/

დავით ხორბალაძე ქვიარ ეგზოტიზაციის წინააღმდეგ

დავით ხორბალაძე თანამედროვე ქართველი რეჟისორი და დრამატურგია, რომლის პირველი სპექტაკლიც 2014 წელს დაიდგა. მისი ავტორობით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თეატრში, მაყურებელმა 10-ზე მეტი სპექტაკლი იხილა. არტისტი თავის სპექტაკლებში არ ერიდება თამამ ექსპერიმენტებს და მაყურებელს ყოველთვის სთავაზობს აქტუალური თემების საინტერესო ინტერპრეტაციებს. სექსუალობა, იდენტობის ძიება, სახელმწიფოს ტერორი მოსახლეობაზე, სოციალური უთანასწორობა, უმიცრესობების ბედი – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც დავით ხორბალაძის პიესები და სპექტაკლები ეხება.

რეჟისორის მომდევნო სპექტაკლს მაყურებელი მიმდინარე სეზონზე იხილავს. როგორც დავით ხორბალაძე განმარტავს, სპექტაკლი ტრილოგიის პირველი ნაწილი იქნება, რომელიც მეხსიერებაზე, როგორც პიროვნების ერთ-ერთ ყველაზე არასრულყოფილ, დაზიანებულ, ტრანსფორმირებად მხარეზე მოგვითხრობს. სანამ მაყურებელი პანდემიის გამო შეჩერებულ თეატრს დაუბრუნდება, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც „ღია სივრცის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გაგვიზიარებს თავის ხედვებს მიმდინარე პროცესებსა და თეატრის მომავალზე:

როდის და როგორ გადაწყვიტე თეატრის რეჟისორობა და დრამატურგობა?

სკოლაში ხელოვნების მასწავლებელმა დაგვავალა, სურათის მიხედვით დაგვეწერა პიესა და დაგვედგა პატარა სპექტაკლი, უნდა გადანაწილებულიყო ფუნქციები, ანუ მთლიანობაში, უნდა გვეთამაშა თეატრობანა. მე ვერ ვიღებდი გადაწყვეტილებას დრამატურგობა ამერჩია თუ რეჟისორობა. წერა ძალიან მიყვარდა, მაგრამ რეჟისორი ვინ იყო, დიდად არ ვიცოდი, თეატრი საერთოდ არ მაინტერესებდა. ბოლოს რეჟისორობა არავინ არ მოინდომა და მე ვთქვი, ძალიან კარგი, მაშინ მე ვიქნები ორივე-მეთქი. ინიციატორობა და ლიდერობა არასდროს მიყვარდა, ამიტომ არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე მაშინ ასე. მოკლედ, მაგ დროიდან მინდოდა წერაც, დადგმაც და, პრინციპში, ყველაფრის კეთება, რაც საჯაროდ თვითგამოხატვას გულისხმობს. წელიწადში ორ პიესას ვწერდი და ვდგამდი სკოლაში, ისე მიხაროდა ამის კეთება, თან, ცოტა სკანდალურიც იყო ხოლმე და, ალბათ, ეს კიდევ უფრო მიზიდავდა, ეს ნაზი და მგრძნობიარე ბავშვი უცებ თითქოს ძლევამოსილი გავხდი, მაყურებელს ვუყურებდი ხოლმე და ყველა რომ ტიროდა, ჩემი მიზანი მიღწეული მეგონა.

უნივერსიტეტში სწავლის დროსაც და მერეც სულ ვერთობი და ვთამაშობ ამ პროფესიით. თეატრალურ უნივესიტეტშიც საკმაოდ არასერიოზულად მოვხვდი. ვერ გადამეწყვიტა, კინოს რეჟისორობა მინდოდა თუ თეატრის. საშინლად დაბალი ქულები ავიღე შემოქმედებით ტურებში და ნამდვილად დიდი შემთხვევითობაა, რომ საერთოდ ჩავაბარე. მერე ძალიან მერიდებოდა ამის და დიდხანს თავი უტვინო მეგონა.

წყურვილი – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი (ანა გურგენიძის ფოტო)

როგორ გაჩნდა ღია სივრცე და რას უნდა ველოდოთ ღია სივრცისგან მომავალში?

 

ჩვენ გვინდოდა, შეგვექმნა დამოუკიდებელი სივრცე, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ თეატრი, არამედ, პირიქით, იქნებოდა ანტითეატრი, რაც თავისთავად გულისხმობს თეატრის იდეის, მისი მნიშვნელობის ახლიდან დანახვას, არა მხოლოდ როგორც სანახაობის, არამედ როგორც ინსტიტუციისაც. დასაწყისში „ღია სივრცე“ იყო მხოლოდ არტისტების ერთობა, რომელიც სხვადასხვა ადგილას მუშაობდა და თამაშობდა წარმოდგენებს, მერე ვიპოვეთ შენობა, ერთობლივი ძალებით დავიწყეთ მისი რემონტი და დღეს გვაქვს სივრცე, რომელიც ჯერ ისევ განვითარების პროცესშია და ყალიბდება, როგორც მულტიკულტურული სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას გვაერთიანებდა სურვილი, გვეკეთებინა სოციალური და პოლიტიკურად აქტიური ხელოვნება, რომელიც ახალი ენით ილაპარაკებდა დღევანდელ ადამიანზე და არა განყენებულ თემებზე. ეს დღემდე ასეა – სინამდვილე, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას განაპირობებს, არის ის, რაც, პრინციპში, ჩვენი მთავარი კვლევის საგანია. იმიტომ კი არა, რომ ეს სინამდვილე ყოველთვის ხელშესახები და გასაგებია თეატრისთვის, ან ხელოვნების სხვა რომელიმე დარგისთვის, არა, ზუსტადაც იმიტომ, რომ მაყურებელთან ერთად გავიგოთ სინამდვილე, გამოვერკვეთ, ვიკვლიოთ, ვეძებოთ იდენტობა, კითხვები დავუსვათ უკვე არსებულ იდენტობებს, კულტურულ ნორმებს, ყველაფერს, ყოველგვარი მორიდების გარეშე ან თუნდაც ამ ბუნდოვანებას გავუსწოროთ თვალი. ასე რომ „ღია სივრცისგან“ ყველაზე მეტად რასაც მინდა რომ ელოდეთ, სითამამე და კრიტიკული ხედვაა, რომელიც მომავლისკენ მიდის და წარსულს არ ეჭიდება.

რა ევალება თანამედროვე ქართულ თეატრს და ასრულებს თუ არა ის ამ მოვალეობას?  

 

ზოგადად, ალბათ, არც არაფერი ევალება ვინმეს. შეგვიძლია, ვილაპარაკოთ იმაზე,  ინსტიტუციებს რა უნდა ევალებოდეთ, კულტურის როგორი პოლიტიკა მოგვეწონებოდა, როგორი მართვის სისტემა, რა ღირებულებების გავრცელებას უნდა უწყობდეს სახელმწიფო თეატრები ხელს, რომ ეს არ უნდა იყოს, მინიმუმ, სექსიზმის, ფაშიზმის, ჰომოფობიის ტირაჟირების ადგილი. რომ, ალბათ, ყველა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თეატრი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის საზოგადოების ფულს ხარჯავს და მისთვის გარკვეული სიკეთის დაბრუნებას უნდა ცდილობდეს, რომ, ალბათ, უფრო სახალხო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ჰქონდეს საგანმანათლებლო ფუნქცია, არ უწყობდეს ხელს საზოგადოების არცერთი ჯგუფის შეზღუდვას და ა.შ. საზოგადოებას შეუძლია შეთანხმდეს, როგორი თეატრი უნდა მას, ან საერთოდ უნდა თუ – არა. ახლა რაც ხდება, უბრალოდ ინერციაა, ქართულ თეატრს, საკუთარი თავის ჩათვლით, შევახსენებდი, რომ მაყურებლისთვის არსებობს და მის გარეშე თეატრი თეატრი კი არა თვითკმაყოფილებაში ჩაძირული გოიმობაა.

 

კითხვის მეორე ნაწილს რაც შეეხება: ცნებას „ქართული თეატრი“ საერთოდ ამოვიღებდი ხმარებიდან. ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ნაციონალური თეატრი არ გაგვაჩნია, ისტორიულად ეს ვერ მოხდა და ვერ განვითარდა. რუსთაველის თეატრს რომ ნაციონალური თეატრის სტატუსი აქვს, ეს მხოლოდ ღირებულებების გაყალბებაა და მეტი არაფერი, და მეორეც, საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოვაქციო თეატრის იდეა რომელიმე ვიწრო ნაციონალურ ჭრილში. ან თუ ვაქცევ, რის მიხედვით უნდა ვთქვა, რომელია ქართული თეატრი და რომელი – არა?  ენით? ესთეტიკით? ეროვნებით? ყველაფრით ერთად? რაში მჭირდება, რომ ეს გავაკეთო?

დაცული ტერიტორიები – სამეფო უბნის თეატრი, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (ფოტო – გიკა მიქაბაძე)

ყველაზე მეტად რითი არის დაინტერესებული თანამედროვე ქართული დრამატურგია, რა ტენდენციები იგრძნობა ქართულ თეატრში?

 

ძალიან ძნელია, ილაპარაკო ტენდენციებზე ისეთ ფრაგმენტულ პროცესში, როგორიც ჩვენს თეატრს აქვს. ალბათ, ცალკე დრამატურგიაშიც და მთლიანად თეატრშიც ეს ფრაგმენტულობა, დანაწევრებულობა, ტომობრივ-სექტანტურობა არის ტენდენცია უკვე წლებია. არ ვგულისხმობ მხოლოდ ურთიერთობებს, შემოქმედებითი პროცესიც ასეთია, ჩაკეტილი და მონოლოგური. სანამ პანდემია თეატრს დახურავდა, ამ კომუნიკაციის შეწყვეტას ჩემს ნამუშევრებშიც ვხედავდი და სხვათა შორის, როცა უკვე ვიდეოზე მომიწია მუშაობა და მივხვდი, რომ უშველებელი ბარიერი უნდა გადამელახა მაყურებელთან ცოცხალი ურთიერთობის შესაქმნელად, გაასმაგებულად დავიწყე ამაზე ფიქრი.

წუხილი – ღია სივრცე (ლაშა ცერცვაძის ფოტო)

ისმის თუ არა ქართულ თეატრში და დრამატურგიაში ქვიარების ხმა? 

 

მე პირადად, სხვა ხმა არც მესმის. როცა ქვიარ ხელოვნებას ცალკე გამოყოფენ ხოლმე, ვიბნევი იმიტომ, რომ „არაქვიარ“ ხელოვნება, მე თუ მკითხავ, არც არსებობს. მით უმეტეს, თეატრი, რომელიც, თავისი არსით, ერთი მხრივ, თანასწორობის, ერთიანობისკენ უბიძგებს მაყურებელს მეორე მხრივ კი, ყოველთვის კითხვებს უსვამს იმ სინამდვილეს, რომელშიც ეს მაყურებელი ცხოვრობს. ბოლოს და ბოლოს ეს არის ადგილი, სადაც აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ადამიანი იკრიბება ერთად და მონაწილეობს, უყურებს, ისვენებს, ერთობა, ერთვება წარმოდგენაში, რომელიც, კარგ შემთხვევაში, ნორმებს კითხვებს უსვამს, აკრიტიკებს. სხვანაირი თეატრი არც მაინტერესებს და ვერც ვხედავ მისი განხილვის აზრს. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საფიქრალი უკვე სხვა რამეზე გვაქვს: უკვე დროა, ჩვენვე, ქვიარები ვიყოთ კრიტიკულები ხელოვნების მიმართ, რომელსაც ვაკეთებთ, ან რომელიც ჩვენზე ლაპარაკობს. ხშირად შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავად ვამკვიდრებთ ახალ ფაშისტურ ესთეტიკურ სტერეოტიპებს ხელოვნებაში და დაგვყავს მხოლოდ გეი კაცების სექსუალობის უპრიმიტიულეს გაგებამდე.

 

ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, გვაქვს ინსტიტუციური პრობლემები და ქვიარ ხელოვნების გადამალვის მცდელობა და მეორე მხრივ, ქვიარობის ეგზოტიზაცია, იდენტობით ვაჭრობა თავად არტისტების მიერ, რომლებიც ქვიარ არტისტებად იდენტიფიცირდებიან. საერთოდ, ეს კატეგორიები ყელში ამოვიდა. სიტყვა „ქვიარსაც“ ამოვიღებდი მოხმარებიდან, „ქართული თეატრივით“.

რა სახის წინააღმდეგობები შეიძლება შეგხვდეს ქართულ თეატრალურ და სახელოვნებო სივრცეებში, თუ ხარ ლესბოსელი, გეი, ტრანსი, ბისექსუალი? 

 

წინააღმდეგობები ჯერ კიდევ თეატრალური უნივერსიტეტიდან იწყება, სადაც სტუდენტების შესარჩევად ფაშისტური კრიტერიუმები აქვთ. ამიტომ, თუ შენს გარეგნობაში, ხმაში რამე არის არაჰეტერონორმატიული, დიდი ალბათობით, სხვებთან შედარებით განსაკუთრებული ბრძოლა მოგიწევს (ისე, როგორც ყველა სფეროში). მერე უკვე, გააჩნია, როგორ „ბაბლში“ მოხვდები, იპოვი თუ არა თანამოაზრეებს. რამდენად გეყოფა გამძლეობა, რომ საკუთრი თავი შენ თვითონ მიიღო, არ დამალო და ამავე დროს პროფესიულადაც ვითარდებოდე. მე ბევრი არტისტი მახსენდება, ვინც საკუთარი იდენტობის გამო ჩაგვრას ვეღარც გრძნობს, იმდენად მიჩვეულია მალვას. არადა თეატრი ცნობიერებას უნდა აფართოვებდეს. საკუთარი თავის, სხეულის მიღების გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რამე ღირებული შექმნა. თუმცა მაინც მგონია, რომ ამ მხრივ პროცესი დაძრულია და უფრო და უფრო ნაკლები არტისტი ეგუება ჰომოფობიაში ცხოვრებას. იმას არ უნდა ველოდოთ, როდის მოგვცემს ჰეტერონორმატიული „ღმერთი“ პროფესიული რეალიზების შესაძლებლობას, რადგან ამას არასოდეს გააკეთებს. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ რამე მარტივად, თავისთავად მოხდება.

მშობელთა კრება – ღია სივრცე, რეჟისორი: დავით ხორბალაძე, მიშა ჩარკვიანი (თაკო რობაქიძის ფოტო)

გარდა იმისა, რომ ბოლო ორი წელი თითქმის აღარ იდგმება სპექტაკლები და მაყურებელიც უფრო მეტად დაშორდა თეატრს, რა შეიცვალა თქვენს საქმიანობაში? შენი აზრით, რა ისწავლეს ხელოვანებმა პანდემიისგან და როგორ გამოიყენეს ეს დრო? 

 

არ ვიცი, ჯერ ადრე მგონია ამაზე ლაპარაკი. რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ მაყურებელი ფიზიკურად დაშორდა იმ თეატრს, რომელშიც ინერციით დადიოდა, სამაგიეროდ, მასთან მივიდა ციფრული თეატრი და სცადა ეთქვა, რომ მტვრიანი კოსტიუმებისა და ხავერდის სკამების გარეშეც შეუძლია იარსებოს.

მამა თავს იხრჩობს ტყეში – ახალი დრამის ფესტივალი

რის ნაკლებობას განიცდი ყველაზე მეტად ქართულ თეატრში და რა არის ის შიდა და გარე პრობლემები, რაც ხელს უშლის თეატრის განვითარებას? 

 

ყველაზე მეტად განვიცდი კულტურის პოლიტიკის არარსებობას. ესაა მთავარი მიზეზი, რაც ყველაფრის განვითარებას ხელს უშლის.

შიმშილის ღმერთ – ღია სივრცე. რეჟისორი: დავით ხორბალაძე, მიშა ჩარკვიანი (ფოტო – ბექა ჯავახიშვილი)

როგორ შეაფასებ ქართულ თეატრს გასული 10-15 წლის ჭრილში?   

 

ამას რომ ვამბობ, მე თვითონაც ძალიან მწყდება გული, მაგრამ საშინელი უფუნქციობის განცდა მეუფლება, როცა ბოლო 10 წელს ვიხსენებ. იყო ფრაგმენტული გამონათებები, მაგრამ, ძირითადად, ყველაფერი მოკვდა განვითარების პერსპექტივის გარეშე. ახლა ამ მოცემულობაში, შეიძლება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, თუმცა, არ ვიცი, ეს რამდენად მოხდება. ამას ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა და აქვს: კულტურულიც და ეკონომიკურიც, რაზე ლაპარაკსაც ამ ინტერვიუში ვერ მოვასწრებთ.

გახეთქილი ყბა – ღია სივრცე (ფოტო – თიკუ კობიაშვილი)

როგორ ხედავ ქართული თეატრის და ზოგადად თეატრის მომავალს? 

ქართული თეატრის და საქართველოს მიმართ ძალიან ნეგატიური წინათგრძნობა მაქვს, ერთეული ადამიანების პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე შორს ეს ქვეყანა კიდევ დიდხანს ვერ წავა. შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ, სამწუხაროდ, არ ვცდები, თან ეს ბრაზი მეხმარება, ვიმოქმედო. ზოგადად, თეატრს რაც შეეხება, მაქვს ჩემი იდეალური წარმოდგენები და მინდა მჯეროდეს, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება კონკრეტული დროისა და სივრცის არსებობის გარეშე მაყურებელსა და წარმოდგენას შორის მგრძნობიარე და ცოცხალი კომუნიკაცია შედგეს, ასე რომ მთელი გულით მივესალმები ტექნოლოგიურ განვითარებას.

ინტერვიუ – ზურა აბაშიძე

ფოტო – ვახო ქარელი

წინა

პოლონეთის რამდენიმე რეგიონმა ანტი-ლგბტ დეკლარაციები გააუქმა

შემდეგი

შოტლანდია პირველი ქვეყანაა, რომელმაც LGBTQ+ ისტორიის სკოლებში სწავლება მოითხოვა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი