უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა ”ნეტგაზეთთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ”თბილისი პრაიდზე” თავდასხმა დანაშაული იყო, ხოლო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეაქცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა.
ჰერბსტი ასევე აღნიშნავს, რომ – ”დემოკრატიის პირობებში მშვიდობიანი პროტესტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი უფლებაა. დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგ, პრემიერმინისტრმა ეს უნდა გაიაზროს და შესაბამისად იმოქმედოს. თავდამსხმელებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, პრემიერმა კი ამაზე უნდა იზრუნოს.”
როგორც ჯონ ჰერბსტი ამბობს, საქართველოს ყველაზე დიდი სიძლიერე ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის გზაზე დემოკრატიული და ღია საზოგადოება იყო. მოვლენების ისეთი განვითარება კი, რომელიც ამის წინააღმდეგ მიდის, საქართველოს კანდიდატურას არ ეხმარება.