შეუძლებელი სიყვარული

დიდი ხნის წინ ჩემთან ვიზიტზე 16 წლის გოგონა მოვიდა.  სანამ ოთახის კარს შევაღებდით, სადაც უნდა გვემუშავა, ცოტა ხანს შეყოვნდა, თითქოს ამოწმებდა მზად იყო თუ არა საუბრისათვის უკან გაბრუნებულიყო თუ დარჩენილიყო?!  ბოლოს მაინც გაბედა. სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და სახელურს ჩაებღაუჭა. ძალიან გაუჭირდა საუბრის დაწყება.  ხმადაბლა და გაუბედავად ლაპარაკობდა. თვალები ჩამქრალი ჰქონდა და მზერას მარიდებდა. თითქოს მისი გონება ხეტიალს იწყებდა და ჩემს წინ კაფანდარა, სეზონისთვის შეუფერებელ თბილ ტანსაცმელში გამოწყობილი სხეული რჩებოდა.  გამიჭირდა მეკითხა: რისთვის მოხვედი? რა არის შენი მიზანი? რით შემიძლია დაგეხმარო? რას გრძნობ?  ეს კითხვები უადგილოდ მეჩვენებოდა, რადგან მისი სხეული ისედაც ყველაფერს პასუხობდა.

„მოდით, იპოვეთ ერთი სიტყვა, რომელიც თქვენს მდგომარეობას გამოხატავს. დაარქვით სახელი“

დიდხანს არ უფიქრია, თითქოს მზად იყო ამ შეკითხვისათვის.

„ორი სიტყვა რომ იყოს?“

„დიახ, ცხადია. ორიც შეიძლება და მეტიც“

„შეუძლებელი სიყვარული!“ – მითხრა და თვალები ცრემლებით აევსო.

გულზე მომეშვა.  ეს ცრემლებიც ნდობისა და პროცესის დაწყების ნიშნად მივიღე. ალბათ სიყვარულის ტრავმაა. დანაკარგით გამოწვეული მდგომარეობა – გავიფიქრე და „მდინარეში შესაცირად“ მოვემზადე.  ეს ჩემი მეტაფორაა. ასე ვხედავ ხოლმე თერაპიულ პროცესს.

„აი, ახლა მივხვდი რა ჰქვია ჩემს მდგომარეობას – დაამატა გოგონამ.  სათაური მაინც მაქვს.“

აღარ მოვყვები როგორ წარიმართა მთელი ეს პროცესი. მაგრამ იმის ხაზგასმა კი მნიშვნელოვანი მგონია, რომ ჩემთვის მთავარი განსაცდელი ჯერ კიდევ წინ იყო. ის წყვეტილად, გაჭირვებით, მაგრამ მაინც ჰყვებოდა თავის განცდებზე: როგორ სტკიოდა, როგორ უყვარდა, როგორ კეტავდა ამ გრძნობას, სადღაც წარმოსახვით ყუთში. რას გრძნობდა, როცა სიყვარულის ობიექტს ხედავდა.  რატომაა შეუძლებელი?!  ვფიქრობდი ჩემთვის. რატომ უნდა დამალო, როცა ასე გიყვარს?!  ვერც დამალავ. აი, ამ სისულელეებზე ვფიქრობდი და ამ ფიქრებს აბეზარი ბუზივით ძლივს ვიგერიებდი. მისი მდგომარეობა ღია ჭრილობას ჰგავდა, საიდანაც სისხლი წვეთ-წვეთად მოდის და ძალას გაცლის, გფიტავს,  გაღარიბებს და სიცარიელედ გაქცევს. მესამე შეხვედრაზე საყვარელი ადამიანის სახელიც ახსენა. დიახ, არ შეცდით და ზუსტად მიხვდით – მას თავისივე სქესის ადამიანი უყვარდა. მერე რა?! იტყვით თქვენ. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი და კატასროფულად შიშის მომგვრელი ინფორმაცია იყო. ახლა რა უნდა ვქნა? რა ვიცი მე ასეთი სიყვარულის შესახებ? შევძლებ მის დახმარებას? უკვე ორჯერ ახსენა, რომ სიცოცხლე აღარ უნდა. და მე რას ვფიქრობ ასეთ სიყვარულზე? მეც ვთვლი, რომ ეს შეუძლებელი სიყვარულია?  თუ ასე ვთვლი, მაშინ პატიოსნად უნდა მოვიქცე და ვუთხრა ამ სასოწარკვეთილ გოგონას, რომ მისი დახმარება არ შემიძლია, რომ საერთოდ არ მესმის როგორ შეიძლება შენი სქესის ადამიანი გიყვარდეს?!

უუჰ, ვინ იცის რამდენი ასეთი შეკითხვა დავუსვი საკუთარ თავს, რამდენ ჯურღმულში გავატარ-გამოვატარე. რამდენჯერ ამიკანკალდა ხელი იმის შიშით, რომ „რამე არ მევნო“.  ლამის ,,ეშმაკის ადვოკატად,, ვიქეცი, სანამ არ დავრწმუნდი, რომ ჩემში არაფერი შეცვლილა და ისევ შემიძლია მისი დახმარება. შემდეგ შეხვედრაზე  როცა მოვიდა თავისი შიში გამიზიარა – „მეგონა აღარ მიმიღებდით.“  მერე კიდევ უფრო ღრმა ტკივილებზე ვიმუშავეთ.

ეს დაახლოებით 12 წლის წინ იყო. ახლა ის გოგონა საქართველოში აღარ ცხოვრობს. ბედნიერია, მაგრამ აქ, ამ ქვეყანაში ეს ვერ შეძლო. სანამ ამ ამბავს მოგიყვებოდით ვკითხე შემეძლო თუ არა ლგბტქი თემის წარმომადგენელთან ჩემს პირველ  სამუშაო გამოცდილებაზე მომეყოლა. დამთანხმდა და მეც გავბედე თქვენთვის ამ გამოცდილების გაზიარება.

როცა ამ სტატიის დაწერა შემომთავაზეს უამრავი კითხვა დამისვეს:

როდის და როგორ იგებს ხოლმე ლგბტქი თემის წევრი, რომ მას მის გარშემო მყოფი ადამიანებისგან განსხვავებული ორიენტაცია თუ გენდერული იდენტობა აქვს? რაზე ეფიქრება ამ დროს?

თვითგამორკვევის პერიოდი თუ არსებობს და რა ხდება ამ დროს, რა პროცესები მიმდინარეობს ადამიანის ცნობიერებაში? საკუთარი თავის მიღება რა ნიშნებით ხასიათდება?

რატომ შეიძლება გაუჭირდეს ადამიანს საკუთარი ორიენტაციის თუ გენდერული იდენტობის მიღება და თუ ვერ იღებს, რაში ვლინდება ეს,  რა შედეგებს იწვევს.

თუ სურვილი გვაქვს ოჯახი, მეგობრები, საზოგადოება გვიცნობდეს, როგორც ლგბტქი თემის წარმომადგენლებს არის თუ არა ეს ჩვენი ფსიქოლოგიური პრობლემის გამოხატულება თუ ეს საჭიროებაა? რატომ გვიჩნდება ქამინგაუთის სურვილი? ყველაზე ხშირად ვისთან ან/და რა ასაკში ვაკეთებთ ქამინგაუთს? ხომ არ არის რაიმე კვლევები ამასთან დაკავშირებით? 

ბევრი რამის გახსენება და გადაკითხვა დამჭირდა. განსაკუთრებით კი ჩემი ჩანაწერების გადახედვა, რომელსაც ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე.  უცნაური დამთხვევაც იყო, ზუსტად ამ რეფლექსიის დროს გადავაწყდი სალომე ასათიანის პოდკასტს  ტონი მორისონზე,  ვუსმენდი და თან ჩემს ჩანაწერებს ვათვალიერებდი. “თუ მხოლოდ მაშინ შეგიძლია იყო მაღალი, როცა სხვა მუხლებზე დაჩოქილი დგას, მაშინ სერიოზული პრობლემა გაქვს“-ამ ფრაზამ მეც ისევე  შემძრა,  როგორც ამ პოდკასტის ავტორი. ტონი მორისონი რასიზმს,  თეთრკანიანთა პრობლემად განიხილავს, ისევე, როგორც ჰომოფობია შეიძლება ჰეტეროსექსუალთა პრობლემად აღვიქვათ.   ვინ იცის რამდენჯერ შემრცხვენია იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც ასეთ ძლიერ ფიზიკურ და სულიერ ჭრილობებს აყენებენ „სხვას“. მძიმეა მათი ხვედრი, ვინც ორიენტაციის გამო გარიყეს, ვისაც მუდმივად დევნიან, საკუთარი ოჯახის წევრებიც კი უარყოფენ, სიყვარულის ნაცვლად ზიზღით პასუხობენ, მათ არყოფნას, გაქრობას, მარტოობაში გამოკეტვას ცდილობენ. მუდმივად მიჩნდება კითხვა: რატომ? ვინ დაადგინა და გადაწყვიტა ასე? მთავარი პრობლემა ხომ ისაა, რომ ჩვენ, ადამიანებს ძალა არ გვყოფნის გავუმკლავდეთ სხვაზე უპირატესობის განცდას – ყველაზე დიდ ადამიანურ სისუსტეს.  ვინ დაადგინა ეს სტანდარტები, ვინ გამოიგონა უპირატესობები?!  ჩვენ  ხომ არა?! ეს ხომ ილუზიაა! ღმერთო, რამ შეიძლება ადამიანს გაუჩინოს სხვაზე უპირატესობის განცდა, რა შეიძლება იყოს  ასეთი?!

ახლა ისევ დასმულ შეკითხვებს მინდა დავუბრუნდე. როგორ ყალიბდება განსხვავებული ორიენტაცია?  როგორია ეს გზა?  მაგრამ იქამდე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ არსებობს უმცირესობის სტრესის ფენომენი, რომელიც არ არსებობს განყენებულად და ის ერთგვარი ნაზავია სოციოლოგიური თუ ფსიქოლოგიური თეორიებისა, რომელსაც Ilan H. Meyer-მა გარკვეულწილად თავი მოუყარა და თქვა, რომ სტიგმატიზებული სოციალური იდენტობის მქონე პირმა შესაძლოა განიცადოს ისეთი სტრესორები, რომლებიც მის იდენტობასთანაა დაკავშირებული და ის სტრესორებიც, რომლებსაც თითოეული ინდივიდი განიცდის (I. H. Meyer 2003).  იდენტობასთან დაკავშირებული სტრესორები, რომლებიც გარემოდან მოდის მოიცავს სიტყვიერ ან ფიზიკურ ჩაგვრას, ზეწოლას, ძალადობას, ლგბტქ+ პირების უარყოფასა და მათი სექსუალური ურთიერთობების, ოჯახის სტრუქტურის უგულებელყოფას ან არაღირებულად წარმოჩენას. მსგავსი დამოკიდებულებები შესაძლოა ამ პირების ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოადგენდეს. მიუხედავად ამისა, გარკვეული ძალისხმევის ხარჯზე ისინი ადაპტაციას ახერხებენ, დროთა განმავლობაში ეს გამოცდილებები აკუმულირდება და შესაძლოა დამანგრეველი იყოს ინდივიდისთვის (I. H. Meyer 2003).

არსებობს კიდევ უფრო ძლიერი სტრესორი, რომელიც პიროვნულ დონეზე მიმდინარეობს, ეფუძნება სუბიექტურ აღქმებსა და შეფასებებს. სოციუმიდან მომდინარე ჰომოფობიური დამოკიდებულებები ხშირად აირეკლება გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ თუ ტრანსგენდერ ინდივიდზე და გავლენას ახდენს მათ თვითაღქმაზე, რწმენებზე, ისისხლხორცებენ რა ამ გავრცელებულ მოსაზრებას,  თავად უჩნდებათ ჰომოფობიური დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, უარყოფენ მას და შესაძლოა, ეს გახდეს სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის დამალვის მიზეზიც. აქედან გამომდინარე, ის ჰომოფობიური მოსაზრებები, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული საზოგადოებაში იწვევს საკუთარი თავის უღირსად ჩათვლას და მის უარყოფას (Frost 2011). ამ ტიპის სტრესორს კი ბევრი ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემა უკავშირდება, რომელსაც ხშირად საზრისის დაკარგვამდე, სუიციდურ აზრებამდე ან ქმედებებამდე მიჰყავს ინდივიდი.

„მუდმივად რაღაც მჭამს შიგნიდან, ასე მგონია, რომ საკუთარ თავს თვითონ ვიჭამ“

„სანამ სხვა გამოხატავს ჩემ მიმართ ზიზღს, მე უკვე მეზიზღება იგი“

„მინდა საკუთარი თავი რამედ მიღირდეს“

„მგონია, რომ ხელში გვირილა მიჭირავს, ფურცლებს ვაცლი და ვმკითხაობ: ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ?! ეს პირველ რიგში მე მეხება.  მიყვარს საკუთარი თავი?!“

„არ ვიცი როგორ შევიყვარო საკუთარი თავი, როცა მხოლოდ მისი უარყოფა და სიძულვილი მასწავლეს“

ამიტომ პასუხი კითხვაზე ცალსახაა-coming out ეს საჭიროებაა თუ „ჩვენი ფსიქოლოგიური პრობლემის გამოხატულება?! “ – ეს  საკუთარ თავთან შერიგებაა, საკუთარი თავის შეყვარებაა და გარკვეულწილად ამ ორმაგი სტრესის დაძლევაც.

პიროვნების განვითარების ახალი მოდელების მიხედვით, ლგბტქი ინდივიდები, იდენტობის განვითარების დაახლოებით იგივე ეტაპებს გადიან, რასაც ყველა ჩვენგანი. ეს მოდელები ეფუძნება ერიქსონისა და სალივანისეულ კონცეფციას, სადაც განვითარების თითოეულ საფეხურზე წამოჭრილი კრიზისი უნდა დაიძლიოს მანამ, სანამ ის შემდეგ საფეხურზე გადავა. ავტორები, ასევე, განიხილავენ სოციალიზაციის პროცესის გავლენას ინდივიდზე, სადაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ ,,თვითონ,,(self) ვითარდება და იძერწება ინტერპერსონალურ ურთიერთობებსა და მათ ბუნებაზე დაყრდნობით.

შემოთავაზებული მოდელი მოიცავს  ხუთ საფეხურს: coming out-ამდელი (Pre coming out);  coming out, გამორკვევა (exploration), პირველი ურთიერთობები (first relationships) და იდენტობის ინტეგრირება (identity integration). ვიდრე უშუალოდ ამ საფეხურების აღწერაზე გადავიდოდეთ, რამდენიმე საკითხს უნდა შევეხოთ:  პირველი, ეს მოდელი არ უშვებს იმას, რომ თითოეული ადამიანი ზედმიწევნით მიჰყვება ყველა  ჩამოთვლილ საფეხურს.  შესაძლოა, ინდივიდი  რომელიმე ეტაპზე გაიჭედოს, ან წინა საფეხურს დაუბრუნდეს, ან სულაც  შეუძლებელი იყოს  იდენტობის ინტეგრირების საფეხურამდე მიღწევა.  თუმცა იდენტობის ინტეგრირება, რომელიც უმაღლესი საფეხურია, დამოკიდებულია წინა საფეხურების დასრულებაზე. განვითარება ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ ქაოტური, ფლუიდური ან კომპლექსურია ვიდრე ამ მოდელშია აღწერილი. ეს ჩარჩო გამოსადეგია უფრო მეტად ფსიქოთერაპევტებისთვის, რომ უკეთ გავიგოთ  რას განიცდიან პაციენტები ამ რთულ გზაზე.  ამ მოდელის ვალიდურობა კიდევ ერთხელ გადახედვასა და კვლევას საჭიროებს.

ქამინგ აუთამდელი ეტაპი (Pre Coming Out) პრე-ქამინგაუთი

2-4 წლის ბავშვმა უკვე იცის საკუთარი სქესობრივი მიკუთვნებულობა, განასხვავებს მამაკაცებს და ქალებს ერთმანეთისგან (ტანსაცმლით, გარეგნობით, ხმის ტემბრით), სკოლამდელ ასაკამდე ბავშვი ინტერესდება და ითვისებს სქესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 3 წლის შემდეგ ვლინდება მომატებული ინტერესი, როგორც საკუთარი, ისე საწინააღმდეგო სქესის სასქესო ორგანოების მიმართ, ცდილობენ მათ ჩვენებას, ხელით მოსინჯვას.

თუკი იდენტობის ობიექტი, არჩევანი უეჭველად ადრეულ ასაკში ფორმიდება, შესაძლებელია, რომ ცნობიერ და ცნობიერებამდე დონეზე, ბავშვმა და ოჯახის წევრებმა უკვე ამ ეტაპიდან იცოდნენ, რომ ბავშვის სექსუალური ორიენტაცია „განსხვავებულია“. ამ ცოდნამ მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვსა და მშობელზე. ამ ადრეული წლების განმავლობაში ბავშვი სწავლობს ეთიკურ ღირებულებებს ოჯახიდან და საზოგადოებიდან, ახდენს  წესების ინტერნალიზაციას და ამ გზით, ის სწავლობს, რომ ჰომოსექსუალობა არასწორია, შენი სქესის მქონე ადამიანის მიმართ  გრძნობები ნიშნავს უარყოფას და  ეს  სამარცხვინოა, რომ არსებობს დადგენილი ნორმები, ვისთან შექმნა ოჯახი, როგორ იცხოვრო, ვინ გიყვარდეს და ვინ არ შეიძლება გიყვარდეს. უკვე ამ ეტაპზე  ბავშვი გრძნობს, რომ „სხვაა“, უცხო პლანეტელია და მარტოა. ზრდასთან ერთად, ასეთ ბავშვებს უყალიბდებათ დაბალი თვითშეფასება. შედეგად, ინდივიდები ამ გაცნობიერებისგან იცავენ თავს  მთელი რიგი დაცვითი  მექანიზმებით: უარყოფენ, მის  რეპრესირებას ან სუბლიმაციას  ახდენენ .  ფიშერი (Fischer) აღნიშნავს, რომ „საკუთარი გრძნობების ვალიდურობის უარყოფა, მისი გამოხატვისაგან თავის შეკავება ტკივილებს იწვევს და უარყოფის ამ ენერგიას „შიგნით“ აბრუნებს … წლებთან ერთად ეს მცირე უარყოფები თავის კუმულაციურ შედეგს გამოიღებს“.

ამ საფეხურზე მყოფ  ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული ის  გრძნობები, რასაც განიცდის თავისივე სქესის  ადამიანების მიმართ, მათ არ შეუძლიათ აღწერონ თუ რა არის არასწორად.  ისინი გრძნობენ  განსხვავებულობას და შინაგან კონფლიქტს, რაც ხშირად   ქცევითი პრობლემების სახით, ფსიქოსომატური დაავადებებით, ან ბევრი სხვა სიმპტომით ვლინდება.

ამ საფეხურზე კონფლიქტის დაძლევის სხვადასხვა გზებს მიმართავენ. ზოგი სუიციდს გადაწყვეტს და ახორციელებს, ზოგი მალავს  განსხვავებულობით გამოწვეულ  გრძნობებს საკუთარი თავისგან და სხვებისგან, აგრძელებენ ტანჯვას დაბალი თვითშეფასებითა და დეპრესიით. ჯანსაღი გამოსავალი ამ საფეხურზე ეგზისტენციურ კრიზისთან პირისპირ შეხვედრაა.  „რომ ხარ განსხვავებული“-ეს ნიშნავს, გადალახო დამცავი მექანიზმების ბარიერი და აღიარო შენივე სქესის მქონე ადამიანის მიმართ გრძნობები.

ქამინგაუთი (Coming Out)

ინდივიდები ამ საფეხურზე გადადიან მას შემდეგ, რაც აღიარებენ საკუთარ ჰომოსექსუალურ გრძნობებს. ეს არის ქამინგაუთის საფეხურის პირველი ამოცანა. პირველ რიგში, უნდა აღიარო საკუთარი ფიქრები, ფანტაზია. პლამერი (Plummer) და ლი (Lee) ამ საფეხურს უწოდებს დანიშნულებას. Plummer-ი აღნიშნავს, რომ „ის პირველი გაცნობიერებული თუ ნაწილობრივ გაცნობიერებული მომენტები, როდესაც ადამიანი აღიქვამს საკუთარ თავს როგორც ჰომოსექსუალს“. Hencken და O’Dowd, ამ საფეხურს უწოდებენ გაცნობიერებას,  Dank – იდენტიფიკაციას, Grace – კი აღიარებას.

კვლევები მიგვანიშნებს, რომ საშუალო  ასაკი, როდესაც ადამიანები აცნობიერებენ ჰომოსექსუალურ ვნებებს, არის 13-დან 18 წლამდე პერიოდი. სხვადასხვა კვლევის მიხედვით ეს ასაკი განსხვავებულად ნაწილდება გოგონებსა და ბიჭებში. Jay and Young (1979) კვლევის მიხედვით საშუალო ასაკი გოგონებში არის 18 წელი, ბიჭებში კი 13-14.  სხვა კვლევის მიხედვით ბიჭები,  დაახლოებით, 17 წლის ასაკში იგებენ, რომ ისინი ჰომოსექსუალები არიან. გოგონები კი 15 წლის ასაკში.  თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და ზუსტი ასაკის დადგენა შეუძლებელია. ხშირად არის პერიოდი, როდესაც ინდივიდებს,  ჰომოსექსუალური გრძნობები გაცნობიერებული აქვთ (განუხორციელებიათ თუ არა ის), მაგრამ  თავს ამ ჯგუფს არ მიაკუთვნებენ. მოკლედ, მათ არ შეუძლიათ ამ გრძნობების გამოხატვა და მათზე საუბარი.

მაშინ, როდესაც ადამიანი თავისი  გრძნობების იდენტიფიცირებასა და აღიარებას ახერხებს,  ის დგება შემდეგი გამოწვევის წინაშე – გააკეთოს ქამინგაუთი ანუ უთხრას სხვებს ამის შესახებ.  ამ ქმედების  დანიშნულება კი საკუთარი თავის მიღების პროცესის დაწყებაა. 

გაცხადების პროცესის დაწყება არ ნიშნავს მაინცდამაინც საჯაროდ ამაზე საუბარს. ეს არის თვითაღიარება და გაზიარება შენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან. გარე ვალიდიზაციის საჭიროების გამო, ინდივიდები ხშირად რისკავენ, რომ გააცხადონ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, იმ იმედით, რომ მათ არ უარყოფენ. ეს ძალიან კრიტიკული წერტილია, ვისაც უზიარებენ მის რეაქციას ძალიან ძლიერი გავლენა აქვს. თუ ის უარყოფითია, ამან შესაძლოა განამტკიცოს ყველა ძველი უარყოფითი წარმოდგენა და  თუ დადებითია, ადამიანი ძველ უარყოფით შეგრძნებებს უპირისპირდება, უფლებას აძლევს  საკუთარ თავს, ნება დართოს და მიიღოს საკუთარი შეგრძნებები, რაც აისახება  თვითშეფასებაზეც. ასეთ შემთხვევაში,  ეგზისტენციური კრიზისი დადებითი მიმართულებით წყდება.

კვლევებმა ცხადყო, რომ პოზიტიური ჰომოსექსუალური იდენტობა დაკავშირებულია ჯანსაღ ფსიქოლოგიურ რეგულირებასთან. ამასთანავე, Dank-მა აღმოაჩინა, რომ დანაშაულისა და მარტოობის განცდის სიხშირე, ასევე, ფსიქიატრსა და ფსიქოლოგთან კონსულტაციების საჭიროება მცირდება, როდესაც ინდივიდი უფრო მეტ დროს საკუთარ ჰომოსექსუალურ იდენტობასთან ატარებს. თუმცა არავის შეუძლია მარტომ განავითაროს ისეთი თვითკონცეფცია, როგორიცაა „მიღებული“, „დაფასებული“. ინდივიდმა უნდა გარისკოს, რომ სხვებისგან აღიარება მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ფრთხილად აარჩიოს ის პიროვნება, ვისთანაც განაცხადებს საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ. ამასთანავე, ბოლომდე არასდროს არის ცხადი და ხშირად ადამიანებს  არ შეუძლიათ იწინასწამეტყველონ თუ როგორი პასუხი ექნებათ მეგობრებს, თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პირველი ადამიანები იყვნენ ისეთები, რომლებიც მიიღებენ ინდივიდის ჰომოსექსუალობას. როდესაც ინდივიდი რამდენიმე ადამიანისგან მაინც მიიღებს აღიარებს, შემდეგ უკვე უარყოფასთან დაპირისპირება  უფრო იოლი ხდება.

მიმღებლობა ახლო ადამიანსგან უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მიმღებლობა უცნობისგან. ზოგი ადამიანი თავს არიდებს, რომ უთხრას ახლო (ხშირად ჰეტეროსექსუალ) მეგობრებს მისი ორიენტაციის შესახებ და ამ მიმღებლობას ეძებს მის გეი ან ლესბოსელ მეგობრებთან.  ეს შესაძლოა იყოს გამოტოვებული შესაძლებლობა.  განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის პირები უფრო მეტ სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას მოიპოვებენ,  თუკი ისინი მიღებულნი არიან ჰეტეროსექსუალი მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან.

როდესაც მშობლები, ოჯახის წევრები იგებენ მათი შვილის, დის, ძმის სექსუალური ორიენტაციის შესახებ, დრო სჭირდებათ სანამ ისინი ამას აღიარებენ, მიიღებენ. დღეს ბევრი ჰომოსექსუალი ადამიანისთვის იმის შანსები, რომ ოჯახის წევრები ამას თავიდანვე პოზიტიურად მიიღებენ მცირეა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდა თქვან. თითოეული შემთხვევა უნდა შევისწავლოთ ინდივიდუალურად. ხშირად მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის ამის თქმა ყველაზე წარმატებულია. როცა  პიროვნებას დადებითი პასუხები სხვა მნიშვნელოვანი ადამიანებისგან უკვე აქვს მიღებული, მას შეუძლია ოჯახისგან მიღებულ უარყოფით პასუხს მარტივად გაუმკლავდეს.  მნიშვნელოვანია, რომ მათ გამოიჩინონ მოთმინება და აცადონ ოჯახის წევრებს გამოიგლოვონ. მშობლები, ხშირად გლოვობენ საკუთარი შვილების ხატს, რომ ისინი ისე იცხოვრებდნენ, როგორც მათ წარმოედგინათ. ჰომოსექსუალ ადამიანებს სჭირდებათ იპოვონ ძალა ახსოვდეთ, რომ მათ დიდი დრო დასჭირდათ მიეღოთ და ეღიარებინათ საკუთარი ჰომოსექსუალური ,,მე,,! ეს კი იგივენაირად შესაძლოა ხდებოდეს ოჯახის წევრებთან, მშობლებთან.

გამორკვევა (Exploration)

ეს არის ახალი სექსუალური იდენტობის ექსპერიმენტირების საფეხური. ეს არის პირველი ძირითადი გამოცდილება სექსუალური და სოციალური აქტივობის. თუ ინდივიდს აქვს შესაძლებლობა ურთიერთობა ჰქონდეს და ისაუბროს სხვებთან საკუთარ სექსუალობაზე, თუ კომუნიკაცია არის ღია, გახსნილი, გულწრფელი, ეს დადებითი ,,მე” ხატის ჩამოყალიბების საწინდარია. Cass ამ პროცესს უყურებს, როგორც პირველ გამოცდილებას იდენტობის ტოლერანტობის მიმართულებით, რომელსაც ადამიანი მიჰყავს იდენტობის მიღებამდე.

ამ საფეხურზე ადამიანები რამდენიმე გამოწვევას აწყდებიან. პირველი არის ინტერპერსონალური უნარ-ჩვევების განვითარება. იმისთვის, რომ შეხვდნენ და სოციალიზირდნენ სხვებთან, რომელთაც აქვთ მსგავსი სექსუალური ინტერესები. ჰეტეროსექსუალებთან სოციალიზაციისას ინდივიდებს, რომელთაც აქვთ ჰომოსექსუალური პრეფერენციები შესაძლოა  მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდეთ კომუნიკაციის უნარებისა  და აქედან გამომდინარე,  საზოგადოებასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.

მეორე, ზოგ ადამიანს სჭირდება განავითაროს პიროვნული მიმზიდულობის შეგრძნება და სექსუალური კომპეტენციები. სექსუალურ ურთიერთობებში ჩართვით, თავიანთივე სქესის წარმომადგენლების თვალში,  ისინი თავს უფრო მიმზდიველად გრძნობენ.

მესამე, ინდივიდს ძალიან ეხმარება ისიც, თუკი ის აღმოაჩენენ, რომ მათი თვითშეფასება არ არის დამყარებული მათ სექსუალურ მიმზიდველობაზე. ზოგი ადამიანი „იკეტება“ იმ განცდაში, რომ საკუთარი თავის  რეალიზებას მხოლოდ სექსუალურ მიმზიდველობაში ხედავს.

ბევრი ადამიანი, ხშირად კარგავს საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზას, როდესაც ის მოზარდობის ასაკშია და ამ პერიოდისათვის  დამახასიათებელ თავგადასავლებშია. მოზარდობის პერიოდი ცნობილია მეამბოხეობით, ხშირად თვითდესტრუქციული ქცევებით.

ერთ-ერთი დაბრკოლება, რომ  გამორკვევის საფეხური წარმატებით დასრულდეს, არის ისეთი ნივთიერებების მოხმარება, რომელიც ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას. ხშირად ეს არის ალკოჰოლი ან სხვა სახის ნივთიერებებზე დამოკიდებულების რისკი. ამ მხრივ, ამ ეტაპზე მყოფი ადამიანები სერიოზულ დახმარებასა და მხარდაჭერას საჭიროებენ, რადგან  ნივთიერებების მოხმარება „ეხმარებათ“  გაიყუჩონ ტკივილები, რომლებიც ბავშვობიდან მოდის, გაუმკლავდნენ  მუდმივ   წნეხს, რომელსაც გარემოდან  განიცდიან. ნარკოტიკული ნივთიერებები შესაძლოა, ასევე, დაკავშირებული იყოს სექსუალობის გამოხატვასთან, რომელსაც მივყავართ ინტიმურობის განვითარების პრობლემებთან.

პირველი ურთიერთობები

სექსუალური და სოციალური ექსპერიმენტების, გამორკვევის შემდეგ დგება ინტიმურობის საჭროების საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია. განვითარების ამ საფეხურისთვის აუცილებელია ინდივიდმა ისწავლოს თუ როგორ იმოქმედოს ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნორმად სრულიად სხვა რამ მიიჩნევა — ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები. პირველი ურთიერთობა, შესაძლოა სხვადასხვა მიზეზის გამო საშინელებაც კი იყოს.  ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული უარყოფითი დამოკიდებულებები შეიძლება ამ ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებას მუდმივ საბოტაჟსაც უწყობდეს.  აქ განსაკუთრებულ როლს შემდეგი სტერეოტიპი თამაშობს: ,, გეი და ლესბოსური ურთიერთობა სავსეა ტკივილითა თუ უარყოფით და ის არასდროს გრძელდება დიდხანს.“ ასევე, პირველი ურთიერთობები  ინტენსიურობით, მესაკუთრეობითა და ნდობის ნაკლებობოთ ხასიათდება. ინტიმურობის ინტენსიური საჭიროება ხშირად  სასოწარკვეთის მიზეზია. ერთი, ან ორივე პარტნიორი  თავდაუზოგავად ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა და აქციოს ის იდეალურად. თუკი ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას შეეცდებიან, ეს ინტერპრეტირდება როგორც სიყვარულის დაკარგვა. ამასთანავე, ეს ზეწოლა და მოლოდინები იწვევს სექსუალური ინტერესის დაკარგვას, რომელიც კიდევ ერთი „მტკიცებულებაა“, რომ სიყვარული „ჩაფლავდა“. გავრცელებული შედეგი კი ის არის, რომ იზრდება ინტერესი სექსუალური აქტივობის მიმართ უკვე არსებული ურთიერთობის მიღმა. ეს ინტერესი კი ხშირად იქცევა საბოლოო მტკიცებულებად, რომ სიყვარული არასრულფასოვანია და ურთიერთობა სრულდება. პირველი კავშირები ტურბულენტურად სრულდება, ხშირად ისე, რომ ერთი ან ორივე პარტნიორი შეიძლება ისევ გადავიდეს ექსპლორაციის (ამა თუ იმ სიმპტომის შესწავლა დიაგნოზის დასადგენად) საფეხურზე, დარწმუნებულები იმ ფაქტში, რომ გრძელვადიანი ურთიერთობები არასდროს გამოდის. ზოგი აღარაც კი ცდილობს ურთიერთობის  ხელახლა დაწყებას. სხვები კი ცდას აგრძელებენ.

ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ძალიან ცოტა როლური მოდელია, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა. ცოტა გეი წყვილია წიგნებში, ფილმებსა და ტელეგადაცემებში. ამასთანავე,  საზოგადოების მხრიდან ასეთი ურთიერთობების მიმართ აგრესია საკმაოდ მაღალია.  ბევრ წყვილს არ აქვს აღიარება და მხარდაჭერა მეგობრებისგან და თემისგან.

ყველაზე დიდი „ხაფანგი“ და პრობლემა ამ ურთიერთობებში არის, რომელიმე პარტნიორის მხრიდან  ,,მე“-იდენტობის კრიზისი. ინტიმური ურთიერთობები ხშირად იწყება მანამ,  სანამ  ქამინგ აუთისა და გამორკვევის საფეხურებზე არსებული გამოწვევები არაა დაძლეული.

თუკი წყვილი მალავს მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან, საზოგადოებისგან ჰომოსექსუალობას, ეს ძალიან დიდ დაძაბულობას იწვევს მათ ურთიერთობაში. თუკი რომელიმე პარტნიორმა ვერ დაასრულდა ქამინგ აუთი წარმატებით, ამ დროს ურთიერთობაში ყოფნა საკმაოდ რთულია. ზოგი ურთიერთობა კი სწორედ ამ ზეწოლისგან გათავისუფლების გამო სრულდება.

ინტეგრაცია

Grace-ი ამ საფეხურს უწოდებს თვითგანსაზღვრას, რეინტეგრაციას. ის მას აღწერს, როგორც დაუსრულებელს, განვითარების მიმდინარე პროცესს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.  ამ ეტაპზე თავს იჩენს ახალი გრძნობები საკუთარი თავის შესახებ. ადამიანი, ახალ შესაძლებლობებს და  კონცეფციებს პოულობს, ჩნდება ახალი სოციალური კავშირები.  Grace-ი აღწერს, რომ ინდივიდები განსხვავებულ ამოცანებს, განსხვავებულ საფეხურებზე წყვეტენ, რაც არსებული ვითარებიდან მომდინარეობს. მაგალითად: გამორკვევისა და ექსპერიმენტირების საფეხურზე დაბრუნება მას შემდეგ რაც ურთიერთობა დასრულდა, ან ქამინგ აუთთან დაბრუნება, იმისთვის რომ ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს, კოლეგებს, მეგობრებს საკუთარი ორიენტაციის შესახებ გაუზიაროს.

ამ საფეხურზე ურთიერთობები უფრო მყარი და სასიამოვნოა, რადგან წინა ეტაპების კრიზისი გადალახულია და  სასიყვარულო კავშირი მესაკუთრული განცდებისგან თავისუფალია.  ეს ურთიერთობები  ნდობას და  თავისუფლებას ემყარება. პიროვნებები, ფსიქოლოგიურად უფრო მეტად არიან მზად, იმისთვის რომ ბუნებრივად დაასრულონ ურთიერთობები თუ ამის საჭიროება დადგება.  ამას გარდა,  ისინი დგანან სხვა გამოწვევების პირისპირ, რომელიც უკავშირდება ზრდასრულობას.   ინდივიდს ინტეგრირებული იდენტობით უკეთესი შანსი აქვს გაუმკლავდეს ყველა ცხოვრებისულ გამოწვევას და შესძლოს თვითრეალიზაცია.

მოკლედ, ასეთია გზა ინტერგრაციამდე. სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა ეს ეტაპები გაიარონ და ბოლო საფეხურამდე მივიდნენ. ალბათ, დაინახავდით  ეს გზა საკმაოდ მტკივნეულია. მას თან სდევს შიში, სიძულვილი და მუდმივი ძახილი იმისა, რომ „საკუთარ სახლში იყოს ვინც უნდა“, რაც ფაქტობრივად  ეწინააღმდეგება ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვან პროცესს – საკუთარი თავის მიღებას, ინტეგრაციას. ბოლო პერიოდში კი „საკუთარი სახლის“ საზღვრებიც მოირღვა და არც ესაა უსაფრთხო ადგილი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის ადამიანისათვის.

ბევრ ადამიანურ ტკივილთან მიმუშავია. მაგრამ პირველად, ცხადად, ახლა დავინახე რა არის ძრწოლვა – ეს ენით აღუწერელი შიშია დიდ სულიერ ტანჯვასთან შეზავებული. არც არასოდეს არავისგან მომისმენია ისეთი სასოწარკვეთილი, გულიდან ამოგლეჯილი ქვითინი, რომელიც საშინელ უსუსურობაში გაგდებს და კიდევ ერთხელ აცნობიერებ, რომ ამ ადამიანების პრობლემა ჩვენ გვიკავშირდება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ და გავხდეთ უკეთესები.

ავტორი – მაია ცირამუა, ფსიქოთერაპევტი, მწერალი

წინა

ჰომოფობიური ბულინგი სკოლაში – სტატისტიკის მიღმა

შემდეგი

გიორგი

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი