ახალი კვლევის შედეგების გათვალისწინებით, რომელიც ამბობს, რომ გენდერული სტერეოტიპები ბავშვების შემოქმედებით პოტენციალზე გავლენას ახდენს, LEGO თავის პროდუქტს სქესის მიხედვით აღარ დაყოფს.
კვლევა, რომელშიც 7000 მშობელი და ბავშვი მონაწილეობდა, LEGO-სა და Geena Davis-ის (მედიის გენდერული ინსტიტუტი) მიერ ჩატარდა. კვლევამ აჩვენა, რომ გოგონები გენდერულად ნაკლებად მიკერძოებული არიან თამაშის შერჩევისას, ვიდე ბიჭები. მაგალითად, 6-დან 14 წლამდე ბიჭების 74%-მა თქვა, რომ ზოგიერთი აქტივობა „მხოლოდ გოგონებისთვისაა განკუთვნილი“, ზოგი კი „მხოლოდ ბიჭებისთვის“. გოგონების მხოლოდ 62%-ს სჯეროდა ამის.
გამოკითხული გოგონების უმრავლესობა – 82%, ფიქრობდა, რომ გოგონებისათვის მისაღებია ფეხბურთის თამაში და ბიჭებისთვის მისაღებია ბალეტი. ბიჭების პროცენტული მაჩვენებელი ოდნავ დაბალი იყო და 71%-ს შეადგენდა.
კვლევის ფარგლებში გამოკითხეს მშობლები ჩინეთში, ჩეხეთში, იაპონიაში, პოლონეთში, რუსეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში, რომ გაეგოთ, იყვნენ თუ არა ისინი გენდერულად მიკერძოებული და როგორი გავლენა ჰქონდა ამას მათ შვილებზე. კვლევამ აჩვენა, რომ მშობლები უფრო მეტად წაახალისებდნენ გოგონებს შემეცნებით, მხატვრულ და შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, ხოლო ბიჭებს – ფიზიკურ, მეცნიერულ, ტექნოლოგიურ და მათემატიკურ სფეროებში. პირველი მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ცეკვა, სამზარეულო და ცხობა, ხოლო მეორე – პროგრამირებას, სპორტს და ა.შ.
LEGO-ს გამოკითხვამ ისიც კი დაადგინა, რომ გენდერული სტერეოტიპები გავლენას ახდენს იმაზეც, თუ როგორ ურთიერთობენ ბავშვები LEGO-ს პროდუქტებთან – მშობლების 76%-მა თქვა, რომ ისინი მხოლოდ ბიჭებს ურჩევდნენ LEGO-ს. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, LEGO-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის იმუშავებს Geena Davis-ის ინსტიტუტთან და UNICEF-თან, რათა „უზრუნველყოს, რომ LEGO-ს პროდუქტები და მარკეტინგი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, გენდერული მიკერძოებისა და მავნე სტერეოტიპების გარეშე“.
”შემოქმედებითი თამაშის სარგებელი, როგორიცაა თავდაჯერებულობის ამაღლება, კრეატიულობა და კომუნიკაციის უნარი, ყველა ბავშვს აქვს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ განვიცდით უძველესი სტერეოტიპების გავლენას, თითქოს რომელიმე საქმიანობა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სქესს შეესაბამება, ყველა ბავშვმა უნდა შეძლოს თავისი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება” – ამბობს ჯულია გოლდენი, პროდუქტებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი LEGO-ს ჯგუფში.
ეს ნაბიჯები LEGO-ში მას შემდეგ გადადგა, რაც კალიფორნიაში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, მსხვილ საცალო ვაჭრებს უნდა ჰქონდეთ გენდერულად ნეიტრალური სათამაშოებისა და ბავშვების მოვლის სექციები. ეს კანონი შთაგონებულია სავაჭრო ქსელ Target-ის მიერ, რომელმაც 2015 წელს გენდერული ნიშნით კატეგორიზაცია გააუქმა მთელ ქსელში და ვარდისფერი (გოგონების სექცია) და ლურჯი (ბიჭების სექცია) სრულად გააუქმა.
წყარო: them.us