშაკთა რეგისტრაციაში, რაოდენობის შეზღუდვაში, ლოკაციის განსაზღვრაში, სექსსამუშაოს ოპერირების კრიტერიუმებისა და ადგილის განსაზღვრაში, პირობების განსაზღვრაში, თუ ვის შეუძლია სექსმუშაკად მუშაობა, სავალდებულო სამედიცინო შემოწმებაში და სხვა.

ლეგალიზაციის პირობებში, სექსსამუშაო სრულად რეგულირდება სახელმწიფოს მიერ. სექსსამუშაოს ლეგალიზების სისტემაში, სახელმწიფოსგან ადგილი აქვს სექსსამუშაოს ლიცენზირებას, რეგულარულ ინსპექტირებას ბორდელებში და სხვა სექსმომსახურების ადგილებში. ლეგალიზების სისტემა ლიცენზირებულ ბორდელებში დასაქმებული სექსმუშაკებისგან ზოგჯერ სავალდებულო სამედიცინო შემოწმებასაც ითხოვს. ლეგალიზაციის მომხრეთა აზრით, ლეგალიზებული სექს-სამუშაო შესაძლებლობას აძლევს სექსმუშაკებს, ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმება ჩაიტარონ. ეს არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავის დაცვის საშუალება.   ლეგალიზაცია სექსმუშაკებს დასაქმების უფლებას აძლევს[17].

                 [2] Amnesty International Policy on State Obligations to Respect, Protect and Fulfil the Human Rights of Sex Workers, 2016, გვ. 4.

[3] CEDAW,Concluding     Observations:     Russian Federation, UN              Doc.CEDAW/C/RUS/CO/8,  2015,paras.2526

[4] Amnesty          International       Policy,  p.4

[5] Amnesty International Policy on State Obligations to Respect, Protect and Fulfil the Human Rights of Sex Workers, 2016, გვ. 10.

[6] Amnesty International Policy on State Obligations to Respect, Protect and Fulfil the Human Rights of Sex Workers, 2016, გვ. 28-36

[7] თამარ ავალიანი, სექსმუშაკ ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები საქართველოში, EMC, 2020.

[8] UN General Assembly. The protection of human rights in the context of human immunodeficiency virus (HIV) and acquired immune deficiency syndrome (AIDS): Report of the Secretary-General. Human Rights Council, 16th session. UN doc. no. A/ HRC/16/69, 20 Dec. 2010.

[9] Transgender Europe (TGEU) – Sex Work Policy, https://tgeu.org/wp-content/uploads/2014/12/TGEU-sex-work-policy.pdf?fbclid=IwAR1CNEgk2YFNb5PaTaEKlDKCHfIR179dgcp9Pa1NlZzqmmN2kVXTs7Fby-E

[10] თამარ ავალიანი, სექსმუშაკ ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები საქართველოში, EMC, 2020.

[11] თამარ ავალიანი, სექსმუშაკ ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები საქართველოში, EMC, 2020.

[12] Amnesty International Policy on State Obligations to Respect, Protect and Fulfil the Human Rights of Sex Workers, 2016, გვ. 8.

[13] თანასწორობის მოძრაობა „ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების კვლევა საქართველოში“, 2019, გვ. 17,

[14] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „გენდერული ძალადობა სექსმუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს გამოცდილება“, თბ., 2018, გვ. 32.

[15] ინფორმაცია ახალი ზელანდიაში სექსსამუშაოს რეგულირების შესახებ https://www.nswp.org/country/new-zealand

 

[16] Nordic Model: The Ongoing Criminalization of Sex Workers in Northern Europe, Ales Nielson, July 1, 2018

[17] Prostitute Protection Act, https://www.bmfsfj.de/blob/117624/e0f1dec4fa4488a4b46f7bb17b8e6f16/prostschg-textbausteine-en-data.pdf

წინა

შესაძლოა, საფრანგეთში ბულერებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ

შემდეგი

მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ გასართობი ღონისძიებები ღამის კლუბებშიც განახლდება

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,